შეინარჩუნეთ ერთიანობა ამ უკანასკნელ დღეებში
‘ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად იდექით ერთი სულით და ერთსულოვნად იღვაწეთ სახარების რწმენისათვის’ (ფილიპელთა 1:27).
1. რა სხვაობა არსებობს იეჰოვას მოწმეებსა და წუთისოფელს შორის?
‘უკანასკნელი დღეებია’. უეჭველია, რომ დადგა „საზარელი ჟამი“ (2 ტიმოთე 3:1–5). ეს არის ‘უკანასკნელი ჟამი’ ადამიანთა იმ მშფოთვარე საზოგადოებასთან ერთად, რომლისგანაც იეჰოვას მოწმეები მკვეთრად განსხვავდებიან მშვიდობიანობითა და ერთიანობით (დანიელი 12:4). მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ამ გლობალური ოჯახის თითოეულმა წევრმა მთელი ძალები უნდა მოახმაროს ამ ერთიანობის შენარჩუნებას.
2. რა თქვა პავლემ ერთიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და რა საკითხს განვიხილავთ?
2 პავლე მოციქული ურჩევდა თანაქრისტიანებს, რომ შეენარჩუნებინათ ერთიანობა. ის წერდა: „ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის. ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს. ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის“ (ფილიპელთა 1:27, 28). პავლეს სიტყვები ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ერთად უნდა ვიშრომოთ. მაშასადამე, რა დაგვეხმარება ქრისტიანული ერთიანობის შესანარჩუნებლად ამ ძნელბედობის ჟამს?
დაემორჩილე ღვთიურ ნებას
3. როდის და როგორ გახდნენ წინადაუცვეთელი წარმართები პირველად ქრისტეს მიმდევრები?
3 ერთ-ერთი საშუალება ერთიანობის შესანარჩუნებლად არის ღვთიური ნებისადმი მორჩილება ყოველ წუთს. ამისთვის შესაძლოა საჭირო იყოს ჩვენი აზროვნების მოწესრიგება. განვიხილოთ იესოს ადრინდელი ებრაელი მოწაფეების მაგალითი. როდესაც პეტრე მოციქულმა პირველად უქადაგა წინადაუცვეთელ წარმართებს ჩვენი წელთაღრიცხვით 36 წელს, ღმერთმა სულიწმინდა მისცა სხვა ერების წარმომადგენელ ადამიანებს და ისინი მოინათლნენ (საქმეები, თავი მე-10). იმ დრომდე მხოლოდ ებრაელები და იუდაიზმზე მოქცეული პროზელიტები და სამარიელები ხდებოდნენ ქრისტეს მიმდევრები (საქმეები 8:4–8, 26–38).
4. რა თქვა პეტრემ მას შემდეგ, რაც ახსნა თუ რა მოხდა კორნელიოსთან დაკავშირებით, და რა მხრივ იყო ეს გამოცდა იესოს ებრაელი მოწაფეებისთვის?
4 როდესაც მოციქულებმა და სხვა ძმებმა იერუსალიმში გაიგეს კორნელიოსისა და სხვა წარმართების მოქცევა, დაინტერესდნენ მოესმინათ, თუ რას იტყოდა პეტრე. მას შემდეგ, რაც პეტრემ მოუთხრო კორნელიოსსა და სხვა მორწმუნე წარმართებზე, თხრობა დაამთავრა შემდეგი სიტყვებით: „თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს“ (საქმეები 11:1–17). ქრისტეს ებრაელი მიმდევრებისთვის ეს გამოცდა იყო. დაემორჩილებოდნენ თუ არა ღვთის ნებას და ჩათვლიდნენ თუ არა წარმართთაგან მოქცეულ მორწმუნეებს თანამორწმუნეებად? თუ მათ, როგორც იეჰოვას მიწიერ მსახურთა ერთიანობას, რამე ემუქრებოდა?
5. როგორ გამოეხმაურნენ მოციქულები და სხვა ძმები იმ ფაქტს, რომ ღმერთმა მიუტევა წარმართებს და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ პოზიციიდან?
5 ბიბლიაში ნათქვამია: „ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდო“ (საქმეები 11:18). ასეთმა პოზიციამ, როგორც შეინარჩუნა, ასევე ხელი შეუწყო ქრისტეს მიმდევართა ერთიანობას. ძალიან მალე სამქადაგებლო საქმიანობამ წინ წაიწია წარმართთა, ანუ სხვადასხვა ერის ადამიანთა შორის და იეჰოვამ აკურთხა ასეთი საქმიანობა. ჩვენ უსიტყვოდ უნდა გამოვავლინოთ მორჩილება, მაშინ, როცა ჩვენი თანამშრომლობა აუცილებელია იმ საკითხში, როდესაც საქმე ეხება ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით ახალი კრების ჩამოყალიბებას ან რამე თეოკრატიული საკითხის მოგვარებას. ჩვენი, გულიდან გამომდინარე, თანამშრომლობა სასიამოვნო იქნება იეჰოვასთვის და დაგვეხმარება ამ უკანასკნელ დღეებში ერთიანობის შენარჩუნებაში.
მიეკარი ჭეშმარიტებას
6. რა გავლენას ახდენს ჭეშმარიტება იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობაზე?
6 როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის წევრები, ერთიანობას ვინარჩუნებთ იმით, რომ ყველა ვართ ‘ღვთის მიერ განსწავლულნი’ და მტკიცედ ვართ ჩაჭიდებული მის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებაზე (იოანე 6:45; ფსალმუნი 42:3). რადგანაც ჩვენი სწავლებები დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე, ყველა ჩვენგანი შეთანხმებულად ლაპარაკობს. ჩვენ სიხარულით ვღებულობთ სულიერ საზრდოს, რომელსაც იეჰოვა გვაწვდის ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით (მათე 24:45–47). ასეთი ერთნაირი სწავლება ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბის ერთიანობას.
7. თუ ჩვენ პირადად გვაქვს რამე სიძნელე ზოგიერთი საკითხის გაგებასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ და რისგან უნდა შევიკავოთ თავი?
7 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პირადად ჩვენთვის რთული გასაგები ან ძნელი მისაღებია ზოგიერთი საკითხი? უნდა ვილოცოთ სიბრძნისთვის და პასუხი გულდასმით ვეძებოთ საღვთო წერილსა და ქრისტიანულ პუბლიკაციებში (იგავნი 2:4, 5; იაკობი 1:5–8). შესაძლოა დამხმარე იყოს უხუცესთან საუბარი. თუ საკითხი კვლავ გაუგებარი რჩება, უმჯობესია, მოთმინება ვიქონიოთ. შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს და ჩვენი გაგებაც გაიზრდება. არასწორი იქნებოდა, კრებაში გვეცადა სხვების გადარწმუნება, რომ დათანხმებოდნენ ჩვენს განსხვავებულ თვალსაზრისს. ეს დათესავდა უთანხმოებას და ხელს შეუშლიდა ერთიანობის შენარჩუნებას. რამდენად უკეთესია, გავაგრძელოთ ‘ჭეშმარიტებით სიარული’ და სხვებსაც მოვუწოდოთ მისკენ! (3 იოანე 4).
8. როგორი პოზიციაა შესაფერისი ჭეშმარიტებისადმი?
8 პირველ საუკუნეში პავლე წერდა: „ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (1 კორინთელთა 13:12). მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი ქრისტიანები ვერ ერკვეოდნენ წვრილმან დეტალებში, ისინი ერთიანები იყვნენ. ჩვენ ახლა გაცილებით ნათლად გვესმის იეჰოვას განზრახვები და მისი სიტყვის ჭეშმარიტება. ამიტომაც, დაე, მადლიერები ვიყოთ იმ ჭეშმარიტებისთვის, რომელსაც ვღებულობთ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით. და, დაე, მადლობლები ვიყოთ, რომ იეჰოვა გვხელმძღვანელობს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ გვქონია ერთი დონის ცოდნა, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ სულიერად მშიერ-მწყურვალი. პირიქით, ჩვენი მწყემსი, იეჰოვა, გვეხმარება ერთიანობის შენარჩუნებაში და საუკეთესოდ ზრუნავს ჩვენზე (ფსალმუნი 22:1–3).
სწორად გამოიყენე ენა!
9. როგორ შეიძლება ენის ისე გამოყენება, რომ ხელი შევუწყოთ ერთიანობას?
9 სხვების გასამხნევებლად ენის გამოყენება მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ერთიანობას და ძმობის სულს. წერილი, რომელმაც გადაწყვიტა წინადაცვეთასთან დაკავშირებული საკითხი, პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ დაგზავნა და საკმაოდ გამამხნევებელი იყო. წერილის წაკითხვის შემდეგ წარმართმა მოწაფეებმა ანტიოქიაში ‘გაიხარეს ნუგეშისცემით’. იუდამ და სილამ, რომლებმაც იერუსალიმიდან წერილი წაუღეს ძმებს, „ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს“ (საქმეები 15:1–3, 23–32). ჩვენც ბევრის გაკეთება შეგვიძლია მსგავსი მოქმედებით ქრისტიანულ შეხვედრებზე შეკრების დროს, რომ ჩვენი დასწრებითა თუ გამამხნევებელი კომენტარებით ‘წავახალისოთ ერთიმეორე’ (ებრაელთა 10:24, 25).
10. რა უნდა გაკეთდეს ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუ ადგილი ექნება შურისმაძიებლობას?
10 მიუხედავად ამისა, ენის არასწორად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ერთიანობას. ‘ენა პატარა ასოა და ბევრს იქადის, — წერდა იაკობი, — აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს’ (იაკობი 3:5). იეჰოვას სძულს ის, ვინც იწვევს კამათს (იგავნი 6:16–19). ასეთმა საუბარმა შეიძლება წარმოშვას განხეთქილება. ასე რომ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ შურისმაძიებელს, მას ვინც ბოღმას აგროვებს ვინმეს წინააღმდეგ ან თავისი საუბრით შეურაცხყოფას აყენებს სხვებს? უხუცესები შეეცდებიან დაეხმარონ შეცდომის ჩამდენს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შურისმაძიებელი არ ინანიებს, ის უნდა გაირიცხოს, იმგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს კრების სიმშვიდე, წესრიგი და ერთიანობა. შემდეგ პავლე მაინც წერდა: ‘არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაგინებელია. ასეთთან არც კი ჭამოთ’ (1 კორინთელთა 5:11).
11. რატომ არის თავმდაბლობა მნიშვნელოვანი, თუ ვთქვით ისეთი რამ, რამაც ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის ურთიერთობა დაძაბა?
11 ენის ალაგმვა გვეხმარება, შევინარჩუნოთ ერთიანობა (იაკობი 3:10–18). მაგრამ, დავუშვათ, რომ ჩვენმა ნათქვამმა დაძაბული ურთიერთობა გამოიწვია ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის. ნუთუ კარგი არ იქნებოდა, ინიციატივა აგვეღო საკუთარ თავზე, რომ მშვიდობა აღგვედგინა მასთან, ხოლო თუ აუცილებელია, ბოდიშიც მოგვეხადა? (მათე 5:23, 24). პეტრე ხვდებოდა, რომ ასეთი მოქმედებისთვის აუცილებელია თავმდაბლობა, ანუ სათნოება და წერდა: „შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). თავმდაბლობა აღგვძრავს, ‘ვეძებოთ მშვიდობა’ ძმებთან, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და სათანადოდ მოვიხადოთ ბოდიში. ეს გვეხმარება, რომ იეჰოვას ოჯახში შევინარჩუნოთ ერთიანობა (1 პეტრე 3:10, 11).
12. როგორ შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ ენა, რომ ხელი შევუწყოთ იეჰოვას ხალხის ერთიანობას და შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა?
12 თუ ჩვენს ენას ვიყენებთ სწორად, შევძლებთ ხელი შევუწყოთ ოჯახურ ატმოსფეროს მათ შორის, ვინც იეჰოვას ორგანიზაციას ეკუთვნის. ზუსტად ასე მოექცა პავლე თესალონიკელებს, როცა შეახსენა: „რადგან, თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად“ (1 თესალონიკელთა 2:11, 12). რადგანაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა მათ ამასთან დაკავშირებით, პავლეს შეეძლო მოეწოდებინა თანაქრისტიანებისთვის, ‘ენუგეშებინათ სულმოკლენი’ (1 თესალონიკელთა 5:14). აბა, დაუფიქრდი, თუ რამდენი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, თუ ენას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვანუგეშოთ, გავამხნევოთ და წავახალისოთ სხვები. დიახ, „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავნი 15:23). უფრო მეტიც, ასეთი საუბარი გვეხმარება, რომ ხელი შევუწყოთ იეჰოვას ხალხის ერთიანობას და შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა.
იყავი მიმტევებელი!
13. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
13 მიუტევო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა და გიხდის ბოდიშს, მნიშვნელოვანია, თუ გვსურს ქრისტიანული ერთიანობის შენარჩუნება. მაგრამ რამდენჯერ უნდა მივუტევოთ? იესომ პეტრეს უთხრა: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18:22). თუ ჩვენ არა ვართ მიმტევებელი, მაშინ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. როგორ? მტრობა და გულისმოსვლა წაგვართმევს გონების სიმშვიდეს. და თუ ჩვენ ცნობილი გავხდებით გულქვაობითა და მიუტევებლობით, შეიძლება აღმოვჩნდეთ მარტო (იგავნი 11:17). გულისმოსვლა არ არის ღვთისმოსაწონი და შესაძლოა მიგვიყვანოს სერიოზული ცოდვის ჩადენამდე (ლევიანნი 19:18). გაიხსენე, რომ იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს ჰეროდიას გამოგონილი ხრიკით, რომელსაც „გული მოსდიოდა მასზე“ (მარკოზი 6:19–28).
14. ა) რას გვასწავლის მათეს 6:14, 15 მიმტევებლობასთან დაკავშირებით? ბ) სანამ მივუტევებთ, უნდა დაველოდოთ თუ არა პიროვნებისგან ბოდიშის მოხდას?
14 იესოს სანიმუშო ლოცვაში ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: „მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენნი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს“ (ლუკა 11:4). თუ ჩვენ მიმტევებლები არ ვართ, არსებობს საშიშროება, რომ იეჰოვა ღმერთი არ მოგვიტევებს ცოდვებს, რადგან იესომ თქვა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15). ასე რომ, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებაში, ჩვენ ვიქნებით მიმტევებლები, უბრალოდ, დავიწყებას მივცემთ ყოველ შეურაცხყოფას, რომელიც შესაძლოა დაუფიქრებლად და ყოველგვარი მტრული განზრახვის გარეშე მოგვაყენეს. პავლემ თქვა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13). როდესაც მიმტევებლები ვართ, ხელს ვუწყობთ იეჰოვას ორგანიზაციის ძვირფასი ერთიანობის შენარჩუნებას.
ერთიანობა და პირადი გადაწყვეტილებები
15. რა ეხმარება იეჰოვას ხალხს ერთიანობის შენარჩუნებაში პირადი გადაწყვეტილების გამოტანის დროს?
15 ღმერთმა მოგვცა თავისუფლება, თავად ავირჩიოთ გზა იმ უპირატესობითა და პასუხისმგებლობით, რომ მივიღოთ პირადი გადაწყვეტილებები (მეორე რჯული 30:19, 20; გალატელთა 6:5). მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი, შევინარჩუნოთ ერთიანობა, რადგანაც ვემორჩილებით ბიბლიის კანონებსა და ნორმებს. როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებებს, მხედველობაში გვაქვს ბიბლიის კანონები და ნორმები (საქმეები 5:29; 1 იოანე 5:3). დავუშვათ, საკითხი ეხება ნეიტრალიტეტს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პირადი გადაწყვეტილება იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც გვახსოვს, რომ არ ვართ ‘წუთისოფლის’ ნაწილი და რომ ჩვენ ‘მახვილებისგან სახნისები გამოვჭედეთ’ (იოანე 17:16; ესაია 2:2–4). მსგავსად, როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებას სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენ ვითვალისწინებთ ბიბლიის სიტყვებს, რომ ‘ღვთისას ვაძლევთ ღმერთს’, იმ დროს, როდესაც ვექვემდებარებით „უმაღლეს ხელისუფლებას“ ქვეყნიურ საკითხებში (ლუკა 20:25; რომაელთა 13:1–7; ტიტე 3:1, 2). დიახ, პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს ბიბლიის კანონებისა და ნორმების გათვალისწინება გვეხმარება ქრისტიანული ერთიანობის შენარჩუნებაში.
16. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ერთიანობას, როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეხება ბიბლიური კანონი თუ პრინციპი? მოიყვანე მაგალითი.
16 ჩვენ შეგვიძლია ქრისტიანულ ერთიანობას ხელი შევუწყოთ მაშინაც, როდესაც ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად პირადულია და არ ეხება ბიბლიის კანონი თუ პრინციპი. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ? სიყვარულით უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენმა გადაწყვეტილებამ. მაგალითად, ძველი კორინთის კრებაში კითხვა წამოიჭრა კერპშესაწირავ ხორცთან დაკავშირებით. რასაკვირველია, როგორც ვიცით, ქრისტიანმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებში. მაგრამ ასეთი, სათანადოდ სისხლგამოდენილი, ბაზარში ნაყიდი ხორცის ჭამა არ იყო ცოდვა (საქმეები 15:28, 29; 1 კორინთელთა 10:25). მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქრისტიანს სინდისი ქეჯნიდა ასეთი ხორცის ჭამაზე. ამიტომ პავლემ მოუწოდა სხვა ქრისტიანებს, რომ არ ეცდუნებინათ ისინი. ის წერდა: „ამიტომ, თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, უკუნისამდე არ ვჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო ჩემი ძმა“ (1 კორინთელთა 8:13). მაშასადამე, თუ ბიბლიის კანონი ან ნორმა არაფერს ამბობს რამე საკითხზე, რა უდიდესი სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა სხვებიც, როდესაც გამოგვაქვს პირადი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ღვთის ოჯახის ერთიანობაზე!
17. რისი გაკეთებაა მიზანშეწონილი პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს?
17 თუ ჩვენ არ ვიცით, როგორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ბრძნული იქნებოდა ისე გადაგვეწყვიტა, რომ გვქონოდა სუფთა სინდისი და სხვებსაც დაეფასებინათ ჩვენი გადაწყვეტილება (რომაელთა 14:10–12). რასაკვირველია, როდესაც ვღებულობთ პირად გადაწყვეტილებას, ლოცვით უნდა ვეძებოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებით ვილოცოთ: „მომაპყარ ყური შენი. . . რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი“ (ფსალმუნი 30:3, 4).
ყოველთვის შეინარჩუნე ქრისტიანული ერთიანობა
18. როგორი მაგალითი მოიყვანა პავლემ ქრისტიანული კრების ერთიანობასთან დაკავშირებით?
18 პავლემ პირველ კორინთელთა მე-12 თავში ადამიანის სხეული გამოიყენა ქრისტიანული კრების ერთიანობის საილუსტრაციოდ. მან ყურადღება გაამახვილა ყოველი ასოს ურთიერთკავშირსა და მნიშვნელობაზე. „ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? — შეკითხვა დასვა პავლემ, — აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო“ (1 კორინთელთა 12:19–21). მსგავსად, ყოველი ჩვენგანი იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახში ვერ შეასრულებს ერთი და იმავე ფუნქციას. მაგრამ ჩვენ გაერთიანებული ვართ და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
19. როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ღვთისგან მომდინარე სულიერი უზრუნველყოფით და რა თქვა ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ძმამ ამასთან დაკავშირებით?
19 როგორც სხეულს ესაჭიროება საკვები, მოვლა და ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენც გვესაჭიროება სულიერად უზრუნველყოფა, რასაც ღმერთი გვაძლევს თავისი სიტყვის, სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ჩვენ რომ ვისარგებლოთ ამ უზრუნველყოფით, იეჰოვას მიწიერი ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ ერთ-ერთი ძმა წერდა: „მე უაღრესად მადლიერი ვარ, რომ ვცხოვრობდი იმ ცოდნის თანახმად, რაც მისაწვდომი იყო იეჰოვას განზრახვების შესახებ იმ ადრეული წლებიდან მოყოლებული 1914 წლამდე, როცა ჯერ კიდევ ჭეშმარიტება ბოლომდე არ იყო ნათელი. . . და რაც მისაწვდომია თვით დღევანდელ დღემდე, როცა ჭეშმარიტება შუადღის მზესავით ანათებს. ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენდა ჩემთვის, იყო ის, რომ, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან. ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, თუ რამდენად დიდი უგუნურებაა დაეყრდნო ადამიანურ აზროვნებას. მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, შევიგნე, რომ ამ ორგანიზაციის ერთგული დავრჩენილიყავი. სხვაგვარად როგორ შეუძლია ადამიანს მიაღწიოს იეჰოვას კეთილგანწყობილებასა და კურთხევას?“
20. როგორი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენს, როგორც იეჰოვას ხალხის, ერთიანობასთან დაკავშირებით?
20 იეჰოვამ თავისი ხალხი გამოიხმო წუთისოფლის სიბნელისა და განხეთქილებისგან (1 პეტრე 2:9). მან შეგვიქმნა კურთხეული ერთიანობა, როგორც მასთან, ასევე თანამორწმუნეებთანაც. ეს ერთიანობა იარსებებს ახალ სისტემაშიც, რომელიც ასე ახლოსაა. ამ საზარელ, უკანასკნელ დროს, დაე, ყოველთვის ‘ვიყოთ სიყვარულით შემოსილი’ და შეძლებისდაგვარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ძვირფასი ერთიანობის შენარჩუნებას (კოლასელთა 3:14).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ შეუძლია ერთიანობის შენარჩუნება ღვთის ნების შესრულებასა და ჭეშმარიტებაზე მიკვრას?
◻ როგორ არის ერთიანობა დაკავშირებული ენის სათანადო გამოყენებასთან?
◻ რას ნიშნავს იყო მიმტევებელი?
◻ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ერთიანობა პირადი გადაწყვეტილების მიღების დროს?
◻ რისთვის უნდა შევინარჩუნოთ ქრისტიანული ერთიანობა?
[სურათი 15 გვერდზე]
როგორც ეს მწყემსი ერთად უყრის თავს ცხვრებს, ასევე იეჰოვა უნარჩუნებს თავის ხალხს ერთიანობას.
[სურათი 17 გვერდზე]
თუ ვინმეს ვაწყენინეთ, თავმდაბლობით ბოდიშის მოხდა ხელს შეუწყობს ერთიანობას.