იეჰოვა დიდად აფასებს შენს გულმოდგინე მსახურებას
„ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23, სსგ).
1, 2. ა) რომელია ის უდიდესი პატივი, რომელიც კი შეიძლება გვქონდეს? ბ) რატომ არ შეგვიძლია ზოგჯერ ვაკეთოთ ღვთისმსახურებაში ის, რაც გვსურს?
ვემსახუროთ იეჰოვას — უდიდესი პატივია, რომელიც კი შეიძლება გვქონდეს. საფუძვლიანი მიზეზით, ეს ჟურნალი დიდი ხანია ამხნევებს ქრისტიანებს, ჩაებან მსახურებაში და, როცა კი შესაძლებელია, „უფრო და უფრო“ მეტადაც იმსახურონ (1 თესალონიკელთა 4:1). მაგრამ ყოველთვის არ შეგვიძლია ვაკეთოთ ღვთისმსახურებაში ყველაფერი, რაც გულს სწადია. „მე ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ სრული სამუშაო დღით მუშაობა მჭირდება, — ამბობს ერთი მარტოხელა და, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოინათლა. — არა იმიტომ, რომ ძვირფასი და მოდური ტანსაცმელი შევიძინო ან შვებულება კრუიზებში გავატარო, არამედ იმიტომ, რომ დავფარო პირველი საჭიროების საგნების ხარჯები, მათ შორის სამედიცინო და სტომატოლოგიური. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იეჰოვას ნარჩენებს ვაძლევ“.
2 ღვთისადმი სიყვარული აღძრავს ჩვენში სურვილს, რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ სამქადაგებლო მსახურებაში. მაგრამ სხვადასხვა მდგომარეობა ცხოვრებაში ხშირად გვიზღუდავს შესაძლებლობებს. სხვა ბიბლიური პასუხისმგებლობების შესრულებას, ოჯახური მოვალეობების ჩათვლით, შეიძლება ბევრი დრო და ენერგია მიაქვს (1 ტიმოთე 5:4, 8). ამ ‘საზარელ ჟამს’ ცხოვრება სულ უფრო ძნელი ხდება (2 ტიმოთე 3:1). როდესაც მსახურებაში ვეღარ ვაკეთებთ იმდენს, რამდენიც გვინდოდა, შეიძლება გული გვტკივა გარკვეულწილად. შეიძლება გვაინტერესებს, მოსწონს თუ არა იეჰოვას ჩვენი თაყვანისცემა.
გულმოდგინე მსახურების სილამაზე
3. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
3 ფსალმუნის 102:14-ში ბიბლია გულთბილად გვარწმუნებს, რომ იეჰოვამ „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“. მას ყველაზე კარგად ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები. ის არ მოითხოვს იმაზე მეტს, რისი მიცემაც შეგვიძლია. მაშ, რას მოელის ჩვენგან? იმას, რაც ცხოვრებისეული სიტუაციების მიუხედავად, ყველას შეუძლია გააკეთოს: „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23, სსგ). დიახ, იეჰოვა მოელის ჩვენგან — ყველასგან — ვემსახუროთ მას გულმოდგინედ.
4. რას ნიშნავს, ემსახურო იეჰოვას გულმოდგინედ?
4 რას ნიშნავს, ემსახურო იეჰოვას გულმოდგინედ? ბერძნული ტერმინი, რომელიც ითარგმნება როგორც „გულმოდგინედ“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულიდან“. „სული“ ეხება მთლიან პიროვნებას მისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. მაშასადამე, გულმოდგინე მსახურება ნიშნავს საკუთარი თავის გაცემას, მთელი ნიჭისა და ძალის რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხმარებას ღვთისმსახურებაში. უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, აკეთო ყველაფერი, რის კეთებაც შენს სულს შეუძლია (მარკოზი 12:29, 30).
5. როგორ ცხადყოფს მოციქულების მაგალითი, რომ ყველასგან ერთნაირად არ მოითხოვება ღვთისადმი მსახურება?
5 ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა, ვინც გულმოდგინეა, ერთნაირად უნდა მსახურობდეს? ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან ყოველი სულის მდგომარეობა და უნარი განსხვავდება. განვიხილოთ იესოს ერთგული მოციქულების მდგომარეობა. ყველას არ შეეძლო ერთნაირად ეკეთებინა საქმე. მაგალითად, ძალიან ცოტა რამ ვიცით ისეთ მოციქულებზე, როგორებიც არიან სიმონ კანანელი და იაკობ ალფეს ძე. ალბათ, მათი, როგორც მოციქულების, მოღვაწეობა საკმაოდ შეზღუდული იყო (მათე 10:2–4). ამის საპირისპიროდ, პეტრეს შეეძლო მრავალი სერიოზული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე — გასაკვირი არაა, რომ იესომ ‘ცათა სასუფევლის გასაღებიც’ კი უბოძა! (მათე 16:19). მაგრამ პეტრე არ იყო სხვებზე აღზევებული. გამოცხადებაში ახალი იერუსალიმის ხილვისას (დაახლოებით ახ. წ. 96 წელი) იოანემ ნახა 12 საძირკველი და მათზე ამოტვიფრული „თორმეტი მოციქულის სახელები“a (გამოცხადება 21:14). იეჰოვა აფასებდა ყველა მოციქულის მსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს, როგორც ჩანს, სხვებზე მეტის კეთება შეეძლო.
6. იესოს იგავში მთესველზე რა მოსდის „პოხიერ მიწაზე“ დათესილ თესლს და რა კითხვები წამოიჭრება?
6 მსგავსად, იეჰოვა არ მოითხოვს, რომ ყველამ ერთნაირად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. იესომ აჩვენა ეს იგავში მთესველზე, რომელშიც თესლის თესვასთან შედარებული იყო სამქადაგებლო საქმე. თესლი სხვადასხვა ნიადაგზე დაეცა, რაც ცხადყოფს გულების სხვადასხვა მდგომარეობას, რომელიც გამოავლინეს პიროვნებებმა ცნობის მოსმენის შემდეგ. „ხოლო, პოხიერ მიწაზე დათესილი, — განმარტა იესომ, — ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. ისე რომ, ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:3–8, 18–23). რა არის ეს ნაყოფი და რატომ გამოიღება სხვადასხვა რაოდენობით?
7. რა არის დათესილი თესლის ნაყოფი და რატომ წარმოიშვება ის სხვადასხვა რაოდენობით?
7 რადგანაც თესლი, რომელიც ითესება, არის „სიტყვა სასუფეველზე“, ნაყოფის გამოღება ეხება ამ სიტყვის გავრცელებას — მისი სხვებისთვის გადაცემას (მათე 13:19). გამოღებული ნაყოფის რაოდენობა განსხვავდება — ოცდაათიდან ასამდე — რადგან ადამიანების უნარი და ცხოვრებისეული მდგომარეობა განსხვავდება. პიროვნებას, რომელსაც კარგი ჯანმრთელობა და ფიზიკური ამტანობა აქვს, შეუძლია მეტი დრო გაატაროს ქადაგებაში, ვიდრე მას, ვინც დასუსტებულია ქრონიკული დაავადებით ან სიბერით. ახალგაზრდა დაუქორწინებელ ადამიანს, რომელსაც ოჯახური მოვალეობები არ აკისრია, შეუძლია მეტი აკეთოს, ვიდრე მას, ვისაც ოჯახზე ზრუნვის გამო მთელი დღე მუშაობა უწევს (შეადარე იგავნი 20:29).
8. როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვისი სულიც შეძლებისდაგვარად საუკეთესოს გასცემს?
8 თვლის თუ არა ღმერთი მას, ვისი გულმოდგინედ გამოღებული ნაყოფიც ოცდაათია, ნაკლებად ერთგულ პიროვნებად იმასთან შედარებით, ვისი ნაყოფიც ასია? არავითარ შემთხვევაში! ნაყოფის რაოდენობა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ იეჰოვას სიამოვნებს ის, სანამ ჩვენი სული, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოს აძლევს მსახურებაში. გახსოვდეს, ნაყოფის სხვადასხვა რაოდენობა გულიდან გამომდინარეობს, რაც ‘პოხიერი მიწაა’. ბერძნული სიტყვა („კა·ლოსʹ“), რომელიც გადმოთარგმნილია როგორც „პოხიერი“, ნიშნავს რაღაცას, რაც „ლამაზია“, რაც „გულს ახარებს და თვალს აამებს“. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ როცა საუკეთესოს ვაკეთებთ, ჩვენი გული ლამაზია ღვთის თვალში!
მათ არ ადარებენ ერთმანეთს
9, 10. ა) რა უარყოფით მსჯელობამდე შეუძლია მიყვანა გულს? ბ) როგორ ცხადყოფს თვალსაჩინო მაგალითი 1-ლი კორინთელთა 12:14–26-დან, რომ იეჰოვა არ ადარებს ჩვენს შრომას სხვებისას?
9 მაგრამ ჩვენს არასრულყოფილ გულს შეუძლია სხვადასხვანაირად შეაფასოს საკითხები. მას შეუძლია ჩვენი მსახურება სხვის მსახურებას შეადაროს. შეიძლება გვაფიქრებინოს: „სხვები ჩემზე გაცილებით მეტს აკეთებენ. როგორ შეიძლება, იეჰოვას საერთოდ სიამოვნებდეს ჩემი მსახურება?“ (შეადარე 1 იოანე 3:19, 20).
10 იეჰოვას აზრები და გზები დიდად აღემატება ჩვენს აზრებსა და გზებს (ესაია 55:9). პირველი კორინთელთა 12:14–26-დან, სადაც კრება შედარებულია სხეულთან, რომელსაც აქვს მრავალი ასო — თვალები, ხელები, ფეხები, ყურები და ასე შემდეგ, — გარკვეულწილად ვიგებთ, თუ როგორ განიხილავს იეჰოვა ცალკეული პიროვნების ძალისხმევას. ერთი წუთით დაფიქრდი სხეულზე. რა სასაცილო იქნებოდა, თვალები ხელებისთვის შეგვედარებინა ან ფეხები ყურებისთვის! თითოეულ ასოს განსხვავებული დანიშნულება აქვს და მაინც ყველა ასო გამოსადეგია და ფასდება. ამის მსგავსად, იეჰოვა დიდად აფასებს შენს გულმოდგინე მსახურებას, მიუხედავად იმისა, სხვები ბევრს აკეთებენ თუ ცოტას (გალატელთა 6:4).
11, 12. ა) რატომ შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ‘უძლურია’ ან ‘ნაკლებ საპატიო’? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს მსახურებას?
11 სუსტი ჯანმრთელობით, სიბერით ან სხვა პირობებით გამოწვეული შეზღუდვების გამო დროდადრო ზოგი შეიძლება ვფიქრობთ, რომ ‘უძლურები’ ან ‘ნაკლებად საპატიონი’ ვართ. მაგრამ იეჰოვა ასე არ ფიქრობს. ბიბლია გვეუბნება: „სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან. ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება. . . მათ უფრო უხვად გარემოვიცავთ პატივით. . . მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს“ (1 კორინთელთა 12:22–24). ასე რომ, ყოველ ადამიანს შეუძლია ძვირფასი იყოს იეჰოვასთვის. ის აფასებს ჩვენს მსახურებას, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებშია შესრულებული. ნუთუ არ აღიძვრება შენს გულში სურვილი, რაც შეიძლება მეტი აკეთო მსახურებაში ასეთი გამგები და მოსიყვარულე ღვთისთვის?
12 მაშასადამე, იეჰოვასთვის მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ იმდენივეს აკეთებ, რამდენსაც ვინმე სხვა, არამედ იმას რომ აკეთებ, რაც პირადად შენ შეგიძლია — შენს სულს შეუძლია. იეჰოვა რომ თითოეულის ძალისხმევას აფასებს, ამაღელვებლად იქნა ნაჩვენები ორი ძალიან განსხვავებული ქალისადმი იესოს მოპყრობით დედამიწაზე მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში.
მადლიერი ქალის „ძვირად ღირებული“ საჩუქარი
13. ა) რა ვითარებაში სცხო მარიამმა სურნელოვანი ზეთი იესოს თავსა და ფეხებზე? ბ) რა ღირებულების იყო მარიამის ზეთი?
13 პარასკევ საღამოს, 8 ნისანს, იესო ჩავიდა ბეთანიაში, პატარა სოფელში, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, იერუსალიმიდან 3 კილომეტრის დაშორებით. იქ მისი ძვირფასი მეგობრები ცხოვრობდნენ — მარიამი, მართა და მათი ძმა ლაზარე. ალბათ, იესო მათი ხშირი სტუმარი იყო. მაგრამ შაბათ საღამოს ის და მისი მეგობრები სადილობდნენ ყოფილი კეთროვნის, სიმონის, სახლში, რომელიც, შესაძლოა, იესომ განკურნა. იესო მაგიდას იყო მიყრდნობილი, როცა მარიამმა თავმდაბლობის მაჩვენებელი რამ გააკეთა, რამაც მისი ძმის გამაცოცხლებლის მიმართ ღრმა სიყვარული ცხადყო. მან გატეხა ჭურჭელი, რომელშიც „ძვირად ღირებული“ ნელსაცხებელი იყო. მართლაც, ძვირად ღირებული! ის ღირდა 300 დინარი, რაც ერთი წლის ხელფასს უდრიდა. მარიამმა ეს სურნელოვანი ზეთი იესოს სცხო თავსა და ფეხებზე. თმითაც კი შეუმშრალა ფეხები (მარკოზი 14:3; ლუკა 10:38–42; იოანე 11:38–44; 12:1–3).
14. ა) როგორი რეაგირება ჰქონდათ მოწაფეებს მარიამის მოქმედებაზე? ბ) როგორ დაიცვა იესომ მარიამი?
14 მოწაფეები აღშფოთდნენ! ‘რა საჭიროა ეს ფლანგვა?’ — იკითხეს მათ. იუდამ ქურდობის სურვილი გაჭირვებულებისთვის ქველმოქმედების ნიღბით შემოსა და თქვა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ მარიამს ხმა არ ამოუღია. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე [სიტყვა „კა·ლოსʹ“-ის ფორმა] მიყო. . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად“. რა დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო იესოს ეს გულთბილი სიტყვები მარიამისთვის! (მარკოზი 14:4–9; იოანე 12:4–8).
15. რატომ მოახდინა იესოზე დიდი შთაბეჭდილება მარიამის საქციელმა და რას ვსწავლობთ აქედან გულმოდგინე მსახურების შესახებ?
15 იესოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც მარიამმა გააკეთა. მისი შეფასებით, ეს სანაქებო საქმე იყო. იესოსთვის მნიშვნელობა ჰქონდა არა საჩუქრის ღირებულებას, არამედ ფაქტს, რომ „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“. მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და გასცა ის, რის გაცემაც შეეძლო. სხვა თარგმანები ამ სიტყვებს ასე თარგმნიან: „მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეძლო“ ან „მან ის გააკეთა, რის გაკეთების ძალაც შესწევდა“ („ამერიკული თარგმანი“ [An American Translation]; „იერუსალიმური ბიბლია“ [The Jerusalem Bible]). მარიამმა გულმოდგინედ გასცა, ვინაიდან თავისი მხრიდან საუკეთესო გაიღო. აი, ამას ნიშნავს გულმოდგინე მსახურება.
ქვრივის „ორი ლეპტა“
16. ა) როგორ მოხდა, რომ იესომ შენიშნა ღარიბი ქვრივის შესაწირავი? ბ) რა ღირებულების იყო ქვრივის მონეტები?
16 რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ნისანს, იესომ მთელი დღე გაატარა ტაძარში, სადაც მისი ძალაუფლება ეჭვის ქვეშ დადგა, და მან პასუხები გასცა მოულოდნელად დასმულ რთულ კითხვებზე გადასახადების, აღდგომისა და სხვა საკითხების შესახებ. მან გაკიცხა მწიგნობრები და ფარისევლები სხვადასხვა საქმეების გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ ‘ჭამდნენ ქვრივთა სახლებს’ (მარკოზი 12:40). შემდეგ იესო დაჯდა, როგორც ჩანს, ქალთა ეზოში, სადაც, იუდეველთა ტრადიციის თანახმად, 13 საგანძური იყო მოთავსებული. ის გარკვეულ ხანს იჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა ხალხს, რომლებიც შესაწირავებს ყრიდნენ. მრავალი მდიდარი მოდიოდა, ზოგს, როგორც ჩანს, თავი მართალ ადამიანად მოჰქონდა და ტრაბახობდა კიდეც (შეადარე მათე 6:2). იესოს მზერა შეჩერდა ერთ ქალზე. ჩვეულებრივ თვალებს შეიძლება ისეთი ვერაფერი შეემჩნია მასსა და მის ძღვენში. იესომ კი, რომელსაც გულების ამოცნობა შეეძლო, იცოდა, რომ ის „ღარიბი ქვრივი“ იყო. მან აგრეთვე იცოდა მისი ძღვენის ზუსტი ფასი — „ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს“, რაც ძალიან ცოტააb (მარკოზი 12:41, 42).
17. როგორ შეაფასა იესომ ქვრივის შესაწირავი და რას ვსწავლობთ აქედან ღვთისთვის გაცემასთან დაკავშირებით?
17 იესომ მოუხმო მოწაფეებს, ვინაიდან სურდა, საკუთარი თვალებით ენახათ ის გაკვეთილი, რომლის სწავლასაც მათთვის ახლა აპირებდა. ქალმა „საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო“, — თქვა იესომ. მისი შეფასებით, მან ყველაზე მეტი ჩადო, ვიდრე ყველა სხვამ ერთად აღებულმა. მან გასცა „ყველაფერი, რაც კი რამ გააჩნდა“ — უკანასკნელი ფული. ამ მოქმედებით მან იეჰოვას მზრუნველ ხელს მიაბარა საკუთარი თავი. ღვთისთვის გაცემაში მაგალითის მომცემი ამ პიროვნების ძღვენის ფულადი ღირებულება თითქმის არაფერი იყო. მაგრამ ღვთის თვალში ის ფასდაუდებელი იყო! (მარკოზი 12:43, 44; იაკობი 1:27).
იეჰოვას თვალსაზრისი გულმოდგინე მსახურებასთან დაკავშირებით ჩვენთვის გაკვეთილია
18. რას ვსწავლობთ ამ ორი ქალისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?
18 ამ ორი ქალისადმი იესოს მოპყრობიდან გულში ჩამწვდომ რამდენიმე გაკვეთილს ვსწავლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს იეჰოვა გულმოდგინე მსახურებას (იოანე 5:19). იესოს არ შეუდარებია ქვრივი მარიამთან. მან მარიამის ‘ძვირად ღირებულ’ ზეთთან შედარებით არანაკლებ შეაფასა ქვრივის ორი ლეპტა. რადგანაც ორივე ქალმა საუკეთესო გასცა, ღვთის თვალში ორივეს საჩუქარს ფასი ჰქონდა. ამიტომ, თუ უღირსობის გრძნობა გაგიჩნდება იმის გამო, რომ ღვთისმსახურებაში ვერ აკეთებ იმდენს, რამდენიც გინდა, ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში. იეჰოვას სიამოვნებს იმ საუკეთესოს მიღება, რის მიცემაც შეგიძლია. გახსოვდეს, იეჰოვა „გულს ხედავს“, ასე რომ, მას სრულად ესმის შენი გულის წადილი (პირველი მეფეთა 16:7).
19. რატომ არ უნდა განვსაჯოთ ღვთისმსახურებაში სხვების მიერ შესრულებული?
19 იეჰოვას თვალსაზრისმა გულმოდგინე მსახურებასთან დაკავშირებით გავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ და ვეპყრობით ერთმანეთს. რა უსიყვარულო იქნებოდა სხვების ძალისხმევის გაკრიტიკება ან ორი პიროვნების მსახურების შედარება! სამწუხაროდ, ერთი ქრისტიანი წერდა: «დროდადრო ზოგი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ, თუ პიონერი არა ხარ, არაფერს წარმოადგენ. ჩვენც, რომლებიც ვცდილობთ სამეფოს „მხოლოდ“ რეგულარულ მაუწყებლებად ყოფნას, გვესაჭიროება იმის შეგრძნება, რომ გვაფასებენ». უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვაქვს უფლება განვსაჯოთ, თუ თანაქრისტიანების მსახურებაში რა წარმოადგენს გულმოდგინედ შესრულებულს (რომაელთა 14:10–12). იეჰოვა დიდად აფასებს სამეფოს მილიონობით ერთგული მაუწყებლიდან თითოეულის გულმოდგინე მსახურებას — ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.
20. ჩვეულებრივ, რა ჯობია, ვიფიქროთ თანამორწმუნეებზე?
20 მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ჩანს, რომ ზოგი, ვისაც მეტის კეთება შეუძლია, ნაკლებს აკეთებს? თანამორწმუნის მსახურების შემცირებამ შეიძლება ამით შეფიქრიანებულ უხუცესებს აჩვენოს, რომ საჭიროა დახმარება ან გამხნევება. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგისთვის გულმოდგინე მსახურება შეიძლება უფრო ქვრივის პატარა მონეტების მსგავსი იყოს, ვიდრე მარიამის ძვირფასი ზეთისა. ჩვეულებრივ, უკეთესია, ვიფიქროთ, რომ ძმებსა და დებს უყვართ იეჰოვა და ასეთი სიყვარული გააკეთებინებს მათ მსახურებაში რაც შეიძლება მეტს — არა იმაზე ნაკლებს რამდენიც შეუძლიათ. რა თქმა უნდა, იეჰოვას არც ერთი შეგნებული მსახური არ აირჩევდა იმაზე ნაკლების გაკეთებას, რაც ღვთისმოსაობაში შეუძლია! (1 კორინთელთა 13:4, 7).
21. რომელ ღირსეულ საქმიანობას ირჩევს ზოგი და რა კითხვები წამოიჭრება?
21 მაგრამ ღვთის ხალხიდან მრავალი ადამიანისთვის გულმოდგინე მსახურება ნიშნავს უაღრესად ღირსეული საქმიანობის — პიონერული მსახურების — მიყოლას. რა კურთხევებს ღებულობენ ისინი? როგორ შეუძლია ზოგ ჩვენგანს პიონერული სულის გამოვლენა, თუ ჯერ არ ვართ პიონერები? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში გაირჩევა.
[სქოლიოები]
a რადგან იუდას ნაცვლად მატათია გახდა მოციქული, 12 საძირკველზე მისი სახელი იქნებოდა და არა პავლესი. თუმცა პავლე მოციქული იყო, არ შედიოდა თორმეტში.
b ლეპტა იმ დროს იუდეველთა ფულადი ბრუნვის ყველაზე მცირე ღირებულების მონეტა იყო. ორი ლეპტა იყო ერთი დღის სამუშაოსთვის აღებული ხელფასის 1/64. მათეს 10:29-ის თანახმად, ერთ ასარად (უდრიდა რვა ლეპტას) პიროვნებას შეეძლო ორი ბეღურის ყიდვა, რაც ყველაზე იაფფასიანი ფრინველი იყო, რომელსაც ღარიბები საჭმელად იყენებდნენ. ასე რომ ქვრივი მართლაც ღარიბი იყო, რადგან მხოლოდ ერთი ბეღურის საფასურის ნახევარი ჰქონდა, რაც ლუკმა პურისთვისაც ძლივს ეყოფოდა.
როგორ უპასუხებდი?
◻ რას ნიშნავს, ემსახურო იეჰოვას გულმოდგინედ?
◻ როგორ ცხადყოფს 1-ლი კორინთელთა 12:14–26-ში მოცემული თვალსაჩინო მაგალითი, რომ იეჰოვა არ გვადარებს სხვებს?
◻ რას ვსწავლობთ გულმოდგინედ გაცემაზე იესოს შენიშვნებიდან მარიამის ძვირადღირებული ზეთისა და ქვრივის ორი პატარა მონეტის შესახებ?
◻ როგორი გავლენა უნდა იქონიოს იეჰოვას თვალსაზრისმა გულმოდგინე მსახურებასთან დაკავშირებით იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ერთმანეთს?
[სურათი 15 გვერდზე]
მარიამმა, თავის მხრივ, საუკეთესო გასცა, როცა იესოს სხეულს სცხო „ძვირად ღირებული“ ზეთი.
[სურათი 16 გვერდზე]
ქვრივის მონეტები — ფულადი ღირებულებით თითქმის არაფერი, იეჰოვასთვის კი ფასდაუდებელი.