რომელი სუფრიდან იკვებები?
„არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის [დემონების, სსგ] სუფრასაც“ (1 კორინთელთა 10:21).
1. რა სუფრებია წარდგენილი ჩვენს წინაშე და რა გაფრთხილებას გვაძლევს პავლე ამასთან დაკავშირებით?
პავლე მოციქულის ინსპირირებული სიტყვები ნათელს ხდის, რომ კაცობრიობის წინაშე წარდგენილია ორი სიმბოლური სუფრა. თითოეული განირჩევა სიმბოლური კერძებით, რომლებიც მოთავსებულია მათზე; ყოველი ჩვენგანი ან ერთ სუფრასთან იკვებება, ან მეორესთან. მაგრამ თუ გვსურს ვასიამოვნოთ ღმერთს, შეუძლებელია მისი სუფრიდანაც ვიკვებოთ და დემონთა სუფრაზეც გავუსინჯოთ გემო საჭმელებს. პავლე მოციქული იძლეოდა გაფრთხილებას: „რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს [დემონებს, სსგ] სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის [დემონების, სსგ] სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის [დემონების, სსგ] სუფრასაც“ (1 კორინთელთა 10:20, 21).
2. ა) იეჰოვას რომელი სუფრა არსებობდა ძველი ისრაელის დღეებში და ვინ მონაწილეობდა სამადლობელ მსხვერპლშეწირვაში? ბ) რას ნიშნავს დღეს იეჰოვას სუფრასთან მონაწილეობის მიღება?
2 პავლეს სიტყვები შეგვახსენებს სამადლობელ შესაწირავს, რომელსაც იეჰოვას კანონის თანახმად ასრულებდნენ ძველი დროის ისრაელები. ღმერთის სამსხვერპლოს ეწოდებოდა ტაბლა, ხოლო იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც შესაწირად მიჰქონდა ცხოველი, ამბობდნენ, რომ იეჰოვასთან და მღვდლებთან ჰქონდა ზიარება. როგორ? პირველი, იეჰოვა მონაწილეობას იღებდა მსხვერპლშეწირვაში იმით, რომ სისხლის შესხურება ხდებოდა მის სამსხვერპლოზე და ცხიმი ქვემოდან შთაინთქმებოდა ცეცხლით. მეორე, მღვდელი მონაწილეობდა იმით, რომ ის (და მისი ოჯახი) შეწირული ცხოველის შემწვარ გულმკერდსა და მარჯვენა ბეჭს ჭამდა. და მესამე, ვისაც მიჰქონდა შესაწირი, მონაწილეობდა იმით, რომ ჭამდა დარჩენილ ნაწილს (ლევიანნი 7:11–36). დღეს, იეჰოვას სუფრასთან მონაწილეობის მიღება ნიშნავს იმას, რომ თაყვანი ვცეთ იეჰოვას ისე, როგორც თვითონ მოითხოვს, როგორც იესომ და მისმა მოციქულებმა დაგვიტოვეს მაგალითი. ეს რომ გავაკეთოთ, სულიერად უნდა ვიკვებოთ იმით, რასაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით გვთავაზობს. ისრაელებს, რომლებიც იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობით ტკბებოდნენ და იეჰოვას სუფრიდან იკვებებოდნენ, ეკრძალებოდათ დემონთა სუფრასთან მსხვერპლის მიტანა. სულიერი ისრაელები და მათი თანმხლები ‘სხვა ცხვრებიც’ ექვემდებარებიან იგივე ღვთიურ აკრძალვას (იოანე 10:16).
3. როგორ შეიძლება, რომ რომელიმე პიროვნება დადანაშაულდეს დემონთა სუფრასთან მონაწილეობის მიღებაში?
3 როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე დროს პიროვნება დემონთა სუფრასთან მონაწილეობის მიღებაში დამნაშავე გახდეს? — თუ მხარს დაუჭერს იმას, რაც იეჰოვას საწინააღმდეგოა. დემონთა სუფრა აღსავსეა დემონთა პროპაგანდით, რომლის განზრახვაა შეცდომაში შეგვიყვანოს და ჩამოგვაცილოს იეჰოვას. ვის სურს, რომ თავისი გული და გონება ასეთი შხამით კვებოს? ჭეშმარიტი ქრისტიანები უარყოფენ, რომ მრავალი ადამიანის მსგავსად მონაწილეობა მიიღონ ომისა და სიმდიდრის ღვთაებების წინაშე შესაწირის მიტანაში (მათე 6:24).
‘დემონთა სუფრისაგან’ თავის არიდება
4. რა შეკითხვების წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი და რატომ არ შეგვიძლია შეგნებულად მივიღოთ მონაწილეობა დემონთა ნადიმში?
4 თითოეული ჩვენგანი დგას კითხვის წინაშე — რომელი სუფრიდან ვიკვებები? არ შეგვიძლია გავექცეთ იმ ფაქტს, რომ იძულებულნი ვართ, ვიკვებოთ ან ერთი, ან მეორე სუფრიდან (შეადარე მათეს 12:30). ჩვენ შეგნებულად არ ვისურვებდით დემონთა სუფრასთან მიგვეღო მონაწილეობა. თუ მონაწილეობას მივიღებდით, ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის, იეჰოვას კეთილგანწყობილებას დავკარგავდით. მეორე მხრივ, თუ მხოლოდ იეჰოვას სუფრიდან ვიკვებებით, მიგვიყვანს ბედნიერ, მარადიულ სიცოცხლემდე! (იოანე 17:3). არსებობს ანდაზა, რომ პიროვნება არის ის, რითაც იკვებება. ნებისმიერმა, ვისაც სურს, რომ შეინარჩუნოს ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღე, ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ კვებას. როგორც მაღალკალორიული საჭმელი, რომელიც დაბალხარისხოვანი საკვები შემადგენლობისაა და ქიმიური დამატებებით გემრიელადაა დამზადებული, ხელს არ უწყობს ჩვენს ხანგრძლივ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისევეა ამ ქვეყნიერების პროპაგანდა, რომელიც გაჟღენთილია დემონური იდეებითა და სიმბოლურად ცუდი, ნაკლებად სასარგებლო საკვებით, რასაც ჩვენი გონების გახრწნა შეუძლია.
5. როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ დღეს დემონთა მოძღვრებებს?
5 პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში ‘დემონთა მოძღვრებით’ ადამიანები ასცდებოდნენ ჭეშმარიტ გზას (1 ტიმოთე 4:1). მხოლოდ ცრუ რელიგიაში არ ვლინდება დემონთა ასეთი მოძღვრებების მიმართ რწმენა, ეს მოძღვრებები სხვა მრავალი გზითაც ფართოდ არის განდიდებული. მაგალითად, ჩვენ ვსაჭიროებთ, გავაანალიზოთ და ავწონ-დავწონოთ ის წიგნები და ჟურნალები, რასაც ჩვენ და ჩვენი შვილები ვკითხულობთ, სატელევიზიო გადაცემები, პიესები და ფილმები, რომლებსაც ვუყურებთ (იგავნი 14:15). თუ დასვენების მიზნით ვკითხულობთ ბელეტრისტიკას, ხასიათდება თუ არა ის უაზრო ძალადობით, უკანონო სექსით ან ოკულტიზმით? თუ ჩვენ ინფორმაციის მიღების მიზნით ვკითხულობთ წიგნს, რომელიც ბელეტრისტიკული ხასიათის არ არის, გადმოგვცემს თუ არა ფილოსოფიას ან ისეთ ცხოვრებას, რომელიც არ არის „ქრისტეს მიხედვით“? (კოლასელთა 2:8). უშინაარსო სპეკულაციაა შემოთავაზებული, თუ მსოფლიო სოციალურ მოძრაობას უჭერს მხარს? იქნებ სიმდიდრის მოხვეჭის სურვილს აღძრავს შენში? (1 ტიმოთე 6:9). იქნებ ეს ისეთი პუბლიკაციაა, რომელიც შემპარავად სთავაზობს მკითხველს განხეთქილების მთესველ არაქრისტესეულ მოძღვრებებს? თუ ეს ასეა და ვაგრძელებთ ასეთი მასალების კითხვას ან ყურებას, თავს იმით ვიგდებთ საფრთხეში, რომ ვიკვებებით დემონების სუფრიდან. დღეს არსებობს ასიათასობით პუბლიკაცია, სადაც განდიდებულია ქვეყნიური ფილოსოფიები და რომლებიც განმანათლებელი და თანამედროვე ჩანს (ეკლესიასტე 12:12). მაგრამ, მრავალი პროპაგანდიდან რეალურად არცერთი არ წარმოადგენს სიახლეს; არც რომელიმე პიროვნებისთვის სასარგებლოს და არც რაიმე უკეთესს, ისევე როგორც ევასთვის არ იყო სასიკეთო სატანის მიერ შეთავაზებული ცბიერი სიტყვები (2 კორინთელთა 11:3).
6. როდესაც გვპატიჟებს სატანა, რომ ვიგემოთ მისი დემონური დაბალხარისხოვანი საკვები, როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს?
6 ამიტომ, როცა სატანა გვეპატიჟება, რომ ვიგემოთ მისი დემონური, დაბალხარისხოვანი საკვები, როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს? ისეთი, როგორიც ჰქონდა იესოს, როდესაც სატანა აცდუნებდა, ქვები პურებად ექცია. იესომ უთხრა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა იცოცხლებს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარი ყოველი სიტყვით“. ხოლო, როდესაც ეშმაკმა შესთავაზა იესოს, რომ ‘მსოფლიოს ყველა სამეფოსა და მათ დიდებას’ მისცემდა, თუ დამხობილი თაყვანს სცემდა, იესომ უპასუხა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:3, 4, 8–10).
7. რატომ შეგვყავს შეცდომაში საკუთარი თავი, თუ ვფიქრობთ, რომ წარმატებულად შეგვიძლია ვისაზრდოოთ, როგორც იეჰოვას სუფრიდან, ასევე დემონთა სუფრიდან?
7 იეჰოვას სუფრა და მისი მტრების, დემონების მიერ გაწყობილი სუფრა ვერასოდეს შეეთვისებიან ერთმანეთს! აღსანიშნავია, რომ ამის მცდელობა იყო წარსულში. გაიხსენე ძველი დროის ისრაელები, ელია წინასწარმეტყველის დღეებში. ხალხი იეჰოვას თაყვანისმცემლად მიიჩნევდა თავს, მაგრამ სწამდათ, რომ სხვა ღმერთებმა, მათ შორის ბაალმა, კეთილდღეობა აღუთქვეს მათ. ელია მიუახლოვდა ხალხს და უთხრა: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია [იეჰოვა] ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით“. უეჭველია, ისრაელები კოჭლობდნენ „ხან ერთი, ხან მეორე ფეხით“ (მესამე მეფეთა 18:21; „იერუსალიმის ბიბლიის“ მიხედვით 1 მეფეთა 18:21, [ინგლ.]). ელიამ უთხრა ბაალის მღვდლებს, რომ დაემტკიცებინათ თავიანთი ღმერთის ღვთაებრიობა. ღმერთი, რომელიც ზეციდან ცეცხლს მოავლენდა სამსხვერპლოზე, დაადასტურებდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ბაალის მღვდლებმა მარცხი განიცადეს. შემდეგ ელიამ, უბრალოდ, ილოცა: „უფალო [იეჰოვა, აქ], ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ“. იეჰოვას მიერ ზეციდან მოვლენილმა ცეცხლმა დაუყოვნებლივ შთანთქა წყლით დასველებული ცხოველური მსხვერპლი. იეჰოვას ღვთაებრიობის დამამტკიცებელი დემონსტრირებით აღელვებული ხალხი დაემორჩილა ელიას და ბაალის ყველა წინასწარმეტყველი, 450 ადამიანი, ამოხოცა (მესამე მეფეთა 18:24–40). ასე რომ, ჩვენ დღეს, ჭეშმარიტ ღმერთად უნდა ვაღიაროთ იეჰოვა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია ეს, მაშინ მტკიცედ უნდა მივუბრუნდეთ მის სუფრას, რომ მხოლოდ მისი სუფრიდან ვიკვებოთ.
ერთგული მონა ემსახურება იეჰოვას სუფრას
8. რომელი მონის შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ, რომელსაც გამოიყენებდა, რომ სულიერად გამოეკვება მოწაფეები თვით იესოს თანდასწრების განმავლობაში და როგორ ამოიცნობა ეს მონა?
8 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი თანდასწრების დროს „ერთგული და გონიერი მონა“ მის მოწაფეებს უზრუნველყოფდა სულიერი საზრდოთი: „ნეტარ არს მონა, რომლის ბატონი მოვა და ასეთნაირად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას“ (მათე 24:45–47). ამ მონამ ცხადყო, რომ არ არის ინდივიდი, არამედ — მიძღვნილი, ცხებული ქრისტიანების კლასი. ამ კლასმა, როგორც ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის, ასევე ‘უამრავი ხალხისთვის’, იეჰოვას სუფრა გააწყო უმშვენიერესი სულიერი საკვებით. ახლა, უამრავმა ხალხმა, რომელიც ოთხ მილიონზე მეტს ითვლის, ცხებული კლასის დარჩენილი ნაწილის გვერდით დაიკავა ადგილი, სამყაროს სუვერენის, იეჰოვა ღმერთისა და მისი სამეფოსთვის, რომლის საშუალებითაც იეჰოვა განწმენდს თავის წმიდა სახელს (გამოცხადება 7:9–17).
9. რა საშუალებებით სარგებლობს მონის კლასი, რომ დააკმაყოფილოს იეჰოვას მოწმეები სულიერი საზრდოთი და როგორ აღიწერება წინასწარმეტყველურად მათი სულიერი ნადიმი?
9 ერთგული მონის კლასმა გამოიყენა საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომ იეჰოვას ყველა მოწმისთვის უზრუნველეყო სულიერი საზრდო. იმ დროს, როდესაც იეჰოვას ხალხი ნადიმობს, ქრისტიანული სამყარო და ამ სისტემის დანარჩენი ნაწილი, სიცოცხლის მომცემი სულიერი საზრდოს ნაკლებობის გამო, განიცდის შიმშილს (ამოსი 8:11). ეს არის იმ წინასწარმეტყველების განხორციელება, რომელიც ჩაწერილია ესაიას 25:6-ში: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“. მე-7 და მე-8 მუხლები ცხადყოფს, რომ ეს ნადიმი მარადიულად გაგრძელდება. რაოდენ დიდი კურთხევაა ეს დღეს ყველასათვის იეჰოვას ხილულ ორგანიზაციაში, და რაოდენ დიდი კურთხევაა, რომ ეს გაგრძელდება მომავალშიც!
მოერიდე მომწამლავ საკვებს დემონთა სუფრიდან
10. ა) როგორ საზრდოს არიგებს ბოროტი მონის კლასი და რა არის მათი მოტივი? ბ) როგორ ეპყრობა ბოროტი მონა თავის ყოფილ თანამონებს?
10 დემონთა სუფრაზე საკვები მომწამლავია. მაგალითად, განვიხილოთ ბოროტი მონის კლასისა და განდგომილების მიერ დარიგებული საკვები. ის არ არის მასაზრდოებელი ან დამრიგებლური; არც — სასარგებლო. და არც შეიძლება ასე იყოს, რადგან განდგომილებმა შეწყვიტეს იეჰოვას სუფრიდან კვება. შედეგად, მათი, როგორც ახალი პიროვნების მიღწევები გაქრა. ის, რაც მათ ამოძრავებთ, არ არის სულიწმინდა, არამედ გესლიანი ღვარძლი. ისინი, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ერთი მიზნით არიან შეპყრობილნი — ‘ცემონ’ ყოფილი თანამონები (მათე 24:48, 49).
11. რა დაწერა ჩ. ტ. რასელმა პიროვნების მიერ სულიერი საზრდოს არჩევის შესახებ და როგორ აღწერა ისინი, რომლებმაც მიატოვეს იეჰოვას სუფრა?
11 მაგალითად, წარსულში, 1909 წელს, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტმა ჩ. ტ. რასელმა დაწერა მათ შესახებ, რომლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას და დაიწყეს თავიანთი თანამონების სასტიკად მოპყრობა. „საგუშაგო კოშკის“ 1909 წლის 1 ოქტომბრის გამოცემაში (ინგლ.) ნათქვამია: „ისინი, რომლებმაც საკუთარი თავი საგუშაგო კოშკის საზოგადოებისა და მისი საქმიანობისაგან გარიყეს, იმის ნაცვლად, რომ პირად საქმიანობაში წარმატებისთვის ან სხვების მიმართ რწმენაში დამრიგებლურობისა და სულის სილამაზისთვის მიეღწიათ, აშკარად საწინააღმდეგოს აკეთებდნენ — ცდილობდნენ ხელეყოთ და ზიანი მოეტანათ იმისთვის, რასაც ერთ დროს ემსახურებოდნენ, ატეხეს დიდი ხმაური, მაგრამ თანდათან ჩაიძირნენ დავიწყებაში, ზიანი მოჰქონდათ, როგორც თავიანთი თავისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ კამათის სულით. . . თუ ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ სხვა სუფრიდან მიიღონ კარგი ან უკეთესი საკვები და დაიმზადონ კარგი ან უკეთესი საკვები — დაე, აირჩიონ თავიანთი გზა. . . მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩვენ ნებას ვრთავთ მათ, წავიდნენ სადაც სურთ და რომელი სუფრიდანაც უნდათ იქიდან მოიპოვონ საკვები და სინათლე საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გასაოცარია, რომ მათ, რომლებიც გახდნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, აირჩიეს ძალიან განსხვავებული მიმართულება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნიური ვაჟკაცობით ეთქვათ: ‘მე ვიპოვე ის, რასაც ვანიჭებ უპირატესობას; ნახვამდის!’ მათ ისეთი ძალით გამოავლინეს რისხვა, ღვარძლი, ზიზღი, კამათის სურვილი, ‘ხორცისა და ეშმაკის საქმეები’, რომ არც ერთ ქვეყნიურ ადამიანს ჯერ არ გამოუვლენია. გეჩვენება, რომ მათში მოქმედებს შეშლილობა, სატანური ცოფი. ზოგიერთი მათგანი გვცემს ჩვენ და შემდეგ ირწმუნება, რომ ჩვენ ვცემდით. ისინი მზად არიან, თქვან ან დაწერონ საზიზღარი სიცრუე და უნამუსობამდე დაეცნენ“.
12. ა) როგორ სცემენ განდგომილები თავიანთ თანამონებს? ბ) რატომ არის საშიში, რომ ცნობისმოყვარეობის გამო, იკვებო განდგომილთა ლიტერატურით?
12 დიახ, განდგომილები აქვეყნებენ ლიტერატურას, რომელიც დამახინჯებულ ფაქტებს, ნახევრად სიმართლესა და აშკარა სიცრუეს ეყრდნობა. მათ იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე მასობრივი გამოსვლები იმ მცდელობით მოაწყვეს, რომ მახეში მოემწყვდიათ წინდაუხედავები. ამიტომ, საშიში იქნებოდა, ჩვენი ცნობისმოყვარეობის გამო, გვესაზრდოვა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციებით და მოგვესმინა მათი სალანძღავი სიტყვები! თუმცა, ჩვენ შესაძლოა მიგვაჩნია, რომ პირადად ჩვენთვის რისკს არ წარმოადგენს, მაგრამ საშიშროება კვლავ არსებობს. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ, რომ განდგომილთა ლიტერატურა გვთავაზობს სიყალბეს „ლამაზი“ და „მატყუარა სიტყვებით“ (რომაელთა 16:17, 18; 2 პეტრე 2:3). თუ არის ეს ის, რასაც უნდა მოელოდე დემონთა სუფრიდან? თუმცა, განდგომილებს ასევე შეუძლიათ ზოგიერთი ფაქტის შემოთავაზება, რომელსაც ჩვეულებრივ იმ მიზნით იღებენ კონტექსტიდან, რომ სხვებიც ჩამოაცილონ იეჰოვას სუფრას. ყველაფერი, რასაც ისინი წერენ, უბრალოდ, გაჟღენთილია კრიტიკით და დამანგრეველია! მათ არაფერი აქვთ დამრიგებლური.
13, 14. რა არის განდგომილებისა და მათი პროპაგანდის ნაყოფი?
13 იესომ თქვა: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:16). რა არის განდგომილებისა და მათი პუბლიკაციების ნაყოფი? — მათი პროპაგანდისთვის დამახასიათებელია ოთხი პუნქტი: 1) მოხერხებულობა; ეფესელთა 4:14 ამბობს, რომ ისინი ფლობენ ‘ცდუნების მზაკვრულ ხელოვნებას’, 2) ამპარტავნული მსჯელობა, 3) სიყვარულის ნაკლებობა, 4) სხვადასხვა ფორმის არაგულწრფელობა. ესენია დემონთა სუფრაზე მოთავსებული საკვების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლის დანიშნულება არის იეჰოვას ხალხის რწმენის დანგრევა.
14 არსებობს კიდევ ერთი ასპექტი. რას დაუბრუნდნენ განდგომილები? უმეტეს შემთხვევაში, ისინი უერთდებიან ბნელით მოცულ ქრისტიანულ სამყაროსა და მოძღვრებებს, მაგალითად რწმენას იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანი ამაღლდება ზეცად. უფრო მეტიც, უმეტესობას მეტად აღარ უკავია მტკიცე ბიბლიური პოზიცია სისხლის, ნეიტრალიტეტისა და ღმერთის სამეფოს შესახებ დამოწმებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი თავი დავაღწიეთ დიდი ბაბილონის სიბნელეს და მეტად აღარ გვსურს, დავუბრუნდეთ მას (გამოცხადება 18:2, 4). იეჰოვას ერთგულ მსახურებს რატომ უნდა გვსურდეს, თუნდაც ერთხელ, შევავლოთ თვალი იეჰოვას სუფრის უარმყოფელთა პროპაგანდას, რომლებიც ახლა სიტყვიერად სცემენ მათ, ვინც გვეხმარება, მივიღოთ ‘ჯანსაღი სიტყვები’? (2 ტიმოთე 1:13).
15. რომელი ბიბლიური პრინციპი გვეხმარება, ავირჩიოთ ბრძნული მიმართულება იმ დროს, როდესაც გვესმის განდგომილთა ბრალდებები?
15 ზოგიერთმა, შესაძლოა, ცნობისმოყვარეობა გამოამჟღავნოს იმ ბრალდებების მიმართ, რომლებსაც განდგომილები აღძრავენ. მაგრამ ჩვენ გულთან უნდა მივიტანოთ პრინციპი, რომელიც ჩაწერილია მეორე რჯულის 12:30, 31-ში. აქ იეჰოვამ მოსეს მეშვეობით გააფრთხილა ისრაელები, თუ რას უნდა მორიდებოდნენ, როდესაც აღთქმული მიწიდან განდევნიდნენ კერპთაყვანისმცემელ მოსახლეობას: „ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო, ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს“. დიახ, იეჰოვა ღმერთმა იცის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ცნობისმოყვარეობა. გაიხსენე ევა და ასევე ლოტის ცოლი! (ლუკა 17:32; 1 ტიმოთე 2:14). მოდით და არასოდეს მოვისმინოთ ის, რასაც ამბობენ და აკეთებენ განდგომილები. დაე, ამის ნაცვლად, დაკავებულნი ვიყოთ ადამიანების გამხნევებით და ერთგულად ვისაზრდოოთ იეჰოვას სუფრიდან!
მხოლოდ იეჰოვას სუფრა დარჩება
16. ა) რა დაემართება მალე სატანას, მის დემონებსა და სიმბოლურ სუფრას, რომლიდანაც საზრდოობენ ქვეყნიერების ხალხები? ბ) რა დაემართება ყველა ადამიანს, რომლებიც აგრძელებენ დემონთა სუფრიდან საზრდოობას?
16 მალე, მოულოდნელად დადგება დიდი ჭირი, სწრაფად მიაღწევს კულმინაციურ წერტილს ‘ომში, ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიადი დღის’ განმავლობაში (გამოცხადება 16:14, 16). ამ აპოგეას მიაღწევს მაშინ, როდესაც იეჰოვა გაანადგურებს ამ სისტემას და იმ სიმბოლურ სუფრას, საიდანაც საზრდოობდნენ ქვეყნიერების ერები. იეჰოვა, ასევე, დაამხობს სატანა ეშმაკის მთელ უხილავ ორგანიზაციას უამრავი დემონებით. ისინი, რომლებიც სატანის სულიერ სუფრასთან, ანუ დემონთა სუფრასთან, აგრძელებენ ჭამას, იძულებულები იქნებიან დაესწრონ ნამდვილ ნადიმს, არა როგორც მონაწილეები, არამედ, როგორც მთავარი კერძი, დიახ, ისინი დაესწრებიან საკუთარ განადგურებას! (იხილე ეზეკიელი 39:4; გამოცხადება 19:17, 18).
17. რა კურთხევებია მათთვის, რომლებიც განსაკუთრებულად იეჰოვას სუფრიდან საზრდოობენ?
17 დარჩება მხოლოდ იეჰოვას სუფრა. ისინი, რომლებიც მადლიერებით იკვებებიან, დაცული იქნებიან და ექნებათ უპირატესობა, რომ მარადიულად ისაზრდოონ იეჰოვას სუფრიდან. მათ მეტად აღარ დაემუქრება საკვების ნაკლებობა და არც არავითარი საშიშროება (ფსალმუნი 66:7; 71:16). სრულყოფილი ჯანმრთელობით, სამოთხეში მოემსახურებიან იეჰოვა ღმერთს! საბოლოოდ, გამოცხადების 21:4-ში ჩაწერილი ამაღელვებელი სიტყვები განსაცვიფრებლად განხორციელდება: „მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; ვინაიდან პირველებმა გადაიარეს“. როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია წარსულს ჩაჰბარდება, იეჰოვა ღმერთის უნივერსალური სუვერენობა მარადიულად დამყარდება ყველგან და იეჰოვას წყალობა უსასრულოდ გადმოეფრქვევა გამოსყიდულ ადამიანებს, რომლებიც სამოთხედქცეულ დედამიწაზე იცხოვრებენ. ეს ჯილდო რომ მივიღოთ, დაე, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებით იყოს აღვსილი, განსაკუთრებულად იკვებოს იეჰოვას სუფრიდან, რომელიც სავსეა საუკეთესო სულიერი საზრდოთი!
როგორ უპასუხებდი?
□ როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ იმას, რომ სატანური მოძღვრებით შეცდომაში არ ვიყოთ შეყვანილი?
□ რატომ არ შეგვიძლია ვისაზრდოოთ, როგორც იეჰოვას სუფრიდან, ასევე დემონთა სუფრიდან?
□ როგორ საკვებს არიგებენ განდგომილები?
□ რატომ არის საშიში, რომ ცნობისმოყვარეობა გამოვამჟღავნოთ განდგომილთა ბრალდებების მიმართ?
□ რა არის განდგომილების ნაყოფი?