საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • re თ. 9 გვ. 41-47
  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!
  • გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამხრწნელი ზეგავლენა
  • მოერიდეთ სექტანტობას!
  • „დაფარული მანანა და პატარა თეთრი ქვა“
  • ქრისტე კრებებს ელაპარაკება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • პერგამონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სარგებლობა მივიღოთ — „ციური პურიდან“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ანტიპა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
re თ. 9 გვ. 41-47

თავი 9

ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!

პერგამონი

1. ამჟამად რომელ კრებას მიმართავს იესო და როგორ ქალაქში ცხოვრობდნენ მაშინ ქრისტიანები?

თუ სმირნიდან ჩრდილოეთით სანაპირო გზით 80 კილომეტრს გავივლით, მერე კი ზღვის სანაპიროდან გადავუხვევთ და მდინარე კაიკუსის ველზე 25 კილომეტრს ვივლით, მივალთ ქალაქ ბერგამაში, რომელსაც წინათ პერგამონი ერქვა. ქალაქი ცნობილი იყო ზევსის, იგივე იუპიტერის, ტაძრით. XIX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა ზევსის ტაძრის საკურთხეველი გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, პერგამონ-მუზეუმში გადაიტანეს, სადაც მისი ნახვა დღესაც შესაძლებელია წარმართული ღვთაებების სხვა მრავალ ქანდაკებასა და რელიეფურ გამოსახულებას შორის. რას ეტყოდა იესო ასეთი კერპთაყვანისმცემლობით გარემოცულ კრებას?

2. როგორ წარმოადგენს იესო საკუთარ თავს და რას ნიშნავს ის, რომ მას „ორლესული მახვილი“ აქვს?

2 თავიდან იესო აცნობს მათ თავის ვინაობას: „პერგამონის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც ბასრი, დიდი ორლესული მახვილი აქვს“ (გამოცხადება 2:12). აქ იესო საკუთარ თავს აღწერს გამოცხადების 1:16-ში აღწერილის მსგავსად. როგორც მოსამართლე და დამსჯელი, ის მოსპობს თავისი მოწაფეების მდევნელებს. ეს მართლაც მანუგეშებელია. თუმცა, კრების წევრებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ იეჰოვა თავისი „შეთანხმების მაცნის“, იესო ქრისტეს მეშვეობით, როგორც თავად ამბობს, ‘იჩქარებს, რომ დაამოწმოს’ ყველას წინააღმდეგ, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, მაგრამ კერპებს სცემს თაყვანს, უზნეობას ეწევა, ცრუობს, უპატიოსნოდ იქცევა და არ ზრუნავს გაჭირვებულებზე (მალაქია 3:1, 5; ებრაელები 13:1—3). ყველამ ყურად უნდა ვიღოთ ის რჩევა და შეგონება, რომელსაც ღმერთი იესოს მეშვეობით გვაძლევს!

3. რა ცრუ თაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული პერგამონში და რატომ შეიძლება ითქვას, რომ იქ „სატანის ტახტი“ იდგა?

3 ახლა უკვე იესო კრებას მიმართავს: „ვიცი, სადაც ცხოვრობ, იქ, სადაც სატანის ტახტია“ (გამოცხადება 2:13ა). ეს ქრისტიანები მართლაც ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც სატანის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული. ზევსის ტაძრის გარდა იქ ასკლეპიოსის (მკურნალობის ღვთაება) საწმინდარიც იყო. პერგამონი ის ცენტრი იყო, სადაც იმპერატორს სცემდნენ თაყვანს. სატანად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს მოწინააღმდეგეს, ხოლო მისი ტახტი განასახიერებს მთელ მსოფლიოზე მის ბატონობას, რაც ღმერთმა დროებით დაუშვა (იობი 1:6, სქოლიო). პერგამონში კერპთაყვანისმცემლობის ფართოდ გავრცელება იმაზე მეტყველებდა, რომ ამ ქალაქში სატანის „ტახტი“ მტკიცედ იდგა. რამდენად გააფთრდებოდა სატანა, როცა დაინახავდა, რომ ქრისტიანები არ ეთაყვანებოდნენ მას და მონაწილეობას არ იღებდნენ ცრუ თაყვანისმცემლობაში!

4. ა) როგორ აქებდა იესო პერგამონელ ქრისტიანებს? ბ) რა მისწერა რომაელმა ლეგატმა პლინიუსმა იმპერატორ ტრაიანეს იმაზე, თუ როგორ ექცეოდა ქრისტიანებს? გ) საფრთხის მიუხედავად რას აკეთებდნენ პერგამონელი ქრისტიანები?

4 შეიძლება ითქვას, რომ „სატანის ტახტი“ მართლაც შიგ პერგამონში იდგა. „და მაინც — განაგრძობს იესო, — ეჭიდები ჩემს სახელს და არ უარყავი ჩემდამი რწმენა ჩემი ერთგული მოწმე ანტიპას დროსაც კი, რომელიც მოკლეს თქვენთან, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს“ (გამოცხადება 2:13ბ). ასეთმა გულითადმა შექებამ შეუძლებელია, გულგრილი დატოვოს ადამიანი! ანტიპა წამებით უეჭველად იმიტომ მოკლეს, რომ უარი თქვა დემონურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობასა და რომის იმპერატორის თაყვანისცემაზე. მას შემდეგ, რაც იოანემ მოისმინა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები, მალევე, რომის იმპერატორ ტრაიანეს ლეგატმა, პლინიუს უმცროსმა, მისწერა ტრაიანეს, თუ როგორ ეპყრობოდა მათ, ვისაც ქრისტიანობას ბრალად უთვლიდნენ. იმპერატორი იწონებდა მის მოქმედებას. მათ, ვინც ქრისტიანობაზე უარს იტყოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებდნენ, თუ, როგორც თავად პლინიუსი ამბობს, მისი „თანდასწრებით უხმობდნენ ღმერთებს, უკმევდნენ საკმეველს და ღვინოს უღვრიდნენ. . . [ტრაიანეს] გამოსახულებას. . . და, ამასთან ერთად, ლანძღავდნენ ქრისტეს“. როცა ვინმეს ქრისტიანობას იგებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. ასეთი საფრთხის მიუხედავადაც კი პერგამონელი ქრისტიანები არ უარყოფდნენ თავიანთ რწმენას. ისინი ‘ეჭიდებოდნენ იესოს სახელს’ და კვლავაც პატივს მიაგებდნენ მის, როგორც იეჰოვას დამცველისა და დანიშნული მოსამართლის, მაღალ მდგომარეობას. ისინი ერთგულად მიჰყვებოდნენ იესოს ნაკვალევს და სამეფოს შესახებ ქადაგებდნენ.

5. ა) დღეს რამ შეცვალა იმპერატორის კულტი და რა სერიოზული გამოცდის წინაშე დგანან ქრისტიანები? ბ) როგორ ეხმარებოდა „საგუშაგო კოშკი“ ქრისტიანებს?

5 იესოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სატანა მართავს ამ ბოროტ ქვეყნიერებას, თუმცა სატანამ ვერ დაიმორჩილა იესო, რადგან იესომ უმწიკვლობა შეინარჩუნა (მათე 4:8—11; იოანე 14:30). ჩვენს დროში ძლიერი ერები, განსაკუთრებით კი „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“ მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად იბრძვიან (დანიელი 11:40). პატრიოტულმა სულისკვეთებამ გააღვივა ნაციონალიზმის სული, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. ძველად თუ იმპერატორის კულტი იყო, დღეს ნაციონალიზმია. „საგუშაგო კოშკში“ 1939 წლის 1 ნოემბრის, 1979 წლის 1 ნოემბრისა და 1986 წლის 1 სექტემბრის ნომრებში საფუძვლიანად განიხილებოდა ნეიტრალიტეტის თემაზე ბიბლიური თვალსაზრისი და ის პრინციპები, რომლებითაც ქრისტიანებს უნდა ეხელმძღვანელათ, რათა ევლოთ იეჰოვას სახელით და იესოს მსგავსად მამაცურად დაეძლიათ ქვეყნიერება (მიქა 4:1, 3, 5; იოანე 16:33; 17:4, 6, 26; 18:36, 37; საქმეები 5:29).

6. ანტიპას მსგავსად როგორ ინარჩუნებენ დღეს სიმტკიცეს იეჰოვას მოწმეები?

6 ასეთი რჩევები მართლაც რომ დროული იყო. არაგონივრული პატრიოტული სულისკვეთების პირისპირ მდგომ იეჰოვას მოწმეებს, როგორც სულითცხებულებს, ისე მათ თანამსახურებს, მტკიცე რწმენა უნდა გამოევლინათ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ასობით სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი დაითხოვეს სკოლებიდან იმის გამო, რომ სალამს არ აძლევდნენ ეროვნულ დროშას. მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ გერმანიაშიც, რადგან ისინი სვასტიკას პატივს არ მიაგებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიტლერის მომხრე ნაცისტებმა იეჰოვას ათასობით ერთგული მსახური მოკლეს იმის გამო, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ნაციონალისტურ კერპთაყვანისმცემლობაში. XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც იაპონიაში იმპერატორის გამაღმერთებელი სინტოიზმი ყვაოდა, ორმა პიონერმა უხვად დათესა სამეფოს თესლი იაპონიის მიერ ოკუპირებულ ტაივანში. ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამხედრო პირებმა ისინი ციხეში ჩაყარეს, სადაც ერთი მათგანი არაადამიანური მოპყრობის გამო მოკვდა; მეორე მოგვიანებით კი გაათავისუფლეს, მაგრამ ზურგში ესროლეს. ეს ქრისტიანები მართლაც რომ ანტიპას მოგვაგონებენ! დღესაც არსებობს ქვეყნები, სადაც ქვეშევრდომებისგან ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემა და სახელმწიფოსადმი განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვება. ბევრი ახალგაზრდა მოწმე დაუპატიმრებიათ და მრავალი მათგანი მოუკლავთ კიდეც, რადგან ისინი გაბედულად იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს. ახალგაზრდებმა, რომლებიც მსგავსი სირთულეების პირისპირ დგანან, ყოველდღე უნდა შეისწავლონ ღვთის სიტყვა, რათა რწმენა ჰქონდეთ „სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ მარადიული სიცოცხლის იმედით (ებრაელები 10:39—11:1; მათე 10:28—31).

7. რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ინდოეთში ბავშვები და როგორ დასრულდა ეს შემთხვევა?

7 ბავშვებიც ხვდებიან მსგავს პრობლემებს სკოლაში. მაგალითად, 1985 წელს ინდოეთის შტატ კერალაში იეჰოვას მოწმეთა სამმა ბავშვმა არ დათმო ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა და უარი თქვა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ პატივისცემა გამოხატეს და ფეხზე იდგნენ, როდესაც სხვები მღეროდნენ, ისინი მაინც გარიცხეს სკოლიდან. მათმა მამამ საჩივრით პირდაპირ ინდოეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომლის ორმა მოსამართლემაც გადაწყვეტილება ბავშვების სასარგებლოდ მიიღო. მათ გაბედულად განაცხადეს: „ჩვენი ტრადიცია შემწყნარებლობას ასწავლის; ჩვენი ფილოსოფიაც შემწყნარებლობას ასწავლის და ჩვენი კონსტიტუციაც შემწყნარებლობას უჭერს მხარს. მოდი, ამის წინააღმდეგ ნუ წავალთ“. ამ პროცესს დადებითად აშუქებდა პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, რისი წყალობითაც მთელმა ქვეყანამ, სადაც მაშინ დედამიწის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობდა, შეიტყო, რომ მათ ქვეყანაში არიან ქრისტიანები, რომლებიც ეთაყვანებიან ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას და ერთგულად იცავენ ბიბლიურ პრინციპებს.

გამხრწნელი ზეგავლენა

8. რაში სდებდა ბრალს იესო პერგამონელ ქრისტიანებს?

8 პერგამონელი ქრისტიანები მართლაც რომ უმწიკვლობის დამცველები არიან. „მაგრამ — ამბობს იესო, — მაქვს ზოგი რამ შენ წინააღმდეგ“. რატომ კიცხავს ის მათ? იესო ამბობს: „შენთან ზოგიერთი ბალაამის სწავლებას ეჭიდება, რომელიც ასწავლიდა ბალაკს, დაებრკოლებინა ისრაელის ძეები, ეჭამათ კერპთშენაწირი და ემეძავათ“ (გამოცხადება 2:14).

9. ვინ იყო ბალაამი და როგორ ‘დააბრკოლა ისრაელის ძეები’ მისმა რჩევამ?

9 მოსეს დროს მოაბის მეფე ბალაკმა ისრაელის დასაწყევლად მოისყიდა არაისრაელი წინასწარმეტყველი ბალაამი, რომელსაც ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა იეჰოვას გზებზე. იეჰოვა წინ აღუდგა ბალაამს და აიძულა, ეკურთხებინა ისრაელი და დაეწყევლა მათი მტრები. მიუხედავად ამისა, გაბრაზებულ ბალაკს დასამშვიდებლად ბალაამმა უფრო მზაკვრული ხერხი შესთავაზა — მოაბელ ქალებს ისრაელი მამაკაცები სექსუალურ აღვირახსნილობასა და ცრუ ღმერთის, ფეორის ბაალის თაყვანისმცემლობაში უნდა ჩაეთრიათ! ხერხმა გაჭრა. იეჰოვა სამართლიანი რისხვით აენთო და 24 000 ზნედაცემული ისრაელი მოკლა. ხალხის განადგურება მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მღვდელმა ფინხასმა უკიდურესი ზომები მიიღო ისრაელიდან ბოროტების აღმოსაფხვრელად (რიცხვები 24:10, 11; 25:1—3, 6—9; 31:16).

10. რა დაბრკოლება გაჩნდა პერგამონის კრებაში და რატომ შეიძლებოდა ეფიქრათ იმდროინდელ ქრისტიანებს, რომ ღმერთი თვალს დახუჭავდა მათ უზნეობაზე?

10 საინტერესოა, იოანეს დროსაც არსებობდა მსგავსი დაბრკოლება პერგამონში? ასეთი რამ მართლაც არსებობდა. უზნეობამ და კერპთაყვანისმცემლობამ პერგამონის კრებაშიც შეაღწია. იმდროინდელი ქრისტიანები უგულებელყოფდნენ ღვთის გაფრთხილებას, რომელიც მათ პავლე მოციქულისგან მოისმინეს (1 კორინთელები 10:6—11). ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ, რადგან დევნას უძლებდნენ, იეჰოვა თვალს დახუჭავდა მათ უზნეობაზე. იესომ არაორაზროვნად მიუთითა, რომ მათ ასეთი ბოროტება არ უნდა ჩაედინათ.

11. ა) რისგან უნდა დაიცვან ქრისტიანებმა თავი და რა არ უნდა იფიქრონ? ბ) წლების განმავლობაში რამდენი მოწმე ირიცხება ქრისტიანული კრებიდან და ძირითადად რა მიზეზით?

11 ქრისტიანები დღესაც ფრთხილად უნდა იყვნენ, „ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად“ რომ არ გამოიყენონ (იუდა 4). ჩვენ უნდა შევიძულოთ ბოროტება და ‘ვცემოთ ჩვენს სხეულს’, რათა ქრისტიანული ზნეობა შევინარჩუნოთ (1 კორინთელები 9:27; ფსალმუნი 97:10; რომაელები 8:6). არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთის მსახურებაში გულმოდგინება და დევნის დროს უმწიკვლობის შენარჩუნება უზნეობას გაამართლებს. საერთაშორისო ქრისტიანული კრებიდან შემცოდველები ძირითადად სექსუალური უზნეობის გამო ირიცხებიან. მათი რიცხვი ათობით ათასს ითვლის. იყო წლები, როდესაც უფრო მეტი ირიცხებოდა, ვიდრე ძველ ისრაელში ფეორის ბაალისადმი თაყვანისცემის გამო დაიხოცა. მოდი, ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ, რომ არასოდეს აღმოვჩნდეთ უზნეოთა რიგებში! (რომაელები 11:20; 1 კორინთელები 10:12).

12. რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა დღეს ძველად მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად?

12 იესო პერგამონელ ქრისტიანებს კერპთშენაწირის ჭამის გამოც კიცხავს. რა ჰქონდა მას მხედველობაში? თუ გავითვალისწინებთ პავლეს სიტყვებს, რომელიც მან კორინთელებს მისწერა, შესაძლოა, ზოგი ბოროტად იყენებდა ქრისტიანულ თავისუფლებას და შეგნებულად შეურაცხყოფდა სხვების სინდისს. მაგრამ ის უფრო დასაშვებია, რომ ისინი ამა თუ იმ სახით კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებშიც მონაწილეობდნენ (1 კორინთელები 8:4—13; 10:25—30). ერთგულმა ქრისტიანებმა უანგარო სიყვარულით უნდა გამოიყენონ ქრისტიანული თავისუფლება და ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ სხვები არ დააბრკოლონ. ისინი უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობის თანამედროვე ფორმებს, მაგალითად, ეკრანისა და სპორტის ვარსკვლავების გაღმერთებას და ფულის ან საკუთარი მუცლის გაკერპებას (მათე 6:24; ფილიპელები 1:9, 10; 3:17—19).

მოერიდეთ სექტანტობას!

13. კიდევ რა შენიშვნა მისცა იესომ პერგამონელ ქრისტიანებს და რატომ?

13 იესო კიდევ ერთ შენიშვნას აძლევს პერგამონელ ქრისტიანებს: „შენ ისეთებიც გყავს, ნიკოლაელთა სექტის სწავლებებს რომ ეჭიდებიან“ (გამოცხადება 2:15). ადრე იესომ ეფესოელი ქრისტიანები იმისთვის შეაქო, რომ სძულდათ ამ სექტის საქმიანობა. ქრისტიანული პრინციპების დასაცავად დიდი სიმტკიცე მოითხოვება, რომ არ დაირღვეს ის ერთიანობა, რაზეც იესო იოანეს 17:20—23-ში ლოცულობდა. აუცილებელია შევძლოთ, „როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება“ (ტიტე 1:9).

14. ა) ვისგან უნდა დაეცვა თავი ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან და როგორ ახასიათებდა განდგომილებს პავლე მოციქული? ბ) იესოს რომელი სიტყვები უნდა იღოს ყურად მან, ვისაც ცდუნება აქვს, განდგომილებს აჰყვეს?

14 ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან უნდა დაეცვა თავი ამაყი განდგომილებისგან, რომლებიც პირფერობითა და მზაკვრული ლაპარაკით ‘უთანხმოებებს იწვევდნენ და აბრკოლებდნენ სხვებს, რითაც ეწინააღმდეგებოდნენ იმას’, რაც ნასწავლი ჰქონდათ ქრისტიანებს იეჰოვას „არხით“ (რომაელები 16:17, 18). მოციქული პავლე თითქმის ყველა თავის წერილში აფრთხილებდა ქრისტიანებს ამ საშიშროების შესახებa. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ჩვენს დროში ჭეშმარიტ კრებას ქრისტიანული სიწმინდე და ერთიანობა დაუბრუნა, სექტანტობის საშიშროება მაინც არსებობს. ამიტომ ყველამ, ვისაც იმის ცდუნება აქვს, რომ განდგომილთა ჯგუფს აჰყვეს და ხელი შეუწყოს სექტის ჩამოყალიბებას, ყურად უნდა იღოს იესოს შემდეგი სიტყვები: „მაშ, მოინანიე, თუ არადა, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის დიდი მახვილით“ (გამოცხადება 2:16).

15. როგორ იწყება სექტანტობა?

15 როგორ იწყება სექტანტობა? შეიძლება თვითმარქვია მასწავლებელმა ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ბიბლიურ ჭეშმარიტება (მაგალითად, ვცხოვრობთ თუ არა უკანასკნელ დღეებში), მისი თანამოაზრეთა ჯგუფი დანარჩენებს გამოეყოს და მას დაუჭიროს მხარი (2 ტიმოთე 3:1; 2 პეტრე 3:3, 4). შესაძლოა ვინმემ გააკრიტიკოს ის, თუ როგორ სრულდება იეჰოვას საქმე, მოუწოდოს სხვებს, თავს გაუფრთხილდნენ, და ამტკიცოს, რომ სამეფოს შესახებ კარდაკარ ქადაგებას არც ბიბლიური საფუძველი აქვს და არც აუცილებელია. თუ ისინი იესოსა და მოციქულებს მიჰბაძავენ და იქადაგებენ, არ გაამაყდებიან, მაგრამ მათ ურჩევნიათ განცალკევებულნი იყვნენ, თავი არ შეიწუხონ და დროდადრო მხოლოდ ბიბლიის ერთად კითხვით დაკმაყოფილდნენ (მათე 10:7, 11—13; საქმეები 5:42; 20:20, 21). ისინი თავიანთ იდეებს ავრცელებენ იესოს სიკვდილის გახსენების, სისხლისგან თავშეკავების ბიბლიური საფუძვლების, დღესასწაულების აღნიშვნისა და თამბაქოს გამოყენების შესახებ, დიდებას უკარგავენ იეჰოვას სახელს და ამიტომ მალევე უბრუნდებიან „დიდ ბაბილონს“, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს. უფრო მეტიც, სატანის წაქეზებით ზოგი მათგანი იწყებს „თავისნაირივე მონების ცემას“, რომლებიც ერთ დროს მათი ძმები იყვნენ (მათე 24:49; საქმეები 15:29; გამოცხადება 17:5).

16. ა) რატომ უნდა მოინანიოს სასწრაფოდ მან, ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა? ბ) რა ელით მათ, ვისაც არ სურს მონანიება?

16 ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს იესოს მოწოდების თანახმად და მოინანიოს! განდგომილთა პროპაგანდა საწამლავია, არ უნდა გავეკაროთ მას! ნამდვილი და წმინდა ჭეშმარიტებისგან განსხვავებით, რომელსაც იესო ასწავლის თავის კრებას, განდგომილთა პროპაგანდა შურსა და სიძულვილს ეფუძნება (ლუკა 12:42; ფილიპელები 1:15, 16; 4:8, 9). მათ, ვისაც არ სურს მონანიება, უფალი იესო შეებრძოლება თავისი „პირის დიდი მახვილით“. ის თითქოს საცერში ცრის თავის ხალხს მათი ერთიანობის შესანარჩუნებლად, რაზეც ის თავის მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს ლოცულობდა (იოანე 17:20—23, 26). ვინაიდან განდგომილები უარს ამბობენ დახმარებაზე და არ ითვალისწინებენ რჩევებს, რომელსაც სიყვარულით სთავაზობენ იესოს მარჯვენა ხელში მყოფი „ვარსკვლავები“, ის ასამართლებს და ‘სასტიკად სჯის’ მათ და „გარეთ, სიბნელეში“ ყრის. ისინი ირიცხებიან, რომ საფუარივით აღარ იმოქმედონ ღვთის ხალხს შორის (მათე 24:48—51; 25:30; 1 კორინთელები 5:6, 9, 13; გამოცხადება 1:16).

„დაფარული მანანა და პატარა თეთრი ქვა“

17. რა კურთხევები მოელით „მძლეველ“ ცხებულებს და რას უნდა მოერიდონ პერგამონელი ქრისტიანები?

17 ყველას, ვინც ყურად იღებს იესოს რჩევას, იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობით გადმოცემულს, დიდი ჯილდო ელის. „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს მივცემ დაფარულ მანანას და პატარა თეთრ ქვას ზედ დაწერილი ახალი სახელით, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა“ (გამოცხადება 2:17). ამგვარად, სმირნელი ქრისტიანების მსგავსად პერგამონელ ქრისტიანებსაც მოუწოდებს იესო, რომ ‘მძლეველები’ იყვნენ. თუ მათ გამარჯვება უნდათ, პერგამონში (სადაც სატანის ტახტია) მცხოვრები ქრისტიანები უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას, უზნეობას, სექტანტობასა და განდგომილებას და არ უნდა დაემსგავსონ ბალაკს, ბალაამსა და ნიკოლაელთა სექტის წევრებს. თუ ასე მოიქცევიან, ცხებული ქრისტიანები მიწვეულნი იქნებიან, რომ იგემონ „დაფარული მანანა“. რა იგულისხმება ამაში?

18, 19. ა) რას უგზავნიდა იეჰოვა ისრაელებს? ბ) რომელი მანანა ‘იყო დაფარული’? გ) რას ნიშნავს „დაფარული მანანის“ ჭამა?

18 მოსეს დროს უდაბნოში ხეტიალისას იეჰოვა მანანით კვებავდა ისრაელებს. ის მანანა არ ყოფილა დაფარული. ყოველ დილით, შაბათის გარდა, მანანა თრთვილივით ეფინებოდა მიწას სასწაულებრივად. ეს ღვთისგან მოვლენილი საკვები ისრაელებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. იეჰოვამ მოსეს უბრძანა, რომ „თაობიდან თაობაში“ გადასაცემად ეს „პური“ სამახსოვროდ შეენახა ოქროს დოქში, რომელიც შეთანხმების წმინდა კიდობანში იდო (გამოსვლა 16:14, 15, 23, 26, 33; ებრაელები 9:3, 4).

19 მართლაც შესანიშნავი სიმბოლოა! მანანა ‘დაფარული იყო’ კარვის წმინდათაწმინდაში, სადაც კიდობნის სახურავს სასწაულებრივი სინათლე ეფინებოდა, რაც იეჰოვას იქ ყოფნაზე მიუთითებდა (გამოსვლა 26:34). არავის შეეძლო იმ წმინდა ადგილას შესვლა „დაფარული მანანის“ საჭმელად. მაგრამ როგორც იესომ თქვა, „მძლეველი“ ცხებულები, მისი მიმდევრები შეჭამდნენ „დაფარულ მანანას“. ქრისტეს მსგავსად ისინიც შევიდოდნენ „არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას, რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია, არამედ თვით ზეცაში“ (ებრაელები 9:12, 24). აღდგომისას ისინი იეჰოვასგან სასწაულებრივ ძღვენს მიიღებენ და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსებიან. სწორედ ამის სიმბოლური სახეა ის, რომ მათ უხრწნელი „დაფარული მანანა“ ეძლევათ. მართლაც დიდი პატივი ხვდა წილად ‘მძლეველთა’ ამ მცირე ჯგუფს! (1 კორინთელები 15:53—57).

20, 21. ა) რას ნიშნავს ცხებული ქრისტიანებისთვის პატარა თეთრი ქვების მიცემა? ბ) რაკი პატარა თეთრი ქვები მხოლოდ 144 000-ია, რა იმედი აქვს უამრავ ხალხს?

20 ცხებულები „პატარა თეთრ ქვასაც“ იღებენ. რომის სასამართლოებში პატარა ქვები სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს გამოიყენებოდაb. თეთრი ქვა გამართლებას ნიშნავდა, შავი კი — დასჯას, ხშირად სიკვდილს. იესო რომ პერგამონელ ქრისტიანებს „თეთრ ქვას“ აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მათ უდანაშაულოებად, წმინდებად და სპეტაკებად აღიარებს. იესოს სიტყვებს შეიძლება სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს; რომის იმპერიაში პატარა ქვებს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად ბილეთის დანიშნულებითაც იყენებდნენ. ამიტომ პატარა თეთრ ქვებს ცხებული „მძლეველი“ ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს — ზეცაში კრავის ქორწილში ისინი საპატიო ადგილს დაიკავებენ. ასეთი პატარა ქვა მხოლოდ 144 000-ია (გამოცხადება 14:1; 19:7—9).

21 ნიშნავს ეს იმას, რომ უამრავი ხალხი, რომელიც ცხებულების მხარდამხარ მსახურობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული? არავითარ შემთხვევაში! მართალია, ისინი არ იღებენ პატარა თეთრ ქვებს, რომლებიც ზეცაში ცხოვრების უფლებას იძლევა, მაგრამ თუ ერთგულები დარჩებიან, დიდ გასაჭირს გადაიტანენ და დედამიწის სამოთხედ გადაქცევით გაიხარებენ. დროთა განმავლობაში მკვდრებიც აღდგებიან და მათ ქრისტემდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებიც და ჩვენს დროს დაღუპული „სხვა ცხვრებიც“ შეუერთდებიან. საბოლოოდ ყველა გამოსყიდული მიცვალებული ჯილდოდ მიიღებს აღდგომას და იცხოვრებს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნი 45:16; იოანე 10:16; გამოცხადება 7:9, 14).

22, 23. რას ნიშნავს იმ პატარა ქვაზე დაწერილი სახელი, რომელიც ცხებულ ქრისტიანებს ეძლევათ, და რისკენ აღძრავს ეს მათ?

22 რა ახალი სახელი აწერია პატარა ქვას? სახელი ადამიანის ვინაობას გვაცნობს და მას სხვებისგან განასხვავებს. ეს ცხებული ქრისტიანები პატარა ქვებს მას შემდეგ იღებენ, რაც მიწიერ სიცოცხლეს ასრულებენ როგორც ‘მძლეველები’. გამოდის, რომ ქვაზე დაწერილი სახელი იმ დიდ პატივს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ისინი ზეცაში იესოსთან ერთად ყოფნით მიიღებენ. ისინი იესოს გვერდით იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ. ამ ჯილდოს კი სრულად მხოლოდ ისინი იგემებენ და დააფასებენ, ვინც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებს. ამიტომაც ნათქვამია, რომ ეს სახელი, ანუ საპატიო მდგომარეობა, „არავინ იცის მიმღების გარდა“ (შეადარეთ გამოცხადების 3:12).

23 იოანეს კლასს მართლაც დიდი სტიმული აქვს, „მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ და მიჰყვეს მის ხელმძღვანელობას! მათი თანამოაზრე უამრავი ხალხიც აღძრულია, იმსახუროს ცხებულებთან ერთად, სანამ ისინი დედამიწაზე არიან და მათთან ერთად აუწყოს იეჰოვას სამეფოს შესახებ!

[სქოლიოები]

a იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელების 3:3, 4, 18, 19; 2 კორინთელების 11:13; გალატელების 4:9; ეფესოელების 4:14, 15; ფილიპელების 3:18, 19; კოლოსელების 2:8; 1 თესალონიკელების 3:5; 2 თესალონიკელების 2:1—3; 1 ტიმოთეს 6:3—5; 2 ტიმოთეს 2:17; 4:3, 4; ტიტეს 1:13, 14; 3:10; ებრაელების 10:26, 27.

b იხილეთ საქმეების 26:10 და ამ მუხლის სქოლიო ბიბლიაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.)

[სურათები 43 გვერდზე]

ბერლინის პერგამონ-მუზეუმში წარმოდგენილია წარმართული თაყვანისმცემლობის ეს ნიმუშები.

[სურათი 45 გვერდზე]

მანანა ინახებოდა შეთანხმების კიდობანში. „მძლეველი“ ცხებულებისთვის სიმბოლური, დაფარული მანანის მიღება უკვდავებას ნიშნავს.

[სურათი 45 გვერდზე]

პატარა თეთრი ქვა კრავის ქორწილზე დაპატიჟებულებს ეძლევათ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება