მეფეები — წიგნი მეორე
8 უთხრა ელისემ იმ ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა:+ „ადექი, წადი შენს სახლეულობასთან ერთად და სადმე შეაფარე თავი, რადგან იეჰოვამ თქვა, რომ ამ მიწაზე შვიდი წელი შიმშილობა იქნება“.+ 2 ქალიც ღვთის კაცის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა თავის სახლეულობასთან ერთად და შვიდი წელი ფილისტიმელთა+ მიწაზე სახლობდა.
3 მეშვიდე წლის ბოლოს დაბრუნდა ის ქალი ფილისტიმელთა მიწიდან და მეფესთან მივიდა თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. 4 ამ დროს მეფე ღვთის კაცის მსახურს, გეხაზის, სთხოვდა, მომიყევი, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედაო ელისემ.+ 5 გეხაზი მეფეს მკვდრის გაცოცხლების ამბავს რომ უყვებოდა, მივიდა მეფესთან ის ქალი, რომელსაც ვაჟი გაუცოცხლდა,+ თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად.+ გეხაზიმ მაშინვე უთხრა მეფეს: „მეფე-ბატონო, აი ის ქალი და მისი ვაჟი, ელისემ რომ გაუცოცხლა!“ 6 მეფემ გამოჰკითხა ქალს ეს ამბავი. მაშინ მეფემ თავის ერთ-ერთ კარისკაცს დაავალა: „დაუბრუნეთ ამ ქალს მთელი თავისი ქონება და მოსავალი, რაც კი მისი წასვლის დღიდან დღემდე მის მიწაზე მოწეულა!“
7 სირიის მეფე ბენ-ჰადადი+ ავად იყო, როცა ელისე დამასკოში+ ჩავიდა. შეატყობინეს მას, ღვთის კაციაო+ მოსული. 8 უთხრა მეფემ ხაზაელს:+ „წაიღე ძღვენი და ღვთის კაცს+ შეეგებე; დაეკითხე იეჰოვას მისი პირით, მოვრჩები თუ არა“. 9 წავიდა ხაზაელი მასთან შესახვედრად, თან წაიღო ძღვენი, 40 აქლემს აჰკიდა, თუკი რამ საუკეთესო იყო დამასკოში, წარდგა მის წინაშე, და უთხრა: „შენმა შვილმა, სირიის მეფე ბენ-ჰადადმა, გამომგზავნა საკითხავად, მოვრჩები თუ არაო“. 10 ელისემ მიუგო: „წადი და უთხარი, მორჩები-თქო, თუმცა იეჰოვამ გამიმხილა, რომ მოკვდება“.+ 11 შერცხვა ხაზაელს, ისე მიაჩერდა ელისე. შემდეგ ატირდა ღვთის კაცი. 12 ხაზაელმა ჰკითხა: „რა ატირებს ჩემს ბატონს?“ ამაზე მან მიუგო: „ვიცი, რა უბედურებასაც დაატეხ ისრაელებს:+ ცეცხლს მისცემ მათ ციხესიმაგრეებს, მახვილით დახოცავ მათ რჩეულ ვაჟკაცებს, შემუსრავ მათ შვილებს და გაფატრავ მათ ორსულებს!“+ 13 ხაზაელმა თქვა: „ძაღლია შენი მსახური და მეტი არაფერი, როგორ შეძლებს ამის გაკეთებას?!“ ელისემ მიუგო: „იეჰოვამ მახილვინა, რომ სირიის მეფე გახდები!“+
14 წამოვიდა იგი ელისესგან და თავის ბატონთან დაბრუნდა. მეფემ ჰკითხა: „რა გითხრა ელისემ?“ მან უპასუხა: „ასე მითხრა, მორჩებაო“.+ 15 მეორე დღეს ხაზაელმა აიღო გადასაფარებელი, წყალში დაასველა, სახეზე დააფარა თავის ბატონს და გაგუდა,+ მის ნაცვლად კი თავად გამეფდა.+
16 ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის,+ მეფობის მეხუთე წელს, როცა იეჰოშაფატი ჯერ კიდევ იუდას მეფე იყო, მისი ვაჟი იეჰორამიც+ გამეფდა. 17 იგი 32 წლისა გამეფდა და 8 წელი იმეფა იერუსალიმში. 18 ისიც ისრაელის მეფეების მსგავსად იქცეოდა,+ როგორც ახაბის სახლეულობა,+ რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა;+ ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ 19 მაგრამ არ სურდა იეჰოვას იუდას მოსპობა თავისი მსახურის, დავითის გამო,+ რადგან დაჰპირდა, რომ მისი და მისი ვაჟების ლამპარი არასდროს ჩაქრებოდა.+
20 მის დროს აუჯანყდა ედომი იუდას+ და საკუთარი მეფე დაისვა.+ 21 მაშინ გაემართა იეჰორამი ცაირში მთელი თავისი ეტლებითურთ. ღამით შეუტია გარშემოხვეულ ედომელებს და ეტლების მეთაურებს და დაამარცხა ისინი; გაიქცა ხალხი შინისკენ. 22 მაგრამ დღემდე არ ემორჩილება ედომი იუდას. იმ დროს ლიბნაც+ აუჯანყდა მას.
23 იეჰორამის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 24 განისვენა იეჰორამმა და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა.
25 ახაზია, იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი, ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის, მეფობის მე-12 წელს გამეფდა.+ 26 იგი 22 წლისა გამეფდა და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ათალია,+ ისრაელის მეფე ომრის+ შვილიშვილი. 27 ახაზია ახაბის სახლეულობასავით იქცეოდა+ და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში მისი სახლეულობის მსგავსად, რადგან მათ ემოყვრებოდა.+ 28 გაჰყვა იგი იეჰორამს, ახაბის ძეს, სირიის მეფე ხაზაელთან საომრად გალაადის რამოთში,+ მაგრამ იეჰორამი სირიელებმა დაჭრეს.+ 29 დაბრუნდა მეფე იეჰორამი იზრეელში+ იმ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს რამაში.+ მივიდა იუდას მეფე ახაზია, იეჰორამის ძე, ახაბის ძე იეჰორამის სანახავად იზრეელში, რადგან დაჭრილი იყო იგი.