ორშაბათი, 28 ივლისი
თქვენთან ერთობაში მყოფი ქვეყნიერებასთან ერთობაში მყოფზე დიდია (1 იოან. 4:4).
ყოველ ჯერზე, როცა შიში შეგიპყრობთ, დაფიქრდით მომავალზე, როცა სატანა ვეღარაფერს დაგაკლებთ. 2014 წლის რეგიონული კონგრესის ინსცენირებაში ერთმა მამამ 2 ტიმოთეს მე-3 თავის პირველი ხუთი მუხლი ასე წაიკითხა: „იცოდე, რომ ახალ ქვეყნიერებაში უბედნიერესი ცხოვრება გველის. ადამიანები იქნებიან ერთმანეთის მოყვარულები, ჭეშმარიტების მოყვარულები, მოკრძალებულები, თავმდაბლები, ღვთის განმადიდებლები, მშობლების მორჩილები, მადლიერები, ერთგულები, ოჯახის მოყვარულები, მათთან ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა, დადებითად მოსაუბრეები, თავშეკავებულები, ლმობიერები, კარგის მოყვარულები, სანდოები, დამთმობები, თვინიერები, ღვთის მოყვარულები და არა სიამოვნებისა, ღვთისმოშიშნი; ასეთებს მიეკარი“. თქვენც საუბრობთ ოჯახის წევრებთან თუ თანამორწმუნეებთან ახალ ქვეყნიერებაზე? w24.01 6 ¶13, 14
სამშაბათი, 29 ივლისი
მე მოგიწონე (ლუკ. 3:22).
გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იწონებს თავის ხალხს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). თუმცა ზოგჯერ ქრისტიანს შეიძლება ისეთი განცდა დაეუფლოს, რომ იეჰოვა პირადად მისადმი არ არის კეთილგანწყობილი. მსგავსი გრძნობები ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც ტანჯავდა (1 სამ. 1:6–10; იობ. 29:2, 4; ფსალმ. 51:11). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად შეგვიძლია იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება. რა არის ამისთვის საჭირო? ჩვენ უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე და მოვინათლოთ, რითაც საჯაროდ ცხადვყოფთ, რომ მოვინანიეთ ცოდვები და იეჰოვას მისი ნების შესრულება აღვუთქვით (იოან. 3:16; საქ. 2:38; 3:19). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მასთან დასაახლოებლად ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ ნათლობის შემდეგაც ყველანაირად ვცდილობთ მიძღვნის აღთქმის თანახმად ცხოვრებას, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მეგობრებად მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14). w24.03 26 ¶1, 2
ოთხშაბათი, 30 ივლისი
ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ (საქ. 4:20).
კარგი იქნება, ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ, თუ ხელისუფლება ქადაგებას აგვიკრძალავს. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა დაგვეხმარება, მსახურებაში წარმატებას მივაღწიოთ. სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, გაბედულება და დახმარება, რომ გაუმკლავდეთ პრობლემებს. ზოგს ჯანმრთელობა აქვს შერყეული ან ემოციური პრობლემები აწუხებს. ზოგს ახლობელი ჰყავს დაღუპული ან ოჯახში აქვს პრობლემები. ზოგიც რწმენის გამო იდევნება ან სხვა სახის სირთულესთან უწევს ჭიდილი. პანდემიამ და ომმა კი ბევრისთვის უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ყოფა. ამიტომ გული გადაუშალეთ იეჰოვას და ისე ესაუბრეთ, როგორც ახლო მეგობარს. დარწმუნებული იყავით, რომ ის უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას (ფსალმ. 37:3, 5). თუ გამუდმებით ვლოცულობთ, ეს დაგვეხმარება, გავუძლოთ გასაჭირს (რომ. 12:12). იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ მის მსახურებს და „ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). w23.05 5, 6 ¶12–15