ეზეკიელი
14 მოვიდა ისრაელის ზოგიერთი უხუცესი და ჩემ წინ დაჯდა.+ 2 მაშინ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 3 «კაცის ძეო, ეს კაცები საზიზღარ კერპებს* სცემენ თაყვანს, დაბრკოლების ლოდს უდებენ ხალხს და ცოდვაში ხვევენ, და მე უნდა ვუპასუხო მათ?!+ 4 დაელაპარაკე მათ და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ ებრაელს, რომელიც თაყვანს სცემს საზიზღარ კერპებს, დაბრკოლების ლოდს უდებს ხალხს და ცოდვაში ხვევს, მერე კი რჩევის საკითხავად წინასწარმეტყველთან მიდის, მე, იეჰოვა, ისეთ პასუხს გავცემ, როგორსაც საზიზღარი კერპების თაყვანისმცემელი იმსახურებს. 5 თავზარს დავცემ ისრაელებს, რადგან ზურგი მაქციეს და საზიზღარი კერპების თაყვანისცემა დაიწყეს“.+
6 ამიტომ უთხარი ისრაელებს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დაბრუნდით, ზურგი აქციეთ თქვენს საზიზღარ კერპებს და შეწყვიტეთ საძულველი საქმეების ჩადენა;+ 7 ნებისმიერს, ებრაელი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, ვინც ზურგი მაქცია, საზიზღარ კერპებს სცემს თაყვანს, დაბრკოლების ლოდს უდებს ხალხს და ცოდვაში ხვევს, მერე კი რჩევის საკითხავად ჩემს წინასწარმეტყველთან მიდის,+ მე, იეჰოვა, თავად გავცემ პასუხს. 8 მტრად ვექცევი მას, გამაფრთხილებელ მაგალითად ვაქცევ და ანდაზას შეთხზავენ მასზე. ამოვძირკვავ მას ჩემი ხალხიდან;+ მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
9 თუ წინასწარმეტყველი შეცდება და პასუხს გასცემს თავისთან მისულს, იგი მე, იეჰოვამ, შევაცდინე;+ ხელს აღვმართავ ამ წინასწარმეტყველზე და ამოვძირკვავ მას ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან. 10 პასუხს აგებენ ისინი თავიანთ დანაშაულზე. დამნაშავე იქნება შემკითხველიც და წინასწარმეტყველიც. 11 ასე იმიტომ ვიმოქმედებ, რომ დამიბრუნდნენ და აღარ გაიუწმინდურონ თავი თავიანთი ცოდვებით. ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მეც მათი ღმერთი ვიქნები,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
12 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 13 „კაცის ძეო, თუ ქვეყანა შემცოდავს და მიორგულებს, ხელს აღვმართავ მასზე და გამოვულევ პურის მარაგს*;+ მოვუვლენ შიმშილს+ და ხალხსაც მოვსპობ და პირუტყვსაც;+ 14 იქ ეს სამი კაციც — ნოე,+ დანიელი+ და იობი+ — რომ ყოფილიყო, თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
15 გამძვინვარებული მხეცები რომ მიმესია იმ მიწისთვის, გაეუკაცრიელებინათ იქაურობა და მხეცების შიშით იქ აღარავის გაევლო,+ 16 და იქ ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო, ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ვერც ისინი გადაარჩენდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ, მიწა კი გაპარტახდებოდა.
17 მახვილი რომ მომევლინა იმ მიწაზე+ და მეთქვა, მახვილმა დაიაროს-მეთქი იქაურობა, და მომესპო ხალხიცა და პირუტყვიც,+ 18 ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო იქ, ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ.
19 ჭირი რომ მომევლინა იმ მიწაზე,+ ჩემი რისხვა გადმომენთხია, სისხლი დამეღვარა და მომესპო ხალხიცა და პირუტყვიც, 20 ნოე,+ დანიელი+ და იობიც+ რომ ყოფილიყვნენ იქ, ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს; თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ“.+
21 «აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ასე მოხდება მაშინაც, როცა ოთხ სასჯელს+ — მახვილს, შიმშილს, გამძვინვარებულ მხეცებსა და ჭირს+ — მოვუვლენ იერუსალიმს ხალხისა და პირუტყვის გასაწყვეტად.+ 22 მაგრამ ისინი, ვინც გადარჩებიან, ვაჟები და ასულები, თავს დააღწევენ იქაურობას და გამოვლენ.+ მოვლენ ისინი თქვენთან და, როცა მათ საქმეებს, მათ ნამოქმედარს დაინახავთ, დამშვიდდებით, რადგან მიხვდებით, რომ სამართლიანად დავატეხე იერუსალიმს უბედურება, ის ყოველივე, რაც დავატეხე.
23 მათი საქმეების, მათი ნამოქმედარის დანახვაზე დამშვიდდებით; მიხვდებით, რომ უმიზეზოდ არ გამიკეთებია ის, რაც გავაკეთე“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».