ᲚᲔᲕᲘᲐᲜᲔᲑᲘ
1 მოუხმო იეჰოვამ მოსეს შეხვედრის კარვიდან+ 2 და უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „თუ რომელიმე თქვენგანი ცხოველს შესწირავს იეჰოვას, ცხვარ-ძროხიდან შესწიროს.+
3 თუ დასაწვავ მსხვერპლს საქონლიდან შესწირავს, მამრი მიიყვანოს, საღი.+ ნებაყოფლობით მიიყვანოს+ ის იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 4 დაადოს თავზე ხელი დასაწვავ მსხვერპლს, ღმერთი მიიღებს მას და შემწირველს ცოდვები ეპატიება*.
5 დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე; მიიტანონ აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა,+ სისხლი და ყველა მხრიდან მიასხურონ სამსხვერპლოს,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან დგას. 6 დასაწვავი მსხვერპლი უნდა გატყავდეს და დაიჭრას.+ 7 აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, ცეცხლმოკიდებული ნაკვერჩხალი მიიტანონ სამსხვერპლოზე და ზედ შეშა დააწყონ.+ 8 შეშაზე აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დააწყონ ნაჭრები+ თავთან და ქონთან ერთად. 9 მისი ნაწლავები და კიდურები გაირეცხოს; დაწვას მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+
10 თუ ის დასაწვავ მსხვერპლს ფარიდან შესწირავს,+ საღი მამალი თოხლი ან თხა მიიყვანოს.+ 11 დაიკლას ის იეჰოვას წინაშე სამსხვერპლოს ჩრდილოეთით და აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ.+ 12 დაჭრას ის მღვდელმა ნაჭრებად და თავთან და ქონთან ერთად სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დააწყოს. 13 გარეცხოს ნაწლავები და კიდურები, მიიტანოს ეს ყველაფერი და დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.
14 ვინც დასაწვავ მსხვერპლად ფრინველს შესწირავს იეჰოვას, ან გვრიტი შესწიროს, ან ხუნდი.+ 15 მიიყვანოს ის მღვდელმა სამსხვერპლოსთან, მოაგლიჯოს თავი და დაწვას სამსხვერპლოზე; მისი სისხლი სამსხვერპლოს გვერდზე ჩამოიწრიტოს. 16 მოაცალოს ჩიჩახვი და ბუმბული და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს, აღმოსავლეთით, ნაცრისთვის განკუთვნილ ადგილას.+ 17 ფრთებამდე გახლიჩოს და არა ბოლომდე. დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის“».
2 „თუ ვინმე მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი, მოასხას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს.+ 2 მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის. 3 დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+
4 თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი — ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები ან ზეთწასმული უფუარი კვერები.+
5 თუ კეცზე გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან,+ ისიც წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს ზეთში მოზელილი უსაფუვროდ. 6 დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.
7 თუ მარცვლეულ შესაწირავს ტაფაზე მოამზადებ, ისიც ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა მოამზადო. 8 წარუდგინე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი. მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს. 9 აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლოს+ და სამსხვერპლოზე დაწვავს, რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.+ 10 დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+
11 მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ იეჰოვასთვის შესაწირავად ცეცხლში საფუვრიანი ან თაფლიანი არაფერი დაწვათ.
12 პირველმოწეული ნაყოფის შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ,+ შეიძლება იყოს საფუვრიანი ან თაფლიანი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა დაიწვას და არ უნდა აბოლდეს როგორც საამო სურნელება.
13 მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი; უმარილო არ უნდა იყოს მარცვლეული შესაწირავი, რადგან მარილი შენი ღვთის შეთანხმებას შეგახსენებს. ყველა შენი შესაწირავი მარილით შეაზავე.+
14 თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავად პირველმოწეულ ნაყოფს მიუტან, მიუტანე ახლადშემოსული, მოხალული და დაღერღილი თავთავები. ეს არის პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+ 15 მოასხი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი. 16 დაწვას მღვდელმა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი ცოტაოდენი ღერღილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო,+ რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.
3 „თუ შემწირველი სამშვიდობო მსხვერპლს+ სწირავს და ეს მსხვერპლი საქონლიდანაა, მამალი იქნება თუ დედალი, საღი უნდა მიიყვანოს იეჰოვას წინაშე. 2 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან. აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 3 მიიტანოს მან სამშვიდობო მსხვერპლის ნაწილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად+ — ქონი,+ რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი, 4 ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა, და ღვიძლის ქონი.+ 5 დაწვან ის აარონის ვაჟებმა სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დადებულ დასაწვავ შესაწირავზე, რომ აბოლდეს.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+
6 თუ ის იეჰოვას ფარიდან სწირავს სამშვიდობო მსხვერპლს, მამალი იქნება თუ დედალი, საღი უნდა მიიყვანოს.+ 7 თუ შესაწირავად მამალი თოხლი მიჰყავს, ისიც იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 8 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის წინ. აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 9 იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად მიიტანოს მან სამშვიდობო მსხვერპლის მთელი ქონი,+ დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი, 10 ღვიძლის ქონი და ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა.+ 11 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის იეჰოვას წილი*, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი.+
12 თუ ის თხას სწირავს, ისიც იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 13 დაადოს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის წინ. აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 14 მიიტანოს მისი ნაწილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად — ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი,+ 15 ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა, და ღვიძლის ქონი. 16 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის ღვთის წილი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება. მთელი ქონი იეჰოვას ეკუთვნის.+
17 ეს არის სამარადისო წესი თქვენთვის თაობიდან თაობამდე ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“.+
4 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გადაეცი ისრაელებს: აი, როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც უნებლიეთ შესცოდავს+ და გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა:
3 თუ ცხებული მღვდელი*+ შესცოდავს,+ რითაც ხალხსაც დაედება ცოდვა, მიიყვანოს იეჰოვას წინაშე საღი მოზვერი ცოდვის შესაწირავად.+ 4 შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიიყვანოს მოზვერი+ იეჰოვას წინაშე, თავზე ხელი დაადოს და იეჰოვას წინაშე დაკლას.+ 5 აიღოს ცხებულმა მღვდელმა+ მოზვრის სისხლი და შეიტანოს შეხვედრის კარავში. 6 თითი ჩააწოს მღვდელმა სისხლში+ და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ დააწვეთოს+ წმინდა ადგილას, ფარდის აქეთ. 7 სცხოს მან სისხლი სურნელოვანი საკმევლის სამსხვერპლოს რქებს,+ რომელიც შეხვედრის კარავშია იეჰოვას წინაშე; მოზვრის დარჩენილი სისხლი შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ მდგარი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+
8 ცოდვის შესაწირავ მოზვერს მოაცალოს მთელი ქონი, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი, 9 ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა, და ღვიძლის ქონი.+ 10 ისევე მოაცალოს, როგორც სამშვიდობო მსხვერპლად შეწირულ მოზვერს.+ დაწვას ისინი მღვდელმა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს.
11 მოზვრის ტყავი, ხორცი, თავ-ფეხი, ნაწლავები ნეხვიანად,+ 12 ყველაფერი, რაც დარჩა, გაიტანოს ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარი იყრება, შეშაზე დაალაგოს და დაწვას.+ იქ უნდა დაიწვას, სადაც ნაცარი იყრება.
13 თუ მთელი ისრაელი უნებლიეთ შესცოდავს,+ მაგრამ კრებულს* არ ეცოდინება, რომ ისეთი რამ გააკეთეს, რაც იეჰოვას მათთვის აკრძალული ჰქონდა,+ 14 თუმცა გაირკვევა, რომ შესცოდეს, მაშინ კრებულმა შეხვედრის კარვის წინ ცოდვის შესაწირავად მოზვერი მიიყვანოს. 15 იეჰოვას წინაშე ისრაელის უხუცესებმა მოზვერს თავზე ხელები დაადონ და დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე.
16 ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლი შეხვედრის კარავში შეიტანოს. 17 თითი ჩააწოს მღვდელმა სისხლში და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ დააწვეთოს ფარდის აქეთ.+ 18 სცხოს მან სისხლი სამსხვერპლოს+ რქებს, რომელიც შეხვედრის კარავშია იეჰოვას წინაშე; მოზვრის დარჩენილი სისხლი შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ მდგარი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+ 19 მოაცალოს მთელი ქონი და დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს.+ 20 ამ მოზვერსაც ის უყოს, რაც ცოდვის გამოსასყიდად შეწირულ სხვა მოზვერს; ასე გააკეთოს. ამით მღვდელი გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს მათთვის და ეპატიებათ. 21 გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი.+ ეს არის ისრაელის ცოდვის შესაწირავი.+
22 თუ თავკაცი+ უნებლიეთ შესცოდავს და დანაშაულს ჩაიდენს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა, 23 ან, თუ გაირკვევა, რომ მცნება დაურღვევია და შეუცოდავს, შესაწირავად მიიყვანოს საღი მამალი თიკანი. 24 თიკანს თავზე დაადოს ხელი და იქ დაკლას, სადაც იეჰოვას წინაშე დასაწვავი მსხვერპლი იკვლება.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 25 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს;+ დარჩენილი სისხლი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+ 26 მთელი მისი ქონი სამშვიდობო მსხვერპლის+ ქონის მსგავსად დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ამით მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის და მას ცოდვა ეპატიება.
27 თუ ხალხიდან ვინმე უნებლიეთ შესცოდავს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა, და ბრალი დაედება+ 28 ან, თუ გაირკვევა, რომ ცოდვა ჩაუდენია, საღი დედალი თიკანი მიიყვანოს ცოდვის შესაწირავად. 29 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს და იქ დაკლას, სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება.+ 30 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს; დარჩენილი სისხლი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+ 31 ისევე მოაცალოს მთელი ქონი,+ როგორც სამშვიდობო მსხვერპლს.+ დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის. ამით მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის და მას ცოდვა ეპატიება.
32 თუ თოხლს სწირავს ცოდვის შესაწირავად, საღი დედალი თოხლი მიიყვანოს. 33 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს და იქ დაკლას, სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება.+ 34 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს;+ დარჩენილი სისხლი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 35 ისევე მოაცალოს მთელი ქონი, როგორც სამშვიდობო მსხვერპლად შეწირულ თოხლს. დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე, რომ აბოლდეს.+ ამით მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის და მას ცოდვა ეპატიება“.+
5 „თუ ვინმე დანაშაულს შეესწრება, მოწმე იქნება ან შეიტყობს დანაშაულის შესახებ და მოისმენს საჯარო მოწოდებას*, რომ მოწმედ გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვა,+ ეს ცოდვად ჩაეთვლება მას და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.
2 ან, თუ ვინმე რაიმე უწმინდურს — მკვდარ გარეულ ან შინაურ ცხოველს ან პატარა არსებას — შეეხება,+ გაუწმინდურდება და დამნაშავედ ჩაითვლება, თუნდაც ეს უნებლიეთ გააკეთოს. 3 ან, თუ ვინმე უნებლიეთ შეეხება გაუწმინდურებულ ადამიანს+ ან ნებისმიერ რამეს, რაც მას გააუწმინდურებს, და მერეღა გაიგებს ამას, დამნაშავედ ჩაითვლება.
4 ან, თუ ვინმე დაუფიქრებლად დაიფიცებს, რომ გააკეთებს რაიმეს, კარგს ან ცუდს, და მერე მიხვდება, რომ დაუფიქრებლად დაუფიცია, დამნაშავე იქნება*.+
5 ვინც აქედან რაიმეში დამნაშავე იქნება, უნდა აღიაროს+ თავისი ცოდვა. 6 ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად+ იეჰოვას დედალი თოხლი ან დედალი თიკანი შესწიროს; ეს არის დანაშაულის შესაწირავი. ასე შეასრულოს მღვდელმა მისთვის გამოსყიდვის წესი და მას ცოდვა ეპატიება.
7 თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, წარუდგინოს იეჰოვას ორი გვრიტი ან ორი ხუნდი,+ როგორც დანაშაულის შესაწირავი, ერთი — ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ მსხვერპლად.+ 8 მიუყვანოს ისინი მღვდელს. იგი ერთს ცოდვის შესაწირავად შესწირავს, ყელს გაუგლეჯს, მაგრამ თავს არ წააცლის. 9 ცოდვის შესაწირავის სისხლი სამსხვერპლოს გვერდს მიასხუროს, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაწრიტოს.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10 მეორეს დასაწვავ მსხვერპლად შესწირავს, წესისამებრ.+ ამით მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის და მას ცოდვა ეპატიება.+
11 თუ ორ გვრიტზე ან ორ ხუნდზე ხელი არ მიუწვდება, მაშინ ცოდვის შესაწირავად მეათედი ეფა*+ წმინდად დაფქული ფქვილი მიიტანოს. არ მოასხას მას ზეთი და არ მოაყაროს გუნდრუკი, რადგან ეს ცოდვის შესაწირავია. 12 მიუტანოს ის მღვდელს, აიღოს მან ერთი მუჭა ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და დაწვას სამსხვერპლოზე, იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე, რომ აბოლდეს. ეს არის ცოდვის შესაწირავი. 13 ასე შეასრულებს მღვდელი გამოსყიდვის წესს მისთვის და მას ცოდვა ეპატიება.+ დარჩენილი შესაწირავი, ისევე როგორც მარცვლეული შესაწირავი,+ მღვდელს ეკუთვნის“.+
14 იეჰოვამ განაგრძო: 15 „თუ ვინმე უნებლიეთ შესცოდავს — დაუდევრად მოეკიდება იმას, რაც იეჰოვასთვის წმინდაა,+ ეს მას ორგულობად ჩაეთვლება, რის გამოც მან დანაშაულის შესაწირავად იეჰოვას საღი ვერძი უნდა მიუყვანოს.+ ვერძის ღირებულებას მღვდელი ვერცხლის შეკელით* განსაზღვრავს, წმინდა ადგილის შეკელით*.+ 16 აანაზღაუროს მან ის, რასაც დაუდევრად მოეკიდა, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს მღვდელს დანაშაულის შესაწირავ ვერძთან ერთად, რათა მან გამოსყიდვის წესი შეასრულოს,+ და მას ცოდვა ეპატიება.+
17 თუ ვინმე შესცოდავს — უნებურად გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა, მაინც დამნაშავედ ჩაითვლება და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 18 მან მღვდელს საღი ვერძი უნდა მიუყვანოს. ვერძის ღირებულებას მღვდელი ვერცხლის შეკელით განსაზღვრავს, წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით.+ იგი მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს უნებლიეთ ჩადენილი ცოდვის გამო და მას ცოდვა ეპატიება. 19 ეს არის დანაშაულის შესაწირავი. მან იეჰოვას შესცოდა“.
6 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „თუ ვინმე შესცოდავს, უორგულებს იეჰოვას+ და მოატყუებს მოძმეს, რომელმაც მას რაიმე მიაბარა ან ათხოვა,+ ან გაქურდავს მოძმეს, ან გამოსტყუებს რამეს, 3 ან, თუ დაკარგულს იპოვის და იუარებს, რომ არ უპოვია, ანდა ცრუდ დაიფიცებს, რომ ასეთი ცოდვა არ ჩაუდენია,+ აი, რა უნდა გააკეთოს: 4 თუ შეუცოდავს და დამნაშავედ ჩაითვალა, უნდა დაუბრუნოს მოძმეს, რაც მოჰპარა, გამოსძალა, გამოსტყუა, რაც მიბარებული ჰქონდა, რაც იპოვა, 5 ან რაზეც ცრუდ დაიფიცა. რა დღესაც დანაშაული დაუმტკიცდება, პატრონს ზარალი იმავე დღეს სრულად უნდა აუნაზღაუროს+ და მეხუთედიც დაუმატოს. 6 მიუყვანოს მღვდელს დადგენილი ფასის შესაბამისი საღი ვერძი როგორც დანაშაულის შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 7 მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის იეჰოვას წინაშე და მას ჩადენილი დანაშაული ეპატიება“.+
8 შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა: 9 «გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს: „ეს არის კანონი დასაწვავ მსხვერპლზე:+ დასაწვავი მსხვერპლი მთელი ღამე, დილამდე, იდოს სამსხვერპლოზე, სადაც ცეცხლი ენთება. 10 ჩაიცვას მღვდელმა სელის ქსოვილისგან დამზადებული სამოსელი+ და ქვედა საცვალი+ სხეულის დასაფარავად. აიღოს სამსხვერპლოდან ნაცარი+ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. 11 გამოიცვალოს სამოსელი+ და ნაცარი ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე გაიტანოს.+ 12 ცეცხლი სამსხვერპლოზე ყოველთვის უნდა ენთოს, არ უნდა ჩაქრეს. მღვდელმა ყოველ დილით დაუმატოს მას შეშა,+ ზედ დასაწვავი მსხვერპლი დადოს და შემდეგ სამსხვერპლოზე სამშვიდობო მსხვერპლის ქონი დაწვას, რომ აბოლდეს.+ 13 სამსხვერპლოზე მუდამ უნდა ენთოს ცეცხლი, არ უნდა ჩაქრეს.
14 ეს არის კანონი მარცვლეულ შესაწირავზე:+ მიიტანონ ის აარონის ვაჟებმა იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოს წინ დადონ. 15 აიღოს ერთ-ერთმა მათგანმა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი მარცვლეული შესაწირავიდან ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და დაწვას სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 16 დანარჩენი ფქვილისგან აარონმა და მისმა ვაჟებმა+ ხმიადები დააცხონ და წმინდა ადგილას, შეხვედრის კარვის ეზოში, ჭამონ.+ 17 საფუარი არ უყონ.+ ეს არის მათი წილი, რომელიც ჩემთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან მივეცი.+ ეს შესაწირავი წმინდაა,+ ისევე როგორც ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. 18 აარონის შთამომავალმა ყველა მამაკაცმა ჭამოს ის.+ ეს არის მათი წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან თაობიდან თაობაში.+ ყველაფერი, რასაც შესაწირავის მოსამზადებლად გამოიყენებენ, წმინდა იქნება“».
19 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 20 „აი, რა შესაწირავი უნდა მიუტანონ იეჰოვას აარონმა და მისმა ვაჟებმა აარონის ცხების დღეს:+ მეათედი ეფა*+ წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მარცვლეული შესაწირავი,+ ნახევარი — დილით, ნახევარი — საღამოს; 21 ზეთში კარგად მოზილონ, კეცზე გამოაცხონ+ და ნაჭრებად დაჭრილი მიიტანონ როგორც მარცვლეული შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 22 იგივე გააკეთოს აარონის ვაჟებიდან მან, ვინც ცხებული მღვდელი გახდება და მას შეცვლის.+ ეს არის სამარადისო წესი: დაწვას მთლიანად დასაწვავი შესაწირავი, რომ აბოლდეს იეჰოვას წინაშე. 23 მღვდლის მიერ გაღებული მარცვლეული შესაწირავი მთლიანად უნდა დაიწვას. ის არავინ არ უნდა ჭამოს“.
24 შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა: 25 «გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს: „ეს არის კანონი ცოდვის შესაწირავზე:+ ცოდვის შესაწირავი იეჰოვას წინაშე იქ უნდა დაიკლას,+ სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება. ეს შესაწირავი წმინდაა. 26 ის იმ მღვდელმა უნდა ჭამოს, რომელიც მას შესწირავს;+ მღვდელმა ის წმინდა ადგილას, შეხვედრის კარვის ეზოში, უნდა ჭამოს.+
27 ყველაფერი, რაც ამ ხორცს შეეხება, წმინდა იქნება. თუ ვინმეს მისი სისხლი სამოსზე მოეცხება, წმინდა ადგილზე გაირეცხოს. 28 თიხის ჭურჭელი, რომელშიც ხორცი მოიხარშება, უნდა დაიმსხვრეს. თუ ის სპილენძის ჭურჭელში მოიხარშება, ჭურჭელი უნდა გაიხეხოს და გაირეცხოს.
29 ჭამოს ხორცი ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ ეს შესაწირავი წმინდაა.+ 30 მაგრამ ცოდვის შესაწირავი, რომლის სისხლიც შეხვედრის კარავში წმინდა ადგილზე+ გამოსყიდვის წესის შესასრულებლად შეაქვთ, არავინ არ უნდა ჭამოს; ცეცხლში უნდა დაიწვას“».
7 „ეს არის კანონი დანაშაულის შესაწირავზე,+ რომელიც წმინდაა: 2 დანაშაულის შესაწირავი იქ უნდა დაიკლას, სადაც დასაწვავი მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი+ სამსხვერპლოს ყველა მხრიდან უნდა მიესხუროს.+ 3 მიიტანოს მღვდელმა მთელი მისი ქონი,+ დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, 4 ღვიძლის ქონი და ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა.+ 5 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ ეს არის დანაშაულის შესაწირავი. 6 ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა;+ წმინდა ადგილას ჭამონ. ეს შესაწირავი წმინდაა.+ 7 დანაშაულის შესაწირავიც ისევე უნდა შეიწიროს, როგორც ცოდვის შესაწირავი. ხორცი იმ მღვდლისა იქნება, რომელიც გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+
8 დასაწვავი მსხვერპლის ტყავი+ იმ მღვდლისა იქნება, რომელთანაც მას შესაწირავად მიიყვანენ.
9 ღუმელში გამომცხვარი, ქვაბში ან კეცზე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი+ იმ მღვდლისა იქნება, რომელიც მას შესწირავს. ის მისი იქნება,+ 10 ხოლო ზეთიანი+ ან მშრალი+ მარცვლეული შესაწირავი აარონის ყველა ვაჟისა იქნება; ყველა მათგანს თანაბრად უნდა შეხვდეს.
11 ეს არის კანონი სამშვიდობო მსხვერპლზე,+ რომელსაც იეჰოვასთან მიიტანენ: 12 თუ მას სამადლობელ მსხვერპლად სწირავენ,+ მაშინ სამადლობელ მსხვერპლთან ერთად მიიტანონ ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები, ზეთწასმული უფუარი კვერები და ზეთში კარგად მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით მომზადებული რგოლისებრი კვერები. 13 ეს შესაწირავი საფუვრიან რგოლისებრ კვერებთან და სამადლობელ, სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად მიიტანონ. 14 თითოეული შესაწირავიდან თითო-თითო მიუტანონ იეჰოვას როგორც წმინდა წილი. ის იმ მღვდლისა იქნება, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს სამსხვერპლოს ასხურებს.+ 15 სამადლობელი, სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს შეჭამონ; დილამდე არ შეინახონ.+
16 თუ მსხვერპლი აღთქმული+ ან ნებაყოფლობითია,+ ის შეწირვის დღეს უნდა ჭამონ; თუმცა, თუ რაიმე მორჩებათ, შეუძლიათ მეორე დღესაც ჭამონ, 17 მაგრამ, რაც მესამე დღისთვის მორჩებათ, ცეცხლში უნდა დაწვან.+ 18 თუ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი მესამე დღეს შეიჭმება, ღმერთი მის შემწირველს არ მოიწონებს და მას ეს შეწირულად არ ჩაეთვლება; ეს ხორცი წაბილწულია და ვინც მას შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 19 თუ ხორცი გაუწმინდურდება, ის არ უნდა ჭამონ, ცეცხლში უნდა დაწვან. წაუბილწველი ხორცი მხოლოდ მან უნდა ჭამოს, ვინც გაუწმინდურებული არ იქნება.
20 თუ იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს გაუწმინდურებული შეჭამს, ის უნდა მოკვდეს.+ 21 თუ ვინმე შეეხება რაღაც უწმინდურს ან გაუწმინდურებულ ადამიანს,+ უწმინდურ ცხოველს+ ან უწმინდურ, საზიზღარ რამეს+ და იეჰოვასთვის განკუთვნილი სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს შეჭამს, უნდა მოკვდეს“.
22 შემდეგ იეჰოვამ მოსეს დაავალა: 23 «გადაეცი ისრაელებს: „არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი.+ 24 მკვდარი ან დაგლეჯილი ცხოველის ქონი შეგიძლიათ ნებისმიერი რამისთვის გამოიყენოთ, მაგრამ არ ჭამოთ.+ 25 ვინც იეჰოვასთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის ქონს შეჭამს, უნდა მოკვდეს.
26 არც ფრინველის და არც ცხოველის სისხლი+ არ ჭამოთ, სადაც არ უნდა იცხოვროთ. 27 ვინც სისხლს შეჭამს, უნდა მოკვდეს“».+
28 შემდეგ იეჰოვამ მოსეს კვლავ დაავალა: 29 «გადაეცი ისრაელებს: „ვინც იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს, ამ შესაწირავიდან ნაწილი იეჰოვას მიუტანოს.+ 30 მკერდთან ერთად საკუთარი ხელით მიიტანოს ქონი,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, და იეჰოვას წინაშე შეარხიოს როგორც შესარხევი შესაწირავი.+ 31 ქონი მღვდელმა სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს;+ მკერდი კი აარონისა და მისი ვაჟების იქნება.+
32 შემწირველმა მღვდელს სამშვიდობო მსხვერპლიდან მარჯვენა ბარკალი მისცეს როგორც წმინდა წილი.+ 33 მარჯვენა ბარკალი აარონის იმ ვაჟის წილი იქნება, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის სისხლსა და ქონს ღმერთს მიუტანს.+ 34 ისრაელების სამშვიდობო მსხვერპლიდან მკერდი, როგორც შესარხევი შესაწირავი, და ბარკალი, როგორც წმინდა წილი, მე მეკუთვნის და აარონ მღვდელსა და მის ვაჟებს ვაძლევ. ეს არის სამარადისო წესი ისრაელებისთვის“».+
35 ეს იყო მღვდლების, აარონისა და მისი ვაჟების, წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან იმ დღიდან მოყოლებული, როცა მოსემ ისინი იეჰოვას წარუდგინა, რომ მღვდლებად ემსახურათ.+ 36 იეჰოვამ მათი ცხების დღეს+ ბრძანა, რომ ისრაელებს მათთვის ეს წილი მიეცათ. ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
37 ეს არის კანონი დასაწვავ მსხვერპლზე,+ მარცვლეულ შესაწირავზე,+ ცოდვის შესაწირავზე,+ დანაშაულის შესაწირავზე,+ მღვდლად დანიშვნის შესაწირავსა+ და სამშვიდობო მსხვერპლზე.+ 38 ამის შესახებ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინაის მთაზე+ იმ დღეს, რა დღესაც მოსემ ისრაელებს უბრძანა, რომ შესაწირავი მიეტანათ იეჰოვასთვის სინაის უდაბნოში.+
8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „წაიყვანე აარონი და მისი ვაჟები,+ ცოდვის შესაწირავი მოზვერი და ორი ვერძი, წაიღე სამოსელი,+ საცხები ზეთი,+ ერთი კალათა ხმიადი+ 3 და შეკრიბე მთელი ხალხი შეხვედრის კარვის შესასვლელთან“.
4 მოსე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და ხალხი შეხვედრის კარვის შესასვლელთან შეკრიბა. 5 მოსემ ხალხს უთხრა: „აი, რისი გაკეთება გვიბრძანა იეჰოვამ“. 6 მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ვაჟები და დაიბანეს.+ 7 ჩააცვა აარონს გრძელი სამოსელი,+ შემოაკრა სარტყელი,+ ჩააცვა უსახელო სამოსი,+ ეფოდი+ და მასზე ნაქსოვი სარტყელი+ შემოაკრა. 8 შემდეგ ეფოდზე სამკერდე+ მიუმაგრა და შიგ ურიმი და თუმიმი+ ჩაუდო. 9 დაახურა თავსაბურავი+ და თავსაბურავს წინ ოქროს მბზინვარე ფირფიტა, მიძღვნის წმინდა ნიშანი,+ მიამაგრა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
10 აიღო მოსემ საცხები ზეთი, სცხო კარავს და ყველაფერს, რაც კარავში იყო,+ და განწმინდა. 11 შემდეგ შვიდჯერ მოასხურა ის სამსხვერპლოს, მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს, რათა განეწმინდა. 12 ბოლოს საცხები ზეთი თავზე დაასხა აარონს, რათა განეწმინდა.+
13 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები, ჩააცვა გრძელი სამოსელი, შემოაკრა სარტყლები და დაახურა თავსაბურავები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
14 მიიყვანა ცოდვის შესაწირავი მოზვერი; მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 15 დაკლა ის მოსემ, ჩააწო თითი სისხლში,+ წაუსვა სამსხვერპლოს თითოეულ რქას და სამსხვერპლო ცოდვისგან განწმინდა; დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა, რათა განეწმინდა სამსხვერპლო მასზე გამოსყიდვის წესის შესასრულებლად. 16 შემდეგ აიღო მოსემ ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად და დაწვა სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა, + 17 ხოლო მოზვრის ტყავი, მისი ხორცი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
18 მიიყვანა მოსემ ვერძი დასაწვავ მსხვერპლად; მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 19 დაკლა ის მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა. 20 დაჭრა ვერძი და მისი თავი, ნაჭრები და ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, რომ აებოლებინა. 21 შემდეგ გარეცხა ნაწლავები და კიდურები. მან მთლიანად დაწვა ვერძი სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა. ეს იყო დასაწვავი მსხვერპლი, საამო* სურნელება. ეს იყო ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
22 მოსემ მეორე ვერძიც მიიყვანა, მღვდლად დანიშვნის ვერძი;+ მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 23 დაკლა ის მოსემ, აიღო მისი სისხლი და წაუსვა აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე. 24 შემდეგ მოსემ აარონის ვაჟები მიიყვანა და მათაც წაუსვა სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე; დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+
25 აიღო მოსემ მთელი ქონი, დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად და მარჯვენა ბარკალი.+ 26 ხმიადების კალათიდან, რომელიც იეჰოვას წინაშე იყო, აიღო ერთი რგოლისებრი ხმიადი,+ ერთი ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადი,+ ერთი უფუარი კვერი და დააწყო ქონზე და მარჯვენა ბარკალზე. 27 ეს ყველაფერი მოსემ აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაულაგა და იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი. 28 შემდეგ აიღო მოსემ ეს ყველაფერი, დადო დასაწვავ მსხვერპლზე და დაწვა, რომ აებოლებინა. ეს იყო მღვდლად დანიშვნის შესაწირავი, საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
29 აიღო მოსემ მკერდი და იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი.+ ეს იყო მოსეს წილი მღვდლად დანიშვნის ვერძიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.+
30 აიღო მოსემ საცხები ზეთი+ და სისხლი სამსხვერპლოდან და მიასხურა აარონსა და მის სამოსელს, მის ვაჟებსა და მათ სამოსელს; ასე განწმინდა მან აარონი, მისი ვაჟები+ და მათი სამოსელი.+
31 მოსემ აარონსა და მის ვაჟებს უთხრა: „მოხარშეთ+ ხორცი შეხვედრის კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხმიადთან ერთად, რომელიც მღვდლად დანიშვნის კალათაშია. ღმერთმა მიბრძანა, აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა ჭამონო.+ 32 მორჩენილი ხორცი და ხმიადი ცეცხლში დაწვით.+ 33 შვიდი დღე შეხვედრის კარვის შესასვლელთან იყავით, სანამ არ დასრულდება თქვენი მღვდლად დანიშვნის დღეები, რადგან მღვდლებად თქვენს დანიშვნას შვიდი დღე დასჭირდება.+ 34 თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად დღეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც იეჰოვამ გვიბრძანა.+ 35 შვიდი დღე-ღამის განმავლობაში არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს+ და შეასრულეთ თქვენი ვალდებულება იეჰოვას წინაშე,+ რომ არ დაიხოცოთ; ასე მაქვს ნაბრძანები“.
36 აარონმა და მისმა ვაჟებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
9 მერვე დღეს+ მოსემ აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის უხუცესებს მოუხმო. 2 აარონს უთხრა: „წაიყვანე საღი ხბო ცოდვის შესაწირავად,+ საღი ვერძი დასაწვავ მსხვერპლად და შენთვის შესწირე იეჰოვას. 3 გადაეცი ისრაელებს, რომ მიიყვანონ საღი ვაცი ცოდვის შესაწირავად, ერთწლიანი საღი ხბო და ერთწლიანი საღი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად, 4 მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად+ და შესწირეთ ისინი იეჰოვას; მიიტანონ აგრეთვე ზეთიანი მარცვლეული შესაწირავი,+ რადგან დღეს გამოეცხადებათ იეჰოვა“.+
5 მათაც მოსეს ბრძანებისამებრ მიიყვანეს ისინი შეხვედრის კარვის წინ; მივიდა მთელი ხალხი და წარდგა იეჰოვას წინაშე. 6 მოსემ მათ უთხრა: „აი, ამის გაკეთება გიბრძანათ იეჰოვამ, რათა იხილოთ იეჰოვას სიდიადე“.+ 7 შემდეგ აარონს უთხრა: „მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე ცოდვის შესაწირავი+ და დასაწვავი მსხვერპლი, რითაც გამოსყიდვის წესს შეასრულებ შენთვის+ და შენი სახლეულობისთვის*; მერე ხალხის შესაწირავი შესწირე+ და მათთვის გამოსყიდვის წესი შეასრულე,+ როგორც იეჰოვამ ბრძანა“.
8 მაშინვე მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო, თავისი ცოდვის შესაწირავი.+ 9 მიუტანეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი;+ მან შიგ თითი ჩააწო და სამსხვერპლოს რქებს წაუსვა, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა.+ 10 დაწვა სამსხვერპლოზე ცოდვის შესაწირავის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ქონი, რომ აებოლებინა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები;+ 11 ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა.+
12 დაკლა აარონმა დასაწვავი მსხვერპლი; მიაწოდეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+ 13 მას დასაწვავი მსხვერპლის ნაჭრებიც და თავიც მიაწოდეს. დაწვა მან ისინი სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა. 14 შემდეგ გარეცხა ნაწლავები და ფეხები, დაალაგა სამსხვერპლოზე დადებულ დასაწვავ მსხვერპლზე და ისინიც დაწვა, რომ აებოლებინა.
15 მიიყვანა მან ვაცი, ცოდვის შესაწირავი ხალხისთვის, დაკლა და პირველის მსგავსად შესწირა. 16 შემდეგ დასაწვავი მსხვერპლი წესისამებრ შესწირა.+
17 მერე მარცვლეული შესაწირავი მიიტანა,+ მუჭა აივსო და დაწვა სამსხვერპლოზე, რომელზეც დილის დასაწვავი მსხვერპლი შესწირა.+
18 დაკლა აარონმა მოზვერი და ვერძი, სამშვიდობო მსხვერპლი ხალხისთვის; მიაწოდეს მას თავისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+ 19 მოზვრის ქონი,+ ვერძის დუმა, ნაწლავების ქონი, თირკმელები და ღვიძლის ქონი+ 20 დააწყვეს შეწირული ცხოველების მკერდზე; შემდეგ მან ეს ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, რომ აებოლებინა.+ 21 შეწირული ცხოველების მკერდი და მარჯვენა ბარკალი აარონმა, მოსეს ბრძანებისამებრ, იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი.+
22 გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, დალოცა ისინი+ და ცოდვის შესაწირავის, დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ძირს ჩამოვიდა. 23 ბოლოს მოსე და აარონი შეხვედრის კარავში შევიდნენ. იქიდან რომ გამოვიდნენ, ხალხი დალოცეს.+
გამოეცხადა იეჰოვას სიდიადე ხალხს,+ 24 იეჰოვამ ცეცხლი მოავლინა+ და შთანთქა ცეცხლმა სამსხვერპლოდან დასაწვავი მსხვერპლი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხი სიხარულით აყიჟინდა და პირქვე დაემხო.+
10 აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ,+ აიღეს თავიანთი საცეცხლურები, შიგ ცეცხლი ჩადეს, საკმეველი მოაყარეს+ და იეჰოვას წინაშე უკანონო ცეცხლი მიიტანეს,+ რაც მათთვის მას ნაბრძანები არ ჰქონდა. 2 მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი და შთანთქა ისინი;+ დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე.+ 3 მოსემ აარონს უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ: „ჩემთან ახლოს მყოფთა შორის წმინდა ვიქნები+ და ყველა ხალხს შორის — განდიდებული“». აარონი დუმდა.
4 მოუხმო მოსემ მიშაელსა და ელიცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის,+ ვაჟებს და უთხრა: „მოდით აქ და თქვენი ძმები წმინდა ადგილიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ“. 5 ისინიც, მოსეს ნათქვამისამებრ, მივიდნენ და სამოსლიანად გაიტანეს ბანაკის გარეთ.
6 შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ სამოსელს,+ რომ არ დაიხოცოთ და არ განურისხდეს ღმერთი მთელ ხალხს. თქვენი მოძმეები, ისრაელები, დაიტირებენ იეჰოვას ცეცხლით დახოცილებს. 7 არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს, რომ არ დაიხოცოთ, რადგან იეჰოვამ გცხოთ თავისი ზეთით“.+ ისინიც მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.
8 იეჰოვამ აარონს უთხრა: 9 „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი არც შენ და არც შენმა ვაჟებმა,+ რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, 10 რომ განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან, სუფთა უსუფთაოსგან+ 11 და ასწავლოთ ისრაელებს ყველა ის წესი, რომლებიც იეჰოვამ მათ მოსეს მეშვეობით აუწყა“.+
12 მოსემ აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „აიღეთ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი, მისგან ხმიადები მოამზადეთ და სამსხვერპლოსთან ჭამეთ,+ რადგან ეს წმინდაა.+ 13 წმინდა ადგილას ჭამეთ,+ რადგან ეს არის შენი და შენი შვილების წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. 14 შესარხევი შესაწირავის მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალიც+ სუფთა ადგილას ჭამეთ შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა,+ რადგან ეს არის შენი და შენი ვაჟების წილი ისრაელების სამშვიდობო მსხვერპლიდან. 15 ისრაელები ცეცხლში დასაწვავი მსხვერპლის ქონთან ერთად მიიტანენ ბარკალს წმინდა წილიდან და მკერდს — შესარხევი შესაწირავიდან, რათა იეჰოვას წინაშე შეარხიონ როგორც შესარხევი შესაწირავი. ეს იქნება შენი და შენი ვაჟების წილი მარადიულად,+ როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები“.
16 მოსემ ცოდვის შესაწირავ თხას+ ძებნა დაუწყო და რას ხედავს! დაუწვავთ თხა. განურისხდა ის აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, და უთხრა: 17 „რატომ არ ჭამეთ ცოდვის შესაწირავი წმინდა ადგილას?+ ეს ხომ წმინდაა?! მან ხომ თქვენ მოგცათ ის, რათა პასუხი აგოთ ხალხის დანაშაულზე და გამოსყიდვის წესი შეასრულოთ მათთვის იეჰოვას წინაშე?! 18 მისი სისხლი წმინდა ადგილას არავის შეუტანია.+ წმინდა ადგილას უნდა გეჭამათ ის, როგორც ნაბრძანები მაქვს“. 19 აარონმა მოსეს უთხრა: „იეჰოვას თავიანთი ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი მსხვერპლი შესწირეს+ და მაინც ასეთი რამ დამემართა, და დღეს რომ მეჭამა ცოდვის შესაწირავი, იქნებოდა კი ეს მოსაწონი იეჰოვას თვალში?!“ 20 მოისმინა ეს მოსემ და მოეწონა მისი პასუხი.
11 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 «გადაეცით ისრაელებს: „აი, ხმელეთის ბინადართაგან რომელი ცოცხალი არსებები გეჭმებათ:+ 3 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, გეჭმებათ.
4 მაგრამ ის ცხოველები, რომლებიც მხოლოდ იცოხნიან ან მხოლოდ გაყოფილი ჩლიქი აქვთ, არ გეჭმებათ. აქლემი იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის.+ 5 დამანი+ იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 6 კურდღელი იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი არა აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 7 ღორი+ არ იცოხნის, თუმცა ჩლიქი გაყოფილი აქვს; ის უწმინდური იქნება თქვენთვის. 8 არ ჭამოთ მათი ხორცი და არ შეეხოთ მათ ლეშს. ისინი უწმინდურნი იქნებიან თქვენთვის.+
9 წყლების — ზღვებისა და მდინარეების — ბინადართაგან ყველაფერი გეჭმებათ, რომლებსაც ფარფლი და ქერცლი აქვთ.+ 10 ზღვებისა და მდინარეების ყველა ბინადარი — დიდი თუ პატარა ცოცხალი არსებები — რომლებსაც ფარფლი და ქერცლი არა აქვთ, უწმინდური იქნება თქვენთვის. 11 შეიზიზღეთ ისინი, არ ჭამოთ მათი ხორცი+ და შეიზიზღეთ მათი ლეში. 12 წყლის ყველა ბინადარი, რომელსაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, საზიზღარი იქნება თქვენთვის.
13 აი, ეს ფრინველები შეიზიზღეთ და არ ჭამოთ: არწივი,+ ფსოვი და შავი სვავი,+ 14 წითელი და შავი ძერა, 15 არცერთი სახეობის ყორანი, 16 სირაქლემა, ბუ, თოლია და არცერთი სახეობის შევარდენი, 17 ჭოტი, ჩვამა, ბუკიოტი, 18 გედი, ვარხვი, სვავი, 19 ყარყატი, არცერთი სახეობის ყანჩა, ოფოფი და ღამურა. 20 ნებისმიერი სახეობის ოთხზე მოსიარულე მწერი უწმინდური იქნება თქვენთვის.
21 ოთხზე მოსიარულე მწერებიდან მხოლოდ ისინი გეჭმებათ, რომლებსაც სხვა ფეხებიც აქვთ მიწაზე სახტომად. 22 მათგან გეჭმებათ: სხვადასხვა სახეობის გადამფრენი კალია, საჭმელად ვარგისი სხვა კალიები,+ მათ შორის კუტკალია, და ჭრიჭინა. 23 დანარჩენი ოთხფეხა მწერები უწმინდური იქნება თქვენთვის; 24 ისინი გაგაუწმინდურებენ. ვინც ამ მკვდარ მწერებს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება;+ 25 ვინც ამ მკვდარ მწერებს წაიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს;+ ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
26 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმინდური იქნება თქვენთვის; ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება.+ 27 ყოველი ოთხფეხა ცოცხალი არსება, რომელიც თათებზე დადის, უწმინდური იქნება თქვენთვის; ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 28 ვინც მათ ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს;+ ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ ისინი თქვენთვის უწმინდურნი იქნებიან.
29 ხმელეთის პატარა არსებებიდან თქვენთვის უწმინდურია: ბრუცა, თაგვი,+ ნებისმიერი სახეობის ხვლიკი: 30 გეკონი, ვარანი, ტრიტონი, უდაბნოს ხვლიკი და ქამელეონი. 31 პატარა არსებებიდან ესენი არიან თქვენთვის უწმინდურნი.+ ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
32 თუ ამათგან რომელიმეს ლეში შეეხება ხის ჭურჭელს, ტანსაცმელს, ტყავსა თუ ჯვალოს, გაუწმინდურდება. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს; ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება, შემდეგ კი განიწმინდება. 33 თუ რომელიმე მათგანი თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ჭურჭელი უნდა დაიმსხვრეს. ყველაფერი, რაც ჭურჭელში იქნება, გაუწმინდურდება.+ 34 თუ ამ ჭურჭლიდან წყალი საკვებს დაესხმება, გაუწმინდურდება; ნებისმიერი სასმელი, რაც ამ ჭურჭელში იქნება, გაუწმინდურდება. 35 ყველაფერი, რასაც მათი ლეში შეეხება, გაუწმინდურდება; ღუმელი იქნება თუ ქურა უნდა დაიმსხვრეს; ისინი გაუწმინდურებულია და თქვენთვისაც უწმინდური იქნება. 36 არ გაუწმინდურდება მხოლოდ წყარო და წყალსატევი, მაგრამ ვინც ლეშს შეეხება, გაუწმინდურდება. 37 თუ ლეში დასათესად გამზადებულ თესლს შეეხება, თესლი სუფთა დარჩება. 38 თუ ლეში დამბალ თესლს შეეხება, თესლი უწმინდური იქნება თქვენთვის.
39 თუ საჭმელად ვარგისი პირუტყვი მოკვდება და ვინმე მის ლეშს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 40 ვინც მის ხორცს შეჭამს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ ვინც მის ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს; ის საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 41 ხმელეთის ყველა პატარა არსება უწმინდურია;+ არ ჭამოთ. 42 მუცელზე მხოხავი არცერთი ქმნილება, არცერთი ოთხფეხა და ხმელეთის არცერთი პატარა მრავალფეხა ქმნილება არ გეჭმებათ, რადგან უწმინდური არსებები არიან.+ 43 არ წაიბილწოთ თავი პატარა არსებებით და არ გაუწმინდურდეთ.+ 44 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ განიწმინდეთ, წმინდები იყავით,+ რადგან წმინდა ვარ მე.+ თავი არ გაიუწმინდუროთ ხმელეთის პატარა ქმნილებებით. 45 მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.+ იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე.+
46 ეს არის კანონი ცხოველებზე, ფრინველებზე და წყლის ბინადრებსა თუ ხმელეთის ყველა პატარა ცოცხალ არსებაზე, 47 რათა განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან და საჭმელად ვარგისი ცოცხალი ქმნილება საჭმელად უვარგისი ქმნილებისგან“».+
12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „თუ ქალი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება, ისევე როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს.+ 3 მერვე დღეს ვაჟი უნდა წინადაცვითონ.+ 4 ქალის განწმენდა კიდევ 33 დღე უნდა გაგრძელდეს. წმინდას არაფერს შეეხოს და წმინდა ადგილას განწმენდის დღეების დასრულებამდე არ მივიდეს.
5 თუ გოგოს გააჩენს, 14 დღე გაუწმინდურებული იქნება, ისევე როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. ქალის განწმენდა კიდევ 66 დღე უნდა გაგრძელდეს. 6 როდესაც ქალის განწმენდის დღეები დასრულდება, იმისდა მიუხედავად, ბიჭი გააჩინა თუ გოგო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მან მღვდელს მიუყვანოს ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად+ და ხუნდი ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად. 7 მღვდელმა შესაწირავი იეჰოვას წარუდგინოს, ქალისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სისხლდენისგან გაუწმინდურებული განიწმინდება. ეს არის კანონი ქალზე, რომელმაც ბიჭი გააჩინა თუ გოგო. 8 მაგრამ, თუ ქალს ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი მიიყვანოს,+ ერთი — დასაწვავ მსხვერპლად და მეორე — ცოდვის შესაწირავად; მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს ქალისთვის და ისიც განიწმინდება“».
13 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 «თუ ვინმეს კანი შეუსივდება, წყლული ან ლაქა გამოაჩნდება, რაც შესაძლოა კეთრი* იყოს,+ იგი აარონ მღვდელს ან მის ერთ-ერთ ვაჟს, მღვდელს, მიუყვანონ.+ 3 მღვდელმა მის კანზე დაავადებული ადგილი უნდა დაათვალიეროს. თუ ამ ადგილას თმა გათეთრებულია და კანი ღრმადაა დაზიანებული, ეს კეთრია. მღვდელმა დაზიანებული ადგილი უნდა დაათვალიეროს და დაავადებული გაუწმინდურებულად გამოაცხადოს. 4 თუ ვინმეს კანზე თეთრი ლაქა გაუჩნდება, ლაქა ზედაპირული იქნება და მასზე თმა გათეთრებული არ იქნება, დაავადებული მღვდელმა შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+ 5 მეშვიდე დღეს მღვდელმა დაავადებული უნდა დაათვალიეროს. თუ ლაქა არ შეცვლილა და არ გავრცელებულა, იგი მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.
6 მეშვიდე დღეს მღვდელმა დაავადებული ხელმეორედ უნდა დაათვალიეროს. თუ დაავადებული ადგილი გაფერმკრთალებულია და ლაქა არაა გავრცელებული, მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+ ეს უბრალოდ წყლულია. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ის განწმენდილი იქნება. 7 თუ მის კანზე წყლული მას შემდეგ გავრცელდება, რაც მღვდელს ეჩვენება და განწმენდილად გამოცხადდება, იგი მღვდელს ხელმეორედ უნდა ეჩვენოს. 8 მღვდელმა წყლული უნდა დაათვალიეროს. თუ წყლული კანზე გავრცელებული იქნება, მღვდელმა ის გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია.+
9 თუ ვინმეს კეთრი აღმოაჩნდება, იგი მღვდელს უნდა მიუყვანონ. 10 მღვდელმა იგი უნდა დაათვალიეროს.+ თუ შესიებული ადგილიც თეთრი იქნება და მასზე ამოსული თმაც, აგრეთვე ამ ადგილზე ღია ჭრილობა+ იქნება, 11 ეს უკურნებელი კეთრია. მღვდელმა იგი აღარ უნდა გააცალკეოს და გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს;+ ის გაუწმინდურებულია. 12 თუ ვინმეს კეთრი თავიდან ფეხებამდე მთელ კანს დაუფარავს, რასაც მღვდელი ერთი თვალის შევლებით დაინახავს, 13 და მისი დათვალიერების შემდეგ აღმოაჩენს, რომ კეთრი მას მთელ სხეულზე მოსდებია, მან იგი განწმენდილად უნდა გამოაცხადოს. მას კანი მთლიანად გათეთრებული აქვს. ის განწმენდილია. 14 მაგრამ როგორც კი კანზე ღია წყლული გაუჩნდება, გაუწმინდურდება. 15 როცა მღვდელი ღია წყლულს დაინახავს, მან იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს.+ ღია წყლულის გამო ის გაუწმინდურებულია. მას კეთრი აქვს.+ 16 თუ მას ღია წყლული გაუთეთრდება, ისევ უნდა მივიდეს მღვდელთან. 17 მღვდელი მას დაათვალიერებს.+ თუ დაავადებული ადგილი გათეთრებული აქვს, მღვდელმა იგი განწმენდილად უნდა გამოაცხადოს. ის განწმენდილია.
18 თუ ვინმეს კანზე მუწუკი გამოუვა, მოურჩება, 19 მაგრამ მერე ეს ადგილი შეუსივდება, გაუთეთრდება ან მასზე მოწითალო-მოთეთრო ლაქა გაუჩნდება, იგი მღვდელს უნდა ეჩვენოს. 20 მღვდელმა ეს ადგილი უნდა დაათვალიეროს.+ თუ დაავადება კანში ღრმად იქნება და მასზე თმა გათეთრებული იქნება, მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს მუწუკზე გაჩენილი კეთრია. 21 მაგრამ, თუ მღვდელი ლაქის დათვალიერების შემდეგ დაინახავს, რომ მასზე თმა გათეთრებული არ არის, ლაქა კანში ღრმად არაა და გაფერმკრთალებულია, მღვდელმა იგი შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+ 22 თუ ლაქა კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია. 23 მაგრამ, თუ ლაქა ერთ ადგილას დარჩება და არ გავრცელდება, ეს უბრალოდ ანთებაა. მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+
24 თუ ვინმეს დამწვრობის შედეგად კანზე ჭრილობა ექნება, რომელსაც მოშუშებისას მოწითალო-მოთეთრო ან თეთრი ლაქა დააჩნდება, 25 მღვდელმა ეს ადგილი უნდა დაათვალიეროს. თუ ლაქაზე თმა გათეთრებულია და ლაქა კანში ღრმად არის, ეს კეთრია. ლაქა ჭრილობაზე გაჩნდა და დაავადებული მღვდელმა გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრია. 26 თუ მღვდელი ნახავს, რომ ლაქაზე თმა არ გათეთრებულა, ლაქა ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით გააცალკევებს.+ 27 მეშვიდე დღეს მღვდელმა იგი ისევ უნდა დაათვალიეროს. თუ დაინახავს, რომ კანზე ლაქა გავრცელებულია, მას გაუწმინდურებულად გამოაცხადებს. ეს კეთრია. 28 მაგრამ, თუ ლაქა არ გაქრება, თუმცა არც გავრცელდება, და ისევ ფერმკრთალი დარჩება, ეს უბრალოდ ჭრილობის შესიებაა. მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს. ეს ანთებაა.
29 თუ კაცს ან ქალს თავი ან ნიკაპი აქვს დასნეულებული, 30 მღვდელმა მას დასნეულებული ადგილი უნდა დაუთვალიეროს.+ თუ დაავადება კანში ღრმად იქნება წასული და კანზე თმა გაყვითლებული და შეთხელებული ექნება, იგი მღვდელმა გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს; ეს თავზე ან წვერქვეშ გაჩენილი სნეულებაა, თავის ან ნიკაპის კეთრია. 31 თუ დაავადება ღრმად არ არის კანში წასული და დასნეულებულ ადგილას თმა არ არის შავი, მღვდელმა დაავადებული შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.+ 32 მეშვიდე დღეს მღვდელი ისევ დაუთვალიერებს დასნეულებულ ადგილს. თუ დაავადება არ გავრცელებულა, კანში ღრმად არ წასულა და ამ ადგილას თმა არ გაყვითლებულა, 33 მან პირი უნდა გაიპარსოს ან თავი გადაიპარსოს, მაგრამ დასნეულებული ადგილი არ გაიპარსოს. შემდეგ მღვდელმა იგი კიდევ შვიდი დღით უნდა გააცალკეოს.
34 მეშვიდე დღეს მღვდელი კვლავ დაუთვალიერებს მას დასნეულებულ ადგილს. თუ დაავადება არ გავრცელებულა და არც ღრმად არის კანში, მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ის განწმენდილი იქნება. 35 თუ მას განწმენდილად გამოცხადების შემდეგ კანზე დაავადება ისევ გაუჩნდება, 36 მღვდელმა მას დასნეულებული ადგილი უნდა დაუთვალიეროს. თუ იგი დაინახავს, რომ დაავადება კანზე გავრცელებულია, გაყვითლებული თმის ძებნას აღარ დაიწყებს. ის გაუწმინდურებულია. 37 თუ მღვდელი დაინახავს, რომ დაავადება არ არის გავრცელებული და დაავადებულ ადგილას შავი თმაა ამოსული, დაავადება მორჩენილია. ის განწმენდილია და მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებს.+
38 თუ კაცს ან ქალს კანზე თეთრი ლაქები გამოაჩნდება, 39 მღვდელმა უნდა დაათვალიეროს.+ თუ კანზე ლაქები ფერმკრთალია, ეს უბრალოდ გამონაყარია. იგი გაუწმინდურებული არ არის.
40 თუ კაცს თავზე თმა გასცვივდება და გამელოტდება, ის გაუწმინდურებული არ არის. 41 თუ მას თავზე თმა წინიდან გასცვივდება და გამელოტდება, ის გაუწმინდურებული არ არის. 42 თუ მელოტ თავზე მოწითალო-მოთეთრო წყლული გაუჩნდება, ეს მელოტ თავზე გაჩენილი კეთრია. 43 ის მღვდელმა უნდა დაათვალიეროს. თუ მის მელოტ თავზე შესიებული ადგილი მოწითალო-მოთეთრო ფერისაა და კეთრს წააგავს, 44 მას კეთრი აქვს. ის გაუწმინდურებულია. მღვდელმა იგი გაუწმინდურებულად უნდა გამოაცხადოს, რადგან მას თავზე კეთრი აქვს. 45 კეთროვანმა დახეული ტანსაცმლით და მოუვლელი თავით უნდა იაროს; პირი აიკრას და იყვიროს: „გაუწმინდურებული ვარ, გაუწმინდურებული!“ 46 იგი გაუწმინდურებული იქნება, სანამ კეთრი ექნება. მან განცალკევებით უნდა იცხოვროს, რადგან გაუწმინდურებულია; ბანაკის გარეთ უნდა იცხოვროს.+
47 თუ კეთრი შალის ან სელის ტანსაცმელს, 48 სელის ან შალის ქსოვილს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს გაუჩნდება 49 და მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ლაქა ტანსაცმელს, ქსოვილს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს დააჩნდება, მღვდელს უნდა აჩვენონ. 50 მღვდელმა უნდა დაათვალიეროს დაავადებული ადგილი და შვიდი დღით ცალკე დადოს ის ნივთი, რომელზეც დაავადება გაჩნდა.+ 51 მეშვიდე დღეს, როცა მღვდელი დაათვალიერებს დაავადებულ ადგილს და დაინახავს, რომ დაავადება ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავზე (რისთვისაც არ უნდა გამოიყენებოდეს ტყავი) გავრცელებულია, ეს მწვავე კეთრია. ეს ნივთი უწმინდურია.+ 52 მან უნდა დაწვას ტანსაცმელი, შალის ან სელის ქსოვილი ან ტყავის ნივთი, რაზეც დაავადება გავრცელდა, რადგან ეს მწვავე კეთრია. ეს ნივთი ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 მაგრამ, თუ მღვდელი დაინახავს, რომ დაავადება ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავის ნივთზე არ გავრცელებულა, 54 ბრძანებს იმ ნივთის გარეცხვას, რასაც დაავადება გაუჩნდა, და ისევ შვიდი დღით დადებს ცალკე. 55 შემდეგ მღვდელი კარგად გარეცხილ ნივთს, რომელსაც დაავადება გაუჩნდა, დაათვალიერებს. თუ დაავადება ისევ ისე დარჩა, არ გავრცელებულა, ეს ნივთი მაინც უწმინდურია. ის ცეცხლში უნდა დაიწვას იმის მიუხედავად, დაავადებამ ის შიგნიდან ამოჭამა თუ გარედან.
56 თუ მღვდელმა დაინახა, რომ კარგად გარეცხვის შემდეგ დაავადებული ადგილი გაფერმკრთალებულია, ის ადგილი ტანსაცმელს, ტყავს ან ქსოვილს მოაცილოს. 57 მაგრამ, თუ ტანსაცმელს, ქსოვილს ან ტყავის ნივთს დაავადება სხვა ადგილას გაუჩნდება, დაავადება არ გამქრალა. დაავადებული ნივთი ცეცხლში უნდა დაიწვას.+ 58 მაგრამ, თუ ტანსაცმელზე, ქსოვილზე ან ტყავის ნივთზე დაავადება გაქრება, ნივთი მეორედ გაირეცხოს და წმინდა იქნება.
59 ეს არის კანონი კეთრზე, რომელიც უჩნდება შალის ან სელის ტანსაცმელს, შალის ან სელის ქსოვილს, ან ტყავის ნივთს, რათა ის წმინდად ან უწმინდურად იქნეს გამოცხადებული».
14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „ეს იქნება კანონი, რომლის მიხედვითაც კეთროვანი უნდა განიწმინდოს. ის მღვდელთან უნდა მიიყვანონ.+ 3 მღვდელი ბანაკის გარეთ უნდა გავიდეს და კეთროვანი დაათვალიეროს. თუ კეთროვანი განიკურნა, 4 მღვდელი უბრძანებს, რომ განწმენდისთვის მიიყვანოს ორი წმინდა ფრინველი, მიიტანოს კედრის ხის ტოტი, ალისფერი ნართი და უსუპი.+ 5 მღვდელი ბრძანებს, რომ ერთი ფრინველი დაიკლას. ფრინველს დაკვლისას ქვეშ თიხის ჭურჭელი უნდა ედგას, რომელშიც წყაროს წყალი იქნება ჩასხმული. 6 შემდეგ აიყვანოს ცოცხალი ფრინველი, აიღოს კედრის ხის ტოტი, ალისფერი ნართი და უსუპი; ეს ყველაფერი დაკლული ფრინველის სისხლნარევ წყაროს წყალში ჩააწოს, 7 შვიდჯერ მიასხუროს მას, ვინც კეთრისგან იწმინდება, და განწმენდილად გამოაცხადოს. ცოცხალი ფრინველი ტრიალ მინდორში გაუშვას.+
8 მან, ვინც იწმინდება, გაირეცხოს ტანსაცმელი, მთელი სხეული გაიპარსოს, იბანაოს და განიწმინდება. ამის შემდეგ შეეძლება მას ბანაკში შესვლა, თუმცა შვიდი დღე თავისი კარვის გარეთ უნდა იცხოვროს. 9 მეშვიდე დღეს გადაიპარსოს თავი და გაიპარსოს წვერი და წარბები. შემდეგ გაირეცხოს ტანსაცმელი, იბანაოს და განიწმინდება.
10 მერვე დღეს წაიყვანოს ორი საღი მამალი თოხლი და ერთი საღი დედალი თოხლი,+ ერთწლიანი, წაიღოს სამი მეათედი ეფა* ზეთიანი წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მარცვლეული შესაწირავი+ და 1 ლოგი* ზეთი.+ 11 მღვდელმა, რომელიც მას განწმენდილად გამოაცხადებს, შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე წარადგინოს ის, ვინც იწმინდება, და ეს შესაწირავიც მიიტანოს. 12 შესწირავს მღვდელი ერთ მამალ თოხლს და 1 ლოგ ზეთს დანაშაულის შესაწირავად+ და იეჰოვას წინაშე შეარხევს როგორც შესარხევ შესაწირავს.+ 13 დაკლავს მამალ თოხლს წმინდა ადგილზე, სადაც ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი მსხვერპლი იკვლება,+ რადგან დანაშაულის შესაწირავი, ისევე როგორც ცოდვის შესაწირავი, მღვდელს ეკუთვნის.+ ეს შესაწირავი წმინდაა.+
14 შემდეგ აიღოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მას, ვინც იწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე. 15 აიღოს მღვდელმა 1 ლოგი ზეთიდან+ ცოტაოდენი ზეთი და დაისხას მარცხენა ხელისგულზე. 16 ჩააწოს მღვდელმა მარცხენა ხელისგულზე დასხმულ ზეთში მარჯვენა ხელის თითი და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ დააწვეთოს მიწაზე. 17 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი კი მას, ვინც იწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, იქ, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლი აქვს წასმული. 18 მღვდელმა ხელისგულზე დარჩენილი ზეთი თავზე წაუსვას მას, ვინც იწმინდება; ასე შეასრულოს იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესი.+
19 შესწიროს მღვდელმა ცოდვის შესაწირავი+ მისთვის, ვინც იწმინდება, და ამით გამოსყიდვის წესს შეასრულებს. შემდეგ დაკლას დასაწვავი მსხვერპლი. 20 შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე დასაწვავი მსხვერპლი და მარცვლეული შესაწირავი;+ ამით შეასრულებს მისთვის გამოსყიდვის წესს+ და ისიც განიწმინდება.+
21 თუ იგი ღარიბია და ხელმოკლედ ცხოვრობს, დანაშაულის შესაწირავად წაიყვანოს ერთი მამალი თოხლი, რათა შეარხიოს ის მღვდელმა და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს, და მიიტანოს მეათედი ეფა* ზეთიანი წმინდად დაფქული ფქვილი, 1 ლოგი ზეთი, 22 მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი, რომელზეც ხელი მიუწვდება, ერთი — ცოდვის შესაწირავად და მეორე — დასაწვავ მსხვერპლად.+ 23 მერვე დღეს+ წარუდგინოს ეს ყველაფერი მღვდელს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე, რათა განიწმინდოს.+
24 აიყვანოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავი მამალი თოხლი,+ აიღოს 1 ლოგი ზეთი და შეარხიოს როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 25 დაკლას მან დანაშაულის შესაწირავი მამალი თოხლი, აიღოს დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მას, ვინც იწმინდება, მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე წაუსვას.+ 26 დაისხას მღვდელმა ცოტაოდენი ზეთი მარცხენა ხელისგულზე,+ 27 ჩააწოს მარცხენა ხელისგულზე დასხმულ ზეთში მარჯვენა ხელის თითი და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ დააწვეთოს მიწაზე. 28 მღვდელმა ხელისგულზე დასხმული ზეთი მას, ვინც იწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, იქ, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლი აქვს წასმული. 29 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი თავზე წაუსვას მას, ვინც იწმინდება, და იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს.
30 შესწიროს მღვდელმა ორი გვრიტი ან ორი ხუნდი, რომლებიც შემწირველმა მიიყვანა,+ 31 ერთი — ცოდვის შესაწირავად და მეორე — დასაწვავ მსხვერპლად+ მარცვლეულ შესაწირავთან ერთად. ამით მღვდელი მისთვის, ვინც იწმინდება, გამოსყიდვის წესს შეასრულებს იეჰოვას წინაშე.+
32 ამ კანონის მიხედვით უნდა მოიქცეს ის, ვისაც კეთრი აქვს და განწმენდისთვის საჭირო შესაწირავზე ხელი არ მიუწვდება“.
33 შემდეგ იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 34 „როდესაც მიხვალთ ქანაანის მიწაზე,+ რომელსაც მოგცემთ,+ და კეთრი გაუჩნდება რომელიმე სახლს,+ 35 სახლის პატრონი მივიდეს მღვდელთან და უთხრას, ჩემს სახლში რაღაც კეთრის მსგავსი დაავადება გაჩნდაო. 36 მღვდელი ბრძანებს, რომ ვიდრე დაავადების დასათვალიერებლად მივა, სახლი დაცალონ, რათა მან უწმინდურად არ გამოაცხადოს ის ყველაფერი, რაც სახლშია. ამის შემდეგ მღვდელი სახლის შესამოწმებლად მივა. 37 როდესაც იგი დაათვალიერებს დაზიანებულ ადგილს და ნახავს, რომ სახლის კედლებზე მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ღრმულებია გაჩენილი, 38 გამოვა სახლიდან და სახლს შვიდი დღით დაკეტავს.+
39 მეშვიდე დღეს მღვდელი უნდა დაბრუნდეს და კვლავ შეამოწმოს სახლი. თუ დაავადება სახლის კედლებს მოედება, 40 მღვდელი ბრძანებს, რომ დაავადებული ქვები გამოიღონ და ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადაყარონ. 41 იგი ბრძანებს, რომ სახლის კედლები შიგნიდან მთლიანად ჩამოფხიკონ; ბათქაში და დუღაბი ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადაყარონ. 42 ძველი ქვების ადგილზე სხვა ქვები ჩაადუღაბონ და სახლი ხელმეორედ შელესონ.
43 თუ დაავადება სახლში მას შემდეგაც იჩენს თავს, რაც ქვებს გამოიღებენ, სახლის კედლებს ჩამოფხეკენ და ხელახლა გალესავენ, 44 მღვდელი ისევ შევა სახლში და შეამოწმებს მას. თუ დაავადება სახლს მოსდებია, ეს მწვავე კეთრია.+ სახლი უწმინდურია. 45 მღვდელი ბრძანებს, რომ სახლი დაინგრეს და ქვები, ძელები, ბათქაში და დუღაბი ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გაიტანონ.+ 46 ვინც ჩაკეტილ სახლში შევა,+ საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 47 ვინც ასეთ სახლში დაიძინებს ან შეჭამს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს.
48 თუ მღვდელი მივა და ნახავს, რომ გალესვის შემდეგ სახლს დაავადება არ მოსდებია, სახლი განწმენდილად უნდა გამოაცხადოს, რადგან დაავადება გამქრალია. 49 სახლის განსაწმენდად აიყვანოს ორი ფრინველი, აიღოს კედრის ხის ტოტი, ალისფერი ნართი და უსუპი.+ 50 ერთი ფრინველი დაკლას. ფრინველს დაკვლისას ქვეშ თიხის ჭურჭელი უნდა ედგას, რომელშიც წყაროს წყალი იქნება ჩასხმული. 51 აიყვანოს ცოცხალი ფრინველი, აიღოს კედრის ხის ტოტი, ალისფერი ნართი და უსუპი და ეს ყველაფერი ჩააწოს დაკლული ფრინველის სისხლნარევ წყაროს წყალში და შვიდჯერ ასხუროს სახლისკენ.+ 52 განწმინდოს სახლი ფრინველის სისხლნარევი წყაროს წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხის ტოტით, უსუპითა და ალისფერი ნართით. 53 ცოცხალი ფრინველი ქალაქის გარეთ ტრიალ მინდორში გაუშვას, რითაც სახლს განწმენდს და ისიც განწმენდილად ჩაითვლება.
54 ეს არის კანონი ნებისმიერი სახეობის კეთრზე, თავზე, წვერქვეშ,+ 55 ტანსაცმელსა+ და სახლზე გაჩენილ კეთრზე,+ 56 აგრეთვე შესიებაზე, წყლულსა და ლაქაზე,+ 57 იმის გასარკვევად, თუ როდის არის ვინმე ან რამე უწმინდური და როდის — არა.+ ეს არის კანონი კეთრზე“.+
15 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 «გადაეცით ისრაელებს: „თუ კაცს გამონადენი აქვს სასქესო ორგანოდან, იგი გაუწმინდურებულია.+ 3 იგი გაუწმინდურებულია, იმის მიუხედავად, გამოსდის გამონადენი სასქესო ორგანოდან თუ უკავდება.
4 საწოლი, რომელზეც გამონადენიანი დაწვება, გაუწმინდურდება, და რაზეც დაჯდება, ისიც გაუწმინდურდება. 5 კაცმა, რომელიც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 6 ვინც იქ დაჯდება, სადაც გამონადენიანი იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 7 ვინც გამონადენიანს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 8 თუ გამონადენიანი შეაფურთხებს მას, ვინც არაა გაუწმინდურებული, მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 9 უნაგირი, რომელზეც გამონადენიანი დაჯდება, გაუწმინდურდება. 10 ყველა, ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება; ვინც წაიღებს იმას, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 11 თუ გამონადენიანი+ ვინმეს ხელდაუბანელი შეეხება, მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 12 თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი შეეხება, უნდა დაიმსხვრეს, ხის ჭურჭელი კი გაირეცხოს.+
13 როდესაც ვინმეს გამონადენი შეუწყდება, გადაითვალოს შვიდი დღე, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყაროს წყლით იბანაოს და განიწმინდება.+ 14 მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი,+ მივიდეს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და მღვდელს მიუყვანოს. 15 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ მსხვერპლად. ამით შეასრულებს მღვდელი იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესს მისი უწმინდურების გამო.
16 თუ კაცს თესლდენა ექნება, იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 17 ტანსაცმელი ან ტყავის ნივთები, რომელიც თესლით დაისვრება, უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
18 თუ კაცი ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, მათ უნდა იბანაონ; ისინი საღამომდე გაუწმინდურებულები იქნებიან.+
19 თუ ქალს ყოველთვიური სისხლდენა ექნება, ის შვიდი დღის განმავლობაში გაუწმინდურებული იქნება.+ ვინც მას შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 20 რაზეც ის ყოველთვიური სისხლდენის დროს დაწვება ან დაჯდება, გაუწმინდურდება.+ 21 ვინც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 22 ვინც იმას შეეხება, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 23 ვინც შეეხება საწოლს, რომელზეც ის იჯდა, ან სხვა რამეს, რაზეც ის იჯდა, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+ 24 თუ კაცი მასთან დაწვება და მისი ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურდება,+ იგი შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება; უწმინდური იქნება საწოლიც, რომელზეც ის დაწვება.
25 თუ ქალს ყოველთვიური სისხლდენა არა აქვს, მაგრამ მრავალი დღის განმავლობაში სდის სისხლი,+ ან ყოველთვიური სისხლდენა+ ჩვეულებრივზე მეტხანს უგრძელდება, ამ დღეების განმავლობაში ისევე გაუწმინდურებული იქნება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. 26 საწოლი, რომელზეც ის გამონადენის დღეებში დაწვება, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს უწმინდურდება,+ და ნებისმიერი რამ, რაზეც ის დაჯდება, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს უწმინდურდება. 27 ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება. მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
28 როდესაც ქალს გამონადენი შეუწყდება, გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც განიწმინდება.+ 29 მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი+ და მღვდელს მიუყვანოს შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 30 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ მსხვერპლად და ამით იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისი უწმინდურების გამო.+
31 ასე უნდა დაიცვა ისრაელები უწმინდურებისგან, რათა არ შებღალონ ჩემი კარავი, რომელიც მათ შორისაა, და არ დაიხოცონ.+
32 ეს არის კანონი გამონადენითა და თესლდენით გაუწმინდურებულ კაცზე,+ 33 ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალზე,+ ნებისმიერზე, ვისაც გამონადენი აქვს, კაცი იქნება თუ ქალი,+ და კაცზე, რომელიც გაუწმინდურებულ ქალთან დაწვება“».
16 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს აარონის ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, რომლებიც იეჰოვას წინაშე წარდგნენ და დაიხოცნენ.+ 2 იეჰოვამ მოსეს მიმართა: „უთხარი შენს ძმას, აარონს, რომ ფარდის შიგნით+ წმინდა ადგილზე+ ნებისმიერ დროს არ შევიდეს და არ დადგეს კიდობნის სახურავის წინ, რათა არ მოკვდეს,+ ვინაიდან სახურავის ზემოთ ღრუბელში გამოვცხადდები.+
3 აი, რა უნდა შესწიროს აარონმა, ვიდრე წმინდა ადგილას შევა: მოზვერი — ცოდვის შესაწირავად+ და ვერძი — დასაწვავ მსხვერპლად.+ 4 ჩაიცვას სელის წმინდა გრძელი სამოსელი,+ ქვედა საცვალი+ სასირცხო ადგილების დასაფარავად, შემოირტყას სელის სარტყელი+ და თავზე სელის თავსაბურავი შემოიხვიოს.+ ეს წმინდა შესამოსელია.+ ჯერ იბანაოს+ და მერე ჩაიცვას.
5 გამოართვას ისრაელებს+ ორი ვაცი ცოდვის შესაწირავად და ერთი ვერძი — დასაწვავ მსხვერპლად.
6 მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი მოზვერი და შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის+ და თავისი სახლეულობისთვის*.
7 შემდეგ წაიყვანოს მან ორივე ვაცი და დააყენოს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 8 ყაროს წილი აარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი იეჰოვასი იქნება, ხოლო მეორე — განტევების ვაცისა*. 9 მიიყვანოს აარონმა ვაცი, რომელიც წილისყრით+ იეჰოვას ერგება, და შესწიროს ცოდვის შესაწირავად. 10 ის ვაცი კი, რომელიც განტევებისა იქნება, იეჰოვას წინაშე დააყენოს, რომ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და უდაბნოში გაუშვას.+
11 აარონი თავისთვის ცოდვის შესაწირავ მოზვერს რომ მიიყვანს, შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის და თავისი სახლეულობისთვის; შემდეგ კი დაკლას ცოდვის შესაწირავი მოზვერი.+
12 აიღოს საცეცხლური,+ რომელიც სავსე იქნება იეჰოვას წინაშე მდგარი სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით,+ ორი სავსე მუჭა წვრილად დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი+ და შეიტანოს ფარდის შიგნით.+ 13 დააყაროს ნაკვერჩხალს საკმეველი იეჰოვას წინაშე+ და საკმევლიდან ასული კვამლი კიდობნის სახურავს მოეფინება,+ რომელიც მოწმობის კიდობანზეა,+ რათა არ მოკვდეს იგი.
14 აიღოს თითით მოზვრის სისხლი+ და სახურავის წინ, აღმოსავლეთით, დააწვეთოს; შვიდჯერ დააწვეთოს თითით სისხლი სახურავის წინ.+
15 შემდეგ დაკლას ცოდვის შესაწირავი ვაცი ხალხისთვის,+ მისი სისხლი ფარდის შიგნით შეიტანოს+ და რაც მოზვრის სისხლით გააკეთა, მისი სისხლითაც იგივე გააკეთოს:+ დააწვეთოს სახურავის წინ.
16 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის ისრაელთა უწმინდურების, დანაშაულისა და ცოდვების გამო.+ ასე უნდა მოიქცეს შეხვედრის კარვისთვის, რომელიც გაუწმინდურებულ ისრაელთა შორისაა.
17 იმ დროს, როცა ის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას იქნება შესული, შეხვედრის კარავში სხვა არავინ უნდა იყოს. შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვის, თავისი სახლეულობისა+ და მთელი ისრაელისთვის.+
18 შემდეგ გამოვიდეს სამსხვერპლოსთან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს. აიღოს მოზვრისა და ვაცის სისხლი და სცხოს სამსხვერპლოს თითოეულ რქას. 19 შვიდჯერ დააწვეთოს მასზე თითით სისხლი და განწმინდოს ის ისრაელთა უწმინდურებისგან.
20 წმინდა ადგილისთვის, შეხვედრის კარვისა და სამსხვერპლოსთვის+ გამოსყიდვის წესს რომ შეასრულებს,+ მიიყვანოს მეორე ვაცი.+ 21 დაადოს აარონმა ამ ვაცს თავზე ორივე ხელი, აღიაროს ისრაელთა დანაშაული და ცოდვები, ატვირთვინოს მას+ და გაუშვას უდაბნოში ამ საქმისთვის არჩეული კაცის ხელით. 22 წაიღებს ვაცი ყველა მათ დანაშაულს+ უკაცრიელ მიწაზე.+ მან ვაცი უდაბნოში უნდა გაუშვას.+
23 შევიდეს აარონი შეხვედრის კარავში და გაიხადოს სელის სამოსელი, რომელიც წმინდა ადგილზე შესვლისას ეცვა, და იქ დადოს. 24 იბანაოს+ წმინდა ადგილას, ჩაიცვას სხვა სამოსელი,+ მივიდეს და შესწიროს თავისი დასაწვავი მსხვერპლი+ და ხალხის დასაწვავი მსხვერპლი;+ ასე შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვისაც და ხალხისთვისაც.+ 25 ცოდვის შესაწირავის ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს.
26 მან, ვინც განტევების ვაცი+ გაუშვა, გაირეცხოს ტანსაცმელი და იბანაოს; მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ბანაკში შესვლა.
27 გაიტანონ ბანაკის გარეთ ცოდვის შესაწირავი მოზვერიცა და ვაციც, რომელთა სისხლიც გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას იყო შეტანილი. მათი ტყავი, ხორცი და ნეხვი ცეცხლში უნდა დაიწვას.+ 28 ვინც დაწვავს, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; ამის შემდეგ შეეძლება მას ბანაკში შესვლა.
29 ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის: მეშვიდე თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი* და არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა არ იმუშაოს.+ 30 ამ დღეს შესრულდება თქვენთვის გამოსყიდვის+ წესი და განიწმინდებით. იეჰოვას თვალში ყველა თქვენი ცოდვისგან იქნებით განწმენდილნი.+ 31 ეს თქვენთვის დასვენების შაბათი იქნება; დაიმდაბლეთ თავი.+ ეს არის სამარადისო წესი.
32 მან, ვისაც მამამისის შემდეგ+ სცხებენ ზეთს+ და მღვდლად დაინიშნება,+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სელის წმინდა სამოსელი ჩაიცვას.+ 33 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის,+ შეხვედრის კარვისთვის,+ სამსხვერპლოსთვის,+ მღვდლებისა და მთელი ხალხისთვის.+ 34 ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი,+ რათა წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის წესი შესრულდეს ისრაელთა ყველა ცოდვისთვის“.+
აარონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.
17 იეჰოვამ მოსეს მიმართა: 2 «უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს, აი, რა ბრძანა-თქო იეჰოვამ:
3 „თუ ისრაელთაგან ვინმე ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს მოზვერს, მამალ თოხლს ან თხას 4 და იეჰოვას კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს და იქ არ შესწირავს იეჰოვას, დამნაშავე იქნება; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოკვდეს. 5 ისრაელებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში სწირავენ, უნდა მიიყვანონ იეჰოვას წინაშე მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან, და იქ შესწირონ იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად.+ 6 მოასხუროს მღვდელმა სისხლი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მდგარ იეჰოვას სამსხვერპლოს და ზედ დაწვას ქონი, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 7 აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ ღვთაებებს*,+ რომლებსაც თაყვანს სცემენ*.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
8 ასე უთხარი მათ: ნებისმიერი ებრაელი და ნებისმიერი თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, რომელიც შესწირავს დასაწვავ მსხვერპლს ან სხვა მსხვერპლს 9 და არ მიიყვანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად, უნდა მოკვდეს.+
10 თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი სისხლს რაიმე სახით შეჭამს,+ უარვყოფ მას და არ ვაცოცხლებ, 11 ვინაიდან ხორციელის სიცოცხლე* მის სისხლშია,+ და მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ,+ რათა შესრულდეს თქვენთვის გამოსყიდვის წესი; სისხლს შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სიცოცხლით, რომელიც მასშია. 12 ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არცერთმა თქვენგანმა და არცერთმა თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა+ არ ჭამოთ-მეთქი სისხლი.+
13 თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ნადირობისას გარეულ ცხოველს ან ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მიწით დაფაროს. 14 ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია, ვინაიდან მასშია სიცოცხლე. ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია და ვინც მას შეჭამს, უნდა მოკვდეს-მეთქი.+ 15 ვინც ლეშს ან მხეცის დაგლეჯილს შეჭამს, მკვიდრი იქნება თუ უცხოელი,+ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და იბანაოს. იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება;+ მხოლოდ ამის შემდეგ განიწმინდება. 16 თუ ტანსაცმელს არ გაირეცხავს და არ იბანავებს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“».+
18 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 3 ნუ დაემსგავსებით ეგვიპტელებს, რომელთა შორისაც ცხოვრობდით, და ნურც ქანაანელებს, რომელთა მიწაზეც მიმყავხართ;+ არ გადმოიღოთ მათი წეს-ჩვეულებები. 4 აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 5 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს.+ მე ვარ იეჰოვა.
6 არცერთი თქვენგანი არ დაწვეს სისხლით ნათესავთან.+ მე ვარ იეჰოვა. 7 არ დაწვე არც მამაშენთან და არც დედაშენთან; დედაშენია იგი და არ დაწვე მასთან.
8 არ დაწვე მამაშენის ცოლთან;+ ამით მამაშენს შეურაცხყოფ.
9 არ დაწვე შენს დასთან, მამაშენის ან დედაშენის ასულთან, გინდ ერთ სახლში იყოთ დაბადებული, გინდ არა.+
10 არ დაწვე შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულთან; ამით საკუთარ თავს შეურაცხყოფ.
11 არ დაწვე მამაშენის ცოლის ასულთან — მამაშენის ასულთან, ვინაიდან შენი დაა იგი.
12 არ დაწვე მამაშენის დასთან; მამაშენის სისხლით ნათესავია იგი.+
13 არ დაწვე დედაშენის დასთან; დედაშენის სისხლით ნათესავია იგი.
14 არ დაწვე მამაშენის ძმის ცოლთან; ამით მამაშენის ძმას შეურაცხყოფ. შენი ბიცოლაა იგი.+
15 არ დაწვე შენს რძალთან;+ შენი ვაჟის ცოლია იგი და არ დაწვე მასთან.
16 არ დაწვე შენი ძმის ცოლთან;+ ამით შენს ძმას შეურაცხყოფ.
17 არ დაწვე შენი ცოლის* ასულთან;+ არ მოიყვანო მისი ვაჟის ან ქალიშვილის ასული და არ დაწვე მასთან, ვინაიდან ის მისი სისხლით ნათესავია. ეს ამაზრზენია.
18 არ მოიყვანო ცოლისდა და არ დაწვე მასთან შენი ცოლის სიცოცხლეში, თორემ ერთმანეთს მეტოქეებად ექცევიან.+
19 არ დაწვე ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალთან*.+
20 არ დაწვე შენი მოძმის ცოლთან, რათა არ გაუწმინდურდე.+
21 არცერთი შენი შთამომავალი არ მიუძღვნა* მოლექს,+ თორემ შებღალავ შენი ღვთის სახელს.+ მე ვარ იეჰოვა.
22 არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვებიან.+ ეს სისაძაგლეა.
23 არ დაწვეს კაცი ცხოველთან, რომ არ გაუწმინდურდეს; არც ქალი დაწვეს ცხოველთან.+ ეს ბუნებრივი წესის დარღვევაა.
24 არ გაიუწმინდუროთ თავი ამ ყველაფრით, რადგან ამით გაიუწმინდურეს თავი იმ ხალხებმა, რომლებსაც განვდევნი მათი მიწიდან.+ 25 ამიტომაცაა მათი მიწა გაუწმინდურებული. მე დავატეხ მათ სასჯელს მათივე დანაშაულის გამო და ამოიძირკვებიან იმ მიწიდან.+ 26 თქვენ კი დაიცავით ჩემი წესები და სამართალი;+ არ ჩაიდინოს არანაირი სისაძაგლე არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა.+ 27 ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის ის ხალხი, რომელიც იმ მიწაზე ცხოვრობს, სადაც შეხვალთ;+ ამიტომაც არის ის მიწა გაუწმინდურებული. 28 მაშინ აღარ შებღალავთ იმ მიწას და აღარ ამოიძირკვებით იქიდან, როგორც თქვენამდე მცხოვრები ხალხები ამოიძირკვებიან. 29 ვინც ამ სისაძაგლეთაგან რომელიმეს ჩაიდენს, უნდა მოკვდეს. 30 შეასრულეთ, რაც დაგავალეთ: არ დაიცვათ არცერთი საძულველი წეს-ჩვეულება, რასაც იქ მცხოვრებნი იცავენ,+ რათა თავი არ გაიუწმინდუროთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».
19 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
3 პატივი ეცით დედას და მამას.+ დაიცავით ჩემი შაბათები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 4 არ მიმართოთ უსარგებლო ღმერთებს+ და არ ჩამოასხათ კერპები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
5 თუ სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას,+ ისე შესწირეთ, რომ მან მოგიწონოთ.+ 6 შეწირული მსხვერპლი პირველ და მეორე დღეს ჭამეთ; რაც მოგრჩებათ, მესამე დღეს ცეცხლში დაწვით.+ 7 თუ მესამე დღესაც შეჭამთ, ეს დანაშაულად ჩაგეთვლებათ და შესაწირავს ღმერთი არ მიიღებს. 8 ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე, რადგან შებღალა ის, რაც წმინდაა იეჰოვასთვის. ის უნდა მოკვდეს.
9 როცა მოსავალს მოიმკი შენს მიწაზე, სრულად არ მომკა შენი მინდვრის ნაპირები და არ აკრიფო ის, რაც მოსავლის აღების დროს დაგიცვივდება.+ 10 შენს ვენახში აქა-იქ შემორჩენილი ყურძენი აღარ დაკრიფო და არც ძირს დაცვენილი აკრიფო; ღარიბებსა+ და ხიზნებს დაუტოვე. მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი.
11 არ იქურდო,+ არ იცრუო;+ არ მოექცეთ ერთმანეთს ვერაგულად. 12 ტყუილზე არ დაიფიცო ჩემი სახელი,+ რათა არ შებღალო შენი ღვთის სახელი. მე ვარ იეჰოვა. 13 არაფერი გამოსძალო მოძმეს+ და არ გაძარცვო;+ დაქირავებულ მუშას გასამრჯელო დღის ბოლომდე გადაუხადე.+
14 არ დასწყევლო ყრუ და უსინათლოს წინ არაფერი დაუდო, ფეხი რომ არ წამოჰკრას.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
15 ნურავის გამოუტან განაჩენს უსამართლოდ. ნუ იქნები მიკერძოებული — ნურც ღარიბს მიემხრობი და ნურც მდიდარს.+ სამართლიანად გაასამართლე შენი მოძმე.
16 ნუ შემოივლი შენს ხალხს იმისათვის, რომ მათთან ვინმეს ცილი დასწამო.+ შენი მოძმის სიცოცხლეს* ნუ ხელყოფ*.+ მე ვარ იეჰოვა.
17 არ შეიძულო შენი ძმა.+ აუცილებლად შეაგონე შენი მოძმე,+ რათა შენც არ შესცოდო.
18 არ იძიო შური+ შენს მოძმეზე და არც ბოღმა ჩაიდო გულში მის მიმართ. მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
19 დაიცავით ჩემი წესები: არ შეაჯვაროთ ორი სხვადასხვა შინაური ცხოველი, არ დათესოთ ორი სხვადასხვა მცენარის თესლი+ თქვენს მინდორში და არ ჩაიცვათ ორი სხვადასხვა ძაფით ნაქსოვი ტანსაცმელი.+
20 თუ კაცი მოახლე ქალთან დაწვება, რომელიც სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არც გამოსყიდულია და არც გათავისუფლებული, ორივენი უნდა დაისაჯონ, თუმცა ისინი არ უნდა დახოცონ, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა. 21 ამ კაცმა დანაშაულის შესაწირავი ვერძი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუყვანოს იეჰოვას.+ 22 შესწიროს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავი ვერძი იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად და მას ჩადენილი ცოდვა ეპატიება.
23 როცა იმ მიწაზე შეხვალთ და ნაყოფის მომცემ რომელიმე ხეს დარგავთ, მისი ნაყოფი უწმინდური იქნება თქვენთვის და არ უნდა ჭამოთ; სამი წელი აკრძალული გექნებათ მისი ჭამა; არ უნდა ჭამოთ. 24 მეოთხე წელს კი მისი ნაყოფი წმინდა იქნება; ის იეჰოვას სიხარულით შესწირეთ.+ 25 მეხუთე წელს შეგიძლიათ ჭამოთ მისი ნაყოფი. თქვენს მოსავალს ესეც შეემატება. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
ნუ დაიწყებთ ნურც მისნობას და ნურც ჯადოქრობას.+
27 არ შეიკრიჭოთ თმა საფეთქლებთან და არ დაიმახინჯოთ წვერის კიდეები.+
28 არ დაისეროთ სხეული მკვდრის* გამო+ და სხეულზე არაფერი დაიხატოთ. მე ვარ იეჰოვა.
29 არ აქციო მეძავად შენი ასული და ამგვარად არ შეურაცხყო იგი,+ რათა არ წაიბილწოს მიწა მეძაობით და არ აივსოს აღვირახსნილობით.+
30 დაიცავით ჩემი შაბათები+ და მოწიწება გქონდეთ ჩემი წმინდა ადგილის მიმართ. მე ვარ იეჰოვა.
31 არ მიმართოთ არც სულების გამომძახებლებს+ და არც მკითხავებს,+ რათა არ გაგაუწმინდურონ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
32 ჭაღარას წამოუდექი+ და პატივი ეცი მოხუცებულს.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
33 ცუდად არ მოეპყრო ხიზანს;+ 34 არ განასხვაო ხიზანი მკვიდრისგან.+ საკუთარი თავივით შეიყვარე იგი, ვინაიდან ერთ დროს თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
35 პატიოსნად მოიქეცი, როცა რაიმეს ზომავ, წონი თუ წყავ.+ 36 ზუსტი სასწორი, ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეთ. 37 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი;+ მე ვარ იეჰოვა“».
20 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „ნებისმიერი, ებრაელი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, რომელიც თავის შვილს მოლექს მიუძღვნის*, უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლოს ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა. 3 უარვყოფ მას და არ ვაცოცხლებ, რადგან მოლექს შესწირა თავისი შთამომავალი, რითაც წაბილწა ჩემი წმინდა ადგილი+ და შებღალა ჩემი წმინდა სახელი. 4 თუ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი თვალს დახუჭავს იმ კაცის საქციელზე, რომელიც მოლექს თავის შვილს მიუძღვნის, და არ მოკლავს,+ 5 მე უარვყოფ მას და მის ოჯახს;+ არ ვაცოცხლებ არც მას და არც მათ, ვინც მას აჰყვება და მოლექის თაყვანისცემას დაიწყებს*.
6 ვინც მიღალატებს* და სულების გამომძახებლებსა+ და მკითხავებს+ მიმართავს, მასაც უარვყოფ; არ ვაცოცხლებ.+
7 განიწმინდეთ და წმინდები იყავით;+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 8 დაიცავით ჩემი წესები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი.+
9 ვინც მამამისს ან დედამისს დასწყევლის, უნდა მოკვდეს.+ მისი სისხლი მისივე კისერზე იქნება, ვინაიდან მან თავისი დედ-მამა დასწყევლა.
10 ვინც მოძმის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს. ორივენი უნდა მოკვდნენ, კაციც და ქალიც.+ 11 ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, მამამისს შეურაცხყოფს.+ ორივენი უნდა მოკვდნენ; მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება. 12 თუ მამამთილი თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ, ვინაიდან ამაზრზენი რამ ჩაიდინეს. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება.+
13 თუ კაცი კაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, ეს სისაძაგლე იქნება.+ ორივენი უნდა მოკვდნენ. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება.
14 თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მის დედასთანაც დაწვება, ეს ამაზრზენი იქნება.+ სამივენი ცეცხლში დაწვით,+ რათა ასეთმა ამაზრზენმა საქციელმა ფეხი არ მოიკიდოს.
15 კაცი, რომელიც ცხოველთან დაწვება, არ აცოცხლოთ; ცხოველიც უნდა მოკლათ.+ 16 თუ ქალი ცხოველთან დაწვება,+ უნდა მოკლათ ქალიც და ცხოველიც. ორივე უნდა მოკლათ. მათზე იქნება მათი სისხლი.
17 თუ კაცი თავის დასთან დაწვება, მამამისის ან დედამისის ასულთან, და ერთმანეთის სიშიშვლეს დაინახავენ, ამით ის თავის დას შეურაცხყოფს.+ ისინი უნდა მოკვდნენ. მან თავისი და შეურაცხყო და პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე.
18 თუ კაცი დაწვება ქალთან, რომელსაც ყოველთვიური სისხლდენა აქვს, ამით ისინი სისხლს შეურაცხყოფენ.+ ორივენი უნდა მოკვდნენ.
19 არ დაწვე არც დედაშენის და არც მამაშენის დასთან, რადგან ეს ნათესავის შეურაცხყოფაა.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. 20 თუ კაცი თავის ბიცოლასთან დაწვება, ბიძამისს შეურაცხყოფს.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვაზე. ისინი უშვილოდ მოკვდებიან. 21 თუ კაცი თავისი ძმის ცოლთან დაწვება, ეს საზიზღრობაა;+ ის თავის ძმას შეურაცხყოფს. ისინი უშვილოდ მოკვდებიან.
22 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი,+ რათა არ ამოიძირკვოთ იმ მიწიდან, რომელსაც დაგამკვიდრებინებთ.+ 23 არ იაროთ იმ ხალხთა წესებით, რომელთაც განვდევნი იმ მიწიდან,+ რადგან ამ ყველაფერს ისინი სჩადიან და ზიზღს იწვევენ ჩემში.+ 24 ამიტომაც გითხარით, დაგამკვიდრებინებთ მათ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება-მეთქი.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც სხვა ხალხებისგან გამოგაცალკევეთ-მეთქი.+ 25 განასხვავეთ წმინდა ცხოველი უწმინდურისგან და წმინდა ფრინველი უწმინდურისგან;+ არ გაიუწმინდუროთ თავი იმ ცხოველით, ფრინველითა თუ მიწაზე მხოხავი არსებით, რომლებზეც გითხარით, რომ უწმინდურები არიან.+ 26 წმინდები იყავით, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ.+ მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რომ ჩემი ხალხი ყოფილიყავით.+
27 სულების გამომძახებელი და მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლეთ. მათი სისხლი მათივე კისერზე იქნება“».
21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გადაეცი მღვდლებს, აარონის ძეებს, რომ არცერთმა მათგანმა არ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის გამო*,+ 2 თუმცა სისხლით ნათესავისთვის — დედისთვის, მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის 3 და ქალწული დისთვის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა და მასთან ცხოვრობდა — შეუძლია გაიუწმინდუროს თავი; 4 არ გაიუწმინდუროს და არ წაიბილწოს თავი იმ ქალის გამო, რომელიც მის ხალხს შორის იყო გათხოვილი. 5 არ გადაიპარსოს თავი,+ არ შეიკრიჭოს წვერის კიდეები და არ დაისეროს სხეული.+ 6 ისინი წმინდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთის წინაშე+ და არ უნდა შებღალონ თავიანთი ღვთის სახელი,+ რადგან ისინი სწირავენ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, თავიანთი ღვთის პურს*; წმინდები უნდა იყვნენ ისინი.+ 7 არ უნდა შეირთონ არც მეძავი,+ არც ქალწულობადაკარგული და არც განათხოვარი ქალი,+ რადგან მღვდელი წმინდაა თავისი ღვთის თვალში. 8 წმინდად მიიჩნიეთ იგი,+ რადგან ის სწირავს თქვენი ღვთის პურს. ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, რადგან მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი, წმინდა ვარ.+
9 თუ მღვდლის ასული იმეძავებს და თავს წაიბილწავს, ამით მამამისსაც წაბილწავს. ის უნდა დაწვათ.+
10 მღვდელმთავარმა, რომელსაც თავის ძმებს შორის ზეთს სცხებენ,+ მღვდლად დანიშნავენ, და ის სამღვდელო სამოსელს ჩაიცვამს,+ არ უნდა იაროს მოუვლელი თმით და არც სამოსელი უნდა შემოიხიოს.+ 11 მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს,+ დედ-მამასაც კი, და არ გაიუწმინდუროს თავი. 12 არ გავიდეს წმინდა ადგილიდან და არ შებღალოს თავისი ღვთის წმინდა ადგილი,+ რადგან მიძღვნის ნიშნად მას თავისი ღვთის ზეთი სცხია.+ მე ვარ იეჰოვა.
13 მან ცოლად ქალწული უნდა მოიყვანოს.+ 14 არ შეირთოს არც ქვრივი, არც განათხოვარი, არც ქალწულობადაკარგული და არც მეძავი; მხოლოდ ქალწული შეირთოს თავისი ხალხიდან. 15 არ წაბილწოს თავისი შთამომავლობა თავის ხალხს შორის,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მისი განმწმენდელი“.
16 განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი: 17 „უთხარი აარონს, რომ მისი შთამომავლებიდან ნაკლის მქონე არცერთმა კაცმა არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 18 არ გაეკაროს წმინდა ადგილს ის, ვისაც ნაკლი აქვს: ბრმა, კოჭლი ან ცხვირდასახიჩრებულია, ვისაც ცალი კიდური გრძელი აქვს, 19 ფეხმოტეხილი, ხელმოტეხილი, 20 კუზიანი, ჯუჯა* ან თვალებდასნეულებულია, ვისაც კანის დაავადება აქვს და ვისაც სათესლეები აქვს დაზიანებული.+ 21 აარონ მღვდლის არცერთმა შთამომავალმა, რომელსაც ნაკლი აქვს, არ შესწიროს იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. მას ნაკლი აქვს; ამიტომ არ შესწიროს თავისი ღვთის პური. 22 მას შეუძლია ჭამოს თავისი ღვთის პური, წმინდა+ იქნება თუ უწმინდესი,+ 23 მაგრამ არ მიუახლოვდეს ფარდას+ და არ მივიდეს სამსხვერპლოსთან,+ რადგან ნაკლი აქვს. არ შებღალოს ჩემი წმინდა ადგილი,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.+
24 გადასცა მოსემ ეს მითითებები აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს.
22 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გადაეცი აარონსა და მის ვაჟებს, რომ უდიერად არ მოეპყრონ ისრაელების მიერ ჩემთვის გაღებულ წმინდა შესაწირავებს+ და არ შებღალონ ჩემი წმინდა სახელი.+ მე ვარ იეჰოვა. 3 უთხარი მათ, რომ, თუ მათი შთამომავლებიდან ვინმე გაუწმინდურებული მიეკარება ისრაელების მიერ იეჰოვასთვის გაღებულ შესაწირავებს, უნდა მოკვდეს.+ მე ვარ იეჰოვა. 4 აარონის შთამომავალთაგან არც კეთროვანმა+ და არც გამონადენიანმა+ არ ჭამოს ის, რაც წმინდაა, სანამ არ განიწმინდება;+ არც იმან ჭამოს, ვინც მკვდრით გაუწმინდურებულს შეეხო,+ ვისაც თესლდენა აქვს,+ 5 ვინც შეეხო უწმინდურ არსებას+ ან მას, ვინც რაიმე მიზეზითაა გაუწმინდურებული.+ 6 ვინც რომელიმე მათგანს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება და არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა. მან უნდა იბანაოს.+ 7 ის მზის ჩასვლის შემდეგ განიწმინდება და შეეძლება წმინდა შესაწირავიდან თავისი წილის ჭამა.+ 8 არც მკვდარი ცხოველი ჭამოს და არც მხეცისგან დაგლეჯილი, რათა არ გაუწმინდურდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
9 შეასრულონ მათ თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე, რომ ბრალი არ დაედოთ და არ დაიხოცონ იმის შებღალვის გამო, რაც წმინდაა. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
10 სხვამ* არ ჭამოს ის, რაც წმინდაა.+ არც მღვდელთან მცხოვრებმა ხიზანმა და არც დაქირავებულმა მუშამ არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა. 11 მაგრამ, ვისაც მღვდელი იყიდის, მას შეუძლია ჭამოს; მის სახლში დაბადებულ მონებსაც შეუძლიათ ჭამონ.+ 12 თუ მღვდლის ასული ცოლად გაჰყვება მას, ვინც მღვდელი არ არის*, მან აღარ უნდა ჭამოს წმინდა შესაწირავი. 13 თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმარს გასცილდება, შთამომავალი არ დარჩება და მამის სახლში დაბრუნდება, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა, შეუძლია ჭამოს ის, რაც მამამისს წილად ხვდება;+ სხვამ არ ჭამოს.
14 თუ კაცი უნებურად შეჭამს იმას, რაც წმინდაა, აანაზღაუროს წმინდა შესაწირავი, დაუმატოს მეხუთედი და მღვდელს მისცეს.+ 15 არ შებღალონ მღვდლებმა ის, რაც წმინდაა, რასაც ისრაელები იეჰოვას სწირავენ,+ 16 ვინაიდან, თუ აჭმევენ ისრაელებს იმას, რაც წმინდაა, ხალხი დამნაშავე იქნება და დაისჯება. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.
17 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 18 „აარონს, მის ვაჟებსა და დანარჩენ ისრაელებს გადაეცი, რომ, თუ რომელიმე ებრაელი ან მათ შორის მცხოვრები უცხოელი დასაწვავ მსხვერპლს,+ აღთქმულს ან ნებაყოფლობითს, შესწირავს იეჰოვას,+ 19 მისი კეთილგანწყობა რომ მოიპოვონ, შესაწირავად საღი მოზვერი, მამალი თოხლი+ ან თხა უნდა გაიღონ. 20 ნაკლიანი არაფერი შესწიროთ,+ თორემ მის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებთ.
21 თუ კაცი იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავს+ აღთქმის შესასრულებლად ან ნებაყოფლობით შესაწირავად, მისი კეთილგანწყობა რომ მოიპოვოს, შესაწირავი, მსხვილფეხა იქნება თუ წვრილფეხა, საღი უნდა იყოს; არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს. 22 იეჰოვას არც ბრმა, არც მოტეხილობის მქონე, არც ჭრილობის მქონე, არც მეჭეჭიანი და არც კანის დაავადების მქონე შესაწირავი არ მიუყვანოთ; ასეთი შესაწირავი არ დადოთ სამსხვერპლოზე იეჰოვას წინაშე. 23 მოზვერი ან ცხვარი, რომელსაც რომელიმე ფეხი გრძელი ან მოკლე აქვს, შეგიძლიათ ნებაყოფლობით შესაწირავად შესწიროთ, მაგრამ აღთქმულ შესაწირავად არ შესწიროთ, რადგან არ იქნება მიღებული. 24 არ მიუყვანოთ და არ შესწიროთ იეჰოვას ისეთი ცხოველი, რომელსაც სათესლეები დაზიანებული, მოგლეჯილი ან მოკვეთილი აქვს. 25 ასეთი შესაწირავი არც უცხოელმა შესწიროს; ნაკლიანია და არ იქნება მიღებული“.
26 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 27 „ხბო, ბატკანი ან თიკანი მოგებიდან შვიდი დღე უნდა დატოვოთ დედასთან,+ მერვე დღიდან მოყოლებული კი მისი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის, შეწირვა მისაღები იქნება იეჰოვასთვის. 28 ძროხა და ცხვარი თავიანთ ნაშიერებთან ერთად ერთსა და იმავე დღეს არ დაკლათ.+
29 როცა იეჰოვას სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ,+ ისე შესწირეთ, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. 30 ის იმავე დღეს უნდა ჭამოთ; დილამდე არ მოიტოვოთ.+ მე ვარ იეჰოვა.
31 დაიცავით ჩემი მცნებები.+ მე ვარ იეჰოვა. 32 არ შებღალოთ ჩემი წმინდა სახელი;+ ისრაელებს შორის წმინდა უნდა ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი;+ 33 მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა გერწმუნათ, რომ თქვენი ღმერთი ვარ.+ მე ვარ იეჰოვა“.
23 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „იეჰოვას დღესასწაულები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს+ უნდა იზეიმოთ*, წმინდა შეკრებებია; იზეიმეთ ჩემი დღესასწაულები.+
3 ექვსი დღე აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი დასვენების შაბათია,+ წმინდა შეკრება. არ იმუშაოთ. ეს უნდა იყოს შაბათი იეჰოვას განსადიდებლად — ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.+
4 აი იეჰოვას დღესასწაულები, წელიწადის სხვადასხვა დროს აღსანიშნავი წმინდა შეკრებები, რომლებიც დანიშნულ დროს უნდა იზეიმოთ. 5 პირველი თვის მე-14 დღეს,+ შებინდებისას*, პასექი+ აღნიშნეთ იეჰოვას განსადიდებლად.
6 ამავე თვის მე-15 დღეს უფუარობის დღესასწაული აღნიშნეთ იეჰოვას განსადიდებლად.+ შვიდი დღის განმავლობაში ჭამეთ ხმიადი.+ 7 პირველ დღეს წმინდა შეკრება გექნებათ.+ არ იმუშაოთ. 8 შვიდი დღის განმავლობაში უნდა სწირავდეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს. მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება გექნებათ; არ იმუშაოთ“».
9 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 10 «გადაეცი ისრაელებს: „როდესაც იმ მიწაზე მიხვალთ, რომელსაც გაძლევთ, და მოიმკით მოსავალს, პირველი ძნა+ მღვდელს მიუტანეთ.+ 11 მან იეჰოვას წინაშე შეარხიოს ძნა, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. შაბათის მომდევნო დღეს შეარხიოს ის მღვდელმა. 12 ძნის შერხევის დღეს დასაწვავ მსხვერპლად იეჰოვას ერთწლიანი საღი მამალი თოხლი შესწირეთ, 13 მარცვლეულ შესაწირავად — ორი მეათედი ეფა* ზეთიანი წმინდად დაფქული ფქვილი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც საამო* სურნელება, ხოლო დასაღვრელ შესაწირავად — მეოთხედი ჰინი* ღვინო. 14 ამ დღემდე, ვიდრე ღმერთს შესაწირავს არ მიუტანთ, არ ჭამოთ არც პური*, არც ახლადშემოსული თავთავი და არც მოხალული მარცვლეული. ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.
15 შაბათის მომდევნო დღიდან, შესარხევ შესაწირავად ძნის მიტანის დღიდან, გადაითვალეთ შვიდი შაბათი,+ სრული შვიდი კვირა; 16 მეშვიდე შაბათის მომდევნო დღეს, 50-ე დღეს,+ შესწირეთ იეჰოვას ახალი მარცვლეული შესაწირავი.+ 17 შესარხევ შესაწირავად სახლიდან მიიტანეთ ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი ორი პური. საფუვრით გამოაცხვეთ+ და მიუტანეთ ის იეჰოვას როგორც პირველი ნაყოფი.+ 18 პურს რომ მიიტანთ, მიიყვანეთ ერთწლიანი შვიდი საღი მამალი თოხლიც, ერთი მოზვერი და ორი ვერძი.+ ეს იქნება იეჰოვასთვის დასაწვავი მსხვერპლი მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 19 აგრეთვე შესწირეთ ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად+ და ერთწლიანი ორი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლად.+ 20 შეარხიოს მღვდელმა მამალი თოხლები პირველმოწეული ნაყოფის პურთან ერთად როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე. ეს წმინდაა იეჰოვასთვის და მღვდელს ეკუთვნის.+ 21 გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმინდა შეკრება.+ არ იმუშაოთ. ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.
22 როცა მოსავალს მოიმკით თქვენს მიწაზე, სრულად არ მომკათ თქვენი მინდვრის ნაპირები, და რაც მოსავლის აღების დროს დაგიცვივდებათ, არ აკრიფოთ;+ ღარიბებსა+ და ხიზნებს დაუტოვეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».
23 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 24 «გადაეცი ისრაელებს: „მე-7 თვის პირველი დღე თქვენთვის დასვენების დღე იქნება; საყვირით ეუწყოს ხალხს ამ დღის დაწყება+ იმის შესახსენებლად, რომ ეს წმინდა შეკრებაა. 25 არ იმუშაოთ. შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი“».
26 განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი: 27 „მე-7 თვის მე-10 დღე გამოსყიდვის დღეა.+ მოაწყვეთ წმინდა შეკრება, დაიმდაბლეთ თავი*+ და შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. 28 ამ დღეს არ იმუშაოთ, რადგან ეს გამოსყიდვის დღეა და გამოსყიდვის წესი უნდა შესრულდეს+ თქვენთვის თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 29 ვინც თავს არ დაიმდაბლებს ამ დღეს, უნდა მოკვდეს;+ 30 ვინც ამ დღეს იმუშავებს, სიკვდილით დავსჯი. 31 არ იმუშაოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენთვის თაობიდან თაობაში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. 32 ეს თქვენთვის დასვენების შაბათია. ამ თვის მეცხრე დღეს, საღამოს, თავი დაიმდაბლეთ.+ დაიცავით შაბათი საღამოდან საღამომდე“.
33 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 34 «გადაეცი ისრაელებს: „მე-7 თვის მე-15 დღიდან კარვობის შვიდდღიანი დღესასწაული* იზეიმეთ იეჰოვას განსადიდებლად.+ 35 პირველ დღეს წმინდა შეკრებაა. არ იმუშაოთ. 36 შვიდი დღის განმავლობაში შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. მერვე დღეს წმინდა შეკრება მოაწყვეთ+ და შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. ეს საზეიმო შეკრებაა. არ იმუშაოთ.
37 ეს იეჰოვას დღესასწაულებია, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა იზეიმოთ;+ ეს წმინდა შეკრებებია.+ შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავები: დასაწვავი მსხვერპლი,+ მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი,+ თითოეული თავის დანიშნულ დღეს. 38 ამ შესაწირავების გარდა, შესწირეთ იეჰოვას შაბათის შესაწირავი,+ ძღვენი,+ აღთქმული შესაწირავი+ და ნებაყოფლობითი შესაწირავი;+ შესწირეთ ეს ყველაფერი იეჰოვას. 39 მაგრამ მე-7 თვის მე-15 დღიდან, როცა მოსავალი მოწეული გექნებათ, შვიდი დღის განმავლობაში იზეიმეთ იეჰოვას დღესასწაული.+ პირველი და მერვე დღე დასვენების დღეებია.+ 40 პირველ დღეს დაკრიფეთ საუკეთესო ხეების ნაყოფი, მოატეხეთ პალმებს რტოები,+ შეფოთლილ ხეებსა და ხევის ვერხვებს — ტოტები, და შვიდი დღის განმავლობაში+ იმხიარულეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე.+ 41 იეჰოვას ეს დღესასწაული წელიწადში შვიდი დღის განმავლობაში იზეიმეთ.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში. ეს დღესასწაული მეშვიდე თვეს იზეიმეთ. 42 შვიდი დღე კარვებში უნდა იცხოვროთ.+ ისრაელის ყველა მკვიდრმა კარვებში უნდა იცხოვროს, 43 რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ,+ რომ ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ ისრაელები კარვებში ვაცხოვრე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».
44 ელაპარაკა მოსე ისრაელებს იეჰოვას დღესასწაულებზე.
24 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „უბრძანე ისრაელებს, რომ მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 3 ლამპრებს აარონმა მიხედოს, რომ ისინი შეხვედრის კარავში, გამყოფი ფარდის აქეთ, რომელიც მოწმობის კიდობანთანაა, საღამოდან დილამდე ენთოს იეჰოვას წინაშე. ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში. 4 ხალასი ოქროს სალამპრე+ ყოველთვის გამართული უნდა იყოს იეჰოვას წინაშე.
5 წმინდად დაფქული ფქვილისგან 12 რგოლისებრი პური გამოაცხვე. თითო პური ორი მეათედი ეფა* ფქვილით გამოაცხვე. 6 ხალასი ოქროს მაგიდაზე+ ექვს-ექვსი პური ორ წყებად დააწყვე იეჰოვას წინაშე.+ 7 ზემოდან ორივე წყებას სუფთა გუნდრუკი მოაყარე. ეს იქნება შესაწირავი იეჰოვასთვის.+ დაწვი გუნდრუკი, რათა მისთვის ეს შესაწირავი მისაღები იყოს. 8 მღვდელი ყოველ შაბათს უნდა აწყობდეს პურს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის ისრაელებთან დადებული სამარადისო შეთანხმება. 9 ეს პური აარონმა და მისმა ვაჟებმა+ წმინდა ადგილას უნდა ჭამონ,+ რადგან მღვდლისთვის ის უწმინდესია იეჰოვასთვის გაღებულ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის. ეს არის სამარადისო წესი“.
10 ერთხელ ერთი ებრაელი ქალისა და ეგვიპტელი კაცის ვაჟი+ და ერთი ებრაელი კაცი ერთმანეთს წაეჩხუბნენ ბანაკში. 11 ებრაელი ქალის ვაჟმა შეურაცხყო და დასწყევლა ღვთის სახელი.+ იგი მოსეს მიუყვანეს.+ დედამისი შელომითი დანისტომელი დიბრის ქალიშვილი იყო. 12 იგი დააკავეს, და ვიდრე იეჰოვას სიტყვა ეუწყებოდათ, დაკავებული ჰყავდათ.+
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 14 „ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ის, ვინც ჩემი სახელი დაწყევლა. თავზე ხელები დაადოს მას ყველამ, ვინც მისი წყევლა გაიგონა, და მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.+ 15 უთხარი ისრაელებს, რომ, თუ ვინმე ღმერთს დასწყევლის, პასუხს აგებს თავის ცოდვაზე. 16 ღვთის სახელის, იეჰოვას, შეურაცხმყოფელი უნდა მოკვდეს;+ მთელმა ხალხმა უნდა ჩაქოლოს იგი. ღვთის სახელის შეურაცხყოფისთვის მკვიდრიც უნდა მოკვდეს და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელიც.
17 ის, ვინც ადამიანს* მოკლავს, უნდა მოკვდეს.+ 18 ვინც შინაურ ცხოველს* მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ზღოს. 19 თუ კაცი თავის მოძმეს რაიმეს დაუშავებს, რაც მას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ:+ 20 მოტეხილობა მოტეხილობით ზღოს, თვალი — თვალით, კბილი — კბილით. რაც მან სხვას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ.+ 21 ვინც ცხოველს მოკლავს, უნდა აანაზღაუროს,+ მაგრამ ვინც კაცს მოკლავს, თავადაც უნდა მოკვდეს.+
22 ერთი სამართალი გქონდეთ მკვიდრისთვისაც და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელისთვისაც,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
23 გადასცა მოსემ ისრაელებს ღვთის სიტყვები. ბანაკის გარეთ გაიყვანეს ის, ვინც ღვთის სახელი დაწყევლა, და ჩაქოლეს.+ ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.
25 იეჰოვამ მოსეს სინაის მთაზე უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „როცა დაიმკვიდრებთ იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ,+ დაიცავით იეჰოვას შაბათი და დაასვენეთ ის მიწა.+ 3 ექვსი წელიწადი თესე თესლი შენს მინდორში, ექვსი წელიწადი სხალი შენი ვენახი და მოიწიე მოსავალი,+ 4 მეშვიდე წელს კი დაასვენე მიწა; ეს მიწის შაბათია, იეჰოვას შაბათი. არ დათესო თესლი შენს მინდორში და არ გასხლა შენი ვენახი; 5 არ მომკა ნაგერალი და არ დაკრიფო გაუსხლავი ვენახი. მიწისთვის ეს დასვენების წელიწადია. 6 მაგრამ, რაც მიწაზე შაბათს თავისით მოვა, ის შეგიძლიათ ჭამოთ შენ, შენმა მონამ, მხევალმა, დაქირავებულმა მუშამ, ხიზანმა, 7 შინაურმა და გარეულმა ცხოველებმა, რომლებიც შენს მიწაზე ბინადრობენ. ყველაფერი, რაც მიწაზე მოვა, შეგიძლიათ ჭამოთ.
8 გადაითვალეთ შვიდი შაბათის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, სულ 49 წელი. 9 მე-7 თვის მე-10 დღეს ძლიერად ჩაჰბერეთ საყვირს; გამოსყიდვის დღეს+ მთელ თქვენს მიწაზე გაისმას საყვირის ხმა. 10 განწმინდეთ 50-ე წელი და გამოაცხადეთ იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის.+ ეს სადღესასწაულო წელი იქნება თქვენთვის. დაუბრუნდეს ყველას თავ-თავისი ქონება და ყველა თავ-თავის ოჯახში დაბრუნდეს.+ 11 50-ე წელი სადღესასწაულო წელი იქნება. არც თესლი დათესოთ, არც ნაგერალი მომკათ და არც გაუსხლავი ვენახი დაკრიფოთ.+ 12 ეს სადღესასწაულო წელი იქნება და ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის. შეგიძლიათ ჭამოთ ის, რასაც მიწა თავისით მოიწევს.+
13 სადღესასწაულო წელს თითოეულს დაუბრუნდეს თავისი ქონება.+ 14 თუ შენი მოძმისგან რაიმეს იყიდი ან ის იყიდის შენგან რამეს, უსამართლოდ არ მოექცეთ ერთმანეთს;+ 15 სადღესასწაულო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით იყიდეთ; გასაყიდი ფასი მოსავლის აღების წლების მიხედვით უნდა დაწესდეს.+ 16 რაც მეტი წელი იქნება დარჩენილი, მით მეტი იქნება გასაყიდი ფასი, და რაც ნაკლები წელი იქნება დარჩენილი, მით ნაკლები იქნება გასაყიდი ფასი, რადგან მოსავლის აღების წლების მიხედვით უნდა იყიდოთ. 17 უსამართლოდ არ მოექცეთ ერთმანეთს.+ გეშინოდეთ თქვენი ღვთისა;+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 18 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და უსაფრთხოდ იცხოვრებთ იმ მიწაზე.+ 19 მოგცემთ მიწა ნაყოფს,+ ძღომამდე შეჭამთ და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+
20 იმის გამო, რომ მეშვიდე წელს თესლს არ დათესავთ და მოსავალს არ აიღებთ, არ იჯავროთ, რა ვჭამოთო.+ 21 მე გაკურთხებთ მეექვსე წელს და სამი წლის მოსავალს მოიყვანთ.+ 22 დათესეთ თესლი მერვე წელს და მეცხრე წლამდე ძველი მოსავალი ჭამეთ; ახალი მოსავლის აღებამდე ძველი ჭამეთ.
23 მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს,+ რადგან ჩემია.+ თქვენ ხიზნები ხართ ამ მიწაზე.+ 24 მთელ იმ მიწაზე, რომელსაც დაიმკვიდრებთ, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი მიწის გამოსყიდვის უფლება.
25 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და ქონების ნაწილს გაყიდის, მივიდეს გამომსყიდველი, მისი ახლო ნათესავი, და გამოისყიდოს ის, რაც მისმა მოძმემ გაყიდა.+ 26 თუ გამომსყიდველი არ გამოუჩნდება, მაგრამ თავად იშოვის იმდენს, რომ გამოისყიდოს, 27 გამოთვალოს მისი ღირებულება გაყიდვიდან გასული წლების რაოდენობის მიხედვით და აუნაზღაუროს სხვაობა მას, ვისაც თავისი ქონება მიჰყიდა. ასე დაიბრუნებს იგი თავის ქონებას.+
28 თუ გამოსყიდვისთვის საჭირო თანხას ვერ იშოვის, გაყიდული ქონება სადღესასწაულო წლამდე მყიდველს დარჩება,+ სადღესასწაულო წელს კი ქონება პატრონს დაუბრუნდება.+
29 თუ კაცი სახლს გალავნიან ქალაქში გაყიდის, მისი გამოსყიდვის უფლება მას გაყიდვიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ექნება; მთელი წლის განმავლობაში ექნება გამოსყიდვის უფლება.+ 30 მაგრამ, თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გამოისყიდის, სახლი გალავნიან ქალაქში მას დარჩება, ვისაც ის მიჰყიდა, და ეს სახლი მის თაობებს გადაეცემა. სადღესასწაულო წელს სახლი მის ყოფილ პატრონს აღარ დაუბრუნდება. 31 თუმცა ქვეყნის უგალავნო დასახლებაში სახლი მინდვრის ნაწილად ჩაითვლება. მისი გამოსყიდვის უფლება პატრონს შეუნარჩუნდება. ის სადღესასწაულო წელს პატრონს დაუბრუნდება.
32 რაც შეეხება ლევიანთა სახლებს, რომლებიც მათივე ქალაქებში იქნება,+ ლევიანებს მათი გამოსყიდვის უფლება ყოველთვის ექნებათ. 33 თუ ლევიანი ვერ გამოისყიდის ლევიანთა ქალაქში გაყიდულ თავის სახლს, ის მას სადღესასწაულო წელს დაუბრუნდება,+ ვინაიდან ისრაელთა დასახლებებს შორის მდებარე ლევიანთა ქალაქების სახლები მათი საკუთრებაა.+ 34 მათი ქალაქების გარშემო საძოვრები+ არ უნდა გაიყიდოს; საძოვრები მუდამ მათი საკუთრება იქნება.
35 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის რჩენას ვეღარ შეძლებს, მას ისე გაუმართე ხელი,+ როგორც ხიზანსა და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელს გაუმართავდი ხელს,+ რათა იცოცხლოს. 36 არ გამოართვა მას სარგებელი.+ გეშინოდეს შენი ღვთისა+ და იცოცხლებს შენი ძმა. 37 სარგებლით არც ფული მისცე+ და არც საკვები. 38 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან,+ რომ დაგამკვიდროთ ქანაანში და თქვენი ღმერთი ვიყო.+
39 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავს მოგყიდის,+ მონასავით არ ამუშაო.+ 40 ისე მოექეცი მას, როგორც დაქირავებულ მუშას+ და როგორც ხიზანს. სადღესასწაულო წლამდე გემსახუროს. 41 შემდეგ წავიდეს ის თავის შვილებთან ერთად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს; ის უნდა დაუბრუნდეს მამაპაპეულ სამკვიდროს,+ 42 რადგან ჩემი მონები არიან ისინი, ვინც ეგვიპტიდან გამოვიყვანე.+ მათ მონასავით არ უნდა გაიყიდონ თავი. 43 უმოწყალოდ არ მოექცე მას,+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ 44 მონა და მხევალი შეგიძლიათ თქვენ გარშემო მცხოვრები მეზობელი ხალხებისგან იყიდოთ. 45 მონისა და მხევლის ყიდვა თქვენთან მცხოვრები ხიზნებისა და მათი შთამომავლებისგანაც შეგეძლებათ,+ რომლებიც თქვენს ქვეყანაში დაიბადებიან. ისინი იქნებიან თქვენი საკუთრება. 46 მათი შთამომავლები თქვენი ვაჟების მონები იქნებიან. ისინი მათი საკუთრება გახდებიან. ისინი ამუშავეთ, ხოლო თქვენს მოძმე ებრაელებს ნუ დაიმონებთ და ულმობლად ნუ მოექცევით.+
47 თუ შენ გვერდით მცხოვრები უცხოელი ან ხიზანი გამდიდრდება, ხოლო შენი მოძმე გაღარიბდება და ხიზანს, უცხოელს ან მის შთამომავალს მიეყიდება, 48 მას გამოსყიდვის უფლება არ წაერთმევა; მისი გამოსყიდვა შეეძლება მის ერთ-ერთ ძმას,+ 49 ბიძას, ბიძაშვილს ან რომელიმე სისხლით ნათესავს.
თუ იგი გამდიდრდება, თავადვე შეეძლება საკუთარი თავის გამოსყიდვა.+ 50 ვისაც მიეყიდა, მას თანხა სადღესასწაულო წლამდე+ დარჩენილი წლების რაოდენობის მიხედვით მისცეს.+ მისი ყოველდღიური გასამრჯელო იმდენი უნდა იყოს, რამდენიც დაქირავებული მუშისა.+ 51 თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, გამოსასყიდი თანხა დარჩენილი წლების რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს. 52 თუ სადღესასწაულო წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, მან გამოსასყიდის საფასური დარჩენილი წლების მიხედვით დაიანგარიშოს და გადაიხადოს. 53 წლიდან წლამდე ბატონს დაქირავებული მუშასავით ემსახუროს. ყურადღებით იყავით, რომ ბატონი მას უმოწყალოდ არ მოექცეს.+ 54 თუ ვერ გამოისყიდის თავს, ის სადღესასწაულო წელს თავის შვილებთან ერთად გათავისუფლდება.+
55 ისრაელები ჩემი მონები არიან. ისინი ჩემი მონები არიან, რომლებიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე.+ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“».
26 „არ გაიკეთოთ უსარგებლო ღმერთები,+ არ აღმართოთ ქანდაკებები,+ არც სათაყვანო სვეტები, და არ დაიდგათ ქვის ფიგურები+ თაყვანსაცემად,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 2 დაიცავით ჩემი შაბათები და მოწიწება გქონდეთ ჩემი წმინდა ადგილის მიმართ. მე ვარ იეჰოვა.
3 თუ დაიცავთ ჩემს წესებსა და მცნებებს,+ 4 დროულად მოგივლენთ წვიმას,+ მიწა მოგცემთ მოსავალს+ და ხე — ნაყოფს. 5 ლეწვა რთვლამდე გასტანს, რთველი კი — თესვამდე. ძღომამდე შეჭამთ პურს და უსაფრთხოდ იცხოვრებთ თქვენს მიწაზე.+ 6 მშვიდობიანად გაცხოვრებთ იმ მიწაზე,+ მშვიდად დაიძინებთ და არავის შიში არ გექნებათ;+ მოგაშორებთ მტაცებელ ცხოველებს და არავინ აღმართავს მახვილს თქვენ წინააღმდეგ. 7 დაედევნებით მტრებს და მახვილით განგმირავთ მათ. 8 ხუთნი ასს განდევნით და ასნი — ათი ათასს; მახვილით განგმირავთ თქვენს მტრებს.+
9 მოწყალე თვალით გადმოგხედავთ და გაგამრავლებთ,+ შევასრულებ თქვენთან დადებულ ჩემს შეთანხმებას.+ 10 ჯერ კიდევ ძველი მოსავალი გექნებათ საჭმელად, როცა ახალი მოსავლისთვის ადგილის გათავისუფლება მოგიწევთ. 11 თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს+ და არ უარგყოფთ. 12 თქვენთან ვიქნები და თქვენი ღმერთი ვიქნები,+ თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით.+ 13 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, დაგიხსენით მონობიდან და დავამსხვრიე თქვენი უღელი, რომ წელში გამართულიყავით.
14 მაგრამ, თუ არ მომისმენთ და არ დაიცავთ ჩემს მცნებებს,+ 15 უარყოფთ ჩემს წესებს,+ შეიძულებთ ჩემს სამართალს, არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და დაარღვევთ ჩემს შეთანხმებას,+ 16 ასე მოგექცევით: შიშის ზარს დაგცემთ, ჭლექსა და ციებ-ცხელებას შეგყრით, თვალისჩინს წაგართმევთ და დაგაუძლურებთ. ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მაინც მტერი შეგიჭამთ.+ 17 ზურგს შეგაქცევთ და მტერი დაგამარცხებთ;+ თქვენი მოძულენი გაგთელავენ+ და გაიქცევით, მაშინ როცა მდევარი არ გეყოლებათ.+
18 თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 19 მოვდრეკ თქვენს სიამაყეს, ცას რკინად გიქცევთ+ და მიწას — სპილენძად. 20 ტყუილუბრალოდ გაირჯებით, რადგან მიწა მაინც არ მოგცემთ მოსავალს+ და ხე — ნაყოფს.
21 თუ კვლავაც ჩემ წინააღმდეგ წახვალთ და არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 22 შემოგასევთ მხეცებს+ და ისინი დაგიხოცავენ შვილებს,+ გაგიწყვეტენ შინაურ ცხოველებს, თითო-ოროლაღა დარჩებით და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.+
23 თუ მაინც არ გამოსწორდებით+ და კვლავ წინააღმდეგობას გამიწევთ, 24 მაშინ მეც დაგიპირისპირდებით და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 25 შეთანხმების დარღვევის გამო მტერს შემოგასევთ.+ თუ თქვენს ქალაქებს შეაფარებთ თავს, ჭირს შეგყრით;+ მტრის ხელში ჩაცვივდებით.+ 26 როცა პურის მარაგს* გამოგილევთ,+ ათი ქალი ერთ ღუმელში გამოგიცხობთ პურს და წონით მოგცემთ.+ შეჭამთ, თუმცა ვერ გაძღებით.+
27 თუ არც ამის შემდეგ მომისმენთ და წინააღმდეგობას გამიწევთ, 28 მეც უფრო განრისხებული დაგიპირისპირდებით+ და შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. 29 თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს შეჭამთ.+ 30 გავანადგურებ თქვენს სათაყვანო მაღლობებს+ და დავამსხვრევ თქვენს სასაკმევლეებს, თქვენს გვამებს კი თქვენს საზიზღარ კერპთა* ნამსხვრევებზე დავახვავებ;+ შეგიძულებთ და ზურგს შეგაქცევთ.+ 31 მიწასთან გავასწორებ თქვენს ქალაქებს+ და გავაცამტვერებ თქვენს სათაყვანო ადგილებს, აღარ მეამება თქვენი მსხვერპლის საამო* სურნელება. 32 გავაპარტახებ თქვენს მიწას+ და თქვენი მტრები, რომლებიც იქ დასახლდებიან, გაოგნებულები დაუწყებენ მას ყურებას.+ 33 ხალხებში გაგფანტავთ+ და შიშველ მახვილს დაგადევნებთ.+ გაპარტახდება თქვენი მიწა+ და თქვენი ქალაქები ნანგრევებად იქცევა.
34 მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა თქვენი მიწა გაპარტახებული იქნება და მტრების მიწაზე იცხოვრებთ, თქვენი მიწა შაბათებს აინაზღაურებს. მაშინ დაისვენებს მიწა, რომ აინაზღაუროს შაბათები.+ 35 როცა თქვენი მიწა გაპარტახებული იქნება, მაშინ დაისვენებს, რადგან არ დაუსვენია იმ შაბათების განმავლობაში, როცა იქ ცხოვრობდით.
36 მტრის მიწაზე ყოფნისას გულებს შეგიკრთობთ. ფოთლის შრიალზეც კი გაიქცევით, ისე გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ და დაეცემით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.+ 37 ერთმანეთს ფეხებში მოედებით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ და მდევარი მოგდევდეთ. ძალა არ გეყოფათ მტერთან გასამკლავებლად.+ 38 სხვა ხალხთა მიწაზე დაიღუპებით+ და მტრის მიწა შეგჭამთ. 39 ვინც გადარჩებით, თქვენი დანაშაულის გამო მტრის მიწაზე დალპებით;+ თქვენი მამების დანაშაულის გამო დალპებით.+ 40 მერეღა აღიარებთ თქვენს დანაშაულს,+ თქვენი მამების ორგულობასა და მათ დანაშაულს; აღიარებთ, რომ ისინი ჩემ წინააღმდეგ მიდიოდნენ და მღალატობდნენ.+ 41 მეც წავალ თქვენ წინააღმდეგ+ და მტრის მიწაზე მიგიყვანთ.+
იქნებ დაიმდაბლოთ თავი+ და გამოისყიდოთ თქვენი დანაშაული. 42 გავიხსენებ იაკობთან,+ ისაკთან+ და აბრაამთან დადებულ შეთანხმებებს;+ ისიც მეხსომება, რომ მიწის მიცემა აღვუთქვი. 43 თქვენგან მიტოვებული მიწა აინაზღაურებს შაბათებს+ და გაუკაცრიელდება; პასუხს აგებთ თქვენს დანაშაულზე, რადგან უკუაგდეთ ჩემი სამართალი და შეიზიზღეთ ჩემი წესები.+ 44 ამ ყოველივეს მიუხედავად, როცა თქვენი მტრის მიწაზე იქნებით, საბოლოოდ არ უარგყოფთ+ და არ მოგსპობთ, რომ არ დავარღვიო თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 45 თქვენი გულისთვის გავიხსენებ თქვენს წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას,+ ხალხთა თვალწინ რომ გამოვიყვანე ეგვიპტიდან,+ რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ იეჰოვა“.
46 ესაა ის წესები, სამართალი და კანონები, რომლებიც იეჰოვამ მოსეს სინაის მთაზე მისცა ისრაელებისთვის გადასაცემად.+
27 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „თუ ვინმე იეჰოვას განსაკუთრებულ აღთქმას+ დაუდებს, რომ ადამიანის სანაცვლოდ დადგენილ საფასურს გადაიხდის, 3 20-დან 60 წლამდე მამაკაცის საფასური 50 შეკელი* ვერცხლი იქნება წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით; 4 ქალის საფასური 30 შეკელი იქნება; 5 5-დან 20 წლამდე ბიჭის საფასური 20 შეკელი იქნება, ხოლო გოგოსი — 10 შეკელი. 6 ერთი თვიდან 5 წლამდე ბიჭის საფასური 5 შეკელი ვერცხლი იქნება, ხოლო გოგოსი — 3 შეკელი ვერცხლი.
7 60 წელს გადაცილებული მამაკაცის საფასური 15 შეკელი იქნება, ქალისა — 10 შეკელი. 8 თუმცა, თუ აღთქმის დამდები იმდენად ღარიბი იქნება, რომ დადგენილ საფასურს ვერ გადაიხდის,+ წარუდგინოს მღვდელს ის, ვისი საფასურიც უნდა გადაეხადა, და მღვდელი მას აღთქმის დამდების შესაძლებლობის მიხედვით შეაფასებს.+
9 თუ ვინმე იეჰოვას შესაწირავად ვარგის ცხოველს აღუთქვამს, რომელსაც იეჰოვასთვის გამოყოფს, წმინდა იქნება. 10 არ უნდა შეცვალოს ცხოველი: არც კარგი — ცუდით და არც ცუდი — კარგით. მაგრამ, თუ ცხოველს ცხოველით მაინც შეცვლის, ორივე ცხოველი წმინდა იქნება. 11 თუ უწმინდურ ცხოველს+ აღუთქვამს, რომლის იეჰოვასთვის მსხვერპლად შეწირვაც მიუღებელია, მან ის მღვდელს მიუყვანოს. 12 შეაფასოს მღვდელმა ცხოველის ავკარგიანობა. ცხოველის საფასურს მღვდელი დაადგენს. 13 თუ აღთქმის დამდები ოდესმე მოინდომებს მის გამოსყიდვას, დადგენილ საფასურს მეხუთედი დაუმატოს.+
14 თუ კაცი თავის სახლს განწმენდს იეჰოვასთვის, შეაფასოს მღვდელმა მისი ავკარგიანობა. სახლის ღირებულებას მღვდელი დაადგენს.+ 15 თუ განმწმენდელი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, დადგენილ საფასურს მეხუთედი დაუმატოს და სახლი კვლავ მისი იქნება.
16 თუ ვინმე თავის მინდორს იეჰოვასთვის განწმენდს, მინდვრის საფასური დასათესი თესლის რაოდენობის მიხედვით უნდა განისაზღვროს: 1 ხომერ* ქერზე 50 შეკელი ვერცხლი. 17 თუ იგი სადღესასწაულო წელს განწმენდს,+ მინდვრის საფასური იგივე დარჩება. 18 მაგრამ, თუ იგი სადღესასწაულო წლის შემდეგ განწმენდს თავის მინდორს, მღვდელმა მას მინდვრის საფასური შეუმციროს, მომდევნო სადღესასწაულო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უანგარიშოს.+ 19 თუ განმწმენდელი ოდესმე გამოისყიდის მინდორს, დადგენილ საფასურს მეხუთედი დაუმატოს და მინდორი მისი იქნება. 20 თუ იგი არ გამოისყიდის მინდორს, მინდორი კი სხვაზე გაიყიდება, ის მინდვრის გამოსყიდვას ვეღარ შეძლებს. 21 როცა მინდორი სადღესასწაულო წელს გათავისუფლდება, იეჰოვასთვის ის, როგორც მიძღვნილი მინდორი, წმინდა იქნება და მღვდლების საკუთრება გახდება.+
22 თუ ვინმე იეჰოვასთვის განწმენდს ნაყიდ მინდორს და არა მემკვიდრეობით მიღებულს,+ 23 მღვდელმა მინდვრის ღირებულება სადღესასწაულო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით გამოთვალოს და განმწმენდელმა დადგენილი საფასური იმ დღესვე გადაიხადოს.+ ეს საფასური წმინდა იქნება იეჰოვასთვის. 24 სადღესასწაულო წელს მინდორი დაუბრუნდება მის გამყიდველს, მას, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა.+
25 ნებისმიერი საფასური წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით უნდა დადგინდეს. 1 შეკელი 20 გერაა*.
26 არავინ განწმინდოს პირველმოგებული, რადგან პირველმოგებული ისედაც იეჰოვასია.+ ხბო იქნება თუ ბატკანი, იეჰოვასია.+ 27 თუ ის უწმინდური ცხოველია და გამომსყიდველი დადგენილი საფასურის მიხედვით გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს;+ მაგრამ, თუ არ გამოისყიდის, მაშინ ის დადგენილი საფასურის მიხედვით გაიყიდოს.
28 მაგრამ, თუ ვინმე იეჰოვას მიუძღვნის თავის ქონებას, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი თუ მინდორი, მისი გაყიდვა ან გამოსყიდვა დაუშვებელია; ყველაფერი, რასაც იეჰოვას მიუძღვნიან, წმინდა იქნება.+ 29 სიკვდილმისჯილი ადამიანის გამოსყიდვაც დაუშვებელია;+ იგი უნდა მოკვდეს.+
30 მოწეული მოსავლის მეათედი,+ ხის ნაყოფი იქნება თუ მინდვრისა, იეჰოვასი იქნება. ის იეჰოვასთვის წმინდა იქნება. 31 თუ ვინმე ოდესმე საკუთარი მეათედის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი უნდა დაამატოს. 32 ფარიდან ან საქონლიდან ყოველი მეათე, რომელიც სახრის ქვეშ გაივლის, წმინდა იქნება იეჰოვასთვის. 33 არ შეამოწმოს მისი ავკარგიანობა, არც შეცვალოს. მაგრამ, თუ მაინც შეცვლის, ორივე ცხოველი, შეცვლილიცა და შემცვლელიც, წმინდა იქნება.+ არცერთის გამოსყიდვა არ შეიძლება“».
34 ეს ის კანონებია, რომლებიც იეჰოვამ მოსეს სინაის მთაზე+ მისცა ისრაელებისთვის გადასაცემად.
სხვაგვარად — „მისთვის გამოსყიდვის წესი შესრულდება“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „პური“; იგულისხმება სამშვიდობო მსხვერპლიდან ღვთის კუთვნილი წილი.
იგულისხმება მღვდელმთავარი.
სავარაუდოდ, იგულისხმებიან ისრაელის უხუცესები.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „წყევლის ხმას“. შესაძლოა ეს მოწოდება შეიცავდა წყევლას და წარმოითქმებოდა დამნაშავის ან იმ მოწმის საყურადღებოდ, რომელიც გადაწყვეტდა, რომ მოწმედ არ გამოსულიყო.
სავარაუდოდ, აღთქმის შეუსრულებლობის გამო.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელით“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სხვაგვარად — „ტომისთვის“.
„კეთრად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვას ფართო მნიშვნელობა აქვს. მასში შესაძლოა იგულისხმებოდეს კანის ინფექციური დაავადებები და აგრეთვე ზოგიერთი დაავადება, რომელიც ჩნდება სამოსზე თუ სახლში.
იმდენი, რამდენიც 6,6-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ლოგი უდრიდა დაახლ. 0,3 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „ტომისთვის“.
ებრ. „აზაზელ“. შესაძლოა ნიშნავდეს „თხას, რომელიც უჩინარდება“.
„თავის დამდაბლებაში“, უმთავრესად, ნაგულისხმევია საკუთარ ნება-სურვილზე უარის თქმა, მაგ., მარხვა.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
შესაძლოა ისრაელებს ისინი თხისმაგვარ ბალნიან არსებებად ჰყავდათ წარმოდგენილი.
სიტყვასიტყვით — „რომლებთანაც გარყვნილებას სჩადიან“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ხარჭის“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ცოლი ან ხარჭა.
სავარაუდოდ, მიძღვნაში ბავშვის შეწირვაც იგულისხმებოდა.
სიტყვასიტყვით — „სისხლს“.
ან შესაძლოა: „განზე ნუ გადგები, როცა შენი მოძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სავარაუდოდ, მიძღვნაში ბავშვის შეწირვაც იგულისხმებოდა.
სიტყვასიტყვით — „მოლექთან გარყვნილებას ჩაიდენს“.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას ჩაიდენს“.
იგულისხმება გარდაცვლილთან შეხება და მისი გლოვა.
იგულისხმება შესაწირავები.
ან შესაძლოა: „გაძვალტყავებული“.
სიტყვასიტყვით — „უცხომ“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.
სიტყვასიტყვით — „ვინც უცხოა“.
სიტყვასიტყვით — „აუწყოთ“.
სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.
იმდენი, რამდენიც 4,4-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
იგულისხმება ახალი მარცვლეულის პური.
„თავის დამდაბლებაში“, უმთავრესად, ნაგულისხმევია საკუთარ ნება-სურვილზე უარის თქმა, მაგ., მარხვა.
იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იმდენი, რამდენიც 4,4-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „დავამტვრევ პურის ჯოხს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხი, რომელზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.
ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
გერა უდრიდა 0,57 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.