საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt ეკლესიასტე 1:1-12:14
  • ეკლესიასტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ეკლესიასტე
  • ბიბლია
ბიბლია
ეკლესიასტე

ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ

1 სიტყვები შემკრებისა,+ დავითის ძისა,

იერუსალიმში ტახტზე მჯდომი მეფისა.+

 2 შემკრებმა თქვა: „ამაოებათა ამაოება!

ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“+

 3 რას არგებს კაცს,

ამ ცისქვეშეთში დიდ შრომას რომ ეწევა?!+

 4 თაობა მიდის, თაობა მოდის,

დედამიწა კი მარადიულად რჩება.+

 5 მზე ამოდის, მზე ჩადის,

მერე კი იმ ადგილისკენ მიისწრაფვის, საიდანაც ისევ უნდა ამოვიდეს.+

 6 ქარი სამხრეთისკენ ქრის, შემდეგ ტრიალდება და ჩრდილოეთს უბრუნდება;

ტრიალებს და ტრიალებს, შეუჩერებლივ; ქარი თავის წრეზე ქრის.

 7 ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება.+

მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+

 8 ყველაფერი დამღლელია;

ვის აქვს ამ ყოველივეზე ლაპარაკის თავი?!

ვერც თვალი ძღება ცქერით

და ვერც ყური — სმენით.

 9 რაც იყო, იგივე იქნება,

და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება;

არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში.+

10 განა არსებობს ისეთი რამ, რაზეც იტყვიან, ეს ახალიაო?!

ყველაფერი უხსოვარი დროიდან არსებობს;

ჩვენამდეც არსებობდა.

11 აღარავის ახსოვს ძველი ხალხი;

აღარც ისინი ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა;

აღარც შემდგომი თაობები გაიხსენებენ მათ.+

12 მე, შემკრები და მეფე, ისრაელს იერუსალიმიდან განვაგებდი.+ 13 სიბრძნეს მივმართე,+ რომ გულდასმით შემესწავლა და გამომეკვლია ყველაფერი, რაც ცისქვეშეთში ხდება+ — ღვთის მიერ კაცთათვის მიცემული დამამწუხრებელი საქმეები, რაშიც ისინი ჩაბმულნი არიან.

14 ვიხილე ყველა ის საქმე, რაც ცისქვეშეთში გაკეთებულა,

და ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა.+

15 გამრუდებულს ვერ გაასწორებ

და არარსებულს ვერ დათვლი.

16 გულში ვთქვი: „დიდად დავბრძენდი, იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ვეზიარე“.+ 17 მთელი გულით შევეცადე, გამეგო, რა არის სიბრძნე, სიბრიყვე და უგუნურება;+ ესეც ქარის დევნა ყოფილა.

18 დიდ სიბრძნეს დიდი იმედგაცრუება მოჰყვება;

მეტ ცოდნას მეტი ტკივილი სდევს თან.+

2 გულში ვთქვი, მოდი მივეცემი მხიარულებას და ვნახავ, რას მომიტანს-მეთქი. და აი, ესეც ამაოება ყოფილა.

 2 სიცილზე ვთქვი, სისულელეა-მეთქი,

მხიარულებაზე კი — რისი მაქნისია-მეთქი.

3 ღვინოშიც ვეძებდი სიამეს,+ თუმცა სიბრძნე არ დამიკარგავს; არც უგუნურებაზე მითქვამს უარი, რათა გამეგო, რა არის კაცთათვის საუკეთესო — რა უნდა აკეთონ მათ ამ ცისქვეშეთში თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. 4 დიდ საქმეებსაც მოვკიდე ხელი:+ ავიშენე სახლები,+ გავიშენე ვენახები,+ 5 გავიშენე ბაღები და წალკოტები და იქ ყველანაირი ხეხილი ჩავყარე. 6 ნორჩი კორომების მოსარწყავად წყალსატევები გავაკეთე. 7 ავიყვანე მსახურები;+ ისეთი მსახურებიც მყავდა, რომლებიც ჩემს სახლში დაიბადნენ. მოვიმრავლე საქონელი. ნახირი და ფარა+ იმათზე მეტი მყავდა, ვისაც ჩემამდე უცხოვრია იერუსალიმში. 8 დავაგროვე ოქრო-ვერცხლი+ და მეფეთა და სამთავროთათვის საკადრისი სიმდიდრე.+ დავიყენე მომღერლები, კაცებიც და ქალებიც. არ მაკლდა კაცთა მოდგმის ნეტარება — ქალი, უამრავი ქალი. 9 იმათზე მეტად განვდიდდი, ვისაც ჩემამდე უცხოვრია იერუსალიმში,+ თუმცა სიბრძნე არ დამიკარგავს.

10 რაც კი ჩემმა თვალმა მოისურვა, უარი არაფერზე მითქვამს.+ არანაირი სიამოვნება არ მომიკლია, ვხარობდი ჩემი ნაღვაწით და ეს იყო ჯილდო ჩემი გარჯისთვის.+ 11 მაგრამ, როდესაც დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია და რისთვისაც გავრჯილვარ,+ მივხვდი, რომ ყველაფერი ამაოება ყოფილა და ქარის დევნა;+ არაფერი ყოფილა ღირებული ამ ცისქვეშეთში.+

12 კვლავ მივაპყარი ყურადღება სიბრძნეს, სიბრიყვესა და უგუნურებას+ (რას გააკეთებს კაცი, რომელიც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ იმას, რაც უკვე გაკეთებულა). 13 დავინახე, რომ სიბრძნე ისევე უპირატესობს უგუნურებაზე,+ როგორც სინათლე სიბნელეზე.

14 ბრძენი ყველაფერს ნათლად ხედავს,+ უგუნური კი სიბნელეში დადის,+ მაგრამ მივხვდი, რომ ყველას ერთი ბოლო აქვს.+ 15 გულში ვთქვი: „რაც უგუნურს ეწევა, მეც იგივე მეწევა“.+ მაშ, ასე რისთვისღა დავბრძენდი?! ვთქვი, ესეც ამაოებაა-მეთქი. 16 არც ბრძენი ახსოვთ მარადიულად და არც სულელი.+ მოვა დრო და ყველა დავიწყებას მიეცემა; ბრძენიც მოკვდება და სულელიც.+

17 მომძულდა სიცოცხლე;+ დამწუხრებული ვარ იმის გამო, რაც ცისქვეშეთში ხდება. ამაოება ყოფილა ყველაფერი+ და ქარის დევნა.+ 18 შემძულდა ყველაფერი, რისთვისაც ამ ცისქვეშეთში გავისარჯე,+ რადგან ის ჩემ შემდეგ მოსულს დარჩება.+ 19 ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური?!+ მის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი, რასაც მთელი ჩემი ძალა შევალიე და მთელი ჩემი სიბრძნე მოვახმარე ამ ცისქვეშეთში. ესეც ამაოებაა. 20 გული ამიცრუვდა იმ ყველაფერზე, რისთვისაც დიდი ჯაფა გავწიე ამ ცისქვეშეთში. 21 კაცი შეიძლება სიბრძნით, ცოდნითა და სიმარჯვით გაისარჯოს, მაგრამ მისი ქონება მას დარჩეს, ვისაც ამისთვის არ უშრომია.+ ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება.

22 მაშ, რაში არგია კაცს მთელი გარჯა და გულის წადილი, რომელიც მას მძიმე შრომისკენ უბიძგებს ამ ცისქვეშეთში?!+ 23 შრომას მისთვის მთელი ცხოვრება ტკივილი და იმედგაცრუება მოაქვს;+ ღამითაც კი დაკარგული აქვს მოსვენება.+ ესეც ამაოებაა.

24 იმაზე უკეთესი არაფერია, რომ კაცმა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში.+ მივხვდი, რომ ესეც ღვთისგანაა.+ 25 ვინ ჭამს და ვინ სვამს ჩემზე უკეთესს?!+

26 ღმერთი თავის მოსაწონ კაცს სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს არ აკლებს,+ ცოდვილს კი იმიტომ აგროვებინებს და ახვეჭინებს, რომ ღვთის მოსაწონ კაცს დარჩეს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

3 ყველაფერს თავისი დრო აქვს;

ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში.

 2 არის შობის დრო და სიკვდილის დრო,

დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო,

 3 მოკვლის დრო და განკურნების დრო,

ნგრევის დრო და შენების დრო,

 4 ტირილის დრო და სიცილის დრო,

მოთქმის დრო და ცეკვის დრო,

 5 ქვების გადაყრის დრო და ქვების შეგროვების დრო,

ხვევნის დრო და ხვევნისგან თავის შეკავების დრო,

 6 ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო,

შენახვის დრო და გადაგდების დრო,

 7 დახევის დრო+ და დაკერების დრო,

დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო,+

 8 სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო,+

ომის დრო და მშვიდობის დრო.

9 რას არგებს მშრომელს გარჯა?+ 10 ვნახე, რა საქმეებშიც ჩააბა ღმერთმა კაცთა მოდგმა. 11 მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა;+ მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში; თუმცა ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს.

12 მივხვდი, რომ არაფერია კაცისთვის იმაზე კარგი, რომ იხაროს და სიკეთე აკეთოს მთელი სიცოცხლე.+ 13 ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+

14 მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად გასტანს. მის ნამოქმედარს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ; ეს ყველაფერი ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ხალხს მისი შიში ჰქონოდა.+

15 რაც დღეს ხდება, ადრეც მომხდარა, და რაც მომავალში იქნება, უკვე იყო.+ რასაც კაცი ელტვის, ღმერთი მოიძიებს*.

16 ისიც ვიხილე ცისქვეშეთში, რომ სამართლიანობის ადგილიც და სიმართლის ადგილიც ბოროტებას დაუკავებია.+ 17 გულში ვთქვი: „ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველაფერს, ყველა საქმეს, თავისი დრო აქვს“.

18 გულში ისიც ვთქვი, რომ ღმერთი სცდის კაცთა მოდგმას და ანახვებს, რომ ცხოველებივით არიან. 19 ადამიანებსაც და ცხოველებსაც ერთი ბოლო აქვთ.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული* უდგას;+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე არაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთსა და იმავე ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+ 21 ვინ იცის, მართლა ადის ადამიანის სული მაღლა ან მართლა ჩადის ცხოველის სული დაბლა მიწაში?+ 22 დავინახე, რომ კაცისთვის იმაზე კარგი არაფერია, რომ სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო; თორემ ვინ ანახვებს მას, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება?!+

4 კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, როგორ ჩაგრავენ ხალხს ამ ცისქვეშეთში; ვიხილე ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.+ ძალაუფლება მჩაგვრელებს ჰქონდათ, ხალხს კი არ ჰყავდა ნუგეშისმცემელი. 2 ცოცხლებზე ბედნიერებად მკვდრები მივიჩნიე;+ 3 ორივეზე უკეთესად კი ის არის, ვინც ჯერ არ დაბადებულა+ და არ უნახავს ის უბედურება, რაც ამ ცისქვეშეთში ხდება.+

4 ვიხილე, რომ ადამიანთა სიბეჯითისა და სიმარჯვის მიღმა მეტოქეობა დგას;+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

5 უგუნური გულხელდაკრეფილია და თავს ინადგურებს.+

6 ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას.+

7 დავფიქრდი, კიდევ რა არის ამაოება ამ ცისქვეშეთში: 8 არის მარტოხელა კაცი, რომელსაც არავინ არ ჰყავს, არც შვილი და არც ძმა, მაგრამ ბოლო არ უჩანს მის გარჯას. მისი თვალი სიმდიდრით ვერ ძღება+ და კითხვასაც არ უსვამს საკუთარ თავს, ნეტა ვისთვის ვირჯები და რატომ ვიკლებ სიამოვნებასო.+ ესეც ამაოებაა და მწუხარების მომტანია.+

9 ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას,+ რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. 10 თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს. მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცემა და წამომყენებელი არ ეყოლება?!

11 თუ ორნი ერთად დაწვებიან, გათბებიან, მაგრამ ერთი როგორ გათბება?! 12 ერთს თუ მოერევა ვინმე, ორნი ხომ გაუმკლავდებიან მას! ადვილად არ გაწყდება სამმაგი ძაფი.

13 ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს,+ რომელიც გაფრთხილებას აღარაფრად აგდებს.+ 14 ის* საპყრობილიდან იმიტომ გამოვიდა, რომ გამეფებულიყო,+ მიუხედავად იმისა, რომ იმ მეფის დროს სიღარიბეში იყო დაბადებული.+ 15 დავფიქრდი მათზე, ვინც ამ ცისქვეშეთში ცხოვრობს; იმაზეც დავფიქრდი, თუ როგორ მისდის საქმე ახალგაზრდას, რომელიც მეფის ადგილს იკავებს. 16 მის მომხრეებს ბოლო არ უჩანთ, მაგრამ მოვა ხალხი, რომელიც მისით უკმაყოფილო იქნება;+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

5 დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ღვთის სახლში მიდიხარ;+ გიჯობს, მოსასმენად წახვიდე,+ ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელივით,+ რომელმაც არ იცის, რომ რასაც აკეთებს, ცუდია.

2 ენა წინ ნუ გაგისწრებს და ნურც დაუფიქრებლად ილაპარაკებ ღვთის წინაშე,+ რადგან ღმერთი ზეცაშია, შენ კი — დედამიწაზე; ამიტომ ცოტა ილაპარაკე.+ 3 ბევრ საფიქრალს სიზმრები მოჰყვება,+ მრავალსიტყვაობას კი — სისულელეების ფრქვევა.+ 4 როცა ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას,+ რადგან ღმერთი სულელ კაცს არ იწონებს.+ შეასრულე აღთქმული.+ 5 ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.+ 6 ბაგით ნუ შესცოდავ+ და ნუ იტყვი ანგელოზის წინაშე, შევცდიო.+ რატომ უნდა განარისხო ღმერთი შენი სიტყვით და მოასპობინო შენი ნაშრომი?!+ 7 როგორც ბევრი საფიქრალი უძღვის წინ სიზმრებს,+ ისე მრავალსიტყვაობა უძღვის წინ ამაოებას; გეშინოდეს ღვთისა.+

8 თუ ხედავ, რომ შენს სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და სამართლიანობასა და სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ, ნუ გაგაოცებს ეს,+ რადგან მაღლა მდგომს უფრო მაღლა მდგომი ადევნებს თვალყურს; არიან მათზე მაღლა მდგომნიც.

9 ყველა მათგანი მიწის მოსავლით საზრდოობს; მეფესაც კი მიწა ასაზრდოებს.+

10 ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით;+ ესეც ამაოებაა.+

11 რაც მეტია დოვლათი, მით მეტია მჭამელი;+ რა ხეირი მის მფლობელს, მხოლოდ მისი ყურება თუ შერჩება?!+

12 ბევრს ჭამს თუ ცოტას, მსახურს ტკბილად სძინავს, მდიდარს კი ქონების სიუხვე არ აძინებს.

13 უბედურება ვიხილე ცისქვეშეთში: კაცმა სიმდიდრე თავისივე საზიანოდ მოიხვეჭა; 14 ცუდად წაუვიდა საქმე, დაკარგა სიმდიდრე და, როცა ვაჟი შეეძინა, აღარაფერი გააჩნდა.+

15 დედის მუცლიდან შიშველი გამოვიდა და შიშველივე წავა;+ თან ვერაფერს წაიღებს თავისი გარჯის სანაცვლოდ.+

16 კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ კაცი როგორც მოდის, ისე მიდის. რა ხეირი აქვს კაცს, რომლის ნაშრომსაც ქარი წაიღებს?!+ 17 ყოველდღე სიბნელეში ჭამს და არ შორდება იმედგაცრუება, ავადმყოფობა და სიბრაზე.+

18 დავინახე, რა არის კარგი და მოსაწონი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რასაც ამ ცისქვეშეთში ეწევა იმ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ღმერთმა არგუნა; ეს არის მისი ჯილდო.+ 19 კაცმა, რომელსაც ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა+ და მისი მოხმარების უნარს აძლევს, უნდა შეირგოს ჯილდო და სიამე ნახოს თავის შრომაში; ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 20 აღარ გაახსენდება მას წარსული, რადგან ღმერთი გულს სიხარულით უვსებს.+

6 ვიხილე კაცთა მოდგმის კიდევ ერთი უბედურება ამ ცისქვეშეთში: 2 კაცს სიმდიდრეს, ქონებას და დიდებას ღმერთი აძლევს; რასაც მოისურვებს, ყველაფერი აქვს, თუმცა ღმერთი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ყოველივეთი გაიხაროს; მისით უცხო ხარობს. ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება. 3 კაცს ასი შვილიც რომ ჰყავდეს, დღეგრძელიც რომ იყოს, მოხუცდეს, მაგრამ საფლავში ისე ჩავიდეს, რომ სიამე ვერ ნახოს, ასეთ კაცზე ვიტყვი, მკვდრადნაშობიც კი სჯობია-მეთქი;+ 4 ის ამაოდ მოევლინა ქვეყანას და სიბნელეში წავიდა; სიბნელემ შთანთქა მისი სახელი. 5 მას არც მზე უხილავს და არც არაფერი სცოდნია, მაგრამ მისი ხვედრი უკეთესია.+ 6 კაცმა ორი ათასი წელიც რომ იცხოვროს, რას არგებს, თუ ვერ გაიხარებს?! განა ყველა ერთსა და იმავე ადგილას არ მიდის?!+

7 კაცი იმისთვის ირჯება, რომ მუცელი ამოივსოს,+ მაგრამ მაინც ვერ ძღება. 8 ბრძენი სულელზე რით უპირატესობს?!+ ან რაში არგია ღარიბს იმის ცოდნა, თუ როგორ გაიტანოს თავი?! 9 ჯობია, იმით იხარო, რასაც ხედავ, ვიდრე ის მოისურვო, რასაც ვერ მიიღებ. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

10 რაც არსებობს, იმას უკვე დაერქვა სახელი, და ისიც ცნობილია, რა არის ადამიანი; ის თავისზე ძლიერს ვერ შეედავება. 11 ბევრ სიტყვას* ბევრი ამაოება სდევს თან და რაში არგია ეს კაცს?! 12 ვინ იცის, რისი კეთებაა კაცისთვის უკეთესი მისი ხანმოკლე და ამაო ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ჩრდილივითაა?!+ ვინ ეტყვის კაცს, რა მოხდება ამ ცისქვეშეთში მისი წასვლის შემდეგ?!

7 კარგი სახელი კარგ ზეთს სჯობია,+ სიკვდილის დღე კი — დაბადების დღეს. 2 ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია,+ რადგან ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია; ეს ცოცხალს კარგად უნდა ახსოვდეს. 3 სიცილს მწუხარება სჯობია,+ რადგან, როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, უფრო კარგი გულისა ხდება.+ 4 ბრძენთა გული მგლოვიარეთა სახლშია, სულელთა გული კი — მომლხენთა სახლში.+

5 ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია+ სულელთა სიმღერის მოსმენას. 6 რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი;+ ესეც ამაოებაა. 7 ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს; ქრთამი კაცის გულს რყვნის.+

8 საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია. მომთმენი კაცი სჯობია ამპარტავანს.+ 9 ადვილად ნუ განაწყენდები,+ რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.+

10 ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო, რადგან არ არის სიბრძნე ამ სიტყვებში.+

11 კარგია სიბრძნის ქონა მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დღის შუქი იხილა. 12 სიბრძნეც იცავს კაცს+ და ფულიც,+ მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს.+

13 დაუფიქრდი ღვთის საქმეებს. ვინ გაასწორებს იმას, რაც მან გაამრუდა?!+ 14 კეთილდღეობის ჟამს კარგი აკეთე,+ ძნელბედობის ჟამს კი დაფიქრდი იმაზე, რომ ერთიც და მეორეც ღვთისგანაა,+ რათა ადამიანები ვერ მიხვდნენ, რას მოუტანთ მომავალი.+

15 ჩემი ამაო ცხოვრების მანძილზე+ ყველაფერი ვნახე: მართალი სიმართლით ცხოვრობს, მაგრამ იღუპება,+ ბოროტი კი ბოროტებას სჩადის, მაგრამ დიდხანს ცოცხლობს.+

16 ნურც მეტისმეტად მართალი იქნები+ და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ თავს.+ რატომ უნდა გაინადგურო თავი?!+ 17 ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში და ნურც უგუნურად მოიქცევი;+ რატომ უნდა მოისწრაფო სიცოცხლე?!+ 18 ერთ გაფრთხილებას რომ გაითვალისწინებ, მეორეს ნუ უგულებელყოფ;+ ღვთისმოშიში ორივე გაფრთხილებას ყურად იღებს.

19 ბრძენი კაცი ქალაქის ათ მთავარზე ძლიერია.+ 20 არ არსებობს დედამიწაზე მართალი კაცი, რომელიც ყოველთვის კარგს აკეთებდეს და არასოდეს სცოდავდეს.+

21 ნუ დაინტერესდები ყველაფრით, რასაც ხალხი ამბობს,+ რათა არ გაიგო, როგორ გიხსენიებს აუგად შენი მსახური; 22 გულის სიღრმეში ხომ იცი, რომ შენც არაერთხელ მოგიხსენიებია აუგად სხვები.+

23 ეს ყოველივე სიბრძნის წყალობით გამოვცადე. ვთქვი, დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ სიბრძნე მიუღწეველი იყო ჩემთვის. 24 რაც არსებობს, ჩაუწვდომელია და მეტისმეტად ღრმა; ვინ გაიგებს ამას?!+ 25 გულდასმით დავიწყე კვლევა, რათა მცოდნოდა, რა იყო სიბრძნე, გამეგო ყველაფრის არსი და დამენახა, რომ სისულელე ბოროტებაა და სიგიჟე — უგუნურება.+ 26 აი, რა აღმოვაჩინე: სიკვდილზე მწარე ყოფილა ქალი, რომელიც მონადირის მახესავითაა; მისი გული ბადესავითაა, ხელები კი — ბორკილებივით. ღვთისმოშიში თავს დააღწევს მას,+ ცოდვილი კი — ვერა.+

27 „აი, რას მივაკვლიე, — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერს ერთიმეორის მიყოლებით ვიკვლევდი, რათა დასკვნა გამეკეთებინა, 28 მაგრამ რასაც დიდხანს ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი — ვერცერთი. 29 მხოლოდ ამას მივაკვლიე: ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა,+ ისინი კი მრავალ თავსატეხს იჩენენ“.+

8 ვინ შეედრება ბრძენს?! ვის შეუძლია ყველაფრის ახსნა?! სიბრძნე კაცს სახეს უნათებს და კუშტ გამომეტყველებას უცვლის.

2 გეუბნები: „შეასრულე მეფის ბრძანება+ ღვთის წინაშე დადებული ფიცის გამო.+ 3 ნუ იჩქარებ მეფისგან წასვლას.+ ცუდ საქმეში ნუ ჩაებმები,+ რადგან ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც კი მოისურვებს. 4 მეფის სიტყვა კანონია;+ ვინ შეჰბედავს მას, რას აკეთებო?!“

5 ბრძანების შემსრულებელს უბედურება არ ეწევა.+ ბრძენმა იცის, როდის და როგორ იმოქმედოს.+ 6 ადამიანები ბევრ სირთულეს ხვდებიან, ამიტომ ყველაფერი დროულად და წესისამებრ უნდა გაკეთდეს.+ 7 არავინ იცის, რა მოხდება; ამიტომ ვინ ეტყვის კაცს, რა და როგორ მოხდება?!

8 კაცს არა აქვს სულზე* ძალაუფლება და არც მისი შეკავება შეუძლია; არც სიკვდილის დღეზე აქვს ვინმეს ძალაუფლება.+ როგორც მეომარი ვერ დააღწევს თავს ბრძოლის ველს, ისე ბოროტმოქმედი ვერ დააღწევს თავს ბოროტებას*.

9 ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა მთელი გულით დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც ცისქვეშეთში ხდება. კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ.+ 10 ისიც მინახავს, რომ დაუმარხავთ ბოროტები — ისინი, ვინც წმინდა ადგილას მოდიოდნენ, შემდეგ მიდიოდნენ, მაგრამ მალე დავიწყებას მიეცნენ იმ ქალაქში, სადაც ბოროტებას სჩადიოდნენ.+ ესეც ამაოებაა.

11 მალევე რომ არ ისჯებიან ბოროტმოქმედნი,+ ამიტომაც ბედავს ხალხი ბოროტების ჩადენას.+ 12 ვიცი, რომ ცოდვილმა შეიძლება ასჯერ ჩაიდინოს ბოროტება და მაინც დიდხანს იცოცხლოს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ღვთისმოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ;+ 13 ბოროტს კი არ მოემართება ხელი;+ მისი სიცოცხლე ჩრდილივითაა და ვერ შეძლებს მის გახანგრძლივებას,+ რადგან ღვთის შიში არა აქვს.

14 აი კიდევ ერთი ამაოება დედამიწაზე: ზოგ მართალს ისე ეპყრობიან, თითქოს ბოროტმოქმედი იყოს,+ ხოლო ზოგ ბოროტს — ისე, თითქოს მართალი იყოს.+ ვამბობ, რომ ესეც ამაოებაა.

15 რა ჯობია მხიარულებას?!+ ამ ცისქვეშეთში იმაზე კარგი არაფერია, რომ კაცმა ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს არ უნდა მოაკლდეს მძიმედ მშრომელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში,+ რომელიც მას ღმერთმა მისცა ცისქვეშეთში.

16 მთელი გულით შევეცადე, შემეძინა სიბრძნე და მენახა ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება,+ რის გამოც არც დღისით მომიხუჭავს თვალი და არც ღამით*. 17 დავუკვირდი ღვთის საქმეებს და მივხვდი, რომ ადამიანები ვერ ჩასწვდებიან იმას, რაც ცისქვეშეთში ხდება;+ რაც არ უნდა ეცადონ, მაინც ვერ ჩასწვდებიან. რომც ამტკიცონ, საამისოდ საკმარისი სიბრძნე გვაქვსო, მაინც ვერ ჩასწვდებიან.+

9 გულმოდგინედ გამოვიკვლიე და დავასკვენი, რომ მართლებიც, ბრძენებიც და მათი საქმეებიც ღვთის ხელშია.+ ადამიანებმა არაფერი იციან უწინდელ სიყვარულსა და სიძულვილზე. 2 ერთი ბოლო აქვს ყველას:+ მართალსაც და ბოროტსაც,+ კარგსაც, წმინდასაც და უწმინდურსაც, მსხვერპლის შემწირველსაც და არშემწირველსაც. ერთი და იგივე ემართება კარგ ადამიანსაც და შემცოდველსაც, ნაჩქარევად დამფიცებელსაც და მასაც, ვინც ნაჩქარევად არ იფიცებს. 3 აი, რა სამწუხარო რამ ხდება ცისქვეშეთში: რაკი ყველას ერთი ბოლო აქვს,+ ადამიანებს გული ბოროტებით აქვთ სავსე; მთელი ცხოვრება უგუნურად იქცევიან, მერე კი იხოცებიან!

4 ცოცხალთა შორის მყოფი იმედიანადაა, რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია.+ 5 ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან,+ მკვდრებმა კი არაფერი იციან;+ აღარც გასამრჯელოს იღებენ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა.+ 6 ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; არავითარი წვლილი აღარ შეაქვთ იმაში, რაც ცისქვეშეთში კეთდება.+

7 წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო,+ რადგან ღმერთმა მოიწონა შენი საქმეები.+ 8 მუდამ თეთრი სამოსი* გმოსავდეს და ზეთი არ მოჰკლებოდეს შენს თავს.+ 9 გაიხარე შენს საყვარელ ცოლთან ერთად+ შენი ამაო სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ღმერთმა მოგცა ამ ცისქვეშეთში, შენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, რადგან ეს არის შენი წილი შენს სიცოცხლეში და ჯილდო იმ გარჯის სანაცვლოდ, რომელსაც ამ ცისქვეშეთში ეწევი.+ 10 ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, გულმოდგინედ აკეთე, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში*,+ სადაც მიდიხარ.

11 ამ ცისქვეშეთში ისიც ვიხილე, რომ სწრაფები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში;+ არც ბრძენებს აქვთ ყოველთვის საჭმელი და არც გამჭრიახებს — სიმდიდრე;+ ვერც მცოდნენი აღწევენ ყოველთვის წარმატებას,+ რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს. 12 არ იცის კაცმა, როდის მოკვდება.+ როგორც თევზები ებმებიან ბადეში და ჩიტები კაკანათში, ისე ებმებიან ადამიანები მოულოდნელად უბედურების მახეში.

13 ვიხილე გასაოცარი სიბრძნე ამ ცისქვეშეთში: 14 იყო ერთი პატარა ქალაქი, სადაც კაცები ცოტანი იყვნენ. მის წინააღმდეგ ძლევამოსილი მეფე გამოვიდა და ქალაქს საალყო ნაგებობები შემოარტყა. 15 გამოჩნდა იქ ერთი ღარიბი, მაგრამ ბრძენი კაცი, რომელმაც თავისი სიბრძნით იხსნა ქალაქი, თუმცა აღარავის გახსენებია იგი.+ 16 ვთქვი: „სიბრძნე ძლევამოსილებას სჯობია;+ თუმცა ღარიბის სიბრძნეს არაფრად აგდებენ და მის სიტყვებს ყურს არ უგდებენ“.+

17 ჯობია, ბრძენის მშვიდი სიტყვა იღო ყურად, ვიდრე იმის ყვირილს უსმინო, ვინც სულელებზე ბატონობს.

18 სიბრძნე საომარ იარაღს სჯობია, ერთ ცოდვილს კი ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.+

10 როგორც მკვდარი ბუზები აყროლებენ და აქაფებენ ნელსაცხებელს, ისე მცირე უგუნურება უტეხს სახელს ბრძენ და პატივდებულ კაცს.+

2 ბრძენს თავისი გული სწორი გზით ატარებს, სულელს კი — მცდარი გზით.+ 3 უგუნური, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თავის უგუნურებას ავლენს+ და ყველას აგებინებს, რომ უგუნურია.+

4 თუ მმართველი განგირისხდება, ნუ დატოვებ შენს ადგილს,+ რადგან სიმშვიდე კაცს დიდი ცოდვების ჩადენისგან იცავს.+

5 სამწუხარო რამ ვიხილე ცისქვეშეთში — შეცდომა, რომელსაც ძალაუფლების მქონენი უშვებენ:+ 6 უგუნურებს მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ღირსეულებს კი — დაბალზე.

7 მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მსახურებივით ფეხით მავალი მთავრები.+

8 ვინც ორმოს თხრის, თავადვე ჩავარდება შიგ;+ ვინც ქვის კედელს ანგრევს, მას გველი უკბენს.

9 ქვის მჭრელს ქვა დააზიანებს, შეშის მჩეხავს — შეშა*.

10 თუ კაცს იარაღი დაუბლაგვდა და პირი არ გაულესა, მეტი ჯაფა დაადგება; სიბრძნით მოქმედებას წარმატება მოჰყვება.

11 თუ გველი მომნუსხველს მონუსხვამდე უკბენს, რაღაში არგია მონუსხვის უნარი?!

12 ბრძენის სიტყვებს კეთილგანწყობა მოაქვს,+ სულელს კი თავისივე ბაგეები ღუპავს.+ 13 უგუნური თავიდან სისულელეს ამბობს+ და ბოლოს დამღუპველ სიტყვებს აფრქვევს. 14 იგი ბევრს ლაპარაკობს.+

კაცმა არ იცის, რა მოხდება მომავალში. ვინ ეტყვის მას, რა იქნება მისი სიკვდილის შემდეგ?!+

15 გარჯა დაქანცავს სულელს, რადგან ქალაქამდე მისასვლელ გზასაც კი ვერ აგნებს.

16 რა ეშველება ქვეყანას, სადაც ყმაწვილი მეფობს+ და მთავრები დილიდანვე სუფრას უსხედან?! 17 ბედნიერია ქვეყანა, რომლის მეფეც დიდებულთა შვილია და რომლის მთავრებიც სუფრას თავის დროზე უსხდებიან, ოღონდ დასათრობად კი არა, ძალ-ღონის მოსაკრებად.+

18 ზარმაცის ჭერი ჩამოწვება, გულხელდაკრეფილის სახლში წყალი ჩამოვა.+

19 პურით კაცი გულს იმხიარულებს, ღვინით ცხოვრებას იხალისებს,+ ფულით კი ყველა საწადელს აისრულებს.+

20 ფიქრებშიც* კი ნუ დასწყევლი მეფეს;+ ნურც საძინებელში დასწყევლი მდიდარს, რადგან ჩიტი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი დაგასმენს.

11 წყალს გაატანე შენი პური+ და მრავალი დღის შემდეგ იპოვი მას.+ 2 გაუყავი შვიდს, გინდაც რვას,+ რადგან არ იცი, რა უბედურება დატრიალდება დედამიწაზე.

3 ღრუბლები წყლით რომ აივსება, დედამიწაზე წვიმა წამოვა; ხე ძირს რომ დაეცემა, სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება.

4 ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის.+

5 როგორც ის არ იცი, როგორ წარმოქმნის სული* ძვლებს ორსულის მუცელში,+ ისე არ იცი ყოველივეს შემქმნელის, ღვთის, საქმენი.+

6 დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს,+ რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივეში მოგემართოს ხელი.

7 ტკბილია სინათლე და კარგია, თვალი მზეს რომ ხედავს. 8 თუ კაცი მრავალი წელი იცოცხლებს, დატკბეს ამ წლებით,+ მაგრამ ნუ დაავიწყდება, რომ შეიძლება შავი დღეებიც მრავლად ჰქონდეს. ყველაფერი, რაც მოხდება, ამაოება იქნება.+

9 გაიხარე, ახალგაზრდავ, სანამ ახალგაზრდა ხარ! იმხიარულოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში. იქით წადი, საითაც გული გაგიწევს და საითაც თვალი წაგიყვანს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ამ ყველაფრისთვის ღმერთი პასუხს მოგთხოვს.+ 10 მოერიდე იმას*, რაც საწუხარს გაგიჩენს, და ზიანს მოგაყენებს*, რადგან წარმავალია* ახალგაზრდობა და სიჭაბუკე.+

12 გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში,+ სანამ დაგდგომია დამამწუხრებელი დღეები+ და წლები, როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო, 2 სანამ დაბნელებულა მზე, მთვარე და ვარსკვლავები,+ სანამ თავსხმის მერე ისევ გამოჩენილა ღრუბელი*, 3 სანამ სახლის მცველები აკანკალებულან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოხრილან, დამფქველ ქალებს სიმცირის გამო მუშაობა შეუწყვეტიათ და სარკმლიდან მომზირალ ქალებს სიბნელე უხილავთ,+ 4 სანამ ქუჩაში გამავალი კარები ჩაკეტილა, წისქვილის ხმა შესუსტებულა, კაცი ჩიტის ხმაზე წამომდგარა და მომღერალ ასულებს ხმა წასვლიათ,+ 5 სანამ კაცს სიმაღლის შიში გასჩენია და ქუჩაში შიშს შეუპყრია, სანამ აყვავებულა ნუში+ და კუტკალია წალასლასებულა, კაპარი დამსკდარა, რადგან კაცი იმ სახლში წავა, სადაც დიდხანს იცხოვრებს,+ სანამ მგლოვიარეთ ქუჩაში უვლიათ,+ 6 სანამ ვერცხლის ბაწარი გაწყვეტილა, ოქროს თასი დამსხვრეულა, დოქი წყაროზე გატეხილა და ჭის ბორბალი დამტვრეულა. 7 მაშინ მტვერი დაუბრუნდება მიწას,+ სადაც მანამდე იყო, სული* კი — ღმერთს, მის მბოძებელს.+

8 „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერი ამაოებაა“.+

9 შემკრები თავადაც დაბრძენდა და ხალხსაც ასწავლიდა იმას, რაც იცოდა;+ ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა მრავალი იგავისთვის მოეყარა თავი.+ 10 შემკრები ცდილობდა, სასიამოვნო სიტყვები ეპოვა+ და ზედმიწევნით გადმოეცა ჭეშმარიტება.

11 ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა+ და მათ მიერ შეგროვებული გამონათქვამები — ჩაჭედებული ლურსმნებივით; ერთი მწყემსისგანაა ისინი. 12 შვილო, დანარჩენს ყველაფერს მოერიდე: წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია.+

13 ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ღვთისა გეშინოდეს+ და მისი მცნებები დაიცავი,+ რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება!+ 14 ყველა საქმეს ღმერთი განსჯის, ყველაფერს, რაც დაფარულია, და შეაფასებს, კარგია თუ ცუდი.+

ან შესაძლოა: „გარდასულს ღმერთი მოიძიებს“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს ბრძენი ყმაწვილი.

ან შესაძლოა: „რამეს“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ბოროტმოქმედს ვერ გადაარჩენს თავისი ბოროტება“.

ან შესაძლოა: „რის გამოც ადამიანები დღისით თუ ღამით თვალს ვერ ხუჭავენ“.

ღია ფერის სამოსი მხიარულების გამომხატველი იყო.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „შეშის მჩეხავს სიფრთხილე მართებს“.

ან შესაძლოა: „შენს საწოლში“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „მოიშორე გულიდან ის“.

სხვაგვარად — „შენს სხეულს ზიანს მიაყენებს“.

სიტყვასიტყვით — „ამაოებაა“.

ან შესაძლოა: „სანამ ისევ გამოჩენილა ღრუბელი თავსხმასთან ერთად“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება