როგორ უნდა ეძინოს ბავშვს?
ბავშვის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის გამო მთელ მსოფლიოში უამრავი პატარა კვდება. შეერთებულ შტატებში ის 1—12 თვემდე ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. შესაძლებელია საფრთხის თავიდან არიდება? როგორც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში ეწერა, ბოლო წლებში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ბავშვებს გულაღმა სძინავთ (The Journal of the American Medical Association). რამდენიმე ქვეყანამ შეიმუშავა გეგმა, რომ გააფრთხილონ მშობლები ძილის დროს ბავშვის მდგომარეობასა და ამ სინდრომს შორის კავშირის შესახებ. ავსტრალიაში, ინგლისში, დანიაში, ახალ ზელანდიასა და ნორვეგიაში თითქმის ორწლიანი კამპანიების შემდეგ, რომლების დროსაც ურჩევდნენ, რომ პატარები ზურგზე დაეწვინათ, სიკვდილიანობა სულ მცირე 50 პროცენტით შემცირდა.
ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა კავშირი აქვს ამ სინდრომთან ბავშვის პირდაღმა ძილს, მაგრამ ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ბავშვი თავისივე ამონასუნთქს ჩაისუნთქავს, რის გამოც სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, ბავშვის სხეული შეიძლება გადახურდეს, რადგანაც მისი სითბო ისე არ იფანტება, როგორც ზურგზე წოლისას. საერთოდ პატარას რა მდგომარეობაშიც დააწვენ, იმ მდგომარეობაში სძინავს. გამოკვლევებმა აგრეთვე აჩვენა, რომ უმჯობესია, ნორმალური, ჯანმრთელი ბავშვი გულაღმა დავაწვინოთ, ვიდრე ცალ გვერდზე.
რატომ ურჩევნიათ დედებს ერთი მდგომარეობა მეორეს? იმავე ჟურნალში აღნიშნულია, რომ დედები ხშირად ბავშვებს ისე აწვენენ, როგორც მათი დედები ან სხვა ნათესავები აკეთებდნენ, ან იმას იმეორებენ, რაც საავადმყოფოში დაინახეს. ზოგი დედა ფიქრობს, რომ მის პატარას განსხვავებული მდგომარეობა ურჩევნია ან ისე უკეთესად სძინავს. ბევრი დედა ბავშვს პირველი თვის განმავლობაში სულ ზურგზე აწვენს, შემდეგ კი გულდაღმა. „ეს ტენდენცია შემაშფოთებელია, — აღნიშნულია იმავე ჟურნალში, — რადგან ამ სინდრომის საფრთხე უფრო მეტად 2–3 თვის ბავშვებს ემუქრება“. ექიმები ცდილობენ ამცნონ პატარების მშობლებს, რომ, რასაც ისინი ამბობენ — კერძოდ კი, რომ ჯობია, ბავშვებს ზურგზე ეძინოთ — ეფექტური უბრალო საშუალებაა საფრთხის თავიდან ასარიდებლადa.
[სქოლიო]
a თუ ბავშვს სასუნთქი გზები აქვს დაავადებული ან ჭარბი ნერწყვის დენა აწუხებს, გონივრული იქნებოდა, მშობლებს ექიმისთვის ეკითხათ, რა მდგომარეობაში ჯობია, ბავშვს ეძინოს.