სიმართლისთვის დევნილნი
შესაძლოა მეგობრებისგან ან ნათესავებისგან გსმენია, რომ იეჰოვას მოწმეებს კანონთან დაკავშირებით უსიამოვნებები ჰქონიათ, რომ ზოგი მთავრობა კრძალავს მათ საქმიანობას ან რომ ისინი სხვა მხრივ არიან ცუდი ადამიანები. რატომ საუბრობენ ასე მათ წინააღმდეგ?
ამის მიზეზი იეჰოვას მოწმეთა მხრიდან კანონის უპატივცემლობა როდია, არამედ ის, რომ ისინი იესოს ნაბიჯებს მიჰყვებიან. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ადამიანები შეიძულებდნენ მათ, განდევნიდნენ და ყოველგვარ საზიზღარ სიცრუეს ილაპარაკებდნენ მათ შესახებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იეჰოვა ღმერთის მთავარი მოწინააღმდეგის, ამ წუთისოფლის ღმერთის, სატანის, სურვილია, ადამიანები ღვთის მსახურებას ჩამოაცილოს (მათე 5:10–12; 10:16–22, 34–39; 24:9, 10; იოანე 15:17—16:3; 2 ტიმოთე 3:12; 1 პეტრე 5:8; გამოცხადება 12:17).
მოციქულები იმიტომ კი არ დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს, რომ ისინი ბოროტმოქმედები, მოძალადეები ან მეამბოხეები იყვნენ. არა, ისინი კეთილი ცნობის ქადაგებისთვის დააპატიმრეს. როცა მოციქულმა პავლემ მოითხოვა, რომ მისი საქმე უმაღლეს სასამართლოს გაერჩია, ეს ქრისტიანებისთვის კეთილი ცნობის ქადაგების კანონიერად დადგენილი უფლების დაცვას ნიშნავდა (საქმეები 4:18–20; 5:28–32; ფილიპელთა 1:7).
დღეს იეჰოვას მოწმეები კანონისადმი მორჩილი ქრისტიანები არიან, რომლებიც გადასახადებს იხდიან და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პატივისცემით არიან განწყობილი. ისინი კეისრისას კეისარს აძლევენ და ღვთისას — ღმერთს. თუ მათ რამე უსიამოვნებები აქვთ მთავრობის წარმომადგენლებთან, ამის მიზეზია ის, რომ მთავრობას არ მოსწონს მათი სამქადაგებლო საქმიანობა ან ის, რომ ისინი სახელმწიფოებს შორის წამოჭრილ საქმეებში ნეიტრალიტეტს იცავენ. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს ამ საკითხებში მოციქულების მსგავსი პოზიცია უნდა ეჭიროთ, რომლებმაც თქვეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29; მარკოზი 12:17; იოანე 18:36; ტიტე 3:1, 2).
იეჰოვას მოწმეები არ ესწრაფვიან დევნებს, არამედ წყნარი და მშვიდი ცხოვრება სურთ. მაგრამ, თუ მათ ღვთის კანონების დაცვისა და იესოს მაგალითის მიყოლის გამო დევნიან, ისინი ამას სიხარულით იტანენ (მათე 5:10–12; საქმეები 5:40, 41; 1 კორინთელთა 4:12; 1 ტიმოთე 2:2; 1 პეტრე 3:14, 15; 4:12–16).
• რატომ არიან იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ განწყობილი და რატომ დევნიან მათ?
• რატომ წამოეჭრებათ ხოლმე ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს მთავრობებთან უსიამოვნებები ქრისტიანი მოციქულების მსგავსად?
• როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები დევნას?
[სურათები 29 გვერდზე]
ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებისთვის იესო პილატეს მიჰგვარეს; ამავე მიზეზით დააპატიმრეს მოციქული პავლეც.