მათი მსოფლიო ორგანიზაცია და საქმიანობა
სამქადაგებლო საქმიანობა ტარდება მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში და კოორდინაცია ეწევა რამდენიმე ორგანიზაციული სტრუქტურის წყალობით. მთელი ორგანიზაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც იმყოფება ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში. ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გზავნის თავის წარმომადგენლებს ადგილობრივ ფილიალებთან მრავალი სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ყოველ ფილიალში დანიშნულია კომიტეტი, რომელიც შედგება სამიდან შვიდამდე წევრისგან და საქმიანობას მეთვალყურეობს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ფილიალი ზედამხედველობს. ზოგ ფილიალში არის სტამბები, რომელთა ნაწილიც აღჭურვილია სწრაფი როტაციული საბეჭდი მანქანებით. ქვეყანა ან ტერიტორია, რომელსაც ექვემდებარება ფილიალი, დაყოფილია ოლქებად, ისინი კი, თავის მხრივ, რაიონებად იყოფა. ყოველ რაიონში დაახლოებით 20 კრებაა. პერიოდულად საოლქო ზედამხედველი ინახულებს თავისი ოლქის რაიონებს. ყოველ რაიონში ყოველწლიურად ორი კონგრესი ტარდება. გარდა ამისა, ყოველ კრებას, ჩვეულებრივ, წელიწადში ორჯერ მოსანახულებლად ეწვევა ხოლმე სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ადგილობრივ მოწმეებს ამ კრების ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებასა და წარმართვაში ეხმარება.
ადგილობრივი კრება და მისი სამეფო დარბაზი თქვენს მხარეში სასიხარულო ცნობის გავრცელების ცენტრია. ყოველი კრების ტერიტორია იყოფა პატარა უბნებად და ეს უბნები უნაწილდება ცალკეულ მაუწყებლებს, რომლებიც მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ყველა ადამიანის მონახულებასა და მათთან საუბარს ცდილობენ. რამდენიმედან 200-მდე მაუწყებლისგან შემდგარ ყოველ კრებაში მსახურობენ უხუცესები, რომლებსაც სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებათ. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში სასიხარულო ცნობის თითოეული მაუწყებელი მნიშვნელოვანია. ყოველი მათგანი — მიუხედავად იმისა, თუ სად მსახურობს: მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ფილიალსა თუ კრებაში — პირადად მონაწილეობს მსახურებაში და სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ მოუთხრობს.
ამ საქმიანობის ანგარიში იგზავნება მსოფლიო მთავარ სამმართველოში. მათ საფუძველზე დგება წლიური ანგარიში და იბეჭდება „წელიწდეული“. გარდა ამისა, ამ მონაცემების ცხრილი ქვეყნდება ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყოველი 1 იანვრის ნომერში. ამ ორივე პუბლიკაციაში მოცემულია დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა ერთი წლის განმავლობაში იეჰოვასა და მის სამეფოზე ქადაგებასთან დაკავშირებით — სამეფოზე, რომელსაც ქრისტე იესო მართავს. ბოლო წლებში 14 000 000 ზე მეტი — იეჰოვას მოწმეები და დაინტერესებული ადამიანები — ესწრებოდა იესო ქრისტეს სიკვდილის ყოველწლიური გახსენების საღამოს. ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები 1 000 000 000-ზე მეტ საათს ქადაგებენ და 300 000-ზე მეტი ადამიანი ინათლება. ვრცელდება ასობით მილიონი ბიბლიური პუბლიკაცია.