საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 34 გვ. 202-გვ. 205 აბზ. 4
  • აღმშენებლობითი და დადებითი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღმშენებლობითი და დადებითი
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • დაეუფლე საუბრის ხელოვნებას
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • გამამხნევებელი და დადებითი საუბარი
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — თავად წამოიწყე საუბარი და დაამოწმე არაფორმალურად
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 34 გვ. 202-გვ. 205 აბზ. 4

გაკვეთილი 34

აღმშენებლობითი და დადებითი

რა უნდა გააკეთო?

დიდხანს ნუ ილაპარაკებ არასასიამოვნო საკითხებზე; მსმენელს გამოსავალი დაანახვე და ყურადღება გაამახვილე იმაზე, რაც იმედს მისცემს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ადამიანები დაღალა ბოროტმა ქვეყნიერებამ. ბევრი ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს ხვდება. ბიბლიური ჭეშმარიტება — თუ სათანადოდ წარვადგენთ — გულწრფელ ადამიანებს დაეხმარება, ოპტიმისტურად შეხედონ ცხოვრებას.

ჩვენ სასიხარულო ცნობის ქადაგება გვაქვს დავალებული. იესომ თქვა: „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარ. 13:10). ‘ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ ქადაგებით მან მაგალითი მოგვცა (ლუკ. 4:43). მისი მოციქულებიც „ღვთის სასიხარულო ცნობასა“ და „ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ აუწყებდნენ (1 თეს. 2:2; 2 კორ. 2:12). ეს ცნობა ნამდვილად გამამხნევებელია.

ბიბლია მოიხსენიებს ანგელოზს, რომელიც „მარადიულ სასიხარულო ცნობას“ ახარებს. მისი სიტყვების შესაბამისად ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გამოცხ. 14:6, 7). ჩვენ ყველას ველაპარაკებით ჭეშმარიტ ღმერთსა და მის სახელზე, ღვთის შესანიშნავ თვისებებსა და სასწაულებრივ საქმეებზე; აგრეთვე იმაზე, თუ რა განიზრახა ღმერთმა ჩვენდამი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, რა ვალდებულება გვაკისრია მის წინაშე და რას მოითხოვს ის ჩვენგან. სასიხარულო ცნობაში შედის ისიც, რომ იეჰოვა ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს, რომლებიც შეურაცხყოფენ მას და სხვებს სიცოცხლეს უმწარებენ. მაგრამ უფლება არა გვაქვს, განვსაჯოთ ადამიანები, რომლებსაც ვუქადაგებთ. ჩვენ გვსურს, რომ ბიბლიურ ცნობას რაც შეიძლება მეტი პიროვნება გამოეხმაუროს, რათა ის მათთვისაც გახდეს სასიხარულო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (იგავ. 2:20—22; იოან. 5:22).

ნაკლები ილაპარაკე არასასიამოვნო თემებზე. ცხადია, ცხოვრებაში ბევრი არასასიამოვნო რამ ხდება. ჩვენ ამ ფაქტს არ უარვყოფთ. საუბრის დასაწყებად შეგიძლია წამოჭრა პრობლემატური საკითხი, რომელიც შენს უბანზე მცხოვრებ ხალხს აღელვებს, და მოკლედ შეეხო მას. მაგრამ აზრი არა აქვს ამა თუ იმ პრობლემაზე დიდხანს ლაპარაკს. ადამიანებს გამუდმებით ესმით ცუდი ამბები, ამიტომაც უარყოფით თემებზე თუ ილაპარაკებ, ან კარს დახურავენ ან, უბრალოდ, ყურადღებით აღარ მოგისმენენ. საუბრის დასაწყისშივე შეეცადე, ყურადღება გაამახვილო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაზე, რომელსაც გამომაცოცხლებელი ძალა აქვს (გამოცხ. 22:17). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსმენელი საუბრის გაგრძელებას არ ისურვებს, უკვე გექნება ნათქვამი რაღაც სასიამოვნო, რაზეც შეიძლება შემდეგ იფიქროს. ამან, შესაძლებელია, მომავალში უფრო მეტად განაწყოს ის მოსასმენად.

მოხსენებით გამოსვლის დროსაც შეეცადე, უარყოფით თემებზე ბევრი არ ილაპარაკო, თუმცა ამ მხრივ სალაპარაკო საკმაოდ ბევრია. მომხსენებელი თუ დიდხანს ილაპარაკებს მთავრობების წარუმატებლობაზე, დამნაშავეობასა თუ ძალადობაზე და უზნეობის აღმაშფოთებელ მასშტაბებზე, მსმენელს ხასიათი გაუფუჭდება. განსახილველი საკითხის უარყოფით მხარეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხე, თუ ეს მსმენელებს რაიმე სარგებლობას მოუტანს. მაგალითად, რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტის მოხსენიება მათ შენი მოხსენების აქტუალობის დანახვაში დაეხმარება; აგრეთვე, ასეთი ფაქტების მოყვანით შეგიძლია ისინი არასასურველი სიტუაციის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე დააფიქრო. ეს კი შესაძლებლობას მოგცემს, მსმენელებს დაანახვო, რომ გამოსავალი, რომელსაც ბიბლია გვთავაზობს, საუკეთესოა. შეძლებისდაგვარად შეეცადე, კონკრეტულად ილაპარაკო და დიდხანს არ იმსჯელო უშუალოდ პრობლემაზე.

მასალიდან არასასიამოვნო ინფორმაციის მთლიანად ამოღება შეუძლებელია და არც არის საჭირო. შენი მიზანია, ისე გადმოსცე როგორც სასიამოვნო, ისე არასასიამოვნო ინფორმაცია, რომ საბოლოოდ დადებით შედეგს მიაღწიო. ამისათვის უნდა განსაზღვრო, რა დატოვო მასალაში, რა ამოიღო და რაზე გაამახვილო ყურადღება. მთაზე ქადაგებისას იესომ მსმენელებს მოუწოდა, არ მიებაძათ მწიგნობრებისა და ფარისევლებისთვის, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდნენ. მან მათი არასწორი საქციელის რამდენიმე უარყოფითი მაგალითი მოიყვანა (მათ. 6:1, 2, 5, 16). მაგრამ იესო დიდხანს არ შეჩერებულა რელიგიურ წინამძღოლთა უარყოფით მაგალითებზე. მან იეჰოვას ნორმების სწორ გაგებასა და ცხოვრებაში გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება (მათ. 6:3, 4, 6—15, 17—34). ამან შესანიშნავი შედეგი გამოიღო.

დაე, შენი მოხსენება გამამხნევებელი იყოს. როდესაც კრებაში მოხსენებით გამოდიხარ და ქრისტიანული მსახურების რომელიმე მხარეს განიხილავ, მოერიდე კრიტიკას. შეეცადე, შენი გამოსვლა გამამხნევებელი იყოს. ისიც გაითვალისწინე, რომ თავად უნდა აკეთებდე იმას, რისკენაც სხვებს მოუწოდებ (რომ. 2:21, 22; ებრ. 13:7). შენ სიყვარული უნდა გალაპარაკებდეს და არა გულისწყრომა (2 კორ. 2:4). თუ გჯერა, რომ დებსა და ძმებს სურთ, გაახარონ იეჰოვა, მათდამი ნდობა შენს სიტყვებში აირეკლება. ეს კი კარგ შედეგს გამოიღებს. შემდეგ მუხლებში ყურადღება მიაქციე, როგორ გამოხატავდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებისადმი ნდობას: 1 თესალონიკელები 4:1—12; 2 თესალონიკელები 3:4, 5; ფილიმონი 4, 8—14, 21.

ზოგჯერ აუცილებელია, უხუცესებმა კრება გააფრთხილონ, რათა ვინმე არაგონივრული მოქმედების მსხვერპლი არ გახდეს. ამ შემთხვევაში უხუცესებს თავმდაბლობა დაეხმარება, რომ რბილად მიუდგნენ და-ძმებს (გალ. 6:1). ლაპარაკის დროს მათ უნდა ცხადყონ, რომ პატივს სცემენ კრების წევრებს (1 პეტ. 5:2, 3). ბიბლიის თანახმად, სხვების პატივისცემას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებმა უნდა მიაქციონ (1 ტიმ. 4:12; 5:1, 2; 1 პეტ. 5:5). სწავლების, შეგონებისა და გამოსწორების საფუძველი ის უნდა იყოს, რაც ბიბლიაშია ნათქვამი (2 ტიმ. 3:16). მომხსენებელმა ბიბლიური მუხლები არ უნდა მოარგოს საკუთარ მოსაზრებას. მაშინაც კი, როდესაც არასწორი საქციელის გამოსასწორებლად აუცილებელია რჩევის მიცემა, მოხსენება აღმშენებლობითი იქნება, თუ მომხსენებელი ყურადღებას, ძირითადად, შემდეგ საკითხებზე გაამახვილებს: როგორ მოვერიდოთ ცუდ საქმეებს, როგორ გადავჭრათ პრობლემები, როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს, როგორ შევიცვალოთ ქცევა და როგორ გვიცავს იეჰოვას ნორმები (ფსალმ. 119:1, 9—16).

მოხსენების მომზადების დროს დაფიქრდი, როგორ დაამთავრებ თითოეულ მთავარ აზრს და რას იტყვი დასკვნაში. ბოლო სიტყვები მსმენელს ყველაზე კარგად ამახსოვრდება. იტყვი რამე გამამხნევებელს?

როდესაც თანამორწმუნეებს ესაუბრები. იეჰოვას მსახურები ვაფასებთ ქრისტიანულ შეხვედრებზე ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ასეთ შეხვედრებზე სულიერად ვძლიერდებით. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „გავამხნეოთ ერთმანეთი“, როდესაც ღვთის თაყვანსაცემად ვიკრიბებით (ებრ. 10:25). გამხნევება მხოლოდ მოხსენებითა და კომენტარებით კი არ არის შესაძლებელი, არამედ კრების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ურთიერთობითაც.

სავსებით ნორმალურია ყოველდღიური საქმეების შესახებ ლაპარაკი, მაგრამ ერთმანეთს ყველაზე მეტად სულიერ თემებზე საუბრებით ვამხნევებთ — მაგალითად, თუ ვლაპარაკობთ იმ შემთხვევებზე, რომლებიც სიხარულს გვანიჭებს წმინდა მსახურებაში. არანაკლებ გამამხნევებელია ერთმანეთისადმი ყურადღებისა და გულწრფელი ინტერესის გამოვლენა.

საჭიროა სიფრთხილე, რომ ქვეყნიერების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მისწერა: „მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფეს. 4:25). სიცრუის ნაცვლად ჭეშმარიტების ლაპარაკში ისიც იგულისხმება, რომ არ განვადიდოთ და არ გავაღმერთოთ ის, რასაც და ვისაც ქვეყნიერება განადიდებს და აღმერთებს. გარდა ამისა, იესომ თქვა, რომ უნდა ვუფრთხილდეთ „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას“ (მათ. 13:22). ამიტომაც, როდესაც თანამორწმუნეებს ვესაუბრებით, უნდა მოვერიდოთ მატერიალურ ნივთებზე აღტაცებით ლაპარაკს, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ ცდუნებას (1 ტიმ. 6:9, 10).

პავლე მოციქულმა „ერთმანეთის აღშენების“ აუცილებლობაზე ლაპარაკისას მოგვიწოდა, არ გავასამართლოთ ან არ დავამციროთ ძმა, რომელიც თავს იკავებს რაღაცისგან მხოლოდ იმის გამო, რომ „სუსტია რწმენაში“, ანუ ბოლომდე არ ესმის ქრისტიანული თავისუფლების მნიშვნელობა. იმისათვის, რომ ჩვენთან საუბარი გამამხნევებელი იყოს, უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის ჩვენი მოსაუბრე და სულიერი ზრდის რა ეტაპზეა. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ ძმას ან დას „დაბრკოლების ლოდს ან ფეხწამოსაკრავს“ დავუდებდით (რომ. 14:1—4, 13, 19).

გამამხნევებელი საუბრები განსაკუთრებით სჭირდება მას, ვინც ცხოვრებაში სერიოზული სირთულეების წინაშე დგას — მაგალითად, ვინც ქრონიკული დაავადებით იტანჯება. ასეთ ადამიანს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება კრების შეხვედრებზე დასასწრებად. და-ძმებმა, რომლებსაც ესმით ეს, შეიძლება მას ხშირად ჰკითხონ: „თავს როგორ გრძნობ?“. ცხადია, ის უეჭველად დააფასებს ასეთ ყურადღებას. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას შესაძლოა არ სიამოვნებდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი. ასეთ ადამიანს უფრო მეტად გავამხნევებთ, თუ შევაქებთ და ვეტყვით, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის. ამჩნევ, როგორ უყვარს მას იეჰოვა და როგორ ინარჩუნებს სიმტკიცეს სირთულეების მიუხედავად? გამხნევებს მისი კომენტარები? განა უმჯობესი არ იქნება, რომ მის შეზღუდულ შესაძლებლობებზე კი არ გაამახვილო ყურადღება, არამედ ძლიერ მხარეებზე და იმაზე, რითაც კრებას ეხმარება? (1 თეს. 5:11).

ჩვენი სიტყვები მოსაუბრისთვის გამამხნევებელი რომ იყოს, საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ ის, თუ როგორ უყურებს იეჰოვა საკითხს, რომელზეც ვმსჯელობთ. ძველ ისრაელში ზოგს ღვთის რისხვა დაატყდა იმის გამო, რომ ღვთის წარმომადგენლები გაკიცხეს და მანანას გამო წუწუნი დაიწყეს (რიცხ. 12:1—16; 21:5, 6). თუ პატივს ვცემთ უხუცესებს და ვაფასებთ სულიერ საზრდოს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვითვალისწინებთ ძველად მცხოვრები ისრაელების მაგალითს (1 ტიმ. 5:17).

თანაქრისტიანებთან სასაუბროდ სარგებლობის მომტანი თემის პოვნა, ჩვეულებრივ, ძნელი არ არის. მაგრამ, თუ ვინმე მაინც მეტისმეტად კრიტიკულად ლაპარაკობს, ინიციატივა აიღე და საუბარი აღმშენებლობით თემაზე გადაიტანე.

როგორც ვხედავთ, ქადაგებისას, სცენაზე გამოსვლისას თუ თანამორწმუნეებთან საუბრისას აუცილებელია გამჭრიახობის გამოვლენა იმისათვის, რომ ჩვენი გულიდან „მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29).

გაამხნევე მოსაუბრე

  • გახსოვდეს, რომ ჩვენ სასიხარულო ცნობის ქადაგება გვაქვს დავალებული.

  • მოერიდე კრიტიკას. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილო იმაზე, თუ როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება.

  • შეეცადე, მსმენელის მიმართ დადებითად განეწყო.

  • საუბრის დროს იფიქრე, როგორ იმოქმედებს შენი სიტყვები მსმენელზე.

სავარჯიშო: მოინახულე ინვალიდი, რომელსაც სახლიდან გარეთ გასვლა უჭირს. წამოიწყე გამამხნევებელი საუბარი. თანაგრძნობა გამოავლინე და შეეცადე, ოპტიმისტურად ილაპარაკო. წინასწარ მოემზადე ამ მონახულებისთვის, რათა დასახულ მიზანს მიაღწიო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება