საით მიემართება მსოფლიო?
დღე ისე არ გავა, რომ სერიოზული პრობლემებისა თუ შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ არ მოვისმინოთ! რაზე მეტყველებს ეს?
უსაფრთხოება: ბაზარში ბომბი აფეთქდა. სკოლაში მასწავლებლები და მოწაფეები დაცხრილეს. ბავშვები მშობლების თვალწინ გაიტაცეს. დღისით-მზისით ქალები და მოხუცები გაძარცვეს.
რელიგიური მდგომარეობა: ომის დროს ეკლესიები მოწინააღმდეგე ბანაკებს ემხრობიან. სამღვდელოებას გენოციდში ედება ბრალი. მღვდლები ბავშვებს ხრწნიან, ეკლესია კი ხელს აფარებს მათ. ტაძრები იყიდება მრევლის სიმცირის გამო.
გარემო: ერთეულების ინტერესებს ტყეები ეწირება. სიცივით შეწუხებულმა ხალხმა ხეები გაჩეხა. გრუნტის წყალი დაბინძურდა; მისი დალევა საშიშია. ინდუსტრიული ნარჩენები და თევზჭერის ზოგი თანამედროვე მეთოდი მალე ამ დარგს დაასამარებს. სუნთქვა სახიფათო ხდება.
მატერიალური მდგომარეობა: აფრიკის ზოგ ქვეყანაში საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 480 დოლარია. ხელმძღვანელ პირთა სიხარბეს კომპანიები გაკოტრებამდე მიჰყავს — ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება. თაღლითობის შედეგად ბევრმა მთელი დანაზოგი დაკარგა.
საკვების უკმარისობა: დაახლოებით 800 000 000 ადამიანი ყოველდღე მშიერი იძინებს.
ომები: XX საუკუნეში ომების შედეგად 100 000 000-ზე მეტი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ბირთვული იარაღი უკვე იმდენია, რომ დედამიწის მრავალჯერ განადგურება შეიძლება. სამოქალაქო ომები. ტერორიზმი მსოფლიოს აზანზარებს.
ეპიდემიები და სხვა დაავადებები: ესპანურმა გრიპმა, რომელმაც 1918 წელს იფეთქა, 21 000 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიდს-ი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელ ეპიდემიად“ იქცა. კიბო და გულის დაავადებები მრავალ ტკივილს იწვევს.
ზედაპირულად ნუ შეხედავთ ამ მოვლენებს. ვითომ არ არსებობს კავშირი მათ შორის? ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ხომ არ მეტყველებს ეს ყველაფერი?
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
სულერთი ხომ არ არის ღვთისთვის?
შემაძრწუნებელი მოვლენებისა და პირადი ტრაგედიების გამო ბევრს ებადება კითხვა: რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი, რომ აგვაცილოს მსგავსი შემთხვევები?
ღვთისთვის სულერთი არ არის. ის ახლავე გვაძლევს საიმედო ხელმძღვანელობას და გულწრფელად გვანუგეშებს (მათე 11:28—30; 2 ტიმოთე 3:16, 17). მან ნიადაგი მოამზადა იმისათვის, რომ სამუდამოდ მოსპოს ძალადობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. მისი საქმეებიდან ვხედავთ, რომ ის ზრუნავს არა მარტო ერთ ერზე, არამედ ყველა ადამიანზე — ყველა ერიდან, ტომიდან და ეთნიკური ჯგუფიდან (საქმეები 10:34, 35).
სულერთი ხომ არ არის თქვენთვის? იცით, ვინ არის ცისა და დედამიწის შემოქმედი? იცით მისი სახელი? რა განზრახვები აქვს მას? ამ კითხვებზე პასუხს ის ბიბლიაში გვაძლევს. შემოქმედი აგრეთვე გვიხსნის, თუ რას აკეთებს ძალადობის, ავადმყოფობისა და სიკვდილის აღმოსაფხვრელად. ჩვენგან რა მოითხოვება? მეტი უნდა გავიგოთ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. განა შეიძლება მოველოდეთ, რომ შემოქმედის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩვენთვისაც სასიკეთო იქნება, თუ მისი არ გვწამს? (იოანე 3:16; ებრაელები 11:6). აუცილებელია მისი მოთხოვნებისადმი მორჩილებაც (1 იოანე 5:3). გაქვთ ღვთისადმი საკმაო ინტერესი? სულერთი ხომ არ არის თქვენთვის, რას მოელის ის ჩვენგან?
იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი დღევანდელ მდგომარეობას, საჭიროა ერთ მნიშვნელოვან საკითხში გარკვევა. ბიბლია ნათელს ჰფენს მას. ეს საკითხი განხილულია მე-15 გვერდზე.