ახაბი
[ძმა მამისა].
1. ომრის ვაჟი და ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს მეფე; ის დაახლოებით ძვ. წ. 940 წელს გამეფდა სამარიაში და 22 წელიწადს მეფობდა (1მფ. 16:28, 29).
ცრუ თაყვანისმცემლობის ხელშემწყობი. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის უმნიშვნელოვანეს საკითხში ახაბმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეფის სახელი დაიმკვიდრა. მან არა მარტო განაგრძო იერობოამის ოქროს ხბოების თაყვანისცემა, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობის დამახინჯებული ფორმა იყო, არამედ დაუშვა, რომ ისრაელი ბაალის თაყვანისმცემლობით არნახულად გაუწმინდურებულიყო. ამაში დიდი როლი ითამაშა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სიდონის მეფე ეთბაალის ასულ იზებელზე დაქორწინებამ. იოსებ ფლავიუსმა ძველი ბერძენი ისტორიკოსი მენანდრეს სიტყვები მოიყვანა და ეთბაალი ითობალად მოიხსენია („აპიონის წინააღმდეგ“, I, 123 [18]). ფლავიუსი წერდა, რომ ითობალმა, რომელიც ასტარტეს ქურუმი იყო, მეფე მოკლა და თავად ავიდა ტახტზე.
თავისი წარმართი ცოლის, იზებელის გავლენით ახაბმა ბაალის თაყვანისცემა დაიწყო, ბაალს ტაძარი აუშენა და აშერას პატივსაცემად წმინდა ბოძი გააკეთა (1მფ. 16:30—33). საბოლოოდ ისრაელში ბაალის 450 წინასწარმეტყველი და წმინდა ბოძის 400 წინასწარმეტყველი გამოჩნდა, რომლებიც იზებელის სუფრიდან ჭამდნენ (1მფ. 18:19). იზებელმა მახვილით დაახოცვინა იეჰოვას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები. მათგან მხოლოდ 100 გადაურჩა სიკვდილს ახაბის სასახლის გამგებლის, ღვთის მოშიში ობადიას წყალობით, რომელმაც ისინი გამოქვაბულებში გადამალა და მათ პურითა და წყლით ამარაგებდა (1მფ. 18:3, 4, 13; 19:10).
ბაალის თაყვანისცემის გამო ელიამ ახაბს მომავალი გვალვის შესახებ ამცნო, რომელიც ლუკას 4:25-სა და იაკობის 5:17-ის თანახმად სამწელიწად-ნახევარს გაგრძელდა (1მფ. 17:1; 18:1). წვიმა მხოლოდ ელიას სიტყვისამებრ მოვიდოდა. ახაბი ყველა მეზობელ ერსა თუ სამეფოში ეძებდა ელიას, მაგრამ იეჰოვას მიერ დანიშნულ დრომდე ვერ იპოვა (1მფ. 17:8, 9; 18:2, 10). ახაბმა გვალვა და შიმშილობა ელიას დააბრალა, თუმცა ელიამ მისი ბრალდება გააბათილა და დაანახვა, რომ ნამდვილი მიზეზი ბაალის თაყვანისმცემლობა იყო, რომელსაც ახაბი მფარველობდა. ქარმელის მთაზე მოწყობილმა გამოცდამ დაამტკიცა, რომ ბაალი არარაობა იყო, იეჰოვა კი — ჭეშმარიტი ღმერთი. მალევე მას შემდეგ, რაც ელიას ბრძანებით ბაალის წინასწარმეტყველები დახოცეს, თავსხმა წვიმა წამოვიდა და გვალვა დასრულდა (1მფ. 18:17—46). ახაბი იზრეელში დაბრუნდა თავის ცოლთან და მოუყვა, რა გააკეთა ელიამ ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. იზებელი მყისვე მოკვლით დაემუქრა ელიას. შეშინებული წინასწარმეტყველი ხორების მთასთან გაიქცა (1მფ. 19:1—8).
მშენებლობა დედაქალაქში; სირიაზე მოპოვებული გამარჯვებები. მიიჩნევა, რომ ახაბის სამშენებლო საქმიანობაში შედიოდა სამარიის გამაგრების დასრულებაც. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, ის მოიცავდა კარგად აგებულ სამ მტკიცე გალავანს. გათხრების დროს აღმოაჩინეს სასახლის მართკუთხა ფორმის საძირკველი (90მX180მ), რომელსაც თლილი ქვებისგან ოსტატურად ნაშენი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. აგრეთვე ნაპოვნია დიდი რაოდენობით სპილოს ძვლის ფილები, რომელთაც ავეჯისა და კედლების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ. ისინი შესაძლოა უკავშირდება ახაბის „სპილოს ძვლის სასახლეს“, რომელიც მოხსენიებულია 1 მეფეების 22:39-ში (იხ. სურათი, ტ. 1, გვ. 948; აგრეთვე შდრ. ამ. 3:15; 6:4).
მალე ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მქონე ამ მდიდარი ქალაქის სიმტკიცე გამოიცადა, როცა სირიის მეფე ბენ-ჰადად II-მ და მისმა მოკავშირე 32-მა მეფემ ალყა შემოარტყეს სამარიას. თავიდან ახაბი უსიტყვოდ დათანხმდა მტრის მოთხოვნების შესრულებაზე, თუმცა შემდეგ უარი თქვა თავისი სასახლის ნებაყოფლობით გაძარცვაზე. სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. იეჰოვას მითითებისამებრ ახაბი მოულოდნელად დაესხა თავს მტრის ბანაკს და გაჟლიტა ისინი, თუმცა ბენ-ჰადადმა მოახერხა გაქცევა (1მფ. 20:1—21).
იმაში დარწმუნებული ბენ-ჰადადი, რომ იეჰოვა მხოლოდ „მთათა ღმერთი“ იყო, მეორე წელს იმავე რაოდენობის ჯარით დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად ის სამარიის მთიან მხარეში კი არ გამოვიდა საბრძოლველად, არამედ მენაშეს ტერიტორიაზე აფეკთან ახლოს შედარებით ვაკე ადგილზე (იხ. აფეკი №5). ისრაელთა ლაშქარი მათ შესახვედრად წამოვიდა, თუმცა სირიელთა დიდ ბანაკთან შედარებით ისინი „თხის ორ პატარა ჯოგს“ ჰგავდნენ. ახაბის ჯარს მხნეობა შეჰმატა იეჰოვას ნათქვამმა, რომ მისი ძალა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე არ იყო დამოკიდებული და ამას დაამტკიცებდა კიდეც. შედეგად, მათ მუსრი გაავლეს მტერს (1მფ. 20:26—30). მაგრამ მეფე საულის მსგავსად, რომელმაც ამალეკელი აგაგი ცოცხალი დატოვა, ახაბმაც დაინდო ბენ-ჰადადი და მასთან შეთანხმებაც კი დადო, რომლის თანახმადაც, ისრაელს დაუბრუნდებოდა მამამისის მიერ აღებული ქალაქები და დამასკოში ქუჩები მიეცემოდა ახაბს, როგორც ჩანს, ბაზრების გასახსნელად, რაც სირიის დედაქალაქში ახაბის სავაჭრო საქმიანობას შეუწყობდა ხელს (1მფ. 20:31—34). საულის მსგავსად იეჰოვამ ახაბიც გაკიცხა ამისთვის და უბედურება უწინასწარმეტყველა მას და მის ხალხს (1მფ. 20:35—43).
ნაბოთის მკვლელობა და მისი შედეგები. ქვეყანაში სამი წლის მანძილზე მშვიდობიანი პერიოდის დროს ახაბმა იზრეელელი ნაბოთის ვენახს დაადგა თვალი და მისი ყიდვა მოინდომა, რადგან მის სასახლეს ესაზღვრებოდა. ნაბოთმა უარი უთხრა სამკვიდროს ხელშეუხებლობის შესახებ ღვთის კანონის გამო. ნაწყენი ახაბი სახლში წავიდა, დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა და უარს ამბობდა ჭამაზე. როცა წარმართმა იზებელმა გაიგო მისი დამწუხრების მიზეზი, წერილები დაწერა მისი სახელით და ნაბოთის მკვლელობა მოაწყო, რომელსაც ისეთი სახე მისცა, თითქოს ის ღვთის გმობაში იყო დამნაშავე. სასურველი მიწის ნაკვეთის მისასაკუთრებლად წასულ ახაბს გზად ელია შეხვდა და პირდაპირ ამხილა ის, როგორც მკვლელი და ბოროტმოქმედი, რომელმაც თავისი წარმართი ცოლის წაქეზებით გაყიდა საკუთარი თავი ბოროტების ჩასადენად. როგორც ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, ისე ალოკავდნენ ახაბის სისხლსაც, მის და იზებელის შთამომავლებს კი ძაღლები და ლეშისმჭამელი ფრინველები შეჭამდნენ. ეს სიტყვები ღრმად შეეხო ახაბის გულს, დადარდიანდა და ჯვალოშემოსილი მარხულობდა, ხან იატაკზე იწვა და ხან აქეთ-იქით დადიოდა დამწუხრებული. ამის გამო მის მიმართ გარკვეულწილად გამოვლინდა წყალობა და ცოტა ხნით გადაიდო უბედურება, რომელიც მის სახლს უნდა დასტეხოდა (1მფ. 21:1—29).
ახაბის ურთიერთობა იუდას სამხრეთ სამეფოსთან განამტკიცა ახაბის ასულ ათალიასა და მეფე იეჰოშაფატის ვაჟ იეჰორამის ქორწინებამ (1მფ. 22:44; 2მფ. 8:18, 26; 2მტ. 18:1). სამარიაში სტუმრად ჩასული იეჰოშაფატი ახაბმა დაითანხმა, რომ სირიელებისგან გალაადის რამოთის დაბრუნებაში დახმარებოდა. სირიელებმა, როგორც ჩანს, ბოლომდე არ შეასრულეს ბენ-ჰადადის მიერ დადებული შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ცრუწინასწარმეტყველები ერთხმად არწმუნებდნენ წარმატებაში, იეჰოშაფატის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მოუხმეს ახაბისთვის საძულველ მიქაიას, რომელმაც გარდაუვალი უბედურება იწინასწარმეტყველა. ახაბმა ბრძანა, დაეპატიმრებინათ მიქაია და ჯიუტად გავიდა საბრძოლველად. მართალია, წინდახედულად მოიქცა და ტანსაცმელი გადაიცვა, მაგრამ ბრმა ისარმა ის სასიკვდილოდ დაჭრა. მისი ცხედარი სამარიაში წაასვენეს დასამარხად. „სამარიის ავზთან გარეცხეს საომარი ეტლი და მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ“. გათხრების დროს სამარიის სასახლის უზარმაზარი ეზოს ჩრდ.-დას. ნაწილში აღმოაჩინეს დიდი ხელოვნური აუზი. შესაძლოა, წინასწარმეტყველება სწორედ იქ შესრულდა (1მფ. 22:1—38).
მოაბური და ასურული წარწერები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ახაბის მმართველობის დროს მოხდა იერიხონის აღდგენა, რაც შესაძლოა მოაბზე ისრაელის ბატონობის გასაძლიერებლად გატარებული ზომა იყო (1მფ. 16:34; შდრ. 2მტ. 28:15). მეფე მეშას გაკეთებული წარწერა (მოაბური ქვა) გვამცნობს, რომ მეფე ომრი და მისი ვაჟი მოაბზე ბატონობდნენ.
ასურულ წარწერებში, რომლებშიც აღწერილია სალმანასარ III-სა და 12 მეფის გაერთიანებულ ჯარს შორის კარკარში გამართული ბრძოლა, მოკავშირეთა შორის მოხსენიებულია ა-ხა-აბ-ბუ. მეცნიერთა უმეტესობის აზრით მასში ისრაელის მეფე ახაბი იგულისხმება, თუმცა სტატიაში სალმანასარი №1 მოყვანილია საწინააღმდეგო მტკიცებები.
2. ბაბილონში გადასახლებულთა შორის მცხოვრები ცრუწინასწარმეტყველი; კოლაიას ვაჟი; იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ უზნეო და მატყუარა წინასწარმეტყველსა და მის თანაშემწეს ნაბუქოდონოსორი ცეცხლში დაწვავდა (იერ. 29:21—23).