ᲐᲠᲜᲝᲜᲘᲡ ᲮᲔᲕᲘ
მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან არნონის ველის შუაწელში მდებარე ღრმა ხეობა, რომელიც პლატოს კვეთს. ამ ხევს, რომელიც დღეს უადი-მუჯიბის (ნაჰალ-არნონი) სახელით არის ცნობილი, არაერთი შენაკადი უერთდება (რც. 21:14) და მდინარე იორდანის შემდეგ ყველაზე წყალუხვი შენაკადია, რომელიც მკვდარ ზღვაში ჩაედინება. ვიწრო ხეობა წითელ და ყვითელ ქვიშაქვა კლდეებს შორის მიიკლაკნება. მდინარე წყალმარჩხია, მაგრამ არასდროს შრება. წყალი კამკამაა და თევზითაა სავსე. სანაპიროებზე მრავლად ხარობს ტირიფი, ოლეანდრი და სხვა მცენარეულობა. როდესაც მდინარე კლდოვანი კალაპოტიდან გამოედინება და დაბლობზე ინაცვლებს, მკვდარი ზღვის შესართავთან მისი სიგანე 12-დან 30 მეტრამდე მერყეობს, სიღრმე კი — 0,3—1,2 მეტრამდე.
უზარმაზარი კანიონის სიგანე დასაწყისში დაახლოებით 3 კილომეტრია, სიღრმე კი 520 მეტრამდე. მდინარეზე სულ რამდენიმე ფონია (ეს. 16:2), რის გამოც ის შესანიშნავ ბუნებრივ საზღვარს ქმნიდა. როდესაც ისრაელები იპყრობდნენ აღთქმულ მიწას, არნონის ხევი ჩრდილოეთით ამორეველებისა და სამხრეთით მოაბელების ტერიტორიას ყოფდა (რც. 21:13). მაგრამ ამორეველთათვის იფთახის მიერ გაგზავნილი ცნობიდან ჩანს, რომ ერთ დროს არნონის ხევის ჩრდილოეთი მხარე ამონელებს ეკუთვნოდათ. იმ დროისთვის კი, როცა ამ მიწაზე ისრაელები შევიდნენ ის ამორეველებს ჰქონდათ დაპყრობილი (მსჯ. 11:12—27). როდესაც ისრაელმა მოაბის ტერიტორიას შემოუარა, არნონს მიადგა, როგორც ჩანს ამ ხეობის სათავესთან. როდესაც ამორეველთა მეფე, სიხონი ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდა, ისრაელმა სძლია მას და ხელში ჩაიგდო მისი ქვეყანა არნონიდან იაბოკამდე (რც. 21:21—24; კნ. 2:24—36; იხილეთ იაბოკის ხევი). ამის შემდეგ ეს ტერიტორია სამკვიდროდ მიეცათ რეუბენისა და გადის ტომებს (კნ. 3:16; იეს. 12:1, 2; 13:8, 9, 15—28).
რადგან იეჰუ ბოლომდე არ დარჩა იეჰოვას კანონების ერთგული, მოგვიანებით ეს ტერიტორია ხელში ჩაიგდეს სირიელთა ჯარებმა ხაზაელის მეთაურობით (2მფ. 10:32, 33). არნონი მოხსენიებულია ცნობილი მოაბური ქვის წარწერაზე, 26-ე ხაზზე, სადაც მოაბის მეფე მეშა იკვეხნის, რომ ამ ველზე გზა გაიყვანა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა არაერთი ციხე-სიმაგრისა თუ ხიდის ნაშთები, რაც ამ ადგილის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მოწმობს. ამ ხევის სახელი მოხსენიებულია წინასწარმეტყველებებშიც, რომლებიც მოაბს ეხება (ეს. 16:2; იერ. 48:20).