იაკობის წერილი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ღვთივშთაგონებული წერილი. ეს არის ე. წ. საერთო წერილებიდან ერთ-ერთი, როგორიც იყო პირველი და მეორე პეტრე, პირველი იოანე და იუდა. პავლეს წერილებისგან განსხვავებით ის არ დაწერილა კონკრეტულად რომელიმე კრების ან ადამიანის მისამართით. ეს წერილი იაკობმა „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“ მისწერა (იაკ. 1:1).
დამწერი. წიგნის დამწერი საკუთარ თავზე მხოლოდ იმას წერს, რომ ის იყო „იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა“ (იაკ. 1:1). იაკობი იესოს მოციქულებიდან ორს ერქვა (მთ. 10:2, 3), მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მათგანს დაეწერა ეს წერილი. მათგან ერთ-ერთი, ზებედეს ძე იაკობი, დაახლ. ახ. წ. 44 წელს მოკლეს (სქ. 12:1, 2). თავად წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ის ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან მალევე დაწერილიყო (იაკ. 1:1). მეორე იაკობი, ალფეს ვაჟი, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იშვიათად მოიხსენიება და მასზე თითქმის არაფერი ვიცით. იაკობის წერილი საკმაოდ პირდაპირია, ამიტომ წერილის ავტორი რომ ალფეს ვაჟი იაკობი ყოფილიყო, ის, ალბათ, თავისი ძლიერი მსჯელობის მხარდასაჭერად საკუთარ თავს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთად მოიხსენიებდა.
ფაქტები მოწმობს, რომ წერილის ავტორი არის იესო ქრისტეს ნახევარძმა იაკობი, რომელსაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო პირადად ეჩვენა და რომელიც მოწაფეებს შორის გამოჩენილი იყო (მთ. 13:55; სქ. 21:15—25; 1კრ. 15:7; გლ. 2:9). იაკობის წერილის დამწერი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის იყო „ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა“. ეს სიტყვები ძალიან ჰგავს იუდას სიტყვებს, რომელმაც თავისი წერილის დასაწყისში საკუთარ თავზე თქვა: „იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა“ (იაკ. 1:1; იუდ. 1). გარდა ამისა, წერილის შესავალში გამოყენებული სიტყვა „მოგესალმებით!“, მსგავსად იყო გამოყენებული კრებებისთვის წინადაცვეთის საკითხზე გაგზავნილ წერილში. წინადაცვეთის საკითხის გადაჭრისას სწორედ იესოს ნახევარძმა იაკობი თავმჯდომარეობდა მოციქულთა და უხუცესთა შეხვედრას იერუსალიმში (სქ. 15:13, 22, 23).
კანონიკურობა. ახ. წ. მეოთხე და მეხუთე საუკუნეებით დათარიღებული ვატიკანური ხელნაწერი №1209, სინური ხელნაწერი და ალექსანდრიის ხელნაწერი შეიცავს იაკობის წერილს. ის აგრეთვე შესულია სირიულ ფეშიტაში და წმინდა წერილების სულ მცირე ათ უძველეს ნუსხაში, რომლებიც შედგენილი იყო ახ. წ. 397 წელს ჩატარებულ კართაგენის საეკლესიო კრებამდე. ადრინდელი სასულიერო მწერლები — ორიგენე, კირილე იერუსალიმელი, იერონიმე და სხვები — მას წმინდა წერილების ნაწილად მიიჩნევდნენ.
სად და როდის დაიწერა. აშკარაა, რომ წერილი ახ. წ. 70 წლამდე დაიწერა, რადგან მასში მინიშნებაც კი არ არის რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურებაზე. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თანახმად, მღვდელმთავარი ანანის (რომელიც სადუკეველი იყო) ბრძანებით იაკობი და სხვები სინედრიონის წინაშე წარადგინეს და ჩაქოლეს. ფლავიუსის აზრით, ეს მოხდა რომაელი პროკურატორის, ფესტუსის სიკვდილის შემდეგ და მისი შემდგომი პროკურატორის, ალბინუსის მოსვლამდე (Jewish Antiquities, XX, 197—203 (ix, 1), ინგლ.). თუ ეს ასე იყო და ის წყაროებიც ზუსტია, რომელთა თანახმადაც ფესტუსი დაახლ. ახ. წ. 62 წელს მოკვდა, მაშინ იაკობი თავის წერილს ახ. წ. 62 წლამდე დაწერდა.
იაკობი იერუსალიმში ცხოვრობდა, ამიტომ წერილსაც, სავარაუდოდ, იქ დაწერდა (გლ. 1:18, 19).
ვისთვის დაიწერა. იაკობმა ეს წერილი „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“ მისწერა (იაკ. 1:1). ის, უმთავრესად, პალესტინის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სულიერ ძმებს მიმართავდა, რომელთაც სწამდათ უფალი იესო ქრისტე (1:2; 2:1, 7; 5:7). იაკობი, ძირითადად, ებრაული წერილების საფუძველზე მსჯელობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მისი წერილი მხოლოდ იუდეველი ქრისტიანებისთვის იყო მიწერილი ისევე, როგორც დღეს ებრაული წერილების ცოდნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ებრაელია. აბრაამის „მამაჩვენად“ მოხსენიება (2:21) ეთანხმება გალატელების 3:28, 29-ში ჩაწერილს, სადაც პავლე ამბობს, რომ აბრაამის ნამდვილ შთამომავლობას არც იუდევლობა განსაზღვრავს და არც ბერძნობა. აქედან გამომდინარე, „თორმეტი ტომი“, რომელსაც იაკობი მიმართავდა, არის სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გლ. 6:15, 16).
მიზანი. იაკობს, როგორც ჩანს, ორი მიზანი ჰქონდა: 1) მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, განსაცდელების დროს რწმენა და მოთმინება გამოევლინათ და 2) აფრთხილებდა, არ ჩაედინათ ისეთი ცოდვა, რომელიც მათ ღვთის კეთილგანწყობას დააკარგვინებდა.
გამოჩენილი და მდიდარი თანაქრისტიანების მიმართ ზოგი დიდ ყურადღებას იჩენდა და მიკერძოებული იყო (იაკ. 2:1—9). მათ მხედველობიდან გამორჩათ, სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ ღვთის თვალში — ისმენდნენ სიტყვას, მაგრამ არ ასრულებდნენ (1:22—27). ისინი ენას არასწორად იყენებდნენ და მათი ვნებები კრებაში დავას იწვევდა (3:2—12; 4:1—3). გამდიდრების სურვილმა ზოგი ქვეყნიერების მეგობარი გახადა, რის გამოც ისინი წმინდა ქალწულები კი აღარ იყვნენ, არამედ სულიერი მრუშები, ღვთის მტრები (4:4—6).
იაკობმა წმინდა წერილებიდან მოყვანილი მაგალითებით შეაგონა ისინი, რომ ყოფილიყვნენ არა მხოლოდ სიტყვის მომსმენები, არამედ შემსრულებლები და ცხადყო, რომ ნამდვილი რწმენა საქმეებში გამოჩნდებოდა. მაგალითად, ნამდვილი რწმენის მქონე არ ეტყოდა შიშველ და მშიერ ძმებს: „აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო“, და არაფრით დაეხმარებოდა (იაკ. 2:14—26). ამ სიტყვებით იაკობი არ ეწინააღმდეგებოდა პავლეს და არ ამბობდა, რომ ხსნა საქმეებით იყო შესაძლებელი. პირიქით, ის აღიარებდა, რომ ხსნისთვის რწმენა იყო საჭირო, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ რწმენა კარგი საქმეების გარეშე ნამდვილი ვერ იქნებოდა. ეს ეთანხმება პავლეს მიერ გალატელების 5:22—24-ში სულის ნაყოფის აღწერას, ეფესოელების 4:22—24-სა და კოლოსელების 3:5—10-ში ახალი პიროვნებით შემოსვის რჩევას და ებრაელების 13:16-ში ჩაწერილ მოწოდებას, ყოფილიყვნენ კარგის მკეთებლები და გამზიარებლები.
სტილი. იაკობის წერილს წინასწარმეტყველების ელფერი დაჰკრავს. იაკობი არაერთ მხატვრულ ხერხს იყენებს, რის გამოც მისი წერილი გარკვეულწილად იესო ქრისტეს ქადაგებას, მაგალითად, მთაზე ქადაგებას ჰგავს. იესოს მსგავსად იაკობსაც მოჰყავდა მაგალითები ფიზიკური სამყაროდან. ის საუბრობდა მცენარეებზე, ცხოველებზე, ზღვაზე, ხომალდებზე, მიწათმოქმედსა და დედამიწაზე, რითაც ექსპრესიას სძენდა რწმენის, ენის გაკონტროლების, მოთმინებისა და სხვა საკითხების შესახებ მსჯელობას (იაკ. 1:6, 9—11; 3:3—12; 5:7). ამასთან ერთად ამ შედარებით მოკლე წერილში გამოყენებულმა მიზანმიმართულმა კითხვებმა და 50-ზე მეტმა ბრძანებითმა წინადადებამ ის ცოცხალი და მოქმედი გახადა.
კავშირი სხვა ღვთივშთაგონებულ წერილებთან. იაკობმა ებრაული წერილებიდან პირდაპირი თუ ირიბი ციტატები მოიყვანა ადამიანის შექმნაზე (იაკ. 3:9; დბ. 1:26), აბრაამსა და რახაბზე (იაკ. 2:21—26; დბ. 15:6; 22:9—12; იეს. 2; ეს. 41:8), იობზე (იაკ. 5:11; იობ. 1:13—22; 2:7—10; 42:10—17), კანონსა (იაკ. 2:8, 11; გმ. 20:13, 14; ლვ. 19:18; კნ. 5:17, 18) და ელიაზე (იაკ. 5:17, 18; 1მფ. 17:1; 18:1). ხშირად, ის ზუსტად ისე საუბრობდა სხვადასხვა საკითხზე, როგორც იესო ქრისტე, მაგალითად, დევნაზე (იაკ. 1:2; მთ. 5:10—12), ღვთისთვის რაიმეს თხოვნასა და მიღებაზე (იაკ. 1:5, 17; ლკ. 11:9—13), მოსმენასა და შესრულებაზე (იაკ. 1:22; მთ. 7:21—27), ქვეყნიერებისგან გამოყოფაზე (იაკ. 4:4; ინ. 17:14), სხვების განსჯისგან თავის შეკავებასა (იაკ. 4:12; ლკ. 6:37) და საკუთარი სიტყვის შესრულებაზე (იაკ. 5:12; მთ. 5:33—37).
კითხვას ბადებს იაკობის 4:5, რადგან უცნობია მუხლ(ებ)ი, საიდანაც იაკობი ციტირებდა (ან უბრალოდ აზრი მოიყვანა). იქ ვკითხულობთ: «ხომ არ გგონიათ, რომ ტყუილუბრალოდ არის დაწერილი: „ჩვენში ჩასახლებულ სულს შურისკენ მიდრეკილების გამო აქვს ძლიერი წადილი?“». ვარაუდობენ, რომ იაკობმა ამ მუხლში ღვთივშთაგონებით შეაჯამა აზრები დაბადების 6:5-დან და 8:21-დან, იგავების 21:10-დან და გალატელების 5:17-დან.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები იაკობიდან
წერილში ხაზგასმულია, რომ რწმენა საქმეებიდან უნდა ჩანდეს.
დაიწერა ახ. წ. 62 წლამდე, რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურებამდე სულ მცირე 8 წლით ადრე.
ქრისტიანებს, რომლებიც ერთგულად იტანენ განსაცდელს, სიხარულის მიზეზი აქვთ (1:1—18)
რწმენით მთხოვნელს ღმერთი გულუხვად მისცემს სიბრძნეს განსაცდელების ასატანად.
ღმერთი არასდროს სცდის ბოროტებით, მაგრამ ადამიანი შეიძლება აჰყვეს საკუთარ ცუდ სურვილებს და არასწორი საქციელი ჩაიდინოს.
იეჰოვა ყოველივე კარგით უზრუნველგვყოფს.
თაყვანისცემა ღვთისმოსაწონი რომ იყოს, რწმენა კარგი საქმეებით უნდა გამოჩნდეს (1:19—2:26)
მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება და „რბილად მიიღეთ სიტყვა“. იყავით ღვთის სიტყვის შემსრულებლები და არა მხოლოდ მომსმენები.
ისწავლეთ ენის გაკონტროლება, იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე და უმანკოდ დაიცავით თავი ქვეყნიერებისგან.
მდიდრებისადმი მიკერძოების გამო ღარიბების არად ჩაგდება სიყვარულის „დიდებული კანონის“ დარღვევაა.
როგორც აბრაამისა და რახაბის მაგალითებიდან ჩანს, ცოცხალ რწმენას საქმეები ცხადყოფს.
მასწავლებლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ იეჰოვას წინაშე (3:1—18)
მასწავლებლებმა, აგრეთვე ყველა ქრისტიანმა, ენის გაკონტროლება უნდა ისწავლონ.
ისინი ამას ზემოდან მომავალი სიბრძნით შეძლებენ.
ქვეყნიური მიდრეკილებები აფუჭებს ღმერთთან ურთიერთობას (4:1—5:12)
ვინც საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად დავობს ან თავის ძმებს განსჯის, უნდა მოინანიოს.
ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა.
იეჰოვას გარეშე მატერიალისტური გეგმების შედგენა ქედმაღლობაა.
სხვების მჩაგვრელ და გამომძალველ მდიდრებს ღვთის განაჩენი დაატყდებათ.
მოერიდეთ განსაცდელების დროს მოუთმენლობასა და დრტვინვას, ვიდრე ქრისტეს სასამართლო დღის დადგომას ელით.
ცოდვით გამოწვეული სულიერი ავადმყოფობისგან განსაკურნავად შემცოდველმა უხუცესებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის (5:13—20)
ცოდვის გულახდილად აღიარება და შემცოდველისთვის უხუცესების მიერ წარმოთქმული ლოცვები სულიერი ჯანმრთელობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
შემცოდველის მობრუნება სულიერი სიკვდილისგან მის ხსნას ნიშნავს.