იესო ნავეს ძე (ბიბლიის წიგნი)
ბიბლიის ეს წიგნი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ისრაელის ისტორიის შესახებ, რადგან გვამცნობს, როგორ შეასრულა ღმერთმა პატრიარქებისთვის — აბრაამისთვის, ისაკისა და იაკობისთვის მიცემული დაპირებები. ის მოიცავს პერიოდს, რომელიც შესაძლოა 20 წელზე მეტხანს გრძელდებოდა (ძვ. წ. 1473—დაახლ. ძვ. წ. 1450). მასში მოთხრობილია ქანაანის დაპყრობისა და ისრაელისთვის მიწის დანაწილების შესახებ. წიგნის ბოლოს მოყვანილია იესო ნავეს ძის სიტყვები, რომლებითაც ის ისრაელს იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებისკენ აღძრავდა.
წიგნში ჩაწერილია უძველესი ქალაქების სახელები (იეს. 14:15; 15:15), დაწვრილებითი მითითებები და ამ მითითებების შესრულება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ავტორი მის მიერ აღწერილი მოვლენების დროს ცხოვრობდა (მაგალითებისთვის იხ. იეს. 1:11—18; 2:14—22; 3:2—4:24; 6:22, 23). ავტორის სიტყვებიდან ჩანს, რომ ის იერიხონში მცხოვრები რახაბის თანამედროვე იყო და, შესაბამისად, იქ განვითარებული მოვლენების თვითმხილველი (6:25).
უტყუარობა. ზოგის აზრით, იესო ნავეს ძის წიგნი ისტორიული არ არის. ეს შეხედულება ძირითადად იმას ეფუძნება, რომ შეუძლებელია წიგნში ჩაწერილი სასწაულები რეალურად მომხდარიყო, რადგან მსგავსი რამ დღეს არ ხდება. ამგვარად, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ არა მხოლოდ ღვთის სასწაულმოქმედ უნარს, არამედ მის არსებობასა და დამწერის პატიოსნებას. თუ ავტორი თავის მონათხრობს გამოგონილი ამბებით შეალამაზებდა და თავს მოვლენების თვითმხილველად წარმოაჩენდა, ის დამნაშავე იქნებოდა განზრახ ტყუილში. არალოგიკურია იმის მტკიცება, რომ ცრუმოწმემ დაწერა წიგნი, რომელიც ღმერთს განადიდებს, როგორც თავისი სიტყვის შემსრულებელს (იეს. 21:43—45), მისადმი ერთგულებისკენ აღძრავს მკითხველს (23:6—16; 24:14, 15, 19, 20, 23) და დაუფარავად მოგვითხრობს ისრაელის შეცდომებზე (7:1—5; 18:3).
არავის შეუძლია უარყოს ის ფაქტი, რომ ისრაელი ერი ჩამოყალიბდა და იესო ნავეს ძის წიგნში აღწერილი მიწა დაიკავა. მსგავსად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს მათ მიერ ქანაანის დაპყრობის შესახებ ამ წიგნში ჩაწერილი მონათხრობის სისწორე. არც ფსალმუნმომღერლებს (ფს. 44:1—3; 78:54, 55; 105:42—45; 135:10—12; 136:17—22), არც ნეემიას (ნემ. 9:22—25), არც პირველ ქრისტიან წამებულ სტეფანეს (სქ. 7:45), არც მოწაფე იაკობსა (იაკ. 2:25) და არც განათლებულ მოციქულ პავლეს (სქ. 13:19; ებ. 4:8; 11:30, 31) არ ეპარებოდათ ეჭვი მის უტყუარობაში. ამასთან, 1 მეფეების 16:34-ში ჩაწერილია, თუ როგორ შესრულდა წინასწარმეტყველური წყევლა, რომელიც დაახლოებით 500 წლით ადრე, იერიხონის განადგურების შემდეგ წარმოთქვა იესო ნავეს ძემ (იეს. 6:26).
დამწერი. თუმცა ზოგიერთი ბიბლეისტი აღიარებს, რომ წიგნი იესო ნავეს ძის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ მალევე დაიწერა, ისინი არ ეთანხმებიან იუდაურ ტრადიციას, რომლის თანახმადაც ის იესო ნავეს ძემ დაწერა. მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ „იესო ნავეს ძეში“ მოყვანილი ზოგიერთი მოვლენა „მსაჯულებშიც“ წერია, რომელიც იწყება სიტყვებით: „იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ“ (მსჯ. 1:1). მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ეს სიტყვები „მსაჯულებში“ ჩაწერილი ყველა მოვლენის შესრულების დროზე მიანიშნებდეს. წიგნში მკაცრი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ არის დაცული, რასაც მასში მოხსენიებული სულ მცირე ერთი შემთხვევა ცხადყოფს, რომელიც იესო ნავეს ძის სიცოცხლეში მოხდა (მსჯ. 2:6—9). შედეგად, მის სიკვდილამდე შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი მოვლენებიც, როგორიცაა ქალებ იეფუნეს ძის მიერ ხებრონის აღება (იეს. 15:13, 14; მსჯ. 1:9, 10), ოთნიელის მიერ დებირის აღება (იეს. 15:15—19; მსჯ. 1:11—15) და დანელების მიერ ლეშემის, იმავე ლაიშის (დანი) აღება (იეს. 19:47, 48; მსჯ. 18:27—29). გამორიცხული არ არის, რომ დანელებმა ჯერ კიდევ იესო ნავეს ძის სიცოცხლეში აღმართეს ლაიშში კერპი (მსჯ. 18:30, 31). სიკვდილის წინ იესო ნავეს ძემ ისრაელებს მოუწოდა: „მოიშორეთ ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და იეჰოვას ემსახურეთ“ (იეს. 24:14). ქვეყანაში რომ კერპთაყვანისმცემლობა არ ყოფილიყო, ამ სიტყვების თქმას აზრი არ ექნებოდა.
ამგვარად, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წიგნი იესო ნავეს ძემ დაწერა, გარდა ბოლო ნაწილისა, სადაც მისი სიკვდილის შესახებ ვკითხულობთ. მოსეს მსგავსად, რომელიც იწერდა თავის სიცოცხლეში მომხდარ მოვლენებს, იესო ნავეს ძეც დაწერდა იმას, რისი მოწმეც თავად გახდა. თავად წიგნში ნათქვამია: „ჩაწერა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში“ (იეს. 24:26).
არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს. ზოგს მიაჩნია, რომ წიგნი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან ერთგან იესო ნავეს ძის მიერ მთელი მიწის დაპყრობაზე ლაპარაკობს, მეორეგან კი ამბობს, რომ დასაპყრობი მიწები ჯერ კიდევ ბევრი იყო (შდრ. იეს. 11:16, 17, 23; 13:1). მაგრამ ამ მოჩვენებით წინააღმდეგობას ადვილად გამოვრიცხავთ, თუ გვემახსოვრება, რომ მიწების დაპყრობა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. თავიდან მთელმა ხალხმა იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ქანაანელების ძირითადი ძალა გაანადგურა, რის შემდეგაც მიწის ბოლომდე დასაპყრობად უკვე ცალკეულ ადამიანებსა და ტომებს უნდა ემოქმედათ (17:14—18; 18:3). შესაძლებელია, როცა ისრაელი სხვაგან იბრძოდა, ქანაანელები უკან ბრუნდებოდნენ დაპყრობილ ქალაქებში, მაგალითად დებირსა და ხებრონში, რის გამოც ისრაელებს თავიდან უწევდათ მათი დაპყრობა (იეს. 11:21—23 შდრ. იეს. 14:6, 12-სა და 15:13—17-ს).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები იესო ნავეს ძიდან
წიგნი მოგვითხრობს, ისრაელის წინაპრებისთვის მიცემული ფიცის თანახმად, როგორ მისცა იეჰოვამ მათ ქანაანის მიწა.
მასში ჩაწერილია ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დასასრულს მოსეს სიკვდილიდან დაახლ. 20 წლის მანძილზე მომხდარი მოვლენები.
იესო ნავეს ძე ამზადებს ისრაელს ქანაანში შესასვლელად და გზავნის მზვერავებს (1:1—2:24).
იეჰოვა ავალებს იესო ნავეს ძეს, ისრაელი აღთქმულ მიწაზე შეიყვანოს.
იესო ნავეს ძე უბრძანებს მთავრებს, რომ ხალხი იორდანეს გადასაკვეთად მოამზადონ.
გზავნის მზვერავებს იმ მიწისა და ქალაქ იერიხონის დასაზვერად.
მზვერავებს იერიხონში მალავს რახაბი, რომელსაც ჰპირდებიან, რომ მათი მითითებების მიყოლის შემთხვევაში ის და მის სახლში მყოფნი ქალაქის განადგურებისას გადარჩებიან.
ისრაელი მშრალად კვეთს იორდანეს (3:1—5:12)
ხდება ხალხის განწმენდა და იორდანეს გადასაკვეთად მომზადება.
მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებენ, პირველები შედიან მდინარეში. ზემოდან მომდინარე წყალი მათგან მოშორებით სასწაულებრივად ჩერდება დამბასავით და ისრაელები მშრალად გადიან მეორე ნაპირზე.
ამ მოვლენის აღსანიშნავად მდინარის ფსკერიდან იღებენ 12 ქვას და გილგალში აწყობენ. სხვა 12 ქვას დებენ მდინარის ფსკერზე იმ ადგილას, სადაც მღვდლები იდგნენ.
ხდება უდაბნოში დაბადებული მამაკაცების წინადაცვეთა და პასექის აღნიშვნა. მათ მეტად აღარ ეძლევათ მანანა და ისინი ქანაანის მიწის ნაყოფით იკვებებიან.
იერიხონის დაპყრობის შემდეგ ისრაელი აიში მარცხდება (5:13—8:35)
იესო ნავეს ძეს ეცხადება იეჰოვას ზეციერი ლაშქრის მეთაური. იეჰოვა ეუბნება იესო ნავეს ძეს, როგორ აიღოს იერიხონი.
ექვსი დღის მანძილზე ისრაელები ქალაქს დღეში ერთხელ უვლიან გარს. მეშვიდე დღეს ისინი შვიდჯერ უვლიან გარს, შემდეგ საომარ ყიჟინას სცემენ, ქალაქის გალავანი ინგრევა და ქალაქს მიწასთან ასწორებენ.
აქანი თავისთვის იღებს ნივთებს, რომლებიც გასანადგურებელი იყო.
ამ ცოდვის გამო იეჰოვა აღარ ეხმარება ისრაელებს და ისინი აიში მარცხდებიან. აქანს ამხელენ ცოდვაში და ოჯახთან ერთად ქოლავენ.
იეჰოვას კურთხევით ისრაელები აიზე მეორე თავდასხმისას იმარჯვებენ.
იესო ნავეს ძე სამსხვერპლოს აგებს ებალის მთაზე და ხალხს კანონს უკითხავს.
გაბაონელები მშვიდობას ითხოვენ, სხვა ქალაქების მკვიდრნი ნადგურდებიან (9:1—12:24)
ისრაელის გამარჯვებების შეტყობის შემდეგ გაბაონელები წინდახედულად იქცევიან და იესო ნავეს ძეს მოტყუებით ადებინებენ შეთანხმებას.
ხუთი მეფე გაბაონელების წინააღმდეგ ერთიანდება, მაგრამ გაბაონელებს ისრაელები ეხმარებიან. იეჰოვა ქვის სეტყვას უშენს ზეციდან თავდამსხმელებს და სასწაულებრივად ზრდის დღეს, რის წყალობითაც ისრაელი საბოლოოდ ამარცხებს მტერს.
იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ისრაელები იპყრობენ სამხრ.-დას-ით და სამხრ-ით მდებარე ქალაქებს.
ისინი იმარჯვებენ ჩრდ-ით მდებარე სამეფოების კოალიციაზე.
ისრაელის ტომებისთვის მიწის დანაწილება (13:1—22:34)
რეუბენს, გადსა და მენაშეს ტომის ნახევარს მიწები იორდანეს აღმ-ით ეძლევა.
ქალებ იეფუნეს ძეს წილად ხვდება ხებრონი. იუდას, ეფრემსა და მენაშეს ტომის მეორე ნახევარს მიწები წილისყრით უნაწილდება.
კარავს დგამენ შილოში, სადაც წილისყრით საზღვრავენ სხვა ტომების სამკვიდროს.
ლევიანებს ეძლევა 48 ქალაქი, რომელთაგან 13 მღვდლების ქალაქია, 6 კი — თავშესაფარი.
რეუბენის ძეები, გადის ძეები და მენაშეს ტომის ნახევარი სამსხვერპლოს აგებენ იორდანესთან. სხვებს არასწორად ესმით სამსხვერპლოს დანიშნულება, სანამ არ უხსნიან, რომ ის იეჰოვასადმი ერთგულების ნიშნად ააგეს.
იესო ნავეს ძე მოუწოდებს ისრაელს, ერთგულად ემსახურონ იეჰოვას (23:1—24:33)
ხანში შესული იესო ნავეს ძე იკრებს ისრაელის წინამძღოლებს და მოუწოდებს, იეჰოვას ერთგულები დარჩნენ.
შექემში შეკრებილ ხალხს ის ღვთის საქმეებს ახსენებს და მოუწოდებს, იეჰოვას შიში ჰქონდეთ და მხოლოდ მას ემსახურონ. ისინი პირობას იძლევიან, რომ ასე მოიქცევიან და ხელახლა დებენ შეთანხმებას.
იესო ნავეს ძე კვდება.