ეპოქა
ეპოქა შეიძლება მიუთითებდეს კაცობრიობის ისტორიის განსაზღვრულ ან განუსაზღვრელ პერიოდზე. ზოგმა მთარგმნელმა ძირითადად ამ სიტყვით გადმოიტანა ბერძნული სიტყვა ეონ (მრ. რ-ში ეონეს). ბერძნული ენის განმარტებითი ლექსიკონების თანახმად, ეს სიტყვა განიმარტება როგორც „მკვეთრად განსაზღვრული და გამორჩეული პერიოდი, ეპოქა, ხანა“, აგრეთვე როგორც „სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიცოცხლე“ ან „ხანა, თაობა“. ვინაიდან ეპოქას ანუ ხანას შეიძლება ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული ან ის შეიძლება გაგრძელდეს მარადიულად, ეონ შეიძლება მიუთითებდეს ისეთ პერიოდზე, რომელსაც დასაწყისი აქვს, დასასრული კი არა. მაგალითად, მარკოზის 3:29-ის თანახმად, იესომ თქვა, რომ წმინდა სულის მგმობელი „მარადიულ [საუკუნო, სამუდამო] ცოდვაშია“ დამნაშავე, ანუ მისი ცოდვა არასოდეს წაიშლება. მსგავსი გამოთქმა გამოყენებულია მათეს 21:19-ში უნაყოფო ლეღვის ხესთან. ამ მუხლში სიტყვით „ნუღარასოდეს“ ითარგმნა ბერძნული სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ეპოქამდე“. იესოს შესახებ ანგელოზმა თქვა: „ის მარადიულად [სიტყვასიტყვით, ეპოქიდან ეპოქამდე] იმეფებს იაკობის სახლზე“ (ლკ. 1:33; იხ. მარადიულობა, უსასრულობა).
აგრეთვე სიტყვა ეონ შეიძლება მიუთითებდეს სტაბილურ ან არსებულ ვითარებაზე ან რომელიმე პერიოდის, ეპოქისა თუ ხანის თავისებურებებზე და არა ზოგადად დროზე. ამის შესახებ რ. ჩ. ტრენჩმა თავის ნაშრომში დაწერა: „ის აღნიშნავს ყოველივეს, რაც მსოფლიოში არსებობს და რასაც დრო განაგებს ... აგრეთვე მსოფლიო მოვლენების მსვლელობასა და მონაცვლეობას“ (Synonyms of the New Testament, ლონდონი, 1961, გვ. 203; იხ. ქვეყნიერება).