მსოფლიოს ქალები
როდესაც ადამიანთა პირველმა წყვილმა იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ კატასტროფული შედეგები დაატყდებოდა თავს, როგორც მათ, ასევე მათ შთამომავლობას. იეჰოვამ უთხრა ევას: „ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (დაბადება 3:16). ბიბლია გამუდმებით მოგვიწოდებს, რომ ღრმა პატივი მივაგოთ ქალებს; დღეს მილიონობით ქალი ცხოვრობს უფრო ბედნიერი და უფრო დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით, რადგან ისინი და მათი ოჯახები ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიის პრინციპებს.
ადამიანთა უფლებების შესახებ ახალი ანგარიშების თანახმად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა უმრავლესობის უფლებები დამცირებული და ექსპლუატირებულია. „ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბიუნ“-ი (International Herald Tribune) ზემოხსენებული ანგარიშების საფუძველზე იუწყება: „193 ქვეყანაში ვითარების შესახებ დაწვრილებითი ცნობები. . . მუქი ფერებით ხატავს სურათს ქალების ყოველდღიური დისკრიმინაციისა და მათი შეურაცხყოფის შესახებ“.
ზოგიერთი მაგალითი: ცენტრალურ აფრიკაში, გოგონები ყველაზე მძიმე სამეურნეო სამუშაოს ასრულებენ, ამავე დროს მათგან მხოლოდ მცირედს შეუძლია ისწავლოს სკოლაში, გოგონების რაოდენობა სკოლებში ბიჭების მესამედს შეადგენს. ერთ ქვეყანაში კანონი ქალებს უკრძალავს მრუშობას, მაგრამ მამაკაცებისთვის — ნებადართულია. აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში კანონით უდანაშაულოა ის მამაკაცი, რომელმაც მოკლა თავისი მეუღლე იმ მიზეზით, რომ მრუშობაზე წაასწრო, მაგრამ იგივე კანონი დამნაშავედ სცნობს ქალს, რომელმაც მეუღლე მსგავს ვითარებაში მოკლა.
ანგარიში იუწყება, რომ სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში პოლიცია არ თანაუგრძნობს იმ ქალებს, რომლებიც ფიზიკურად შეურაცხყვეს — სცემეს. მომუშავე ქალებმა უნდა იმყოფინონ ის ანაზღაურება, რომელიც მამაკაცის ანაზღაურებასთან შედარებით 30–40 პროცენტით ნაკლებია.
აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს იძულებით აკეთებინებენ სტერილიზაციასა და აბორტს. ერთ-ერთ ქვეყანაში 500 ათასი ქალი ეწევა პროსტიტუციას, ამ მეძავების უმრავლესობა მშობლებმა გაყიდეს იმ მიზნით, რომ ჰქონოდათ ფული და ეყიდათ ახალი სახლები. სხვა ქვეყნის პოლიციის მუშაკთათვის უცხო არ არის ისეთი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „სიკვდილი მზითევის გამო“ — ქალს მეუღლე ან მეუღლის ოჯახის წევრები კლავენ იმ მიზეზით, რომ მისმა მზითევმა ვერ გაამართლა მათი მოლოდინი.
იესო ქრისტეს შესახებ ბიბლია გვარწმუნებს: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12–14). ამგვარად ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ვიყოთ ოპტიმიზმით აღსავსე; მსოფლიოს ქალებისთვის არსებობს იმედი, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, რომელიც აღთქმული დროისთვის იქნება.