გახსოვს თუ არა?
წაიკითხე თუ არა „საგუშაგო კოშკის“ უკანასკნელი ნომრები? მაშ, ნახე, შეგიძლია თუ არა უპასუხო შემდეგ კითხვებს:
◻ რა არის განათლების მთავარი მიზანი ქრისტიანი ახალგაზრდობისთვის?
განათლების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცეს, იყოს იეჰოვას ეფექტური მსახური. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება სულიერი განათლებაა (15.08, გვერდი 21).
◻ რა მიზეზები არსებობს უხუცესებთან თანაქრისტიანის სერიოზული ცოდვის გაცხადებისთვის?
სერიოზული ცოდვის გაცხადების ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს კრების სიწმინდის შენარჩუნებას ემსახურება. მეორე მიზეზი ისაა, რომ ასე მოქცევა ღვთის, კრებისა და შემცოდველის მიმართ გამოვლენილი ქრისტიანული, პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარულის მოქმედებას წარმოადგენს (15.08, გვერდები 28, 30).
◻ რას ნიშნავს, ‘გვახსოვდეს იეჰოვას დღე’ (2 პეტრე 3:12, აქ)?
ეს ნიშნავს, რომ „იეჰოვას დღე“ ყოველთვის გონებაში გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღე, როცა იეჰოვა ამ სისტემას გაანადგურებს, ახლოსაა. ის იმდენად რეალური უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ცხადად ვხედავდეთ მას, თითქოს უშუალოდ ჩვენს თვალწინ იყოს (სოფონია 1:7, 14) (01.09, გვერდი 19).
◻ რატომ გაგრძელდა ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელი დღეები უფრო დიდხანს, ვიდრე მრავალი ელოდა?
იეჰოვა ითვალისწინებს ყველაფერს, რაც მთელი კაცობრიობის ინტერესებს ემსახურება. ის ზრუნავს ადამიანთა სიცოცხლეზე (ეზეკიელი 33:11). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ აღსასრული დროულად მოვა, რათა შესრულდეს ჩვენი ყოვლადბრძენი, მოსიყვარულე შემოქმედის განზრახვა (01.09, გვერდი 22).
◻ როგორ შეუძლიათ სრული დროით მსახურებს სიხარულის შენარჩუნება, მიუხედავად პრობლემებისა, რომლებსაც შეიძლება აწყდებიან?
მათ უნდა იფიქრონ თავიანთ მრავალ კურთხევაზე და აღიარონ, რომ ათასობით სხვა ადამიანი უფრო დიდ გასაჭირში იმყოფება (1 პეტრე 5:6–9) (15.09, გვერდი 24).
◻ რა მიზანი ჰქონდა უილიამ ტინდალს ბიბლიის თარგმნისას?
ტინდალის მიზანი იყო, საღვთო წერილი უბრალო ხალხის ენაზე, მათთვის რაც შეიძლება გასაგებ და მარტივ ენაზე, აელაპარაკებინა (15.09, გვერდი 27, 28).
◻ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ღვთის სიტყვის ერთგული დამცველები ვართ?
ღვთის სიტყვისადმი ერთგულებას იმით ვაჩვენებთ, რომ თავგამოდებით ვუქადაგებთ მას სხვებს. როგორც მასწავლებლებმა, ბიბლია ყურადღებით უნდა გამოვიყენოთ და არასოდეს დავამახინჯოთ ან გავაზვიადოთ მასში ნათქვამი, რათა ჩვენს აზრებს მოვარგოთ (2 ტიმოთე 2:15) (01.10, გვერდი 20).
◻ როგორ შეუძლია წუთისოფლის შხამიან სულს ჩვენი უმწიკვლოების შესუსტება?
წუთისოფლის სულს შეუძლია ჩვენი უმწიკვლოების შესუსტება იმით, რომ უკმაყოფილო გაგვხადოს ყველაფრით, რაც გვაქვს, და საფიქრალი გაგვიჩინოს, რომ პირადი მოთხოვნილებები და ინტერესები ღმერთზე წინ დავაყენოთ (შეადარე მათე 16:21–23) (01.10, გვერდი 29).
◻ რას ნიშნავს, ემსახურო იეჰოვას გულმოდგინედ?
ბერძნული ტერმინი, რომელიც ითარგმნება როგორც „გულმოდგინედ“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულიდან“. „სული“ ეხება მთლიან პიროვნებას მისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. იეჰოვასადმი გულმოდგინე მსახურება ნიშნავს საკუთარი თავის გაცემას, მთელი ნიჭისა და ძალის რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხმარებას ღვთისმსახურებაში (მარკოზი 12:29, 30) (15.10, გვერდი 13).
◻ რა არის იმის გასაღები, რომ ღვთიური პრინციპებით დადიოდე?
გასაღებს ის წარმოადგენს, რომ ნამდვილად იცნობდე იეჰოვას, მის განზრახვებს და იმას, რაც მას მოსწონს ან არ მოსწონს. როცა ღმერთთან დაკავშირებული ეს საფუძვლები მართავს ჩვენს ცხოვრებას, ისინი, ფაქტობრივად, ცხოვრების პრინციპები ხდება (იერემია 22:16; ებრაელთა 4:12) (15.10, გვერდი 29).
◻ რა გაწონასწორებული დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მსახურებს ადამიანთა მმართველობის მიმართ?
მათ ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ პოლიტიკურ საკითხებში, რადგან ღვთის სამეფოს ელჩებად ანუ წარმომადგენლებად მსახურობენ (2 კორინთელთა 5:20). მეორე მხრივ, ისინი კეთილსინდისიერად ემორჩილებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს (01.11, გვერდი 17).
◻ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ელისე წინასწარმეტყველის მიერ აღებული გეზიდან?
როცა ელიამ განსაკუთრებული მსახურებისთვის მიიწვია ელისე, მან დაუყოვნებლივ მიატოვა თავისი მინდორი, რათა ელიას მომსახურებოდა, იმის მიუხედავადაც კი, რომ მოსამსახურის საქმეებსაც შეასრულებდა (მეოთხე მეფეთა 3:11). ღვთის ზოგი მსახური დღეს მსგავს თავგანწირულ სულისკვეთებას ავლენს იმით, რომ ტოვებს თავის სარჩო-საბადებელს, რათა იქადაგოს კეთილი ცნობა დაშორებულ ტერიტორიებში (01.11, გვერდები 30, 31).
◻ რა სასარგებლო რჩევას შეიცავს იაკობის წერილი?
ის გვიჩვენებს, როგორ გავუმკლავდეთ განსაცდელს, გვარიგებს მიკერძოების წინააღმდეგ და სწორად მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. იაკობი გვირჩევს, ავლაგმოთ ენა, წინააღმდეგობა გავუწიოთ წუთისოფლის გავლენას და ხელი შევუწყოთ მშვიდობას. მის სიტყვებს აგრეთვე შეუძლია აღგვძრას სულგრძელობისა და ლოცვისკენ (15.11, გვერდი 24).
◻ რატომ არის იეჰოვა ‘მზად პატიებისთვის’ (ფსალმუნი 85:5, აქ)?
იეჰოვა მზადყოფნით გვპატიობს, რადგან ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ შექმნილები და არასრულყოფილების შედეგად გვაქვს სისუსტეები (ფსალმუნი 102:12–14) (01.12, გვერდები 10, 11).
◻ რატომ უნდა ვიყოთ მზად, რომ ვაპატიოთ სხვებს?
თუ არ ვპატიობთ სხვებს მაშინ, როდესაც გულმოწყალებისთვის საფუძველი გვაქვს, ამან შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ცუდი გავლენა იქონიოს (მათე 6:14, 15) (01.12, გვერდი 17).