სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
თავმდაბლურად მივყვეთ იეჰოვას გზას
«ეძიეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ] ქვეყნის თვინიერნო». ეს მოწვევა, რომელიც ებრაელი წინასწარმეტყველის, სოფონიას, მიერ 26 საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოცხადდა, დღესაც გაისმის მთელ მსოფლიოში (სოფონია 2:3). რას ნიშნავს ვეძიოთ იეჰოვა? ეს ძიება ერთადერთი ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ შემეცნების მიღებით იწყება (იერემია 10:10; იოანე 17:3).
მაგრამ მხოლოდ შემეცნების მიღებით ღვთის კეთილგანწყობილებას ვერ მოვიპოვებთ. ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად უნდა გამოვიყენოთ კიდეც ეს შემეცნება. როგორ? ჩვენი აზროვნებისა და ქცევების ღვთის ნორმებთან თავმდაბლურად შეთანხმებით, როგორც ამას სურინამში მომხდარი შემთხვევა ადასტურებს (ეფესელთა 4:22–24).
დაახლოებით 35 წლის სკოლის მასწავლებელს, ედის, სწყუროდა დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღება ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „რა როლს ასრულებს რელიგია დღევანდელ საზოგადოებაში?“ და „ბიბლია, ეს უძველესი წიგნი, შეესაბამება თუ არა თანამედროვე მეცნიერებას?“. როდესაც იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს და ამ კითხვებზე ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები გასცეს, ედი ყურადღებით ისმენდა. ის ჩანაწერებსაც კი აკეთებდა, რათა მოწმეების პასუხები შეემოწმებინა.
მანამდე ედის კავშირი ჰქონდა რელიგიასთან, რომელიც ასწავლიდა, რომ ღმერთმა კაცობრიობა ევოლუციის გზით შექმნა ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან. ამიტომ, როდესაც მოწმეებმა შესთავაზეს პუბლიკაცია „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ სიხარულით გამოართვა. წიგნის ნათელმა განმარტებებმა ბიბლიური შემოქმედების შესახებ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბიბლიის სწავლისას ის დარწმუნდა, რომ იპოვა ჭეშმარიტება.
მაგრამ ახლა გამოცდის წინაშე დადგა. ედი იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, ვისაც ქურდობა და უპატიოსნობა ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული. ამგვარად, ის არჩევნის წინაშე იდგა: ან გაეგრძელებინა მათნაირი გარყვნილი ცხოვრება, ან მიეტოვებინა ასეთი ქცევები და თავისი ცხოვრების წესით ღმერთი განედიდებინა. ედი გონივრულად მოიქცა და მეორე გზა აირჩია. მან ურთიერთობა შეწყვიტა უზნეო ადამიანებთან და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა (1 კორინთელთა 15:33, 34).
ედიმ სწრაფად მიაღწია სულიერ წარმატებებს, როდესაც სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დაიწყო დასწრება. მან აგრეთვე შეიცვალა გარეგნული იერი და რასაც თავად სწავლობდა, თავის მეგობრებსა და ნათესავებს უყვებოდა. მოგვიანებით, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნება დართეს მონაწილეობა მიეღო „კეთილი ცნობის“ საჯაროდ გაცხადებაში (მათე 24:14; საქმეები 20:20). 1996 წლის დეკემბერს დადგა დიდი ხნის ნანატრი დღე, როცა იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა.
ყოველწლიურად ასიათასობით გულწრფელი ადამიანი ეხმაურება მოწოდებას „ეძიეთ იეჰოვა“. ასე მოქმედებით ისინი პირადად განიცდიან იგავნის 22:4-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა“. დიახ, იეჰოვას გზის თავმდაბლურად მიყოლით, ჭეშმარიტების მოყვარულები დღესვე ღებულობენ ასეთ კურთხევებს და დარწმუნებით მოელიან მარადიულ კურთხევებს, სწორად აქ, დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29).
[რუკა 18 გვერდზე]
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
კარიბის ზღვა
გაიანა
სურინამი
საფრანგეთის გვიანა
ბრაზილია
[საავტორო უფლება]
Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.