საგზაო ნიშნები სიცოცხლის გზაზე
თუ უცნობი გზებით ან ბილიკებით გივლიათ, მიგიჩნევიათ ხელის შემშლელად საგზაო ნიშნები? ალბათ, არა. პირიქით, მათ დამხმარე საშუალებებად მიიჩნევდით, რომლებიც დაგეხმარებოდათ, არ გადაგეხვიათ დანიშნულების ადგილამდე მიმყვანი გზიდან.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას სიცოცხლის გზაზე სიარულის შესახებ? შეიძლება ის საგზაო ნიშნების გარეშე წარმატებით წარიმართოს? ღვთის ერთ ძველ წინასწარმეტყველს ესმოდა, რომ ადამიანები ამ საკითხში შეზღუდულები იყვნენ. მან თქვა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
მაშ, სად შეიძლება საჭირო მითითებების ნახვა? ასეთი ხელმძღვანელობის საიმედო წყაროს კაცობრიობის შემოქმედი წარმოადგენს, ხოლო საგზაო ნიშნები ბიბლიაში უნდა ვეძიოთ. იეჰოვა თავის სიტყვაში ამბობს: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21).
დიახ, ღვთის სიტყვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საიმედო ხელმძღვანელობით უზრუნველგვყოფს (ესაია 48:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ღვთის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი ცხოვრების ბილიკებით დადის (მათე 7:13). მიუხედავად ამისა, „საგზაო ნიშნები“ მყარად დგას თავის ადგილზე! მიაქცევთ მათ ყურადღებას სიცოცხლის გზაზე სიარულისას?