სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ჭეშმარიტი ღვთის ძიება ჯილდოვდება
ძველი წელთაღრიცხვით X საუკუნეში იუდას სამეფოში, რომელიც ორი შტოსგან შედგებოდა, ცრუ რელიგია ყვაოდა. მაგრამ უამრავ კერპათყვანისმცემელში ერია ერთი კაცი, რომლის გულიც სწორად იყო განწყობილი ღვთის მიმართ. მას იოშაფატი ერქვა. წინასწარმეტყველმა იეჰუმ მას უთხრა: „კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან. . . გული მოამზადე ღვთის საძიებლად“ (მეორე ნეშტთა 19:3). მსგავსად ამისა, ამ ‘საზარელ ჟამს’ მილიონობით ადამიანმა ‘მოამზადა გული’ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, საძიებლად (2 ტიმოთე 3:1–5). ამას ადასტურებს ტოგოში (დასავლეთ აფრიკა) მომხდარი ქვემოთ მოყვანილი შემთხვევა.
კაზიმირი კათოლიკურ სკოლაში დადიოდა და ზიარება პირველად 9 წლის ასაკში მიიღო. მაგრამ 14 წლის ასაკში მან შეწყვიტა ეკლესიაში სიარული. ამის გამო ის შიშში ცხოვრობდა, რადგან ფიქრობდა, რომ მესაზე დაუსწრებლობის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში თუ არა, სულ მცირე, განსაწმენდელში მაინც მოხვდებოდა.
სკოლაში კაზიმირი შეუერთდა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ და ბიბლიას სწავლობდნენ. მანაც დაიწყო თავისთვის ბიბლიის კითხვა. ერთხელ ბიბლიის წიგნში „გამოცხადება“ წაიკითხა საზარელი მხეცის შესახებ, რომელიც ზღვიდან ამოვიდა (გამოცხადება 13:1, 2). როდესაც კაზიმირმა ბიბლიის შესწავლის ჯგუფის ხელმძღვანელს ჰკითხა ამ მხეცის შესახებ, მან უპასუხა, რომ ეს პირდაპირი გაგებით მხეცი იყო და ნამდვილი ზღვიდან ამოვიდოდა. ამ განმარტებამ კაზიმირი ძალიან შეაშინა, რადგან ატლანტის ოკეანის სანაპიროდან არც ისე შორს ცხოვრობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ მხეცის პირველ მსხვერპლთა შორის აღმოჩნდებოდა.
კაზიმირმა ფულის შეგროვება დაიწყო, რათა გაქცეულიყო ჩრდილოეთში, უდაბნოში, და მხეცს გადარჩენოდა. თავისი გეგმა თანაკლასელებსაც გააცნო. ერთმა თანაკლასელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ის დაარწმუნა, რომ მხეცი ზღვიდან არ ამოვიდოდა პირდაპირი გაგებით. ცოტა ხნის შემდეგ კაზიმირი სამეფო დარბაზში შეხვედრებზე მიიწვიეს. ის მივიდა, მოეწონა და რეგულარულად დაიწყო მათზე დასწრება. მოგვიანებით კი ბიბლიის საშინაო შესწავლასაც მოჰკიდა ხელი.
კაზიმირის სულიერ წინსვლასთან ერთად ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობაც დაიწყო. მისი ოჯახის წევრები წინაპრების თაყვანისმცემლები იყვნენ. გარდა ამისა, ჭამდნენ მსხვერპლშესაწირავის ხორცს, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოსული. როდესაც კაზიმირმა თავაზიანად თქვა უარი ხორცის ჭამაზე, მას დაემუქრნენ და უთხრეს, სახლიდან წასულიყო. კაზიმირს ამაზე ხმა არ ამოუღია, მუქარა კი მუქარად დარჩა. მაგრამ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ოჯახი მხოლოდ ასეთი ხორცით იკვებებოდა. კაზიმირი თითქმის შიმშილობდა, მაგრამ მან აიტანა ესა და სხვა სირთულეები.
ის განაგრძობდა სულიერ ზრდას, ბოლოს კი თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა. მოგვიანებით სამსახურებრივ თანაშემწედ დანიშნეს, შემდეგ ტოგოს სამსახურებრივი დახელოვნების სკოლის მეოთხე კლასში მიიწვიეს, ახლა კი ტოგოში არსებულ ფილიალში მსახურობს.
დიახ, მრავალ შემთხვევაში, მართლაც რომ, ჭეშმარიტია მეფე დავითის სიტყვები: „ძებნას თუ დაუწყებ [უფალს], იპოვი კიდეც“ (პირველი ნეშტთა 28:9).
[სურათები 8 გვერდზე]
კაზიმირი (მარჯვნივ) ფილიალში მუშაობისას.