ხელმძღვანელობა კარგი მეგობრების ასარჩევად
როგორც „რიდერზ დაიჯესტი“ იტყობინება, ჩაცმულობისა და მუსიკის არჩევისას მოზარდები თანატოლებს უფრო უსმენენ, ვიდრე მშობლებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ, ვისთან მეგობრობენ და სად დადიან მათი შვილები.
„ამის გაგება თქვენი მოვალეობაა“, — ამბობს ეზმეი ფონ რენსბერხი, სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ხანდაზმული ლექტორი. ის ამატებს: „შეიძლება შვილს ეს არ მოეწონოს, მაგრამ დროთა განმავლობაში დამშვიდდება“. შემდეგ ასეთნაირ რჩევებს აძლევს მშობლებს: ნორმები ლოგიკური და ზუსტ პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს; მოუსმინეთ შვილს; მეტისმეტად მწვავე რეაგირებას კი ნუ მოახდენთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დაფიქრდით, რის თქმა გინდათ. თუ თქვენმა შვილმა უკვე მოძებნა არასასურველი მეგობარი, იმის ნაცვლად, რომ, უბრალოდ, აუკრძალოთ მასთან ურთიერთობა, ყურადღება გაამახვილეთ იმ მიუღებელ საქციელზე, რომელიც ასეთმა მეგობრობამ გამოიწვია.
მშობლებისთვის გონივრული რჩევები დიდი ხანია მოცემულია ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში. მაგალითად, მასში ნათქვამია: ‘იყავით სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი’ (იაკობი 1:19). მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით საღვთო წერილი ამ შესანიშნავ რჩევასაც იძლევა: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20). ეს მაგალითები გვიჩვენებს, როგორი სიბრძნის მიგნება შეუძლიათ მათ, ვინც აფასებს ბიბლიის კითხვას და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს მასში ნათქვამს.