„ნამდვილი მეგობრობა, სიყვარული და მზრუნველობა დავინახე“
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). იესოს სიტყვების თანახმად, პირველი საუკუნის ქრისტიანული საძმოს განმასხვავებელი ნიშანი სიყვარული გახდა. ქრისტეს სიკვდილიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ ტერტულიანემ აღნიშნა, თუ რას ამბობდნენ სხვები ქრისტიანებზე: „შეხედეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი და მზად არიან, ერთმანეთისთვის სიცოცხლეც კი გასწირონ“.
დღესაც შეიძლება ასეთი სიყვარულის დანახვა? დიახ. ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია წავიკითხოთ იეჰოვას მოწმეთა ბრაზილიის ფილიალში მიღებული წერილი. მისი ავტორი ქალი, სახელად მარილია, წერს:
„დედაჩემი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ვილია-მერსედესში (არგენტინა) ცხოვრებისას ოსტეოართრიტით დაავადდა და წელს ქვემოთ მოწყდა. ავადმყოფობის პირველი რვა თვის განმავლობაში მას ვილია-მერსედესში მცხოვრები მოწმეები უვლიდნენ და მზრუნველობას არ აკლებდნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ მისთვის — სახლს ულაგებდნენ და საჭმელს უმზადებდნენ. მაშინაც კი, როცა დედა საავადმყოფოში იწვა, მასთან მთელი დღე-ღამის განმავლობაში ყოველთვის ვიღაცა იყო.
დედასთან ერთად ბრაზილიაში დავბრუნდი, სადაც ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია. აქაც ადგილობრივი მოწმეები შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ დედაჩემის დასახმარებლად“.
მარილია ასე ამთავრებს თავის წერილს: „ვაღიარებ, რომ თუმცა თავად იეჰოვას მოწმე არა ვარ, მოწმეებს შორის ნამდვილი მეგობრობა, სიყვარული და მზრუნველობა დავინახე“.
დიახ, ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს ავლენენ. ამგვარად ისინი ცხადყოფენ, რა ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე იესოს სწავლებები.