გზის გაკვალვა უკიდეგანო ოკეანეში
მარშალის კუნძულები შედგება 1200-ზე მეტი კუნძულისგან, რომელთა უმეტესობა ზღვის დონიდან 6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მათი დანახვა მხოლოდ ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი. მაგრამ ძველ დროში მარშალელი ზღვაოსნები ახერხებდნენ კანოებით ერთი კუნძულიდან მეორეზე გაცურვას. წყნარ ოკეანეში მათ შეეძლოთ დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრში გაეკვალათ გზა. როგორ ახერხებდნენ ისინი ამას? ისინი იყენებდნენ მარტივ, თუმცა საკმაოდ ეფექტურ „რუკებს“, რომლებიც ჩხირებისგან იყო გაკეთებული.
მარშალელ ზღვაოსნებს გამოცდილებამ უჩვენა, რომ ოკეანეში ამა თუ იმ კუნძულის არსებობა გარკვეული სახის ტალღების წარმოქმნას განაპირობებდა. მათი საშუალებით ზღვაოსნებს დაახლოებით 30 კილომეტრი მანძილიდან შეეძლოთ კუნძულის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. არსებობდა მრავალი სახის ტალღა, რომელთა დამახსოვრებაშიც მათ ჩხირებისგან გაკეთებული „რუკები“ ეხმარებოდა. როგორი იყო ეს „რუკები“? როგორც სურათიდან ჩანს, პანდამუსის ფესვებისგან ან ქოქოსის ფოთლების ძარღვებისგან გაკეთებული ჩხირებით აღნიშნული იყო სხვადასხვა სახის ტალღა. მათში ჩამაგრებული პატარა ნიჟარების საშუალებით კი კუნძულების მდებარეობა იყო ნაჩვენები.
წლების განმავლობაში ჩხირებისგან გაკეთებული „რუკების“ შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ ინახებოდა და მას მხოლოდ რჩეულებს უმხელდნენ. როგორ სწავლობდა ახალბედა ზღვაოსანი ამ „რუკების“ გამოყენებას? მხოლოდ კარგი შესწავლითა და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებით. გამოცდილი ზღვაოსანი პირადად ასწავლიდა ახალბედას; შესაძლოა, ის თან გაეყოლიებინა ახლომდებარე კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც მოწაფე სხვადასხვა სახის ტალღის ერთმანეთისგან გარჩევას ისწავლიდა, მეტი დაჯერებულობით იყენებდა ამ „რუკებს“. ბოლოს მას დამოუკიდებლად შეეძლო ოკეანეში გასვლა.
მსგავსადვე, ღვთის სიტყვას, ბიბლიას, შეუძლია მეგზურობა გაგვიწიოს ცხოვრების გზაზე. თავიდან, შესაძლოა, დახმარება დაგვჭირდეს ძირითადი ბიბლიური შემეცნების მისაღებად. შემდეგ კი ღვთის სიტყვის შესწავლის გაგრძელებითა და მასში მოცემული პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით უფრო გულდაჯერებულნი გავხდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ბიბლიაში ნათქვამი. ღმერთმა ისრაელის წინამძღოლს იესო ნავეს ძეს ურჩია, ეკითხა ღვთის სიტყვა, რათა ‘გულდასმით შეესრულებინა ყველაფერი, რაც მასში ეწერა’. შემდეგ კი უთხრა: „მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იესო ნავეს ძე 1:8). დიახ, ბიბლიას შეუძლია გვიჩვენოს ცხოვრების სწორი და წარმატებული გზა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
© Greg Vaughn