იცოდით თუ არა?
რატომ თქვა იესომ, რომ ‘ახალ ღვინოს არ ასხამენ ძველ ტიკებში’?
▪ ბიბლიურ დროში, როგორც წესი, ღვინოს ცხოველის ტყავისგან შეკერილ ტიკებში ინახავდნენ (იესო ნავეს ძე 9:13). ტიკებს ამზადებდნენ შინაური ცხოველის, თხის ან თიკნის ტყავისგან. დაკლულ ცხოველს თავსა და ფეხებს აჭრიდნენ და შიგნეულს ისე აცლიდნენ, რომ ტყავი არსად გახეულიყო. შემდეგ ნედლი ტყავი თრიმლში გამოჰყავდათ და კისრის ან ერთი ფეხის დაბოლოების გარდა, ყველა გადახსნილ ადგილს კერავდნენ. გახსნილ ადგილს ხის მასრას აბამდნენ და თოკით კვანძავდნენ.
დროთა განმავლობაში ტყავი კარგავდა ელასტიკურობას და უხეში ხდებოდა. ამიტომ, ძველ ტიკებში არ ინახავდნენ ახალ ღვინოს, რომელიც ჯერ კიდევ დუღილის პროცესში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ღვინო დახეთქდა ძველ ტიკებს. ახალი ტყავი უფრო ელასტიკური იყო და ადვილად გაუძლებდა ახალი ღვინის დუღილის პროცესის შედეგად წარმოქმნილ წნევას. სწორედ ამიტომ მოიყვანა იესომ ისეთი მაგალითი, რომელიც მისი თანამედროვეებისთვის კარგად იყო ცნობილი. მან თქვა, რა მოხდებოდა, თუ ვინმე ახალ ღვინოს ძველ ტიკებში ჩაასხამდა: „ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ თუ ჩაასხეს, ახალი ღვინო ტიკებს დახეთქს და დაიღვრება, და ტიკებიც აღარაფრად ივარგებს. ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკა 5:37, 38).
ვინ იყვნენ მეამბოხეები, რომელთა მეთაურიც რომაელებს პავლე ეგონათ?
▪ როგორც წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, იმ დროს, როცა იერუსალიმის ტაძარში აურზაური ატყდა, რომაელთა რაზმის მეთაურმა ჯარისკაცებს პავლეს დაკავება უბრძანა. ის ეჭვობდა, რომ პავლე „ოთხი ათასი მეამბოხისგან“ შემდგარი ჯგუფის მეთაური იყო (საქმეები 21:30—38). რა არის ცნობილი ამ მეამბოხეების შესახებ?
„მეამბოხედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „სიკარიუსი“, რომელიც ნიშნავს „ხმალმომარჯვებულს“. პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი სიკარიუსებს, რომის დაუძინებელ მტრებს, ფანატიკოსი იუდეველი პატრიოტებისგან შემდგარ ჯგუფად მოიხსენიებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაკლავად შეთქმულებებს აწყობდნენ.
იოსებ ფლავიუსი სიკარიუსების შესახებ ამბობს: „ისინი ხალხს დღისით ხოცავდნენ შუა ქალაქში, და ამას უმთავრესად დღესასწაულებზე აკეთებდნენ. სიკარიუსები ბრბოს შეერეოდნენ, ხმლებს მოსასხამის ქვეშ მალავდნენ და მიზანში ამოღებულ მტერს ზურგში ჩასცემდნენ ხოლმე“. როცა მსხვერპლი ძირს ეცემოდა, სიკარიუსი თავს ისე აჩვენებდა, რომ შეძრწუნებული იყო მკვლელობით, შემდეგ კი შეუმჩნევლად ტოვებდა იქაურობას. როგორც იოსებ ფლავიუსი დასძენს, მოგვიანებით, ახ. წ. 66—70 წლებში რომაელთა წინააღმდეგ ამბოხებისას გადამწყვეტი როლი სწორედ სიკარიუსებმა ითამაშეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ რომაელი ათასისთავი მეამბოხეთა ჯგუფის მეთაურობაში ეჭვმიტანილის, პავლეს, დანახვაზე აღშფოთებულიყო და მისი დაკავების ბრძანება გაეცა.
[სურათი 15 გვერდზე]
ძველი ტიკი
[სურათი 15 გვერდზე]
მხატვრის წარმოსახვით დახატული მეამბოხე