მათ უკვე აღარ ეშინიათ აღსასრულის
მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გარი და კარენი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოს იყო. ასე რომ, საცხოვრებლად სოფელში გადავიდნენ და გადაწყვიტეს, ისე მოეწყოთ ცხოვრება, რომ არავისზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული. მათ უნდოდათ, რომ აღსასრულის დროს გადარჩენილიყვნენ.
სოფლის ცხოვრებისთვის რომ ალღო აეღოთ, შეიძინეს წიგნები, ესწრებოდნენ კურსებსა და სემინარებს და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ესაუბრათ, რათა მათი გამოცდილებიდან ესწავლათ. დათესეს ბოსტნეული და გააშენეს ხეხილის ბაღი, სადაც 50 ჯუჯა ხე იზრდებოდა. მოიმარაგეს თესლეული და სამუშაო იარაღები. ისწავლეს მოსავლის მოყვანა და საკვების შენახვა; ერთმა მეგობარმა საქონლის დაკვლა და ხორცის დაკონსერვება ასწავლა. კარენმა ისწავლა, რომელი მცენარეები და ფესვები იყო საკვებად ვარგისი, რათა, საკვების გამოლევის შემთხვევაში, ტყეში შეეგროვებინა. გარიმ ისწავლა, როგორ მიეღო მარცვლეულიდან საწვავი; ფოლადისგან გააკეთა შეშის ღუმელი და ააშენა ისეთი სახლი, რომელიც არ იყო დამოკიდებული ცენტრალურ კომუნალურ მომსახურებაზე.
კარენი ამბობს: „მსოფლიოში არსებული შემაძრწუნებელი ვითარების გამო ვფიქრობდი, რომ ცივილიზაცია მალე არსებობას შეწყვეტდა“. გარი იხსენებს: «სხვა ახალგაზრდების მსგავსად აქტიურად ვიყავი ჩაბმული რასიზიმის, ვიეტნამის ომისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. ისე ჩანდა, რომ კაცობრიობა იმ ტოტს ჭრიდა, რომელზეც თვითონ იჯდა.
ერთხელ ღამით, როცა დრო მქონდა, ბიბლია ავიღე და „მათედან“ „გამოცხადების“ ჩათვლით წავიკითხე. მომდევნო ოთხი ღამის განმავლობაში წაკითხული ხელახლა გადავიკითხე. მეხუთე დილას კარენს ვუთხარი: „ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ღმერთი მალე გაწმენდს დედამიწას. ისინი უნდა მოვძებნოთ, ვინც გადაურჩება აღსასრულს“». გარი და კარენი სხვადასხვა რელიგიას ეცნობოდნენ, რათა ეპოვათ ის ადამიანები, რომლებიც აღსასრულს მომზადებულები შეხვდებოდნენ.
მალე ერთი იეჰოვას მოწმე მივიდა მათთან და მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. კარენი გვიყვება: „აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან ისინი გასაგებად მიხსნიდნენ იმას, რაც ბიბლიაში ეწერა. როგორც იქნა, გავიგე სიმართლე აღსასრულზე, რომელიც ასე ძალიან მაინტერესებდა, და ვიპოვე მომავლის უტყუარი იმედი. მაგრამ საუკეთესო ის იყო, რომ ჩემს ზეციერ მამასთან და სამყაროს შემოქმედ ღმერთთან დავიწყე მეგობრობა“.
გარი გვიამბობს: „ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა. ბიბლიის შესწავლა დავიწყე და აღარ შემიწყვეტია. ვკითხულობდი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, გამოვიკვლიე და დავრწმუნდი, რომ ისინი მართლაც სრულდებოდა და, რომ ღმერთი მალე იმოქმედებდა. ვფიქრობდი, რომ ხალხი კატასტროფისთვის კი არა, სიცოცხლისთვის უნდა მომზადებულიყო, რომელიც ღმერთს სურს ჩვენთვის“. გარიმ და კარენმა მომავალს იმედის თვალით დაუწყეს ყურება. ისინი მეტად აღარ წუხდნენ იმაზე, რომ ქვეყნიერება განადგურდებოდა. პირიქით, დარწმუნდნენ, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს პრობლემებს, რომლებიც კაცობრიობას ტანჯავს და დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს.
რას აკეთებენ გარი და კარენი დღეს, დაახლოებით 25 წლის შემდეგ? კარენი ამბობს: „გამუდმებით ვცდილობ, გავიღრმავო იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარული და რწმენა; სხვებსაც ვეხმარები, რომ იგივე გააკეთონ. მე და გარი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, რათა ჩვენი ოჯახი ძლიერი და ღვთის თაყვანისმცემლობაში გაერთიანებული იყოს. ვცდილობთ, ვიყოთ ორგანიზებული და გავიმარტივოთ ცხოვრება ისე, რომ შევძლოთ, სხვებზეც ვიზრუნოთ“.
გარი დასძენს: „გამუდმებით ვლოცულობ, რომ ღვთის სამეფო დამყარდეს და მილიონობით ადამიანს შვება მოუტანოს. ყოველთვის, როცა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვუზიარებ სხვებს, ვლოცულობ, რომ შევძლო, ერთი ადამიანი მაინც ვანუგეშო ბიბლიური იმედით. 25 წელზე მეტია, რაც იეჰოვა ისმენს ჩემს ამ ლოცვას. მე და კარენს გვჯერა, რომ იეჰოვა მალე დიდ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე, თუმცა აღსასრული უკვე აღარ გვაშინებს“ (მათე 6:9, 10; 2 პეტრე 3:11, 12).
[სურათი 9 გვერდზე]
გარი და კარენი დღეს სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს ბიბლიური იმედის გათავისებაში