მკითხველები გვეკითხებიან
აუცილებელია ჩვილების მონათვლა?
▪ „ვშიშობდი, რომ ჩემი უმცროსი ძმა, ჯონი, განსაწმენდელში მოხვდებოდა“, — იხსენებს ვიქტორია. რატომ ჰქონდა მას ამის შიში? იგი გვიხსნის: „ჯონი ისე დაიღუპა, რომ მონათლული არ იყო. კათოლიკე მღვდელმა გვითხრა, რომ ამის გამო ჯონი სამუდამოდ განსაწმენდელში დარჩებოდა“. ასეთი მოსაზრება რასაკვირველია შემაშფოთებელია, მაგრამ არის ის ბიბლიაზე დაფუძნებული? ასწავლის ბიბლია, რომ ბავშვები, რომლებიც მოუნათლავები კვდებიან, სამუდამოდ რჩებიან განსაწმენდელში?
ბიბლია ასწავლის, რომ ქრისტიანები უნდა მოინათლონ. ქრისტემ თავის მოწაფეებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი, ვინც მოინათლებოდნენ, იესოს მოწაფეები უნდა გამხდარიყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უნდა გაეცნოთ იესო და თავად აერჩიათ, გაჰყოლოდნენ მას; ეს კი ისეთი არჩევანია, რომელსაც ახალშობილი ვერ გააკეთებს.
მიუხედავად ამისა, ბევრი დაჟინებით ამტკიცებს, რომ იესოს ზემოხსენებული დავალება ახალშობილებსაც ეხება. საქართველოს ეკლესიის უწმიდესი სინოდის 2000 წლის განჩინების თანახმად, „ჩვილებიც . . . საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან . . . ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხონება შეუძლებელია“ (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი). სინამდვილეში მსგავსი განაცხადი, სულ მცირე, სამ საკითხში ეწინააღმდეგება იესოს სწავლებებს.
პირველი, იესო არ ასწავლიდა, რომ ჩვილების მონათვლა აუცილებელი იყო. რატომ არის ეს ფაქტი საყურადღებო? დაფიქრდით: იესო დამაჯერებლად ასწავლიდა თავის მოწაფეებს, თუ რას მოითხოვდა ღმერთი მათგან. დროდადრო ის უმეორებდა მათ ძირითადად სწავლებებს, რადგან სურდა, დარწმუნებულიყო, რამდენად კარგად სწვდებოდნენ ისინი ამ სწავლებებს (მათე 24:42; 25:13; მარკოზი 9:34—37; 10:35—45). მაგრამ მას არასდროს უსწავლებია იმის შესახებ, რომ ახალშობილები უნდა მონათლულიყვნენ. იქნებ გამორჩა იესოს მხედველობიდან მოწაფეებისთვის ამის თქმა? შეუძლებელია! თუ ჩვილი ბავშვების მონათვლა საჭირო იყო, იესო აუცილებლად იტყოდა ამას.
მეორე, იესო არასდროს ასწავლიდა, რომ ვინმე სიკვდილის შემდეგ დაიტანჯებოდა. მას სჯეროდა წმინდა წერილების, რომელშიც ნათლად არის ნათქვამი: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). იესომ იცოდა, რომ მიცვალებულები არ იმყოფებოდნენ განსაწმენდელში, ლიმბოში, ჯოჯოხეთში ან სხვაგან სადმე. პირიქით, იესო ასწავლიდა, რომ ისინი მძინარე ადამიანივით ვერაფერს გრძნობდნენ (იოანე 11:1—14).
მესამე, იესო მოწაფეებს ასწავლიდა, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში“ იყვნენ, გაცოცხლდებოდნენ (იოანე 5:28, 29). რა თქმა უნდა, „ყველაში“ იგულისხმებოდნენ ის მილიონებიც, რომლებიც არასდროს მონათლულან. აღდგომის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ ღვთის მოთხოვნები და იცხოვრონ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29).a
ნათელია, ბიბლია არ ასწავლის, რომ ჩვილების მონათვლა აუცილებელია.
[სქოლიო]
a დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის იმედის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 და მე-7 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.