მთავარი თემა | აპოკალიფსის ოთხი მხედარი
ოთხი მხედარი ასპარეზზე გამოდის!
ცხენების ფლოქვების თქარათქური გაისმის! ასპარეზზე ოთხ ძლიერ ცხენზე ამხედრებული მხედრები გამოსულან, რომლებიც დიდი სისწრაფით მოაჭენებენ. ბიბლიაში ეს სცენა იმდენად ცოცხლადაა აღწერილი, რომ მისი კითხვისას ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს ყველაფერი თქვენ თვალწინ ხდება და ფლოქვების თქარუნიც კი ჩაგესმით. ასპარეზზე პირველად თეთრი ცხენი გამოდის, რომელზეც ახალგამეფებული მეფეა ამხედრებული. მას ალისფერი ცხენი მოჰყვება, რომლის მხედარსაც დედამიწიდან მშვიდობა მიაქვს. მის უკან შავი ცხენი მოაჭენებს; მასზე მჯდომ მხედარს ხელში სასწორი უპყრია, რაც შიმშილობის მომასწავებელია. მეოთხე ფერმიხდილი ცხენია, რომელზეც სიკვდილია ამხედრებული. ის სასიკვდილო ჭირით ასნეულებს დედამიწის მცხოვრებთ; მას სამარე (კაცობრიობის საერთო სამარე) მოჰყვება, რომელიც ხარბად ნთქავს ადამიანთა სიცოცხლეს (გამოცხადება 6:1—8).
„როდესაც ამ ოთხი მხედრის შესახებ პირველად წავიკითხე, შიშმა ამიტანა. მეგონა, უკვე კარს მოგვადგა სასამართლოს დღე და ვერ გადავრჩებოდი, რადგან მზად არ ვიყავი ამისთვის“ (კრისტალი).
„თავიდან ძალიან მოვიხიბლე ბიბლიის ამ ეპიზოდით. მასში საინტერესოდაა აღწერილი ოთხი მხედარი, რომლებიც სხვადასხვა ფერის ცხენებზე არიან ამხედრებული. როდესაც მის არსს ჩავწვდი, ამ ხილვამ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა“ (ედი).
თქვენ რა გრძნობა დაგეუფლათ ბიბლიის ამ მონაკვეთის წაკითხვისას — კრისტალივით შიშმა მოგიცვათ თუ ედისავით მოიხიბლეთ? როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: ბიბლიის ბოლო წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილი ეს ეპიკური სცენა ყველასთვის კარგადაა ცნობილი. თუ ამ ხილვის მნიშვნელობას ჩასწვდებით, თქვენთვის ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. თუ წაიკითხავთ ამ წინასწარმეტყველურ წიგნს, გამოიკვლევთ და დაიცავთ მასში ჩაწერილს, ღვთის დაპირებისამებრ, ნამდვილ ბედნიერებას პოვებთ (გამოცხადება 1:1—3).
მართალია, ზოგს აშინებს ეს ხილვა, მაგრამ მის ავტორს ჩვენი დაშინება ნამდვილად არ სურს. სინამდვილეში ამ ხილვის წყალობით მილიონებს რწმენა განუმტკიცდათ და მომავლის იმედი ჩაესახათ. ბიბლიის ეს მონაკვეთი თქვენც ჩაგისახავთ მომავლის იმედს, თუ გაეცნობით მას.