თვითონ მოამზადე შეთავაზებები ჟურნალების გასავრცელებლად
1 ჩვენ ვაფასებთ ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს დროული და სასარგებლო სტატიებისთვის, რომლებშიც განხილულია თემები, დაწყებული ქვეყნიერებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებით და დამთავრებული თვით ‘ღვთის სიღრმეებით’ (1 კორ. 2:10). ყოველ ჩვენგანს ახსოვს მრავალი ახალი და აღმაშენებელი საკითხი, რომლებიც წავიკითხეთ ამ ჟურნალებში, რომლებშიც იეჰოვა თანდათან გვიცხადებს ჭეშმარიტებას (იგავ. 4:18). ჩვენ სურვილი უნდა გვქონდეს, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ისინი.
2 გაანალიზე შენი უბნის მდგომარეობა: როგორი ხალხი ცხოვრობს შენს რაიონში? თუ მათი ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, უნდა მოამზადო მოკლე და კონკრეტული შეთავაზებები. თუ ისეთი უბანი გაქვს, სადაც ხალხის ცხოვრება ნელი ტემპით მიედინება, უფრო მეტის თქმა შეგიძლია. თუ მობინადრეთა უმრავლესობა დღის განმავლობაში მუშაობს, უფრო წარმატებული იქნები, თუ დღის ბოლოს ან საღამოს მიაკითხავ. ზოგიერთს შეგიძლია დღის განმავლობაში ქუჩაში ან მაღაზიებში დამოწმების დროს დაუკავშირდე. მრავალ მაუწყებელს კარგი შედეგები ჰქონდა, როცა არაფორმალურად ქადაგებდა ავტოსადგომებზე და ქალაქის პარკებში.
3 კარგად გაეცანი ჟურნალებს: მიღებისთანავე, რაც შეიძლება მალე წაიკითხე ყოველი გამოცემა. ამოარჩიე სტატიები, რომლებიც, შენი აზრით, დააინტერესებს ადამიანებს შენს უბანში. რა თემა აინტერესებთ? მოძებნე სპეციფიკური აზრი, რათა ამოიკითხო სტატიიდან, რომლის გაშუქებასაც აპირებ. მოიფიქრე კითხვა, რომლითაც შეძლებ ინტერესის აღძვრას. შეარჩიე დროული მუხლი ბიბლიიდან, რომ წაუკითხო მობინადრეს, თუ მოგეცემა ამის საშუალება. იფიქრე, რა შეგიძლია თქვა, რომ მოიხსენიო ნებაყოფლობითი შესაწირავები და საფუძველი ჩაუყარო განმეორებით მონახულებას.
4 მოამზადე შესავალი სიტყვები: საკუთარი თავის გასაცნობად და საუბრის დასაწყებად, ყურადღებით შეარჩიე სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. მრავალმა წარმატება მოიმკა ასეთი შესავლით: „მე ამ ჟურნალში წავიკითხე მომხიბლავი სტატია და მინდა, სხვებსაც გავუზიარო ეს ინფორმაცია“. მრავალი იწყებს შეკითხვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სასაუბრო თემაზე, რის გამოყენებასაც აპირებენ. მაგალითად:
5 თუ სტატიაში დამნაშავეობის სიჭარბეზე საინტერესო მომენტებს აღნიშნავ, შეგიძლია შეეკითხო:
◼ „რა არის საჭირო, რომ მშვიდად დავიძინოთ და არ გვეშინოდეს, რომ გაგვძარცვავენ ან ზიანს მოგვაყენებენ?“ უთხარი, რომ გაქვს ინფორმაცია, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას სთავაზობს. ეს გადამჭრელი საშუალება მალე მოსპობს საზოგადოებრივი უწესრიგობის ყველა სხვა გამოვლენას. ჟურნალში მიუთითე ისეთ რამეზე, რაც ამ იმედს სთავაზობს. როცა მეორედ მიხვალ, მობინადრის ყურადღება შეგიძლია გადაიტანო „შემეცნების“ პირველ თავზე.
6 როცა სთავაზობ სტატიას ოჯახურ ცხოვრებაზე, შეგიძლია თქვა:
◼ „მრავალი მშობლის აზრით, ამ დროში ძალიან ძნელია ბავშვების აღზრდა. მრავალი წიგნი დაიწერა ამაზე, მაგრამ თვით სპეციალისტებსაც სხვადასხვა აზრი აქვთ. არის ისეთი ვინმე, ვისაც სარწმუნო ხელმძღვანელობის შემოთავაზება შეუძლია?“ გაუზიარე სპეციფიკური აზრი ჟურნალიდან, რომელშიც ნაჩვენებია ბრძნული ბიბლიური რჩევა. როცა განმეორებით მოინახულებ, განიხილე ბიბლიური აზრები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით წიგნიდან — „შემეცნება“ — გვერდები 145—148.
7 როცა აშუქებ სტატიას რომელიმე საზოგადოებრივი პრობლემის შესახებ, შეგიძლია თქვა:
◼ „მრავალი პიროვნება განიცდის სტრესის გამომწვევი დროის გავლენას, რომელშიც ვცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, ღმერთმა განიზრახა ასეთი ცხოვრება ჩვენთვის?“ მიუთითე სტატიაზე, რომელიც უჩვენებს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ დღევანდელ პრობლემებს ან რომელიც საფუძველს გვაძლევს იმედით ვიყუროთ მომავლისკენ, როცა აღარ იქნება წუხილი. შემდეგი მონახულებისას „შემეცნებიდან“ განიხილე მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემული სურათი და წარწერები, შემდეგ პირდაპირ შესთავაზე ბიბლიის საშინაო შესწავლა.
8 შეუსატყვისე მობინადრეს: შენ შეხვდები პიროვნებებს, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესები და წარმოშობა აქვთ. მოამზადე ძირითადი შეთავაზება, რომლის შეცვლასაც შეძლებ თითოეულ მობინადრესთან. მზად იყავი, შეუსატყვისო შეთავაზება მამაკაცს, ქალს, მოხუცებულს ან ახალგაზრდას. დადგენილი არ არის მტკიცე წესები, თუ რა უნდა თქვა. გამოიყენე, რაც შენთვის მოსახერხებელია და რაც შედეგებს გამოიღებს. მაგრამ გამოავლინე ენთუზიაზმი, ისაუბრე გულითადად და იყავი კარგი მომსმენი. ვინც ‘სწორადაა განწყობილი’, იგრძნობს შენს გულწრფელობას და კეთილგანწყობილებით გამოგეხმაურება (საქ. 13:48, აქ).
9 დაეხმარეთ ერთმანეთს: ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლით ვსწავლობთ საკუთარი აზრის გამოთქმის ახალ საშუალებებს. ჩვენი შეთავაზებების ერთად დამუშავება გამოცდილებასა და გაბედულებას გვაძლევს (იგავ. 27:17). თუ სათქმელი სიტყვების რეპეტიციებს გადიხართ, უფრო მშვიდნი იქნებით სხვის კართან. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები დაეხმარონ შვილებს მომზადებაში, მოუსმინონ მათ შეთავაზებებს და მისცენ გასაუმჯობესებელი რჩევები. ახლებისთვის სასარგებლო იქნება უფრო გამოცდილ მაუწყებლებთან თანამშრომლობა.
10 შეთავაზებები, რომლებსაც ჟურნალების გასავრცელებლად ამზადებ, არ უნდა იყოს რთული. უბრალოდ, ამის მიღწევა იმით შეიძლება, რომ გონებაში სათქმელად გქონდეს რამე სპეციფიკური და შემდეგ ეს მიმზიდველად გამოხატო. ინიციატივა და წინასწარ მოფიქრება დაგეხმარება, შეადგინო მშვენიერი შეთავაზებები, რომლებსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვება.
11 ჟურნალების გავრცელება მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. თუ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს გულწრფელი ადამიანების ხელში მოახვედრებ, ჟურნალები თვითონ ილაპარაკებენ. ყოველთვის გახსოვდეს მათი ფასი და მათში მოცემული ცნობის ძალა — იხსნას სიცოცხლე. ამგვარი „ქველმოქმედება და გაზიარება“ უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის იეჰოვას (ებრ. 13:16).