მიზანდასახულად მსახურობ?
1 იეჰოვა მიზნის მქონე ღმერთია (ეს. 55:10, 11). ბიბლია მოგვიწოდებს, მივბაძოთ მას (ეფეს. 5:1). ეს, უდავოა, განსაკუთრებით ჩვენს მსახურებას უნდა ეხებოდეს. ამიტომ დროულია კითხვა: „მიზანდასახულად მსახურობ?“
2 კარდაკარ და არაფორმალურად ქადაგება, აგრეთვე ლიტერატურის გავრცელება — ყოველივე ეს ჩვენს მიზანდასახულ მსახურებაში შედის. მაგრამ გახსოვდეს, რომ მხოლოდ ქადაგება კი არ გვავალია, არამედ მოწაფეების მომზადებაც (მათ. 28:19, 20). სამეფოს ჭეშმარიტების მარცვლების დათესვის შემდეგ ჩვენი მხრიდან მოითხოვება მოსარწყავად დაბრუნება და გამუდმებული მოვლა, სანამ იეჰოვა არ გაზრდის (1 კორ. 3:6). ჩვენ კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ განმეორებით მონახულებებსა და ბიბლიის შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
3 გაზარდე მსახურება. ყოველთვის კარგი გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ მსახურებაში შენ მიერ გაკეთებულს და შეგიძლია თქვა: „მიზანს მივაღწიე“. 2 ტიმოთეს 4:5-ის თანახმად, პავლემ მოგვიწოდა: „აღასრულე შენი მსახურება“. ამაში ისიც შედის, რომ უფრო მეტი ძალისხმევა მოახმარო, რათა დაეხმარო ყველას, ვინც კი ინტერესს გამოავლენს. მსახურების ყოველკვირეულ განრიგში გარკვეული დრო გამოუყავი განმეორებით მონახულებებს. მიზნად დაისახე გულმართალ ადამიანებთან ბიბლიის შესწავლის დაწყება. მსახურებისას ეს მიზანი უნდა გქონდეს.
4 ჰკითხე მაუწყებლებს, როგორი გრძნობა დაეუფლათ, როდესაც კონგრესზე მოინათლნენ ისინი, ვისაც ბიბლიას ასწავლიდნენ. ისინი, ალბათ, ისევე ხარობდნენ, როგორც თვითონ ახლად მონათლულები. მათ დიდებულ მიზანს მიაღწიეს! ერთმა ქრისტიანმა, რომელიც სხვებს ასწავლის, ეს შემდეგნაირად გამოხატა: „მოწაფეების მომზადება იეჰოვას განმადიდებლების რიცხვის გაზრდას ნიშნავს. ამას სიცოცხლე მოაქვს მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეხმაურება. მე ნამდვილად მიყვარს ჭეშმარიტების სწავლება — ეს ხომ ასე შესანიშნავია! . . ბევრი მათგანი, ვინც იეჰოვა შეიყვარა, ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი გახდა“.
5 წარმოიდგინე, რას ნიშნავს დაეხმარო ვინმეს იეჰოვას ერთგულ მსახურად გახდომაში! სიხარულის რა საფუძვლიანი მიზეზია ეს! ამ ნაყოფს მიზანდასახული მსახურება იღებს (კოლ. 4:17).