ვიქადაგოთ, როგორც კეთილმა მოყვასებმა
1 იესომ თქვა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათ. 22:39). ეჭვგარეშეა, შენ ‘სიკეთეს’ აკეთებ თანამორწმუნეებისთვის, მაგრამ შეგიძლია შენი სიყვარული ახლომახლო მცხოვრებ ხალხზეც განავრცო? (გალ. 6:10, აფ). როგორ?
2 გააგებინე, ვინ ხარ. იციან შენმა მეზობლებმა, რომ მოწმე ხარ? თუ არა, რატომ არ უნდა მიგეკითხა მათთვის მსახურების დროს? შედეგები შეიძლება გასაოცარი აღმოჩნდეს! თუ შენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ეცადე არაფორმალურად უქადაგო მათ. შეიძლება დაინახო, რომ ისინი თავიანთ ეზოში შრომობენ ან ქუჩაში სეირნობენ. გულთბილი ღიმილით მიუახლოვდი მათ. შეეცადე ესაუბრო შენი რწმენის შესახებ, უთხრა სამეფო დარბაზის ადგილმდებარეობა, რა ხდება იქ და სამეზობლოდან კიდევ ვინ ესწრება. მიეცი შეხვედრებზე მოსაწვევი ბარათი. მზადყოფნა გამოავლინე, რომ საფუძვლიანად უქადაგო კეთილი ცნობა ყველა შენს ნაცნობს (საქ. 10:42; 28:23).
3 სამაგალითო ქცევით. შენი მეგობრული დამოკიდებულება შენს პიროვნებაზე ბევრს მეტყველებს და ამან შეიძლება ქადაგების საშუალება მოგცეს. ის აგრეთვე ‘ამკობს ღვთის მოძღვრებას’ (ტიტ. 2:7, 10). გულწრფელი ინტერესი გამოავლინე მეზობლებისადმი. იყავი მეგობრული და გულისხმიერი. პატივი ეცი განმარტოებით და წყნარ გარემოში ყოფნის მათ უფლებას. თუ რომელიმე მათგანი ავად გახდა, გამოავლინე ყურადღება და დახმარება შესთავაზე. როდესაც ახალი ოჯახი გადმოდის სამეზობლოში, შეჩერდი და მიესალმე. ასეთი თავაზიანობა კარგ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე და სიამოვნებას ანიჭებს იეჰოვას (ებრ. 13:16).
4 კარგ მდგომარეობაში გქონდეს ის, რაც გეკუთვნის. კარგი მეზობლობა სახლის მოვლასაც გულისხმობს, რათა ის მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. სუფთა და მიმზიდველი სახლი და ეზო თავად მეტყველებს ყველაფერზე. მაგრამ ბინძური სახლი ან მის გარშემო დაყრილი ნაგავი ნაკლებად მიიზიდავს სხვებს სამეფოს ცნობისკენ. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახლი, ეზო და მანქანა სუფთა და კარგ მდგომარეობაში გქონდეს.
5 მათ მიმართ ყურადღების გამოვლენა, ვინც არ მიეკუთვნება ქრისტიანულ კრებას, მოყვასისადმი სიყვარულის დამადასტურებელია. რა შეიძლება იყოს ამის შედეგი? შესაძლოა, ზოგიერთებმა „დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი“ (1 პეტ. 2:12).