რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გასაგებად?
მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მოწმეების მტკიცე რწმენით ბიბლია ღვთის სიტყვაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ (2 ტიმ. 3:16, 17; რომ. 15:4; 1 კორ. 10:11). ამიტომ ისინი არ ეყრდნობიან ფილოსოფიურ არგუმენტებს, რათა თავი აარიდონ ბიბლიის ნათელ სწავლებებს ან გაამართლონ იმ ადამიანთა მოქმედებები, რომლებიც არაფრად აგდებენ ბიბლიურ მაღალზნეობრივ ნორმებს.
როდესაც საქმე ბიბლიის სიმბოლურ ენას ეხება, ნაცვლად იმისა, რომ მისი მნიშვნელობა თავიანთი თეორიების ჩამოყალიბებით განმარტონ, თავად ბიბლიით ცდილობენ ამის გაკეთებას (1 კორ. 2:13). სიმბოლური სიტყვები, ჩვეულებრივ, ბიბლიის სხვა რომელიმე ადგილას განიმარტება (მაგალითად, იხილე გამოცხადების 21:1, შემდეგ სიტყვა „ზღვის“ მნიშვნელობა მოძებნე ესაიას 57:20-ში. გამოცხადების 14:1-ში მოხსენიებული „კრავის“ ვინაობის დასადგენად წაიკითხე იოანეს 1:29 და 1-ლი პეტრეს 1:19).
რაც შეეხება წინასწარმეტყველებებს, ისინი ითვალისწინებენ იესოს ნათქვამს, რომ ფხიზლად ადევნონ თვალყური წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებულ მოვლენებს (ლუკ. 21:29—31; შეადარე 2 პეტ. 1:16—19). ისინი კეთილსინდისიერად მიუთითებენ ამ მოვლენებზე და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ის, რასაც ბიბლია აცხადებს.
იესომ განაცხადა, რომ დედამიწაზე მას ეყოლებოდა „ერთგული და გონიერი მონა“ (სულითცხებულთა ჯგუფი), რომელთა მეშვეობითაც ის სულიერ საზრდოს მიაწვდიდა რწმენის სახლეულთ (მათ. 24:45—47). იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან ამ ღონისძიებას. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, რთული საკითხების გადასაჭრელად, ისინი მიმართავენ „მონის“ კლასის წარმომადგენელ ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც ამას წყვეტს არა ადამიანური სიბრძნის საფუძველზე, არამედ ღვთის სიტყვის შემეცნებიდან და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი თავის მსახურებს; აგრეთვე — ღვთის სულის დახმარებით, რისთვისაც ისინი გამუდმებით ლოცულობენ (საქ. 15:1—29; 16:4, 5).