შეკითხვების ყუთი
◼ როგორ უნდა ვიზრუნოთ კრებაში დაკისრებული დავალების შესრულებაზე?
იეჰოვას ორგანიზაცია მოწესრიგებულად ფუნქციონირებს, რაც გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია (1 კორ. 14:33, 40). დაფიქრდით, თუ რა დიდი ძალისხმევა სჭირდება თუნდაც კრების ერთი შეხვედრის ჩატარებას. უშუალოდ პროგრამის მომზადების გარდა, საჭიროა ძმებმა და დებმა ბევრი რამ გააკეთონ კრებამდე და კრების შემდეგ. ასევე კრებისთვის მნიშვნელოვანია სხვა ისეთი დავალებების შესრულებაც, რომლებიც თითქოს შეუმჩნეველია. როგორ შეუძლია კრების თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეიტანოს ყოველივე ამაში?
გამოავლინე მზადყოფნის სულისკვეთება. იმ ძმებსა და დებს, რომლებიც მზადყოფნის სულისკვეთებას ავლენენ, ჩვეულებრივ, ყოველთვის ბევრი საქმე აქვთ (ფსალმ. 109:3). გამოავლინე ყურადღება ავადმყოფებისა და ხანდაზმულების მიმართ. დაეხმარე სამეფო დარბაზის დასუფთავებაში. შეგვიძლია მითითების გარეშეც ბევრი სასარგებლო რამ გავაკეთოთ. საჭიროა, უბრალოდ, დახმარების სურვილი გვქონდეს.
იმსახურე მოკრძალებულად. მოკრძალებული ადამიანი სიამოვნებით ემსახურება სხვებს (ლუკ. 9:48). ეს თვისება დაგვეხმარება საკუთარ თავზე იმაზე მეტი არ ავიღოთ, რის გაკეთებაც რეალურად შეგვიძლია. გარდა ამისა, მოკრძალება იმაშიც დაგვეხმარება, რომ არ გავცდეთ ჩვენი უფლება-მოსილების საზღვრებს (იგავ. 11:2, აქ).
იყავი სანდო. მოსეს შესთავაზეს, ამოერჩია „სანდო . . . კაცები“, რათა მათ საკუთარ თავზე აეღოთ ძველ ისრაელში ესა თუ ის პასუხისმგებლობა (გამ. 18:21). იგივე თვისება საჭიროა დღესაც. კეთილსინდისიერად შეასრულე კრებაში დაკისრებული ნებისმიერი დავალება (ლუკ. 16:10). თუ გარკვეული მიზეზების გამო არ შეგიძლია მისი შესრულება, იზრუნე იმაზე, რომ ვინმემ შეასრულოს ეს დავალება.
ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ. ქრისტიანებს მოუწოდებენ, მთელი გულით შეასრულონ ის საქმეებიც კი, რომლებიც ქრისტიანულ მოღვაწეობასთან არ არის დაკავშირებული (კოლ. 3:22—24). ამგვარად მოქმედებისთვის უფრო მეტი საფუძველი გვაქვს მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად ვიღწვით. მაშინაც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, დავალება უმნიშვნელო ჩანს, კრებისთვის კურთხევაა, როდესაც ის კარგად სრულდება.
კრებაში თითოეული დავალება იმის შესაძლებლობას გვიქმნის, რომ იეჰოვასა და ძმებისადმი სიყვარული გამოვავლინოთ (მათ. 22:37—39). მოდი ერთგულად შევასრულოთ ნებისმიერი დავალება, რომელსაც კრებაში გვანდობენ.