შეკითხვების ყუთი
◼ სანამ დაშვებული იქნება მოსანათლავად, რა ზომით უნდა მონაწილეობდეს მოუნათლავი მაუწყებელი სამქადაგებლო მსახურებაში?
მან, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს მოუნათლავი მაუწყებლისთვის, უკვე მრავალმხრივ გამოავლინა თავისი ძლიერი სურვილი, გახდეს იეჰოვას მოწმე (ფსალმ. 109:3). წმინდა წერილების გულმოდგინე შესწავლის შედეგად მის აზროვნებაში, ხასიათსა და ცხოვრების წესში ცვლილებები მოხდა. ბიბლიის ასე სერიოზულად შემსწავლელ ადამიანს აქვს გულწრფელი სურვილი, ასიამოვნოს იეჰოვას და შეასრულოს მისი ნება. მას რეგულარული ურთიერთობა აქვს იეჰოვას ხალხთან კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე (ებრ. 10:24, 25). გარდა იმისა, რომ რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, ალბათ მას გული აღძრავს, საჯაროდ გამოხატოს თავისი რწმენა შეხვედრებზე კომენტარების მიცემით და უკვე ჩაეწერა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში (ფსალმ. 39:10, 11; om, გვ. 73).
იმის შემდეგ, რაც ბიბლიის შემსწავლელმა მიიღო ჭეშმარიტება და ჩანს, რომ გულწრფელად აფასებს სამეფოს შესახებ ცნობას, მას შეიძლება მიეცეს კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობის უფლება. ეს არის იეჰოვას მოწმეთა უმთავრესი საქმიანობა (მათ. 24:14; 28:19, 20; om, გვ. 111). ამასთან დაკავშირებით, როგორც მაუწყებელს, რომელიც შესწავლას უძღვება, ისე უხუცესებს აკისრიათ სერიოზული პასუხისმგებლობა — ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ შემსწავლელის ცხოვრება მთლიანად შეესაბამება ქრისტიანულ პრინციპებს. მას უნდა ჰქონდეს იეჰოვას მოწმედ გახდომის გულწრფელი სურვილი; ასევე, უნდა აფასებდეს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში მონაწილეობის შესაძლებლობას (გალ. 6:6; w 15.09.89, გვ. 13, 14 [რუს.]; om, გვ. 98, 99, 174).
მოუნათლავ მაუწყებლად გახდომის შემდეგ არ არის აუცილებელი დიდი დროის გასვლა, რომ ბიბლიის შემსწავლელი მზად იყოს წყალში მოსანათლავად. ახლა მისი ცხოვრება მთლიანად შეესაბამება ქრისტიანულ პრინციპებს, მაგრამ სამქადაგებლო საქმიანობაში ნაკლები გამოცდილება აქვს. მას საკმარისი დრო უნდა მიეცეს, რათა აჩვენოს თავისი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ კვლავაც რეგულარულად და ენთუზიაზმით მიიღებს მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში (ფსალმ. 39:9; რომ. 10:9, 10, 14, 15).
იმ დროისთვის, როცა პიროვნება მზად არის მოსანათლავად, ჩვეულებრივ, ის უკვე რეგულარულად მონაწილეობს სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გადაცემაში და ამას ყოველთვე ერთ-ორ საათზე მეტ დროს უთმობს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თითოეულის პირადი მდგომარეობა, მათ შორის წარსული, ასაკი ან სხვადასხვა შეზღუდვები. უხუცესები მიჰყვებიან მითითებებს, რომლებიც მოცემულია წიგნში „ჩვენი მსახურება“, 175-ე გვერდზე: „ჩვენ გვაინტერესებს ისინი, ვისი გულიც მიმართულია იეჰოვასკენ და ვინც გონებით ჩასწვდა ბიბლიის ძირითადი ჭეშმარიტების არსს. შენი სიყვარულით აღსავსე დახმარება აღძრავს და ხელს შეუწყობს მონათვლის მსურველს, რომ ჩაერთოს ქრისტიანულ მსახურებაში და შესაბამისად მოემზადოს, რათა შეასრულოს ეს მნიშვნელოვანი დავალება“ (მათ. 16:24; იოან. 4:34; 1 პეტ. 2:21).