იეჰოვას მოწმეთა 2007 წლის საოლქო კონგრესი „მიჰყევით ქრისტეს!“
1 მოსემ ისრაელებსა და ხიზნებს მოუწოდა, რომ ყოველ მეშვიდე წელს ერთად შეკრებილიყვნენ კანონის მოსასმენად. რატომ იყო ეს საჭირო? ‘რათა მოესმინათ და ესწავლათ’ (კან. 31:10—12). იეჰოვა ხედავდა, რომ მისი ხალხისთვის აუცილებელი იყო დიდ ჯგუფებად შეკრება. მალე იეჰოვას ხალხი კვლავ ერთად შეიკრიბება სამდღიან საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „მიჰყევით ქრისტეს!“
2 დაიწყე უკვე მომზადება? საჭიროა, შენს დამსაქმებელს წინასწარ შეუთანხმდე, რომ კონგრესის დღეებში სამსახურიდან გაგათავისუფლოს? შეგიძლია, დაეხმარო ოჯახის წევრებს, რომლებიც არ იზიარებენ შენს რწმენას, და ბიბლიის შემსწავლელებს, რომ ერთად დაესწროთ კონგრესს? ხომ არ არიან შენს კრებაში ისეთები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რომ კონგრესს დაესწრონ? გეგმავ, იქ დაესწრო კონგრესს, სადაც შენი კრება არ არის მიწვეული? სად აპირებ დაბინავებას? შემდეგი რჩევები შენთვის დამხმარე იქნება.
3 დაესწარი სამივე დღეს: იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფს თავის ხალხს (ეს. 25:6). ყოველწლიურ კონგრესებზეც ის დიდ სულიერ ნადიმს გვიმართავს. შეინიშნება, რომ პარასკევს უფრო ნაკლები ესწრება კონგრესს, ვიდრე შაბათ-კვირას. მიზნად დაისახე, სამივე დღეს მოისმინო კონგრესის პროგრამა, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაცია გვიმზადებს. თუ კონგრესის დღეებში მუშაობა გიწევს და უფროსს უნდა დაეთხოვო, პირველ რიგში ლოცვით მიმართე იეჰოვას. შემდეგ ‘გაბედულება მოიკრიბე’ და კონგრესის ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ რაც შეიძლება მალე დაელაპარაკე უფროსს (1 თეს. 2:2; ნეემ. 2:4, 5). შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს მისთვის იმის ახსნა, რომ ყოველწლიური საოლქო კონგრესი შენი თაყვანისმცემლობის ნაწილია. თუ ამ ყოველივეს თავის დროზე ეტყვი უფროსს, მას გაუადვილდება საჭირო ცვლილებების მოხდენა სამუშაოზე შენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად.
4 დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელებსა და ოჯახის წევრებს: მართლაც რომ სასიამოვნო იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელები შენთან ერთად დაესწრებიან კონგრესს და საკუთარი თვალით იხილავენ, რა სითბო და სიყვარული სუფევს ქრისტიანული საძმოს „დიდ კრებულში“ (ფსალმ. 22:25). წინასწარ აცნობე მათ კონგრესის ჩატარების თარიღი, რათა დაგეგმონ დასწრება. აუხსენი, პირადად შენთვის რითაა სასარგებლო საოლქო კონგრესებზე დასწრება. შეგიძლია წარმოდგენა შეუქმნა კონგრესებზე, თუ უჩვენებ საზოგადოების ვიდეოფილმებს ადრე ჩატარებული კონგრესების შესახებ. ოჯახის წევრებსაც შეატყობინე შენი გეგმების შესახებ. შესაძლოა, მათაც მოისურვონ დრამის ნახვა ან კონგრესზე დასწრება რომელიმე დღეს.
5 დაეხმარე და-ძმებს: პავლე მოციქული მდიდარ ქრისტიანებს ურჩევდა, ‘ეკეთებინათ სიკეთე, გამდიდრებულიყვნენ კარგი საქმეებით, ყოფილიყვნენ გულუხვები და გამზიარებლები’ (1 ტიმ. 6:17, 18). როგორც ვხედავთ, პავლე გულუხვობის გამოვლენისკენ მოუწოდებდა თანამორწმუნეებს. ჩვენც შეგვიძლია ასევე მოვიქცეთ, თუ ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულებს, სუსტი ჯანმრთელობის მქონეებს, სრული დროით მსახურებს, მარტოხელა მშობლებსა და სხვებს, ვისაც მხარში ამოდგომა სჭირდებათ, რომ კონგრესს დაესწრონ. ასეთ მაუწყებლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა უპირველესად მორწმუნე ნათესავებს აკისრიათ, თუმცა უხუცესებიცა და კრების სხვა წევრებიც მზად უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში სიყვარულით დაეხმარონ მათ (გალ. 6:10; 1 ტიმ. 5:4).
6 თუ გსურს, კონგრესის დაბინავების განყოფილება დაგეხმაროს დასაბინავებელი ადგილის მოძებნაში, უნდა შეავსო ბლანკი „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, შეესაბამება თუ არა მაუწყებელი სათანადო მოთხოვნებს. ვიდრე ბლანკი კონგრესის დაბინავების განყოფილებას გაეგზავნება, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ გათვალისწინებული იყო ფილიალის მიერ უხუცესთა ყველა საბჭოსადმი გაგზავნილი მითითებები.
7 სხვა კონგრესზე დასწრება: თუ „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სია“ ან სხვა დამატებითი ინფორმაცია გესაჭიროება იმ კონგრესზე დასასწრებად, რომელზეც თქვენი კრება არ არის მიწვეული, შეგიძლია მისწერო კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ ბიუროს. წერილს თან დაურთე ცარიელი საფოსტომარკიანი კონვერტი, რომელზეც შენი მისამართი წერია. დახმარებისთვის მიმართე კრების მდივანს, რომელიც მოგცემს იმ ქალაქის კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ბიუროს მისამართს, სადაც აპირებ დასწრებას, აგრეთვე შეგატყობინებს კონგრესის ჩატარების თარიღს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ თავად ნუ დარეკავთ ოფისში.
8 თანამშრომლობა: როდესაც მივდივართ კონგრესზე, ვხედავთ, რომ ჩვენთვის ბევრი რამ არის გაკეთებული. მომწესრიგებლებად დანიშნული ძმები ყურადღებას იჩენენ ჩვენდამი, გვესალმებიან, დაბეჭდილ პროგრამებს გვაძლევენ და ადგილების მოძებნაში გვეხმარებიან. და-ძმებმა საკონგრესო ადგილი დასუფთავებული დაგვახვედრეს და სცენაც ლამაზად მოაწყვეს. მნიშვნელოვანი საქმე შესრულდა პროგრამის ნაწილების მომზადებისთვის, ჩამოსული დელეგატების დაბინავებისა და სხვა მრავალი რამისთვის.
9 თითოეული საოლქო კონგრესის ჩასატარებლად მრავალ ძმას თვეების განმავლობაში ბევრი აუცილებელი საორგანიზაციო საკითხის გადაჭრა უწევს. ოჯახის წევრებიც მხარს უჭერენ მათ იმ მხრივ, რომ ძმებმა დრო ამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაუთმონ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისთვის. ჩვენ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იმით, რომ მივყვეთ ამ სტატიაში მოცემულ, და ყველა სხვა, მითითებებს, რომლებსაც კონგრესამდე მივიღებთ (ებრ. 13:17). თუ ყველა მზადყოფნით ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად“ ჩაივლის (1 კორ. 14:40).
10 „რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“, ღვთის ხალხის ერთად შეკრება მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება (ებრ. 10:25). ჩვენს ქრისტიანულ კონგრესებზე ერთგული და გონიერი მონის კლასი გვაწვდის საჭირო ინფორმაციას, რაც გვეხმარება, ‘გულდასმით შევასრულოთ ყველა ის სიტყვა’, რომელთა დაცვასაც იეჰოვა გვავალებს (კან. 31:12). ახლავე დაიწყე მზადება, რომ დაესწრო საოლქო კონგრესის „მიჰყევით ქრისტეს!“ სამივე დღეს და გაიხარო სულიერი დასწავლების მიღებითა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობით!
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) როგორ მოუწოდებდა მოსე ისრაელებს, რომ ერთად შეკრებილიყვნენ? ბ) რის გაკეთება გმართებთ ახლავე?
3. ა) როგორ სრულდება დღეს ესაიას 25:6? ბ) რა შეიმჩნევა კონგრესის პირველ დღესთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოვიქცეთ?
4. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, დაესწრონ კონგრესს?
5, 6. ა) როგორ შეგვიძლია 1 ტიმოთეს 6:18-ში მოხსენიებული გულუხვობის გამოვლენა? ბ) რა არის გათვალისწინებული დაბინავების მსურველთათვის?
7. რა მითითებებს უნდა მივყვეთ, თუ გვსურს დავესწროთ კონგრესს, რომელზეც ჩვენი კრება არ არის მიწვეული?
8, 9. ა) რას საქმეს ასრულებენ და-ძმები კონგრესის ჩატარებამდე? ბ) როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა და-ძმების მიერ გაწეული შრომისთვის? (წაიკითხეთ ებრაელების 13:17).
10. ა) რატომ არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იეჰოვას ხალხის ერთად შეკრება? ბ) რა უნდა გავაკეთოთ ახლავე?
[ჩარჩო 3 გვერდზე]
პროგრამის განრიგი
პარასკევი და შაბათი
9:20—5:05
კვირა
9:20—4:10