ძლიერი რწმენის მაჩვენებელი!
1. რა შემაძრწუნებელი მოვლენები იწინასწარმეტყველა იესომ?
1 მოციქულები ყურადღებით ისმენდნენ იესოს სიტყვებს მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ. კაცობრიობას შემაძრწუნებელი მოვლენები დაატყდებოდა თავს — იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და ეპიდემიები. იესომ აგრეთვე თქვა, რომ მის მიმდევრებს შეიძულებდნენ, გადასცემდნენ სატანჯველად და დახოცავდნენ. გამოჩნდებოდნენ ცრუ წინასწარმეტყველები და ბევრს შეცდომაში შეიყვანდნენ. მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული.
2. რატომ არის გასაოცარი ის, რომ მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგება მიმდინარეობს?
2 მოციქულებს ალბათ გაუკვირდებოდათ იესოს სიტყვების მოსმენა იმის შესახებ, რომ ამ მოვლენების ფონზე მთელ მსოფლიოში ნაქადაგები იქნებოდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათ. 24:3—14). დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რა საოცრად სრულდება ეს წინასწარმეტყველება. მართალია, საშიშ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, გულმოდგინედ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას. ქვეყნიერებაში ხალხს სიყვარული უნელდება, ჩვენ კი გვიძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ „ყველა ხალხს“ ვძულვართ, ჩვენ ფაქტობრივად ყველა ხალხში ვქადაგებთ.
3. რომელი მონაცემებია გამამხნევებელი შენთვის მსოფლიო ანგარიშიდან?
3 ძალიან გამამხნევებელია ის, თუ რა შედეგებს მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა გასულ სამსახურებრივ წელს! ამ მონაცემების ნახვა შეგიძლიათ 3—6 გვერდებზე მოცემულ ცხრილში. ბოლო 16 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს მილიარდზე მეტი საათი ეთმობა. ეს მართლაც რომ ძლიერი რწმენის მაჩვენებელია! ამ ერთ წელიწადში პიონერთა რიცხვი 5,8 პროცენტით გაიზარდა, მაუწყებლებისა — 3,1 პროცენტით, ხოლო ბიბლიის შესწავლების — 4,4 პროცენტით. 2006 სამსახურებრივ წელთან შედარებით გასულ სამსახურებრივ წელს 20,1 პროცენტით მეტი ადამიანი მოინათლა. ნამდვილად ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ თითქმის 7 მილიონი ადამიანი ერთგულად ემსახურება იეჰოვას — კაცობრიობის ისტორიაში იეჰოვას არასოდეს ჰყოლია ერთდროულად ამდენი თაყვანისმცემელი! თანდართული ცხრილიდან რომელი მონაცემებია განსაკუთრებით გამამხნევებელი შენთვის?
4. რა პრობლემები დაძლია ერთმა მამაკაცმა, რომელსაც სურდა მონათლულიყო?
4 მართალია ციფრები თავისთავად ბევრზე მეტყველებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძლიერ რწმენას ავლენენ. მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. გილიერმო დაიბადა 1935 წელს და გაიზარდა ბოლივიაში. ცხრა წლის ასაკიდან მან კოკაინის პლანტაციაში დაიწყო მუშაობა. ის ბავშვობიდან ღეჭავდა კოკაინის ფოთლებს, რათა მძიმე ფიზიკური შრომით გამოწვეული დაღლილობა მოეხსნა. მოგვიანებით ის მიეძალა ალკოჰოლსა და თამბაქოს. როდესაც გილიერმომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო, თუ რას ითხოვდა იეჰოვა მისგან, მან შეწყვიტა მოწევა და სმა. ყველაზე მეტად მას გაუჭირდა დიდი ხნის ჩვევის, კოკაინის ფოთლების ღეჭვის, მიტოვება. ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ამაზე და საბოლოოდ დაძლია ეს ჩვევა. ამის შემდეგ ის მოინათლა. „ახლა, — ამბობს ის, — შინაგან სისუფთავეს ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ“.
5. რა არის შენი სურვილი?
5 იეჰოვა ნამდვილად დაინტერესებულია ადამიანებით. მას სურს, რომ ყველამ მოინანიოს (2 პეტ. 3:9). ეს ჩვენი სურვილიცაა. დაე აღძრულები ვიყოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა კვლავაც დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, ჩვენსავით გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა.