უცხოენოვან ადამიანებთან ქადაგება
1. ვისთან შეიძლება მოგვიწიოს ქადაგება ჩვენს ტერიტორიაზე?
1 იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგებოდა მთელ მსოფლიოს „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“. ყველას, ვინც ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში იღებს მონაწილეობას, კარგად ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა (მათ. 24:14; 28:19, 20). ქადაგების დროს ხშირად ვხვდებით სხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე ლაპარაკობენ. მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მოისმინონ სასიხარულო ცნობა და იეჰოვას შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე მტკიცედ დადგნენ ჭეშმარიტებაში (მალ. 3:18). როგორ შეგვიძლია ვუქადაგოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოენოვან ადამიანებს?
2. რაში ვბაძავთ იეჰოვას უცხოენოვან ადამიანებთან ქადაგების დროს?
2 იეჰოვას თვალით უყურე მათ, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს: იეჰოვას მსგავსად ხალხისადმი მიუკერძოებელი სიყვარული რომ გამოვავლინოთ, მთელი გულით უნდა გვსურდეს, ჩვენს ტერიტორიაზე ქადაგებისას ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას შესახებ ზუსტი ცოდნის მიღებაში დავეხმაროთ (ფსალმ. 83:18; საქ. 10:34, 35). მართალია, ჩვენ ძირითადად იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან ვქადაგებთ, რა ენაზეც ჩვენი კრება ტარდება, მაგრამ მზად ვართ, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ მათაც, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს. იეჰოვა არ მოიწონებს, თუ სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოვავლენთ, რადგან მისი ნებაა, სამეფოს ცნობა ყველა ეროვნების ადამიანს ექადაგოს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს?
3. რომელი ბროშურა დაგვეხმარება ქადაგებისას და როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ მის გამოსაყენებლად?
3 გამოიყენე ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“: ეს ბროშურა უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან ქადაგებისას უნდა გამოვიყენოთ. ყოველთვის თან გქონდეს ეს ბროშურა, გაეცანი მის თავისებურებებს და წინასწარ მოემზადე მის გამოსაყენებლად. სწრაფად რომ შეძლო მისი გამოყენება, წინასწარ მონიშნე ის ენები, რომლებზეც შენს ტერიტორიაზე ლაპარაკობენ. თუ ლიტერატურა ხელმისაწვდომია ამ ენებზე, თან გქონდეს რამდენიმე მათგანი და დაუტოვე იმ ადამიანს, ვისაც ბროშურიდან ინფორმაციას წააკითხებ.
4. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“?
4 როდესაც მსახურების დროს ხვდები მობინადრეს და ვერ იგებ, რა ენაზე ლაპარაკობს, უჩვენე მას ბროშურა, გადაშალე ის და რუკაზე აჩვენე, რომელი ქვეყნიდან ხარ. მობინადრესაც ანიშნე, გაჩვენოს, თავად საიდან არის და რომელ ენაზე ლაპარაკობს. როცა გაიგებ, რომელია მისი ენა, სარჩევში მონახე შესაბამისი გვერდი, მისი ყურადღება მიმართე თავში მოცემულ მუქი შრიფტით დაწერილ წინადადებაზე და ანიშნე, რომ წაიკითხოს. როცა კითხვას დაამთავრებს, შესთავაზე ტრაქტატი მის ენაზე ან ყურადღება გაუმახვილე ბროშურაში ნაცრისფრად აღნიშნულ წინადადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ სიამოვნებით მიუტანთ პუბლიკაციას მის ენაზე. შემდეგ მიუთითე მუქი შრიფტით დაწერილ სიტყვებზე „ჩემი სახელია“ და გარკვევით უთხარი შენი სახელი. შემდეგ კი აჩვენე მუქი შრიფტით დაწერილი სიტყვები „თქვენი სახელი“ და დაელოდე მის პასუხს. შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე.
5. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ინტერესს გამოავლენს?
5 გამოიყენე მონახულების ბლანკი: ყველანაირად უნდა ვეცადოთ, განმეორებით მივაკითხოთ ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკეს, ვინც ინტერესი გამოავლინა სამეფოს ცნობისადმი. როდესაც დავინახავთ, რომ მობინადრე ღვთის სიტყვისადმი ინტერესს ავლენს, უნდა შევავსოთ ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43) და მალევე უნდა გადავცეთ კრების მდივანს. მდივანი ბლანკს გაგზავნის ფილიალში, რათა დაინტერესებულს მის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებელმა მიაკითხოს. აღნიშნულ ბლანკს ფილიალი შესაბამისენოვან ჯგუფს გადასცემს. როგორც კი ჯგუფი ბლანკს მიიღებს, მაუწყებლები მაშინვე დაუკავშირდებიან დაინტერესებულს. მდივანმა შეიძლება ბლანკის ასლი გააკეთოს და მისცეს სამსახურებრივ ზედამხედველს, რათა მან იცოდეს, რომელ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი დაინტერესდა. ეს ბლანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეავსოთ, როცა მობინადრე ნამდვილ ინტერესს ავლენს.
6. რა უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ დაინტერესებულს სხვა მაუწყებლები მიაკითხავენ?
6 ბლანკის შევსებიდან შეიძლება გარკვეული დრო გავიდეს, სანამ დაინტერესებულს მის ენაზე მოლაპარაკე მაუწყებელი მიაკითხავს. ამიტომ ის მაუწყებელი, რომელმაც ბლანკი შეავსო, ყველანაირად უნდა შეეცადოს, ინტერესი გაუღვივოს დაინტერესებულს, ვიდრე მას მიაკითხავენ. ზოგ შემთხვევაში მაუწყებელმა შეიძლება მასთან ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყოს. მაგრამ სად უნდა იშოვოს მაუწყებელმა შესაბამის ენაზე ლიტერატურა, სანამ დაინტერესებულს სხვები მიაკითხავენ?
7. როგორ შეგვიძლია სხვა ენაზე ლიტერატურის მიღება?
7 ლიტერატურა სხვა ენებზე: საჭირო არ არის, რომ კრებას სხვა ენებზე ლიტერატურის დიდი მარაგი ჰქონდეს. მაგრამ, თუ სამსახურებრივი ზედამხედველი დაინახავს, რომ ამა თუ იმ ენის ადამიანები ინტერესდებიან, შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, მარაგში ამ ენაზე გარკვეული რაოდენობით ლიტერატურა ჰქონდეთ გასავრცელებლად. თუ საერთოდ არა გაქვთ სხვა ენაზე ლიტერატურა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დრო დასჭირდეს შეკვეთილი ლიტერატურის მიღებას. ამიტომ ვებ-საიტიდან www.watchtower.org შეგიძლიათ გარკვეული ლიტერატურის დაბეჭდვა. ამ საიტზე ლიტერატურა ხელმისაწვდომია ასობით ენაზე. მათი გადმოწერა შეუძლია როგორც მაუწყებელს, ისე დაინტერესებულს. ეს მართლაც კარგი დამხმარე საშუალებაა უცხო ენაზე მოლაპარაკე დაინტერესებულებისთვის.
8. როგორ ეხმარება კრება სხვა ენაზე მოლაპარაკე დაინტერესებულებს?
8 კრების როლი: ზოგჯერ იქ, სადაც უცხოენოვანი დასახლებაა, შეიძლება ახლომახლო იმ ენაზე კრება არ იყოს. ამიტომ დაინტერესებულები შენს კრებაზე დაპატიჟე. თბილმა მიღებამ და მათ მიმართ გამოვლენილმა გულწრფელმა ინტერესმა შეიძლება აღძრას ისინი, რომ რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს. თავიდან მათ შეიძლება ენის ან კულტურის გამო ბარიერი შეექმნათ; მაგრამ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას, რითაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან, ხელს ვერ უშლის ასეთი ბარიერი (სოფ. 3:9; იოან. 13:35). თუ თავისუფლად ლაპარაკობ რომელიმე ენაზე და გინდა, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მოინახულო, აცნობე შენი კრების მდივანს, რომელმაც შეიძლება ეს ინფორმაცია ფილიალს გადასცეს. საჭიროების შემთხვევაში ფილიალი დაგიკავშირდება, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე დაინტერესებულებს დაეხმარო.
9. როდის შეიძლება გახდეს საჭირო უცხო ენის შესწავლა და როგორ ხდება ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება?
9 ენის შესწავლა: თუ ეხმარები მათ, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს, წაახალისე, რომ შეძლებისდაგვარად იმ კრებას დაესწრონ, რომელიც მათ ენაზე ტარდება. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ზოგმა მაუწყებელმა შეიძლება თვითონ ისწავლოს ეს ენა, რომ უკეთ დაეხმაროს დაინტერესებულს. თუ ამ დასახლებასთან კრება არ არის, ფილიალმა შეიძლება ამ ენის შემსწავლელი კურსები ჩამოაყალიბოს მაუწყებლებისთვის. ამისთვის ფილიალმა შეიძლება ახლომდებარე კრებებს შეატყობინოს, რომ არსებობს ამ ენის შესწავლის საჭიროება. ამ კურსის გავლის მსურველი მზად უნდა იყოს, გადავიდეს იმ ჯგუფში ან კრებაში, რომელიც ამ ენაზე ჩატარდება, და აღნიშნულ ენაზე იქადაგოს.
10. რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს უცხოენოვანი ჯგუფი?
10 ჯგუფის ჩამოყალიბება: უცხოენოვანი ჯგუფის ჩამოყალიბება მაშინ ხდება, როცა ის ოთხ ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს: 1) ამ ენაზე დაინტერესებულთა საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს და მათი რაოდენობის გაზრდის პოტენციალი უნდა არსებობდეს. 2) რამდენიმე მაუწყებელმა მაინც უნდა იცოდეს ეს ენა ან უნდა სწავლობდეს მას. 3) შესაფერის უხუცესს ან მომსახურეს უნდა შეეძლოს ჯგუფის ხელმძღვანელობა და კვირაში სულ მცირე ერთი შეხვედრის ჩატარება ამ ენაზე. 4) რომელიმე კრების უხუცესთა საბჭო მზად უნდა იყოს, იზრუნოს ამ ჯგუფზე. როცა ეს მოთხოვნები გარკვეულწილად დაკმაყოფილდება, უხუცესთა საბჭომ უნდა მისწეროს ფილიალს, რომ ის ოფიციალურად ჩამოაყალიბონ კრების უცხოენოვან ჯგუფად (იხილეთ „ორგანიზებულნი“, გვ. 105—107). ის უხუცესი ან მომსახურე, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს, დაინიშნება „ჯგუფის ზედამხედველად“ ან „ჯგუფის მსახურად“ და მის საჭიროებებზე იზრუნებს.
11. რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი ჩვენს ტერიტორიაზე უცხოენოვანებთან ქადაგება?
11 ჩვენს ტერიტორიაზე არსებული უცხოენოვანი დასახლების დამუშავება იმ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ნაწილია, რომელსაც იესო ქრისტემ ჩაუყარა საფუძველი. კვლავაც გულმოდგინედ ვიქადაგოთ და ვნახავთ, როგორ შეძრავს იეჰოვა ხალხებს და როგორ გამოიყვანს მათგან თავისთვის სასურველ ადამიანებს (ანგ. 2:7). მართლაც დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა! იეჰოვამ აკურთხოს ჩვენი მცდელობა, რომ ვუქადაგოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოენოვან ადამიანებს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ენობრივი ბარიერი ხელს ვერ შეუშლის ღმერთს დაინტერესებულთა ზრდაში! (1 კორ. 3:6—9).