„თქვენი სინათლეც ანათებდეს“
1. რის გაზიარების პატივი გვაქვს?
1 განთიადიდან შებინდებამდე დღის სინათლის მშვენება დიდებას მიაგებს იეჰოვა ღმერთს. მაგრამ, იესომ თავის მოწაფეებს სხვა სახის სინათლეზე, „სიცოცხლის სინათლეზე“, გაუმახვილა ყურადღება (იოან. 8:12). სულიერი სინათლის ქონა დიდი პატივია, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს ადამიანს. იესომ თავისი მოწაფეები დაარიგა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე“, რათა ამან სარგებლობა მოუტანოს მათ (მათ. 5:16). ღრმა სულიერ სიბნელეში ჩაფლულ მსოფლიოში, ამ სინათლემ უნდა ანათოს, თანაც ისე როგორც არასდროს! ქრისტეს მსგავსად, როგორ შეიძლება ანათებდეს ჩვენი სინათლეც?
2. როგორ აჩვენა იესომ სულიერი სინათლის გაზიარების მნიშვნელოვნება?
2 ქადაგებით. იესო დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებდა იმისათვის, რომ ჭეშმარიტების სინათლეს ხალხისთვის ენათებინა სახლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ მთის მწვერვალებზე — ყველგან, სადაც კი ხალხი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ სულიერი სინათლე ხალხს მარადიულ კეთილდღეობას მოუტანდა (იოან. 12:46). ამ სინათლის უფრო მეტი ადამიანისთვის მისაწოდებლად იესომ თავისი მოწაფეები მოამზადა, რათა ისინი „ქვეყნიერების სინათლე“ ყოფილიყვნენ (მათ. 5:14). მათ უნდა ენათებინათ თავიანთი სინათლე კარგი საქმეებითა და სულიერი ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებით.
3. როგორ ცხადვყოთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ ჭეშმარიტების სინათლეს?
3 ღვთის მსახურები სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ პასუხისმგებლობას, იარონ „როგორც სინათლის შვილებმა“ და იქადაგონ ყველგან (ეფეს. 5:8). შესვენებების დროს სამუშაოზე თუ სკოლაში, უბრალოდ, ბიბლიის ან ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვამ შეიძლება სულიერ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა მოგცეს. ასეთი სახით ერთმა ახალგაზრდა დამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და წიგნები 12 თანაკლასელს დაურიგა.
4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითო ყოფაქცევა საშუალებას გვაძლევს, ვანათოთ ადამიანთა წინაშე?
4 კარგი საქმეებით. ჩვენი ყოველდღიური საქმეებითაც შეგვიძლია ვანათოთ ადამიანთა წინაშე (ეფეს. 5:9). სამსახურში, სკოლაში თუ სხვაგან ქრისტიანების კარგი საქციელი სხვებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება, და ამით ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარების საშუალება გვეძლევა (1 პეტ. 2:12). მაგალითად, ხუთი წლის ბიჭუნას კარგმა ყოფაქცევამ მასწავლებელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ბავშვის მშობლებს დაურეკა და უთხრა: „არასდროს მინახავს, რომ ხუთი წლის ბავშვს ასე კარგად ესმოდეს, რა არის კარგი და რა — ცუდი“. დიახ, ჩვენი მსახურება და კარგი საქციელი ხალხს „სიცოცხლის სინათლისკენ“ იზიდავს და ჩვენს ღმერთს განადიდებს.