იყავით „დიდად თანამგრძნობნი“
1. რას საჭიროებენ დღეს ადამიანები?
1 კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანები არასდროს საჭიროებდნენ თანაგრძნობას ისე, როგორც დღეს. მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია ის, რომ დღეს ბევრი თავს უბედურად, უიმედოდ გრძნობს და დეპრესიაშია. მილიონებს დახმარება სჭირდება. ჩვენ კი, როგორც ქრისტიანებს, შეგვიძლია გულწრფელად დავინტერესდეთ ადამიანებით (მათ. 22:39; გალ. 6:10). როგორ გავაკეთოთ ეს?
2. როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის საუკეთესოდ გამოვლენა?
2 თანაგრძნობის საქმით გამოვლენა: ვერაფერი გვანუგეშებს ისე და ვერ გაგვყვება იმდენ ხანს, როგორც ღვთისგან მომდინარე ნუგეში (2 კორ. 1:3, 4). იეჰოვა მოგვიწოდებს, მივბაძოთ მას და ვიყოთ „დიდად თანამგრძნობნი“. ეს თანაგრძნობა კი შეგვიძლია სასიხარულო ცნობის სხვებთან გაზიარებით გამოვავლინოთ (1 პეტ. 3:8). ამ საქმეში აქტიური მონაწილეობით საუკეთესოდ ვანუგეშებთ გულგატეხილებს, რადგან ღვთის სამეფოა ერთადერთი რეალური იმედი დატანჯული კაცობრიობისთვის (ეს. 61:1). მალე იეჰოვა თავისი ხალხისადმი თანაგრძნობას იმით გამოავლენს, რომ მოსპობს ბოროტებას და სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს (2 პეტ. 3:13).
3. როგორ მივბაძოთ იესოს ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში?
3 ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს ადამიანებისადმი, როგორიც იესოს ჰქონდა: მაშინაც კი, როდესაც იესო ბევრ ადამიანს ერთდროულად ელაპარაკებოდა, არასდროს განიხილავდა მათ, როგორც უბრალოდ მასას. ის ხედავდა თითოეული მათგანის სულიერ მოთხოვნილებას. ისინი უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ. იესოს გული ეწვოდა ამ ხალხის დანახვაზე და ამიტომ მოთმინებით ასწავლიდა მათ (მარ. 6:34). ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რაც აღგვძრავს, თითოეული ადამიანის მიმართ ნამდვილი თანაგრძნობა გამოვავლინოთ. ეს კი ჩვენს ხმის ტონსა და სახის გამომეტყველებაში აისახება. ქადაგება პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და თითოეულ ადამიანს საგულდაგულოდ შერჩეული სიტყვებით მივუდგეთ (1 კორ. 9:19—23).
4. რატომ უნდა განვაგრძოთ თანაგრძნობის გამოვლენა?
4 უამრავი ხალხი ყველა ერიდან ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობასა და მათდამი გამოვლენილ ჩვენს გულწრფელ ინტერესს. თუ კვლავაც განვაგრძობთ თანაგრძნობის გამოვლენას, პატივს მივაგებთ და ვასიამოვნებთ ჩვენს თანამგრძნობ ღმერთ იეჰოვას (კოლ. 3:12).