სამი რჩევა სწავლების უნარის გასაუმჯობესებლად
1. რატომ უნდა გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი?
1 ყველა იეჰოვას მოწმე მასწავლებელია. პირველად მივდივართ მობინადრესთან, განმეორებით მონახულებას ვაკეთებთ, თუ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ყველა შემთხვევაში ინფორმაციის გადამცემნი ვართ. ის, რასაც ვასწავლით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნათელს ვფენთ „წმინდა წერილებს“, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების „დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:15). მართლაცდა, რა დიდი პატივია! ქვემოთ მოცემულია სამი რჩევა სწავლების უნარის გასაუმჯობესებლად.
2. როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ მარტივი ენით?
2 მარტივი ენა. როდესაც რაღაც საკითხი კარგად ვიცით, შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, რომ ეს სხვისთვის არცთუ ისე ადვილი გასაგებია. ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას მოერიდე ძალიან ბევრი ინფორმაციის მიწოდებას. ამის ნაცვლად, მთავარ აზრებს გაუსვი ხაზი. ბევრს თუ ლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ კარგი მასწავლებელი ხარ (იგავ. 10:19). მნიშვნელოვანია ძირითადი მუხლების წაკითხვა. მუხლის წაკითხვის შემდეგ ყურადღება იმ ნაწილზე გაამახვილე, რაც თემას უკავშირდება. მთაზე ქადაგებისას, რომელიც მათეს 5—7 თავებშია ჩაწერილი, იესო ძალიან ღრმა საკითხებს შეეხო, მაგრამ მარტივი და გასაგები ენით ილაპარაკა.
3. რატომ არის კარგი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენება, და როგორი უნდა იყოს ისინი?
3 თვალსაჩინო მაგალითები. თვალსაჩინო მაგალითები ფიქრისკენ აღმძვრელია, იწვევს ემოციებს და ხელს უწყობს დამახსოვრებას. ეფექტური თვალსაჩინო მაგალითების მოსაყვანად აუცილებელი არ არის, რომ კარგი მთხრობელი იყო. იესო ხშირად იყენებდა მოკლე და უბრალო მაგალითებს (მათ. 7:3—5; 18:2—4). ასევე შეგიძლია ფურცელზე უბრალო სურათი დახატო. წინასწარ მომზადება დაგეხმარება, მოიყვანო ეფექტური თვალსაჩინო მაგალითები.
4. როგორ დავსვათ ეფექტური კითხვები?
4 კითხვები. კითხვები შემსწავლელს ფიქრისკენ აღძრავს. ამიტომ კითხვის დასმის შემდეგ დაელოდე. თუ კითხვას თავად უპასუხებ, ვერ გაიგებ, რას ფიქრობს ბიბლიის შემსწავლელი. თუ ის არასწორად გაგცემს პასუხს, შესწორების ნაცვლად უკეთესი იქნება, დასვა დამატებითი კითხვები, რათა შემსწავლელი თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე (მათ. 17:24—27). არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი მასწავლებელი. თუმცა ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის დავუკვირდეთ, რას და როგორ ვასწავლით. ამის გათვალისწინება მარადიულ კურთხევებს მოგვიტანს როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მსმენელებს (1 ტიმ. 4:16).