მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — იონა
1. რა დადებითი თვისებები ჰქონდა იონას?
1 შენი აზრით, როგორი პიროვნება იყო იონა? ზოგს ის მხდალ და გულქვა ადამიანად მიაჩნია. თუმცა მისი ცხოვრებიდან გამოჩნდა, რომ ის თავმდაბალი, გაბედული და თავგანწირული წინასწარმეტყველი იყო. როგორ მივბაძოთ მას ამ დადებითი თვისებების გამოვლენაში? (იაკ. 5:10).
2. როგორ მივბაძოთ თავმდაბლობის გამოვლენაში იონას?
2 თავმდაბლობა. თავდაპირველად, იონა გაექცა იეჰოვას დანიშნულებას და სულ სხვა ტერიტორიაზე წავიდა. ეს არაა გასაკვირი, რადგან იმ დროს ასურელები საშინელი სისასტიკით იყვნენ ცნობილნი; ნინევეს ბიბლიაში „სისხლისმღვრელი ქალაქიც“ კი ეწოდება (ნაუმ. 3:1—3). ასეთი საქციელის გამო იეჰოვამ შეაგონა იონა. წინასწარმეტყველმა თავმდაბლობა გამოავლინა და გამოიყენა იეჰოვას ხელმეორედ მიცემული შესაძლებლობა (იგავ. 24:32; იონ. 3:1—3). მართალია, ის თავიდან ეურჩა ღმერთს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მან შეასრულა მისი ნება (მათ. 21:28—31). ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას, თუნდაც მაშინ, როცა შეგვაგონებენ ან ისეთ ტერიტორიაზე გვიწევს მსახურება, სადაც არცთუ ისე იოლია ქადაგება?
3. როდის გვჭირდება მსახურებაში გაბედულება და თავგანწირვა?
3 გაბედულება და თავგანწირვა. როცა იონამ დაინახა, რომ მისმა არასწორმა გადაწყვეტილებამ მეზღვაურთა სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, გადაწყვიტა, თავი გაეწირა მათთვის (იონ. 1:3, 4, 12). მოგვიანებით ნინევეში დავალების შესასრულებლად ჩასული, შუა ქალაქში შევიდა; ის შესაძლოა, შესაფერის ადგილს ეძებდა ქალაქში, რომ იეჰოვას განაჩენი გაეცხადებინა ხალხისთვის. ეს ნამდვილად არ იყო მხდალი ადამიანის საქციელი, იონა მართლაც გაბედული წინასწარმეტყველი იყო (იონ. 3:3, 4). დღეს ჩვენც გვჭირდება გაბედულება, რათა წინააღმდეგობის პირისპირ ყოფნისას უშიშრად ვიქადაგოთ (საქ. 4:29, 31). ასევე გვჭირდება თავგანწირვა, რათა დრო გამოვუყოთ მსახურებას და ამ საქმის შესასრულებლად არ დავიშუროთ ენერგია და სახსრები (საქ. 20:24).
4. რატომ უნდა ვიფიქროთ იეჰოვას წინასწარმეტყველთა შესანიშნავ მაგალითებზე?
4 კარგი იქნება, თუ ყოველთვის, როცა იეჰოვას წინასწარმეტყველთა ისტორიებს კითხულობ, საკუთარ თავს მათ ადგილას წარმოიდგენ. დაფიქრდი, შენ როგორ მოიქცეოდი მათ შემთხვევაში. როგორ შეგიძლია მიჰბაძო მათ კარგი თვისებების გამოვლენაში? (ებრ. 6:11, 12). „ჩვენი სამეფო მსახურების“ მომდევნო ნომრებში განხილული იქნება იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველთა ღირსშესანიშნავი მაგალითები.