მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — იოელი
1. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იოელს ქადაგების დროს?
1 ვინ იყო წინასწარმეტყველი იოელი? ბიბლია მხოლოდ იმას გვიმჟღავნებს, რომ ის ფეთუელის ვაჟი იყო (იოელ. 1:1). ეს თავმდაბალი წინასწარმეტყველი ყურადღებას იეჰოვას ცნობაზე ამახვილებდა და არა საკუთარ თავზე, როგორც ღვთის მაცნეზე. ჩვენც იოელის მსგავსად, ხალხის ყურადღებას ღვთისა და მისი სიტყვისკენ მივმართავთ და არ ვართ დაინტერესებულნი საკუთარი თავის განდიდებით (1 კორ. 9:16; 2 კორ. 3:5). ამასთანავე, ძალას გვმატებს თავად ის ცნობაც, რასაც ვაცხადებთ. ამიტომ მოდი, ვნახოთ იოელის წინასწარმეტყველების რომელმა მხარეებმა შეიძლება შეგვძინოს უფრო მეტი გულმოდგინება და განგვიმტკიცოს იმედი.
2. რის კეთებისკენ უნდა გვიბიძგოს იმის ცოდნამ, რომ ახლოს არის იეჰოვას დღე?
2 „ახლოსაა იეჰოვას დღე“ (იოელ. 1:15). მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ათასობით წლის წინ დაიწერა, ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როცა ეს წინასწარმეტყველება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შესრულდეს. მსოფლიოში გაუარესებული მდგომარეობა, გულგრილობა და ცინიზმი, რასაც მსახურებაში ვხვდებით, ნამდვილად ამტკიცებს, რომ ამ ბოროტი სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5; 2 პეტ. 3:3, 4). ამ ქვეყნიერების მოახლოებულ აღსასრულზე ფიქრი აღგვძრავს, ქადაგება ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ (2 პეტ. 3:11, 12).
3. რატომ არის ქადაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც უფრო ვუახლოვდებით დიდ გასაჭირს?
3 „იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის“ (იოელ. 3:16). ამ მუხლში აღწერილი თავზარდამცემი მოვლენები იეჰოვას მიერ დიდ გასაჭირში განაჩენის აღსრულებას უკავშირდება. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს იხსნის იმ დროს (გამოცხ. 7:9, 14). როდესაც ვქადაგებთ და ვხედავთ, როგორ გვიცავს და გვაძლიერებს იეჰოვა, რწმენა გვიმტკიცდება და უფრო მომთმენნი ვხდებით; ეს კი, თავის მხრივ, დიდ დახმარებას გაგვიწევს მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს.
4. რატომ შეგვიძლია გავიხაროთ და იმედიანად შევხვდეთ მომავალს?
4 მიუხედავად იმისა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ზოგისთვის სამწუხარო ამბის მაუწყებელია, ის ღვთის ხალხისთვის დიდებული გადარჩენის ცნობაა (იოელ. 2:32). იოელის 2:23-ში ვკითხულობთ: „იხარეთ და იმხიარულეთ იეჰოვათი, თქვენი ღმერთით“. ამიტომ მოდი, იმედიანად შევხვდეთ მომავალს და დიდი გულმოდგინებით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოზე.