აბორტის ტრაგიკული საზღაური
აბორტის შედეგად ყოველწლიურად 50-დან 60 მილიონამდე არშობილი იღუპება. თუ გესმის ეს რა რიცხვია? ეს ყოველკვირეულად ჰავაის კუნძულების მთელი მოსახლეობის აღგვის მსგავსი იქნებოდა!
ზუსტი ციფრის გამოყვანა რთულია, რადგან სახელმწიფოთა უმეტესობა არ აწარმოებს ზუსტ ჩანაწერებს აბორტის შესახებ. ხოლო სადაც აბორტი შეზღუდული ან არაკანონიერია, სპეციალისტები ციფრის მხოლოდ გამოცნობას ბედავენ. მაგრამ ნარკვევი აბორტთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით ასეთია:
შეერთებულ შტატებში ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრის შემდეგ მეორე ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ოპერაცია არის აბორტი. ყოველწლიურად 1,5 მილიონი აბორტი კეთდება. ქალების უმეტესობა — ყოველი 5-დან 4 — დაუქორწინებელია. დაუქორწინებელი ქალები მშობიარობაზე ორჯერ მეტად წყვეტენ ორსულობას, იმ დროს, როცა საშუალოდ, დაქორწინებული ქალები აბორტზე ათჯერ მეტად ბავშვებს აჩენენ.
ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში — სადაც უმეტესწილად კათოლიკეები ცხოვრობენ — აბორტთან დაკავშირებული კანონები მსოფლიოში ყველაზე შეზღუდულია. სამაგიეროდ, ჭარბობს ქალების ჯანმრთელობისთვის უფრო სერიოზული საფრთხის მომტანი არაკანონიერი აბორტი. მაგალითად, 1992 წელს ბრაზილიელმა ქალებმა ოთხი მილიონი აბორტი გაიკეთეს. მათგან 400 000-ზე მეტს გამოწვეული სირთულეების სამკურნალოდ სამედიცინო მკურნალობის მოძებნა მოუწია. ლათინურ ამერიკაში ყველა ორსულობის მეოთხედ ნაწილს წყვეტენ.
ასეთივე მკაცრია კანონები ატლანტის ოკეანის გაღმა, აფრიკის კონტინენტზე. დასახიჩრებისა და სიკვდილის შემთხვევები ჩვეულებრივია განსაკუთრებით ღარიბ ქალთა შორის, რომლებიც არალეგალური ექიმების დახმარებას ეძებენ.
შუა აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნის წიგნებში მკაცრი კანონებია, მაგრამ დიდი გასამრჯელოს მიცემის შემძლე ქალები, კვლავ ხშირად მიმართავენ და იკეთებენ აბორტებს.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელთა უმეტესი ნაწილიც გარკვეულ აბორტებს არ კრძალავს, სკანდინავიის ქვეყნები მეტად ლიბერალურია. ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური 1967 წელს ამ ოპერაციის დაკანონების შემდეგ თვალყურს ადევნებს აბორტების ისტორიას. არაკანონიერი შობადობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, პროსტიტუციისა და გამრავლების ფუნქციის დარღვევის დიდი რიცხვის ზრდასთან ერთად ამ სამსახურმა აბორტების გაორმაგება შენიშნა.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მდგომარეობა შეუწყვეტლივ იცვლება და მსგავსი სიტუაცია აბორტთან დაკავშირებულ კანონებს ახასიათებს. შეჯამების თანახმად, იქ, რასაც ადრე საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა, ყოველწლიურად 11 მილიონი აბორტი კეთდება, რაც მსოფლიოს უმაღლეს მონაცემებში შედის. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ნაკლებობისა და ღარიბი ეკონომიკური პირობების გამო, იმ მხარეში მცხოვრები რიგითი ქალი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება, ექვს-ცხრა აბორტს იკეთებს.
მთელი აღმოსავლეთ ევროპა ძირითადად ლიბერალიზაციისკენ არის მიდრეკილი. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუმინეთი, სადაც მოსახლეობის ზრდისკენ წასახალისებლად ყოფილი რეჟიმი ყველანაირად კრძალავდა აბორტსა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ქალები იძულებული იყვნენ, ყველაზე მცირე, ოთხი ბავშვი ჰყოლოდათ და 1988 წლისთვის რუმინელი ობლების რიგები მიტოვებული ახალგაზრდებით აივსო. ასე რომ, იმ დროიდან, რაც 1989 წლის რევოლუციურმა მთავრობამ მოხსნა აბორტთან დაკავშირებული შეზღუდვები, 4-დან 3 ორსულობა აბორტით მთავრდებოდა, რაც პროპორციულად ევროპის უმაღლეს ციფრს წარმოადგენს.
აბორტების უდიდესი ციფრი ეკუთვნის აზიას. ერთ შვილზე უფლების კურსისა და იძულებითი აბორტების მქონე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ლიდერობს სიაში, რომლის მონაცემების თანახმადაც იქ ყოველწლიურად 14 მილიონი აბორტი კეთდება. იაპონიაში, აბორტით მოკლული შვილების გასახსენებლად, ქალები ბავშვის გულსაფრებითა და სათამაშოებით პატარა ქანდაკებებს ამკობენ. იქაური ხალხი ავადმყოფურად ზრუნავს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებზე, ხოლო აბორტი ოჯახის მომავალი გეგმების ძირითად გადამწყვეტს წარმოადგენს.
მთელ აზიასა და განსაკუთრებით ინდოეთში სამედიცინო ტექნოლოგია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ მოღვაწეებს. ისეთი ტექნიკური საშუალებები, როგორიცაა ამნიოცენტეზი და ულტრაბგერა, შეიძლება ორსულობის ყველაზე პირველ ეტაპებზე ბავშვის სქესის დასადგენად იყოს გამოყენებული. ადრიდანვე აღმოსავლური კულტურა ბიჭებს გოგონებზე მეტად აფასებს. ამიტომ, სადაც სქესის გამოსაცნობი პროცედურები და აბორტი ადვილი ხელმისაწვდომია, აბორტის მსხვერპლი მდედრობითი სქესის ჩანასახების უდიდესი რიცხვი ხდება, რაც გოგო-ბიჭების შობადობის პროპორციული წონასწორობის დარღვევას იწვევს. დღეს ქალთა მოძრაობა პარადოქსულ მდგომარეობაშია და, ფაქტიურად, მოითხოვს უფლებას ქალებისთვის, მოიშორონ მდედრობითი სქესის ჩანასახები.
რას გრძნობს დედა
სხვა სამედიცინო პროცედურების მსგავსად, აბორტს გარკვეული რისკი და ტკივილი მოჰყვება. ბავშვის დასაცავად ორსულობის დროს საშვილოსნოს პირი და ყელი, მჭიდროდაა დახურული. საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ინსტრუმენტების შეყვანა შეიძლება მტკივნეული და ტრავმული იყოს. ვაკუუმ-ასპირაციულმა აბორტმა შეიძლება დაახლოებით 30 წუთი დაიკავოს, რომლის განმავლობაში ზოგი ქალი, შეიძლება, ძლიერ ტკივილსა და კრუნჩხვებს განიცდიდეს. აბორტი მარილის ხსნარის გამოყენებით ნაადრევ შეკუმშვას იწვევს, ზოგჯერ იგივეს პროსტაგლანდინის, საშვილოსნოს შეკუმშვის ხელისშემწყობი ნივთიერების, დახმარებით იწვევენ. შეკუმშვა შეიძლება საათები ან დღეებიც კი გაგრძელდეს და მტკივნეული და ემოციურად გამომფიტველი იყოს.
აბორტით გამოწვეულ უშუალო გართულებებში შედის სისხლდენა, საშვილოსნოს ყელის დაზიანება ან გაგლეჯა, საშვილოსნოს პუნქცია, სისხლის შედედება, ანესთეზიის შემდეგი რეაქცია, კრუნჩხვები, სიცხე, ჟრჟოლა და ღებინება. ინფექციის საფრთხე განსაკუთრებით დიდია, თუ ბავშვის ან პლაცენტის ნაწილები საშვილოსნოში რჩება. დაუსრულებელი აბორტი იშვიათობა არ არის და, შეიძლება, გარეთ ან თვით საშვილოსნოში დარჩენილი ხრწნადი ქსოვილის ამოსაღებად აუცილებელი იყოს ქირურგიული ჩარევა. შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მთავრობების მიერ ჩატარებული გამოკვლევები გვამცნობს, რომ აბორტი უკიდურესად ზრდის უნაყოფობის მომდევნო შემთხვევებს, საშვილოსნოსგარე ორსულობას, მუცლის მოწყვეტას, ნაადრევ მშობიარობასა და თანდაყოლილ დეფექტებს.
შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კ. ევერეტ კუპმა, შენიშნა, რომ არავის „გამოუკვლევია იმ ქალის ემოციური რეაქცია ან დანაშაულის გრძნობა, რომელმაც აბორტი გაიკეთა და ახლა სასოწარკვეთილი ნატრობს ბავშვს, რომელსაც ვეღარ გააჩენს“.
კარგი იქნებოდა, თუ საკონტროლო ჯგუფები აბორტთან დაკავშირებულ გამოკვლევებში ჩართავდნენ უბიწო ახალგაზრდა ქრისტიანებს, რომლებიც სიცოცხლისა და ღმერთის კანონებისადმი პატივისცემიდან გამომდინარე ინახავენ თავიანთ უბიწოებას. ასეთი გამოკვლევები აღმოაჩენდა, რომ ისინი ტკბებიან უფრო ჯანსაღი ურთიერთობებით, საკუთარი თავისადმი უფრო დიდი პატივისცემითა და სულიერი სიმშვიდით.
რას გრძნობს არშობილი
რას გრძნობს დედის მუცლის სითბოში საიმედოდ მოთავსებული არშობილი, რომელსაც შემდეგ მოულოდნელად და სასიკვდილოდ თავს ესხმიან? ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, რადგან ვერასდროს გავიგებთ ამ ამბავს პირველი წყაროდან.
აბორტების უმრავლესობა სიცოცხლის პირველი 12 კვირის განმავლობაში კეთდება. ამ დროისთვის პაწაწინა ჩანასახი სუნთქავს, ყლაპავს და მისი გული მუშაობს. მას პაწაწინა ფეხის თითების განძრევა შეუძლია, მუშტების შეკვრა, თავის წყლიან სამყაროში წყვეტილად მოძრაობა — და ტკივილის განცდა.
ბასრნაპირიანი ვაკუუმ-ასპირატორის საშუალებით მრავალ ნაყოფს იწოვენ საშვილოსნოდან და ჭურჭელში ისრუტავენ. ამ პროცედურას ვაკუუმ-ასპირაცია ეწოდება. ძლიერი გამოწოვა (სახლის მტვერსასრუტზე 29-ჯერ ძლიერი) ნაწილებად ფლეთს პატარა სხეულს. სხვა ბავშვებს ანადგურებენ საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ამოფხეკის საშუალებით, როცა მარყუჟის ფორმის დანა ფხეკს საშვილოსნოს ზედაპირს და ბავშს ნაჭრებად კვეთს.
თექვსმეტ კვირას გადაცილებული ჩანასახები კვდებიან მარილის ხსნარით გაკეთებული აბორტის, ანუ მარილის ხსნარით მოწამვლის მეთოდით ჩატარებული აბორტის შედეგად. გრძელი ნემსი ჩხვლეტს ამნიონის გარსს, გამოჰყავს სანაყოფე სითხე და მის ნაცვლად მარილის კონცენტრირებული ხსნარი შეჰყავს. იმ დროს, როცა ბავშვი ყლაპავს და სუნთქავს, რის შედეგადაც მისი ნაზი ფილტვები შხამიანი ხსნარით ივსება, ის აგონიაში ვარდება და იკრუნჩხება. მწვავე შხამი წვავს კანის ზედაპირს და კანგაცლილსა და გამომშრალს ტოვებს მას. ტვინიდან შეიძლება სისხლდენა დაიწყოს. მტკივნეული სიკვდილი შეიძლება რამდენიმე საათში დაადგეს თავს, მაგრამ ზოგჯერ, როცა მშობიარობა დაახლოებით ერთი დღით აყოვნებს, ექიმებს ცოცხალი, მაგრამ მომაკვდავი ბავშვი ამოჰყავთ.
როცა ამა თუ იმ მეთოდებით მოკვლისთვის ბავშვი ძალიან განვითარებულია, რჩება ერთი არჩევანი — ჰისტეროტომია, საკეისრო კვეთა საქმის მოულოდნელი გარდატეხით, სიცოცხლის შენარჩუნების ნაცვლად მისი დასრულებით. დედის მუცლის ღრუს ქირურგიულად ხსნიან და, თითქმის ყოველთვის, ცოცხალი ბავშვი ამოყავთ. მან შეიძლება იტიროს კიდეც. მაგრამ ის სასიკვდილოდ არის განწირული. ზოგს სუნთქვას უკრავენ, წყალში ახრჩობენ და სხვა მრავალი საშუალებით კლავენ.
რას გრძნობს ექიმი
საუკუნეების განმავლობაში ექიმები იყენებენ ჰიპოკრატეს საპატიო ფიცში მოცემულ აზრს, სადაც ნათქვამია: „მე არ მივცემ არავის, ვინც უნდა მთხოვოს, მომაკვდინებელ საშუალებებს და არ ვასწავლი გზებს მსგავსი განზრახვის განხორციელებისთვის, ზუსტად ასევე მე არ მივცემ არც ერთ ქალს სააბორტე პერარიუმს. სპეტაკად და უზადოდ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას და ჩემს ხელოვნებას“.
რა ეთიკურ ბრძოლას იტანენ ექიმები, რომლებიც ანადგურებენ სიცოცხლეს საშვილოსნოში? ექიმი ჯორჯ ფლეში ასე განმარტავს: „როგორც სტუდენტობისას, ასევე ექიმობისას, პირველ აბორტებს არ გამოუწვევია ჩემში ემოციური მწუხარება. . . უკმაყოფილების გრძნობა ასობით აბორტის შემდეგ დამეწყო. . . რატომ შევიცვალე? მოღვაწეობის დასაწყისში ჩემთან დაქორწინებული წყვილი მოვიდა და აბორტის გაკეთება მთხოვა. რადგან პაციენტის საშვილოსნოს ყელი მაგარი იყო, ვერ გავაფართოვე ის პროცედურის შესასრულებლად. მაშინ ვთხოვე, ერთ კვირაში დაბრუნებულიყვნენ, როცა საშვილოსნოს ყელი უფრო დარბილებული იქნებოდა. ცოლ-ქმარი დაბრუნდა და მითხრა, რომ გადაიფიქრეს. შვიდი თვის შემდეგ მათი ბავშვის დაბადებას შევხვდი.
წლების შემდეგ პატარა ჯეფრის ჩოგბურთის კლუბის აუზში ვეთამაშებოდი, რომლის წევრებიც მე და მისი მშობლები ვიყავით. ის ბედნიერი და ლამაზი ბავშვი იყო. ფიქრი, რომ მხოლოდ ტექნიკურმა დაბრკოლებამ ამაცდინა ჯეფრის პოტენციური სიცოცხლის განადგურებისგან, შემზარავი იყო. . . მე მწამს, რომ მხოლოდ დედის მოთხოვნით განვითარებული ჩანასახის ნაწილებად, ლიმბებად დაგლეჯა გარყვნილი მოქმედებაა, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას“.
ექთანმა, რომელმაც აბორტებში მონაწილეობის მიღება შეწყვიტა, კლინიკაში თავისი სამსახურის შესახებ თქვა: „ერთ-ერთი ჩვენი მოვალეობა იყო ნაწილების დათვლა. . . თუ ქალის საშვილოსნოში ბავშვის ნაწილი რჩება, შეიძლება სერიოზული პრობლემები წამოიჭრას. ბავშვის ნაწილებს ვიღებდი და თვალს ვავლებდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ იქ ორი ხელი, ორი ფეხი, ტანი და თავი იყო. . . მე ოთხი შვილი მყავს. . . ჩემს პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის უდიდესი კონფლიქტი იყო, რომელსაც ვერ ვწყვეტდი. . . აბორტი სასტიკი ხელობაა“.
[სურათი 13 გვერდზე]
აზიაში, სადაც უპირატესობა მამრობითი სქესის ბავშვებს ენიჭება, მდედრობითი სქესის ათასობით ჩანასახს ექიმები აბორტის საშუალებით ანადგურებენ.
[საავტორო უფლება]
ფოტო: Jean–Luc Bitton/Sipa Press
[სურათი 14 გვერდზე]
ანტიაბორტულ დემონსტრაციაზე ახალი ამბების რეპორტიორი სურათს უღებს კანონით დაშვებული აბორტის შედეგად მოკლულ 20-კვირიან ჩანასახს.
[საავტორო უფლება]
ფოტო: Nina Berman/Sipa Press
[სურათი 14 გვერდზე]
აბორტის მომხრეთა დემონსტრაცია ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალური ოლქი (აშშ).
[საავტორო უფლება]
ფოტო: Rose Marston/Sipa Press
[სურათი 15 გვერდზე]
შეერთებულ შტატებში აბორტის მსურველი 5 ქალიდან 4 დაუქორწინებელია.