გონივრულად გამოიყენე წამლები
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ნიგერიაში
ქალი თავისა და მუცლის ტკივილს უჩიოდა. ექიმი მოკლედ გაესაუბრა მას. შემდეგ სამდღიანი მკურნალობის კურსი დაუნიშნა: მალარიის ინექციები, თავის ტკივილის დასაყუჩებლად პარაცეტამოლი (აცეტამენოფენი), სავარაუდო კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილების შესამსუბუქებლად ორი წამალი, ნერვების დასაწყნარებლად ტრანქვილიზატორები და ბოლოს საკმაოდ ბევრი პოლივიტამინი. ქვითარზე საკმაოდ დიდი თანხა გამოისახა, მაგრამ ქალი ამან არ დააბრკოლა. ის ბედნიერი წავიდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წამლები მის პრობლემებს გადაჭრიდა.
ასეთი კონსულტაციები დასავლეთ აფრიკისთვის უჩვეულო არ არის. ერთი დიდი ქვეყნის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები სამედიცინო მომსახურების ცენტრებში პაციენტს ერთ მისვლაზე საშუალოდ 3,8 სხვადასხვა წამალს უწერენ. მრავალი ადამიანისთვის კარგი ექიმი ის არის, ვინც ბევრ წამალს გამოუწერს.
შესაძლოა დასავლეთ აფრიკელთა ნდობა წამლების მიმართ გასაგები იყოს, თუ მხედველობაში მივიღებთ წარსულში იქ არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 40 წელზე მეტი ხნის წინათ მწერალმა ჯონ გუნტერმა ადრინდელი წლების შესახებ დაწერა: «მონების ეს სანაპირო არა მარტო. . . შავებს ხოცავდა; ის თეთრებსაც ხოცავდა და ლეგენდებში აფრიკის ეს ნაწილი „თეთრკანიანთა სასაფლაოდაა“ ცნობილი. საუკუნეების განმავლობაში კოღო იყო გვინეის სანაპიროს უცილობელი მეფე. ამ მეფის რჩეული და დიდად საზიანო იარაღები იყო: ტროპიკული ციებ-ცხელება, ჰემოგლობინურიული ციებ-ცხელება და მალარია. დასავლეთ სანაპიროს კლიმატის ეს ავისმომასწავებელი გავლენა შორეული წარსულის საქმე კი არ არის, არამედ დღესაც ცოცხლობს ადამიანთა მეხსიერებაში. ცნობილი ანეკდოტი აღწერს: „საკონსულოს ჩინოვნიკმა, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ საკუთარი თავი ნიგერიაში დანიშნულთა შორის იპოვა, პენსიის შესახებ იკითხა. პენსია? — უპასუხა კოლონიის სამინისტროს უფროსმა, — ძვირფასო კოლეგა, ვერავინ, ვინც ნიგერიაში მიდის, ვერ აღწევს საპენსიო ასაკს“».
დრო შეიცვალა. დღეს არსებობს მედიკამენტები, რომლებიც სძლევენ არა მხოლოდ კოღოებით გავრცელებულ დაავადებებს, არამედ სხვა მრავალ დაავადებებსაც. მარტო ვაქცინებმა დიდად შეამცირა წითელათი, ყივანახველათი, ტეტანუსითა და დიფტერიით გამოწვეული სიკვდილიანობა. მადლიერნი ვართ ვაქცინებისთვის, რომლებმაც ყვავილი მოსპეს. პოლიომიელიტიც მალე შესაძლოა წარსულის დაავადება გახდეს.
ამიტომ გაკვირვებას არ იწვევს, რომ დღეს აფრიკელებს ღრმად სწამთ წამლების ძალის. რასაკვირველია, წამლებისადმი ასეთი რწმენა მხოლოდ დასავლეთ აფრიკით არ შემოიფარგლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები ყოველწლიურად 55 მილიარდზე მეტ წამალს წერენ. საფრანგეთში ხალხი ყოველწლიურად საშუალოდ 50 ყუთ აბს ყიდულობს. იაპონიაში ერთი ადამიანი ყოველწლიურად საშუალოდ 400 ამერიკულ დოლარზე მეტს ხარჯავს სამედიცინო პრეპარატებზე.
სარგებლობა და რისკი
თანამედროვე მედიკამენტებმა კაცობრიობისთვის ბევრი რამ გააკეთა. სწორად გამოყენებისას ისინი ხელს უწყობენ კარგ ჯანმრთელობას, მაგრამ არასწორი გამოყენებისას შეიძლება ზიანი მოუტანონ ადამიანს ან მოკლან კიდეც. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად სამედიცინო პრეპარატების საზიანო გავლენის შედეგად სტაციონარულ მკურნალობას გადის დაახლოებით 300 000 ადამიანი, რომელთაგან 18 000 კვდება.
მედიკამენტების ბრძნულად გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია შევიგნოთ, რომ ყოველთვის არსებობს რისკის გარკვეული ელემენტები. ნებისმიერმა მედიკამენტმა, ასპირინმაც კი, შეიძლება საზიანო გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მიღებისას გვერდითი მოვლენების ალბათობა უფრო დიდია. საკვები და სასმელიც გავლენას ახდენს ორგანიზმში წამლის მოქმედებაზე, ვინაიდან მათ შეუძლიათ წამლის ეფექტის ან გაძლიერება, ან განეიტრალება.
არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც. შეიძლება გარკვეული წამლის მიმართ შენ ალერგიული რეაქცია გქონდეს. თუ წამლებს გამოწერილის მიხედვით არ მიიღებ — სათანადო დოზებითა და სათანადო დროის შუალედებით — ისინი კი არ დაგეხმარებიან, არამედ შეიძლება ზიანიც კი მოგაყენონ. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ექიმის მიერ არასწორად დანიშნულმა წამალმა ან ისეთმა წამალმა, რომლის მიღებაც აუცილებელი არ არის. აგრეთვე საზიანოა ვადაგასული, უხარისხო ან ფალსიფიცირებული წამლების გამოყენება.
რისკის შესამცირებლად რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდე ნებისმიერი წამლის შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებ. ფაქტების ცოდნა დიდ სარგებლობას მოგიტანს.
ანტიბიოტიკები — დადებითი და უარყოფითი მხარეები
დაახლოებით 50 წლის წინ მათი განვითარების დასაბამიდან, ანტიბიოტიკებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მათი საშუალებით სძლიეს ისეთ საშინელ დაავადებებს, როგორიცაა კეთრი, ტუბერკულოზი, პნევმონია, ქუნთრუშა და სიფილისი. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობაშიც.
ამერიკის შეერთებული შტატების ტუფცის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა პროფესორმა, დოქტორმა სტიუარტ ლევიმ თქვა: „[ანტიბიოტიკებმა] მედიცინაში რევოლუცია მოახდინეს. ისინი ერთადერთი აგენტებია, რომლებმაც მედიცინის ისტორიაში ყველაზე მეტი ცვლილება შეიტანეს“. მედიცინაში კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა პიროვნებამ თქვა: „ისინი ქვაკუთხედები არიან, რომლებზედაც დაფუძნებულია თანამედროვე მედიცინა“.
მაგრამ ვიდრე ექიმთან მიხვიდოდე და ანტიბიოტიკების გამოწერას სთხოვდე, გაითვალისწინე მისი უარყოფითი მხარეები. ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება სიკეთის ნაცვლად ზიანს მოგიტანს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ანტიბიოტიკები ებრძვის სხეულის ბაქტერიებს და ანადგურებს მათ. მაგრამ ისინი ყოველთვის ყველა საზიანო ბაქტერიებს ვერ ანადგურებენ; გარკვეულ ბაქტერიათა შტამები ანტიბიოტიკების შემოტევას უძლებენ. ეს რეზისტენტული შტამები არა მხოლოდ უძლებენ ანტიბიოტიკებს, არამედ მრავლდებიან და ერთი პიროვნებიდან მეორეზე გადადიან.
მაგალითად, ერთ დროს პენიცილინი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლო მძლავრი საშუალება იყო. ახლა ნაწილობრივ ბაქტერიების რეზისტენტული შტამების რიცხვის ზრდის გამო ფარმაცევტულმა მრეწველობამ რამდენიმე ასეული სხვადასხვა პენიცილინი გამოუშვა.
რის გაკეთება შეგიძლია პრობლემის თავიდან ასაცილებლად? თუ ანტიბიოტიკები აუცილებლად გჭირდება, იზრუნე, რომ ის კვალიფიცირებული ექიმის მიერ იყოს გამოწერილი და კანონიერი წყაროდან მიღებული. ნუ აიძულებ შენს ექიმს, ნაჩქარევად გამოგიწეროს ანტიბიოტიკები — შეიძლება მას უნდა, რომ ჰქონდეს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები, რათა დარწმუნებული იყოს, რომ გამოწერილი ანტიბიოტიკი ზუსტად შეესაბამება შენს დაავადებას.
შენთვის ასევე მნიშვნელოვანია სათანადო დოზის სათანადო შუალედებით მიღება. უნდა მიიღო ანტიბიოტიკების მთელი კურსი მაშინაც კი, თუ კურსის დასრულებამდე იგრძნობ თავს კარგად.
ინექციები ტაბლეტებს ჯობია?
„მე ინექციების დანიშვნა მსურს!“ ამ სიტყვებს ხშირად ისმენენ განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკები. ასეთი განცხადების საფუძველი არის რწმენა იმისადმი, რომ ინექციის გაკეთებით მედიკამენტი უშუალოდ სისხლის ნაკადში შედის და ამას უფრო მძლავრი სამკურნალო ეფექტი აქვს, ვიდრე ტაბლეტების ან აბების მიღებას. ზოგ ქვეყანაში ჩვეულებრივია ბაზრებზე იხილო „ინექციების ექიმები“, რომელთაც ამის კანონიერი უფლება არა აქვთ.
ინექციების გაკეთებაში არის რისკ-ფაქტორები, რომლებიც ტაბლეტების და აბების მიღებისას არ გვხვდება. თუ ნემსი სტერილური არ არის, პაციენტი შეიძლება ჰეპატიტით, ტეტანუსით ან შიდს-ითაც კი დაინფიცირდეს. არასტერილური ნემსების გამოყენება მტკივნეული აბსცესების მიზეზიც ხდება. საშიშროება იზრდება, თუ ინექციას არაკვალიფიცირებული პიროვნება აკეთებს.
თუ ინექციას ნამდვილად საჭიროებ, შეამოწმე, რომ ის სამედიცინო კვალიფიკაციის მქონე პიროვნებამ გაგიკეთოს. თავდაცვის მიზნით ყოველთვის შეამოწმე ნემსისა და შპრიცის სტერილურობა.
ფალსიფიცირებული წამლები
გლობალური ფარმაცევტული ინდუსტრია დიდი ბიზნესია, რომელსაც, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 170 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოაქვს. ამ სიტუაციის გამოყენების მსურველი უსინდისო პიროვნებები ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს აწარმოებენ. ფალსიფიცირებული მედიკამენტები ნამდვილს ჰგავს — ისეთივე იარლიყი აქვს და ისევეა შეფუთული, — მაგრამ ისინი უვარგისია.
თუმცა ფალსიფიცირებული წამლები ყველგანაა, ის განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებშია და მათ ტრაგიკული შედეგები მოაქვთ. ნიგერიაში ტკივილდამაყუჩებელი სიროფის მიღების შედეგად, რომელიც სამრეწველო ხსნარებს შეიცავდა, თირკმლის უკმარისობით 109 ბავშვი დაიღუპა. მექსიკაში დამწვარ კანზე ვითომ წამლის, ნახერხის, ყავისა და გრუნტის ნარევის წასმის შედეგად განუვითარდათ კანის მძიმე ინფექცია. ბირმაში სოფლის მოსახლეობის მალარიისგან სიკვდილის მიზეზი ფალსიფიცირებული წამლების მიღება იყო, რომლებიც მალარიის ციებ-ცხელების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა. ჯდსო-ის განცხადების თანახმად, „უმეტესწილად საფრთხეში ისევ ღარიბები არიან, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ, რომ კარგია, როცა ისინი იაფად ყიდულობენ რესპექტაბელური კომპანიის ნაწარმ ეფექტურ მედიკამენტს“.
როგორ შეგიძლია ფალსიფიცირებული მედიკამენტებისგან თავდაცვა? შეამოწმე, რომ ის, რის ყიდვასაც აპირებ, ისეთი საიმედო წყაროდანაა, როგორიცაა ოფიციალური აფთიაქი. ნუ იყიდი წამლებს ქუჩაში გადამყიდველებისგან. ბენინის (ნიგერია) ფარმაცევტი იძლევა გაფრთხილებას: „ქუჩის გადამყიდველებისთვის მედიკამენტების გაყიდვა მხოლოდ ბიზნესის საქმეა. მათთვის წამლების გაყიდვაც იგივეა, რაც კამფეტების ან ნამცხვრების. მედიკამენტები, რომლებითაც ისინი ვაჭრობენ, ხშირად ვადაგასული ან ფალსიფიცირებულია. მათ არაფერი იციან იმ წამლების შესახებ, რომლებსაც ყიდიან“.
სიღარიბის პრობლემა
სამედიცინო დახმარება, რომელსაც პიროვნება ღებულობს, ხშირად მის მფლობელობაში არსებული ფულის ოდენობაზეა დამოკიდებული. ფულისა და დროის ეკონომიის მიზნით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა გვერდს უვლის ექიმს და პირდაპირ მიდის აფთიაქში წამლის საყიდლად, რომლისთვისაც კანონით რეცეპტია საჭირო. რადგან ისინი ადრე იყენებდნენ ამ წამალს ან მეგობრებმა ურჩიეს მისი ყიდვა, მათ იციან, თუ რა სურთ თავიანთი დაავადების განსაკურნავად. მაგრამ ის, რაც მათ სურთ, შესაძლოა ყოველთვის არ აღმოჩნდეს ის, რაც მათ სჭირდებათ.
ხალხი ფულის დაზოგვას სხვა გზებითაც ცდილობს. ექიმი ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ავადმყოფს რამდენიმე მედიკამენტს უწერს. პაციენტს რეცეპტი მიაქვს აფთიაქში, მაგრამ ხედავს, რომ იქ ფასები ძალიან მაღალია. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ დამატებით ფულზე იფიქრონ, ხშირად ადამიანები იაფფასიან მედიკამენტებს ან გამოწერილი მედიკამენტებიდან ზოგს ყიდულობენ.
ნამდვილად გჭირდება წამლები?
თუ წამლები ნამდვილად გჭირდება, გამოიკვლიე რას ღებულობ. ნუ მოგერიდება გამოწერილი წამლის შესახებ შეეკითხო ექიმს ან ფარმაცევტს. შენ გაქვს იმის უფლება, რომ იცოდე. ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვათ, საბოლოო ჯამში ხომ შეიძლება შენმა ორგანიზმმა იზარალოს.
თუ წამლებს არასწორად გამოიყენებ, შესაძლოა ვერ გამოჯანსაღდე. უნდა იცოდე, რა რაოდენობით მიიღო წამლები, როდის და რამდენ ხანს. აგრეთვე უნდა იცოდე, თუ რა საჭმელს, სასმელს ან სხვა წამლებსა თუ მოქმედებას მოერიდო მათი მიღებისას. ასევე საჭიროა, იცოდე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ და იმის შესახებ, თუ რა გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი მოვლენები აღგენიშნება.
ისიც გახსოვდეს, რომ წამლები ყველაფერს ვერ მკურნალობენ. შესაძლოა შენ სავსებით არ გჭირდება მედიკამენტები. ჯდსო-ის ერთ-ერთი ჟურნალი (World Health) აღნიშნავს: „წამლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. დასვენება, კარგი კვება და დიდი რაოდენობის სითხეების მიღება ხშირად საკმარისია პიროვნების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
„ბევრ სატკივარს ბევრი მკურნალობა სჭირდებაო“, — წერდა 2 000 წლის წინ რომაელი პოეტი. დღეს ამ პოეტს შეიძლება დაეწერა: „ბევრ სატკივარს ბევრი აბები სჭირდებაო!“ მართლაც, თითქოს ყველა დაავადების წამალი არსებობს, ნამდვილი ან წარმოსახვითი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, არსებობს დაახლოებით 100 000 სახეობის მედიკამენტი, რომელთაგან 5 000-ზე მეტი აქტიური ნივთიერებებითაა დამზადებული.
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
წამლების გონივრული გამოყენება
1. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ წამლებს.
2. იყიდეთ საიმედო დაწესებულებებში. ნუ იყიდით ქუჩის გადამყიდველებისგან.
3. დარწმუნდით, რომ გესმით ინსტრუქციები და მიყევით მათ.
4. ნუ გამოიყენებთ სხვებისთვის გამოწერილ მედიკამენტებს.
5. დაჟინებით ნუ მოითხოვთ ინექციებს. პერორალურად მიღებული წამლებიც ხშირად ძალიან კარგ ეფექტს იძლევა.
6. შეინახეთ წამლები ცივ ადგილას, ბავშვებისგან შორს.