მოსაწყენად მიგაჩნია სამუშაო?
ალბათ, ყოველდღიურად რვა საათი მუშაობ. და, თუ სამუშაო მოსაწყენიცაა, ძალიან ბევრ დროსა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ტყუილუბრალოდ კარგავ! მე-20 საუკუნეში სამსახურების უმეტესობა მონოტონურია და მომუშავისთვის იშვიათად თუ არის საამაყო.
თუ სამუშაოს ინტერესით მოეკიდები, შენთვისვე იქნება სასიკეთო. მუშაობა მეტ სიხარულს მოგიტანს და გასწავლის ნებისმიერი სამუშაოს გამრავალფეროვნებას. მოდი გადავხედოთ ზოგ მეთოდს.
იმოქმედე ენთუზიაზმით
ზოგი სპეციალისტი გვირჩევს, რომ სამუშაო ისე შევასრულოთ, თითქოს ძალიან გვსიამოვნებს. ასეთ შემთხვევაში თანდათან სამუშაო სასიამოვნო გახდება.
„არ შემიძლია ენთუზიაზმით ვიმუშაო!“ — ფიქრობ შენ. შეიძლება შენი სამუშაო მომაბეზრებელი და ერთფეროვანია. მაგალითად, კონვეიერზე მუშაობა. ან, შესაძლოა, უკვე იმდენი წელი მუშაობ ერთსა და იმავე საქმეზე, რომ გგონია, შეუძლებელია განახლებული ინტერესით მოეკიდო. მაგრამ უბრალო ღიმილი და გამართული დგომა, შეიძლება დაგეხმაროს, მუშაობას ხალისით შეუდგე.
დაგეხმარება ისიც, თუ კონცენტრირებას მთლიანად სამუშაოზე მოახდენ. მექანიკურად ნუ იმუშავებ, ისე რომ ფიქრებით სხვაგან იყო, მაგალითად, ფიქრობდე სადილზე, დასვენების დღეებზე ან კიდევ სხვა საქმეზე. ჩვეულებრივ, გონივრულია, კონცენტრირება მოცემულ სამუშაოზე მოახდინო. რა იქნება შედეგი? სიამოვნებით შეასრულებ სამუშაოს და დროც სწრაფად გაირბენს.
ჩვეულებრივ, ეს ასეა, როდესაც ნამდვილად გიყვარს საქმე და გატაცებით მუშაობ. ასევე იქნება, თუ თავს ძალას დაატან, კონცენტრირება მოახდინო იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვეულებრივ არ მოგწონს.
იმუშავე რაც შეიძლება უკეთესად
ეცადე, მთელი გულითა და სულით იმუშაო. ეს დაგეხმარება, რომ სამუშაომ კმაყოფილება გაგრძნობინოს. რასაკვირველია, ეს რჩევა სრულიად განსხვავდება ხალხში გავრცელებული აზრისგან, რომ, თუ სამუშაო საინტერესო არ არის, ზერელედ უნდა გააკეთო და თავი აღარ უნდა შეიწუხო. მაგრამ უყურადღებობა, მედღეხვალიეობა და სიზანტე ენერგიისგან დაგცლის, გაგანერვიულებს, გადაგღლის. ზოგჯერ, როდესაც პიროვნება სამსახურიდან სახლში დაძაბული, განერვიულებული და ქანცგაწყვეტილი ბრუნდება, ალბათ, იტანჯება იმის გამო, რომ გულდასმით ვერ იმუშავა.
ბიბლიის თანახმად, როდესაც გულმოდგინედ მუშაობ, თავისუფალ დროს უფრო მეტი სიამოვნებით ატარებ. „კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით“ (ეკლესიასტე 2:24). ზოგისთვის ეს სიტყვები, ალბათ, ძველმოდური დევიზია, მაგრამ ბევრი, ამ, ვითომდა, მოძველებულ პრინციპს იყენებს. მართალაც, რომ „არაფერია იმაზე კარგი“, რომ დატკბე საკუთარი ნაჯაფით. ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ: „კარგად შესრულებული სამუშაო გვიტოვებს შინაგანი კმაყოფილების გრძნობას“ (The Joy of Working).
ამგვარად, ეცადე, კარგად იმუშაო, და თავს უფრო ენერგიულად იგრძნობ. მუშაობის დროს მინიმუმს ნუ დასჯერდები და უფრო ბედნიერი იქნები. მნიშვნელოვანი დავალება პირველ რიგში შეასრულე და შესვენების დროსა და დასვენების დღეებში უფრო მხიარული იქნები, მათგან განსხვავებით, რომლებიც მედღეხვალიეობით არიან ქანცგაწყვეტილი (შეადარე ესთერი 10:2; რომაელთა 12:11; 2 ტიმოთე 2:15).
ნუ შეეჯიბრები სხვებს და ეცადე, საკუთარი შესაძლებლობებით მეტი აკეთო (გალატელთა 6:4). დაისახე ახალი გეგმები, ახალი მიზნები. უფრო და უფრო გაუმჯობესებულად იმუშავე. მაგალითად, მკერავის სამუშაო გაუთავებელი კერვაა, რაც ბევრისთვის საშინლად მოსაწყენია და ასეთ დროს კარგი იქნებოდა ყოველ საათში რაღაც მიზნის მიღწევა. ერთმა მკერავმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა ყოველ საათში რამდენად ნაყოფიერად მუშაობდა, და შემდეგ თანდათან შრომის ნაყოფიერება გაეზარდა. მას ნამდვილად უყვარს თავისი საქმე, რადგან ცდილობს, მუშაობის დროს მთელი შესაძლებლობები ნაყოფიერად გამოიყენოს (იგავნი 31:31).
„შეალამაზე“ სამუშაო
ექიმები დენის თ. ჯაფე და სინტია დ. სკოტი გვირჩევენ: „წარმოიდგინე, რომ სამუშაო არის ცარიელი სახლი. დავუშვათ, გადახვედი ამ სახლში საცხოვრებლად და ათვალიერებ მას. შემდეგ კი ფანტაზიას იშველიებ. ფიქრობ, თუ როგორ გაალამაზო და განაახლო, რომ საცხოვრებლად სასიამოვნო იყოს. ასეთ შემთხვევაში შენი ნაღვაწი შენთვის უფრო ძვირფასი გახდება“.
ძირითადად, სამუშაო გეძლევა ზოგადი წესებითა და მითითებებით. როცა ასრულებ იმას, რაც მოგეთხოვება, ეს ცარიელ სახლში გადასვლას ჰგავს. სახლს ჯერ არავის ხელი ატყვია. მაგრამ, თუ გსურს, საკუთარი გემოვნებით მოაწყო, მაშინ სამუშაო უფრო საინტერესო გახდება. სხვადასხვა პიროვნება ვერავითარ შემთხვევაში ვერ „შეალამაზებს“ სამუშაოს ერთნაირად. მაგალითად, ერთი ოფიციანტი მუდმივი კლიენტის შეკვეთებს იმახსოვრებს. მეორე ოფიციანტი კი გამორჩეულად თავაზიანი და კეთილია. ორთავეს უყვარს თავისი სამუშაო, რადგან საკუთარი ინდივიდუალურობით მუშაობენ.
სწავლა ნუ დაგზარდება
კიდევ ერთი საშუალება, რომ სიხარულით აკეთო სამუშაო, არის სწავლა. ერთი წიგნი განმარტავს, რომ წლების მატებასთან ერთად გონებას უფრო უადვილდება ინფორმაციის გადამუშავება (Tension Turnaround). ამით აიხსნება ის, რომ რაც წარსულში აღმაფრთოვანებელი იყო, დღეს ჩვენთვის მოსაწყენია. ამიტომ გამოსავალი ისაა, რომ დაკმაყოფილდეს გონება ახალი ინფორმაციით ახალი საკითხების შესწავლის საშუალებით.
რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენ საკუთარი სამუშაოს შესახებ, ალბათ, უფრო მიმზიდველ საქმესაც შემოგთავაზებენ. თუ არადა, სწავლის პროცესი სამუშაოს უფრო საინტერესოს და დამაკმაყოფილებელს გახდის. მწერლები ჩარლზ კამერონი და სუზან ელუსორი აღნიშნავენ: „სწავლა მხოლოდ საკუთარი ნიჭის მიმართ რწმენას კი არ გიძლიერებს, არამედ გავლენას ახდენს ცხოვრების საერთო შეხედულებაზე: სწავლობ, რომ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია, რომ სიძნელეების გადალახვა არ არის მიუღწეველი, რომ შიში შეიძლება დაძლეულ იქნეს და ვერც კი წარმოგიდგენია, თუ რამდენი რამეა ცხოვრებაში შესაძლებელი“.
„მაგრამ, — პროტესტს აცხადებ შენ, — მე ხომ დიდი ხნის წინ ვისწავლე ყველაფერი, რაც საჭირო იყო ჩემი სამუშაოსთვის!“ მაგრამ იქნებ ასეთ შემთხვევაში შეგიძლია ისწავლო ის, რაც შენს სამუშაოს, ასე თუ ისე, მაინც უკავშირდება? მაგალითად, უფრო მეტი ისწავლო ადამიანთა ურთიერთობებზე ან საჭირო დანადგარებზე. ალბათ შეგიძლია ისწავლო, ოფისის ჩანაწერების უკეთესად გაკეთება ან შეხვედრების უკეთესად ჩატარება. შეგიძლია ისწავლო ზედამხედველთან ურთიერთობის საუკეთესო მეთოდი.
როგორ ისწავლი ყოველივე ამას? შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ დაწესებულებამ, სადაც მუშაობ, შემოგთავაზოს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სიარული და შენც შეძლო შემოთავაზებულით ისარგებლო. ან შეიძლება ბიბლიოთეკაში იყოს სწორედ ისეთი წიგნები, რომლებიც შენთვის აუცილებელია. ნუ უგულებელყოფ ინფორმაციის ნაკლებად თვალში საცემ წყაროს. შეიძლება ბევრი ისწავლო, თუ დააკვირდები თანამშრომლების ძლიერ და სუსტ მხარეებს. რა თქმა უნდა, საკუთარი შეცდომებიდან და წარმატებებიდანაც ბევრს ისწავლი, თუ გააანალიზებ, რა გააკეთე კარგად. რასაც საკუთარი გამოცდილებითა და სხვებზე დაკვირვებით ისწავლი, შესაძლოა ვერც წიგნებში ამოიკითხო და ვერც ლექციებზე მოისმინო.
რამდენიმე საბოლოო რჩევა
არსებობს კიდევ ერთი საშუალება, თუ როგორ მიუდგე სამუშაოს. იქნებ ფიქრობ, რომ არ გაფასებენ, მაგალითად, მაშინ, როცა სხვებს აქვთ უკეთესი შესაძლებლობა და შენთვის ერთხელაც არ მოუციათ იმის საშუალება, რომ გემუშავა იმ საქმეზე, რაც მთელი სულითა და გულით გსურდა. შეგიძლია უსასრულოდ ისაუბრო მათთან, რომლებიც გეთანხმებიან და შესაძლოა დარწმუნდე, რომ ყველაფერი, რასაც ამბობ სრული სიმართლეა.
მაგრამ, სრულიად დასაშვებია, რომ ასეც არ მოხდეს. უმეტესობას საკუთარი სამუშაო იმიტომ სიამოვნებს, რომ ისწავლა საქმისადმი სწორი მიდგომა. პიროვნებამ, რომელიც დიდი სიამოვნებით ფიქრობს სახლის დიზაინზე, შესაძლებელია, დიდი სიამოვნებითაც ატაროს ავტობუსი. რატომ? იმიტომ რომ, სამუშაოს მიმართ ფანტაზიებით სავსე დამოკიდებულება სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს.
ასე რომ, გათავისუფლდი უარყოფითი ფიქრებისგან, რომლებიც დასვენების დღეების გარდა სამუშაო დღეებსაც გიშხამავს. ნუ გაფლანგავ დროს და გამუდმებით ნუ იფიქრებ წარსულის შეცდომებზე იმის შიშით, რომ რაღაც შეგეშლება და ნუ ინერვიულებ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები შენზე. კონცენტრირება მოახდინე სამუშაოზე. მთელი გულისყურით მოეკიდე მას. შეეცადე ჩაერთო მუშაობაში სწორედ ისე, როგორც საყვარელი ჰობი გაგიტაცებდა. ეცადე, საუკეთესოდ იმუშავო, და გაიხარე კარგად შესრულებული სამუშაოთი.
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
ნუ უგულებელყოფ სამუშაოს
ბიბლიაში, იგავნის 27:23, 24-ში, ნათქვამია: „კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს. რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობას“. რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ეს ნიშნავს, რომ სიმდიდრე (განძი) და დიდი სახელი (გვირგვინი), თუკი პიროვნება შეიძენს, ხშირად დროებითია. მაშინ, როცა იწერებოდა ბიბლია, მწყემსი უკეთესად მოიქცეოდა, თუ მთელ ყურადღებას ცხვრის მოვლაზე გადაიტანდა და ‘ყურს დაუგდებდა ფარას’. როგორც შემდეგი სამი მუხლი გვიჩვენებს, ამის შედეგი მატერიალური უზრუნველყოფაა, როგორც მომუშავისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის (იგავნი 27:25–27).
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? ბევრს მთელი გულით სურს გამდიდრება, რადგან იმედი აქვთ, რომ აღარ მოუწევთ მუშაობა. ზოგს საკმაოდ რეალური გეგმები აქვს; ბევრი კი ოცნების კოშკებს აგებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უგუნურება იქნება, თუ დღევანდელ სამუშაოს ცუდად მოვეკიდებით ან უგულებელვყოფთ. დღეს სამუშაო არის, და შესაძლოა მომავალშიც იყოს, შემოსავლის მთავარი წყარო. ყველაზე გონივრული იქნება, რომ ადამიანი მთელი გულისყურით მოეკიდოს „ფარას“ და ყურადღება გაამახვილოს ამ საიმედო სამსახურზე. ამგვარად, ალბათ, როგორც დღეს, აგრეთვე მომავალშიც მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება.