საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 2/8 გვ. 13-15
  • როგორ ვუმკლავდები ენაბლუობას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვუმკლავდები ენაბლუობას
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დაჯერებულობა ჯილდოვდება
  • როგორ შეუძლიათ სხვებს, დაგეხმარონ
  • უფრო დიდი შესაძლებლობები მსახურებაში
  • ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • ენაბლუობისგან განთავისუფლება!
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • გამართული მეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 2/8 გვ. 13-15

როგორ ვუმკლავდები ენაბლუობას

მოგვითხრო სვენ სივერზმა

ბავშვობიდანვე ენაბლუ ვარ. მადლიერებით ვიხსენებ ამ პრობლემისადმი ჩემი მშობლების დამოკიდებულებას. როცა ენა მებმებოდა, ისინი შეცდომებს კი არ მისწორებდნენ, არამედ ცდილობდნენ, გაეგოთ, თუ რისი თქმა მსურდა. ლოგოპედთა აზრით, მშობლებმა ბავშვის ენაბლუობაზე გამუდმებული ყურადღების მიქცევით შესაძლოა გაამწვავონ პრობლემაa.

სამი წლის ვიყავი, როცა დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა. სიჭაბუკეში გადავწყვიტე, მის მაგალითს მივყოლოდი და ბიბლიის საფუძვლიანად შესწავლა დავიწყე. მე ღმერთს მივუძღვენი თავი და 1982 წლის 24 ივლისს ნოიმიუნსტერის (გერმანია) კონგრესზე მოვინათლე. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკაში გადავინაცვლე და გავაგრძელე საჯაროდ ქადაგება, რისკენაც ყველა ქრისტიანია მოწოდებული (მათე 28:19, 20). ალბათ გიკვირთ, როგორ ვახერხებ ამას მე, ენაბლუ ადამიანი.

დაჯერებულობა ჯილდოვდება

უნდა ვაღიარო, რომ ხშირად მიძნელდება, ვიყო ჩემს თავში დარწმუნებული, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ დაჯერებულობა დიდად მეხმარება. ფაქტია, რომ როგორღაც ყოველთვის ვახერხებ ურთიერთობის დამყარებას. თუ ადამიანებთან საუბარი მიჭირს, ბარათებს ვუწერ ან, უბრალოდ, ვაჩვენებ ბიბლიურ ლიტერატურას. დაჯერებულობა საუბრის დაწყებასთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში მეხმარება. ვცდილობ, ძალიან უბრალო შესავალი გავაკეთო. საუბრის დაწყებისას მობინადრეს ვაძლევ საშუალებას, რომ რაც შეიძლება ბევრი ილაპარაკოს. ხალხს უყვარს ლაპარაკი და ეს შესაძლებლობას მაძლევს, გავეცნო მათ აზროვნებას. შემდეგ საუბარს მათთვის საინტერესო საკითხზე ვაგრძელებ და ვაშუქებ ბიბლიურ ცნობას. მათ საუბარზე ყურადღების გამახვილება მავიწყებს ჩემს პრობლემას და უფრო ნაკლებად მებმება ენა.

დაჯერებულობა ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობის მიღებაშიც მეხმარება. ვგრძნობ, რომ, რაც უფრო ხშირად ვმონაწილეობ ბიბლიის განხილვაში, მით უფრო მეჩვევიან მსმენელი და ხელმძღვანელი და უსმენენ იმას, თუ რას ვამბობ, და არა იმას, თუ როგორ ვამბობ.

მუდმივი მცდელობა მჭირდება, წარმატებამ რომ სიხარული მომანიჭოს. ეს ხელს მიწყობს მორცხვობისა და საკუთარი თავის შეცოდების დაძლევაში. მუდმივი ბრძოლაა საჭირო, რომ თავი არ შეგეცოდოს. ნათქვამია: თუ კაცი ცხენიდან გადმოვარდება, კვლავ უნდა შეჯდეს მასზე, რათა საკუთარ თავში დაჯერებულობა შეინარჩუნოს. ასე რომ, თუ კომენტარის დროს ენის სრულიად დაბმის გამო საუბრის შეწყვეტა მიწევს, ვცდილობ, ასე ვთქვათ, ცხენზე კვლავ შევჯდე, ანუ ხელიდან არ გავუშვა კომენტარში მონაწილეობის მიღების მომდევნო შესაძლებლობა.

როგორ შეუძლიათ სხვებს, დაგეხმარონ

როცა ტელეფონზე დარეკვა ან უცხოსთვის რაიმეს შეკითხვა მჭირდება, დიდად ვაფასებ ჩემს მიმართ გაწეულ დახმარებას. მაგრამ ზოგი მეტისმეტ გულისხმიერებას იჩენს და ისე მეპყრობა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და გადაწყვეტილებების მიღება არ შემეძლოს.

ჩემი მოსიყვარულე ცოლის, ტრეისის, დახმარებასაც დიდად ვაფასებ. სანამ ჩემს მაგივრად ილაპარაკებდეს, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ხოლმე მდგომარეობას და ის ხვდება, რის გაკეთებას ვისურვებდი (შეადარე გამოსვლა 4:10, 14, 15). ამგვარად ის პატივს მცემს, როგორც ქმარს და მაგრძნობინებს, რომ კვლავინდებურად მე ვმართავ ჩემს ცხოვრებას.

თეოკრატიული სამსახურის სკოლამაც ბრწყინვალე დახმარება გამიწია. ამ ყოველკვირეულ შეხვედრაზე მოწაფეები საჯაროდ კითხულობენ ბიბლიას და მოკლედ საუბრობენ ბიბლიურ თემებზე. ჩემდა გასაკვირად, ხშირად საკმაოდ კარგად ვკითხულობ და ვლაპარაკობ აუდიტორიის წინაშე. სკოლაში რომ არ ჩავწერილიყავი, ალბათ, ვერასოდეს ვიგრძნობდი, რომ ასეთი უნარი გამაჩნდა.

როცა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალებები მქონდა, სკოლის ხელმძღვანელი ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, თუ რას ვამბობდი, და არა იმაზე, თუ როგორ ვამბობდი. ეს კი ჩემთვის დიდი გამხნევება იყო. უდიდესი სარგებლობა მივიღე „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან“b, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პუნქტები, რომლებსაც ეს წიგნი გვთავაზობს, ენაბლუთათვის გაცილებით ძნელი შესასრულებელია, ვიდრე მათთვის, ვინც ნორმალურად მეტყველებს. მაგალითად, ხანდახან, ენის ბორძიკის გამო, ვერ ვახერხებ საუბრის თავის დროზე დამთავრებას. დიდად მამხნევებს ის, რომ ხელმძღვანელი ისეთ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებზეც შემიძლია მუშაობა.

უფრო დიდი შესაძლებლობები მსახურებაში

წარსულში მქონდა შესაძლებლობა, საჯაროდ წამეკითხა ბიბლიური პუბლიკაციებიდან, რომლებსაც შეხვედრებზე ვსწავლობდით. ასევე მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა შესწავლისთვის, როცა მას არ ესწრებოდნენ გამოცდილი ძმები. დღეს კი ამას სისტემატურად ვაკეთებ. თუმცა თავიდან ვღელავ, ვგრძნობ, რომ ღმერთი მეხმარება ამ დავალებების შესრულებაში.

მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში შეზღუდული მქონდა საჯაროდ კითხვისა და დასწავლების შესაძლებლობა. ეს გასაგები იყო, რადგან ხანდახან დიდი დრო მჭირდებოდა, რომ მსმენელს გაეგო, თუ რისი თქმა მსურდა. ამიტომ მთელი ჩემი ენერგია სხვა სახის დავალებების შესრულებას მოვახმარე. ჯერ ვეხმარებოდი კრების მომარაგებაში ჟურნალებით „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შემდეგ, როცა სამსახურებრივ თანაშემწედ დავინიშნე, კრებას ვამარაგებდი ბიბლიებით, წიგნებითა და სხვა პუბლიკაციებით. მოგვიანებით ვამოწმებდი უბნების ბლანკებს, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში ვიყენებთ. ვცდილობდი, საგულდაგულოდ შემესრულებინა ეს დავალებები, რაც დიდ სიხარულს მანიჭებდა.

ბოლო რვა წელი სრული დროით მაუწყებლადაც ვიმსახურე ტრეისისთან ერთად. რასაკვირველია, იეჰოვამ ამ მხრივაც მაკურთხა. ხანდახან ვფიქრობ კიდევაც, რომ იეჰოვა იყენებს ჩემს სისუსტეს — ენაბლუობას. ხუთი პიროვნებიდან, რომლებსაც დავეხმარე, რომ მონათლული ქრისტიანები გამხდარიყვნენ, ორი ენაბლუა.

კვლავ სიხარულით ვიხსენებ იმ დღეს, როცა კრების უხუცესად დავინიშნე. თუმცა საჯაროდ დასწავლებაში იმდენად ვერ ვმონაწილეობ, ვცდილობ, ცალკე ველაპარაკო ადამიანებს. ენაბლუობა ხელს არ მიშლის საღვთო წერილის გამოკვლევაში, რათა დავეხმარო კრების წევრებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ.

უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, ხშირად მეძლევა სიტყვით გამოსასვლელი დავალებები. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოხსენებების წაკითხვასთან ერთად, სხვა შეხვედრებზე მოკლე განცხადებების გაკეთებაც შევძელი. თანდათანობით მეტყველება გამიუმჯობესდა. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ დამება ენა. შეწუხებული ვფიქრობდი, რომ დავალებებს აღარ მომცემდნენ, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, შემდეგ პროგრამაშიც იყო ჩემი გვარი! კრების თავმჯდომარე ზედამხედველმა მითხრა, თუ ისე დაგებმება ენა, რომ ვეღარ ილაპარაკებ, გადმომხედე და მე განვაგრძობ მოხსენებასო. ეს სიყვარულით აღსავსე შეთავაზება ერთხელ თუ ორჯერ გამოვიყენე, მაგრამ ამ ბოლო თვეებში ის უკვე აღარ დამჭირვებია. რადგანაც მეტყველება გამიუმჯობესდა, უფრო დიდი ხანგრძლივობის დავალებებს მაძლევენ, საჯარო მოხსენებების ჩათვლით. მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემს წინსვლას, როცა მთხოვეს, მონაწილეობა მიმეღო ორ ინსცენირებაში იეჰოვას მოწმეთა სარაიონო კონგრესზე.

სიმართლე რომ გითხრათ, სრულად არ მესმის, რატომ გამიუმჯობესდა მეტყველება. თუმცა, შესაძლოა, მომავალში ისევ გამიუარესდეს. ფაქტიურად, იმ დროს, როდესაც საჯაროდ გამოსვლებში აშკარა წინსვლა მაქვს, მიჭირს საუბარი ცალკეულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არ არის ამბავი ენაბლუობის დაძლევაში მიღწეული წარმატების შესახებ. როდესაც მარცხს განვიცდი, ვცდილობ ჩემს თავს შევახსენო, რომ საჭიროა, ვაღიარო ჩემი შეზღუდვები და ‘მოწიწებით ვიარო უფლის წინაშე’ (მიქა 6:8).

რაც არ უნდა მომიტანოს ხვალინდელმა დღემ, კვლავ ვეცდები, გავიუმჯობესო მეტყველება, და ვიცი, რომ მოახლოებულ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ენაბლუობა ბოლომდე აღმოიფხვრება. ბიბლია ამბობს: „ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესრულდება როგორც სულიერი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით და ‘მუნჯის ენაც კი იგალობებს’ (ესაია 32:4; 35:6).

[სქოლიოები]

a იხილე 1997 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვერდები 24–27.

b გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[სურათი 15 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, ტრეისისთან, ერთად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება