ტრუბადურები — მხოლოდ სიყვარულს როდი უმღეროდნენ
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან საფრანგეთში
ტრუბადურები და მოხეტიალე მენესტრელები — რას გახსენებს ეს სიტყვები? ალბათ სიმღერებს მიჯნურობასა და რაინდობაზე. მართალი ხარ, თუმცა, ტრუბადურების შესახებ მეტის თქმა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელი გაითქვეს სატრფიალო სიმღერებით canso d’amor და მათ ხშირად ხატავენ ლუტნით ხელში, როცა ვინმე მანდილოსანს სერენადას უმღერიან, ტრუბადურებს მხოლოდ სიყვარული როდი აინტერესებდათ. ისინი მონაწილეობდნენ თავიანთი დროის სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში.
ტრუბადურები საყოველთაოდ ცნობილნი გახდნენ მე-12 — მე-13 საუკუნეებში დღევანდელი სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ისინი პოეტ-მუსიკოსები იყვნენ, რომლებიც ყველაზე დახვეწილ რომანულ ენაზე წერდნენ. ამ ენას langue d’oca ეწოდებოდა და, დაახლოებით რომ ვთქვათ, მასზე მეტყველებდნენ საფრანგეთში მდინარე ლუარის სამხრეთით მცხოვრებნი და, ამავე დროს, იტალიისა და ესპანეთის იმ ტერიტორიის მკვიდრნი, რომელიც საფრანგეთს ესაზღვრებოდა.
სიტყვის „ტრუბადური“ წარმოშობაზე ბევრს კამათობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი საწყისი უნდა იყოს ოქსიტანური ზმნა trobar, რაც ნიშნავს „შეთხზვას, გამოგონებას ან მონახვას“. ამგვარად, ტრუბადურები სათანადო სიტყვას ან რითმას არგებდნენ თავიანთ მშვენიერ ლექსს. ამ ლექსებზე მუსიკას წერდნენ და მღეროდნენ. ტრუბადურები ხშირად პროფესიონალ მენესტრელებთან ანუ ჟონგლიორებთან ერთად მოგზაურობდნენ ქალაქიდან ქალაქში და სიმღერებს ასრულებდნენ არფაზე, ვიოლინოზე, ფლეიტაზე, ლუტნასა და გიტარაზე. დიდგვაროვანთა სახლებში, ბაზრებში, ასპარეზობებზე, დღეობებზე ზეიმებსა თუ ნადიმებზე გამართული მუსიკალური წარმოდგენები, ჩვეულებრივ, ნებისმიერი ოფიციალური გართობის ნაწილს შეადგენდა.
სხვადასხვა წარმომავლობა
ტრუბადურებს სხვადასხვა წარმომავლობა ჰქონდათ. ზოგი ცნობილ ოჯახში დაიბადა; რამდენიმე მეფე იყო; სხვები კი უბრალო წარმოშობისანი იყვნენ და ტრუბადურები გახდნენ. ზოგმა შესანიშნავ საზოგადოებრივ მდგომარეობას მიაღწია. მრავალს კარგი განათლება ჰქონდა, ბევრი ქვეყანაც ჰქონდა მოვლილი. ყოველი იწვრთნებოდა რაინდობაში, თავაზიანად მოქცევაში, პოეზიასა და მუსიკაში. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კარგი ტრუბადურისგან მოელოდნენ, რომ „სრულყოფილად ეცოდინებოდა ახალი ამბები, შეძლებდა უნივერსიტეტებში წარმოთქმული ყველა საყურადღებო თემის გადმოცემას, კარგად იქნებოდა ინფორმირებული უახლესი ჭორებით ხელმწიფის ოჯახისა და ამალის შესახებ. . . შეძლებდა ბატონის ან ქალბატონისთვის ლექსის ექსპრომტად შეთხზვას და სულ მცირე ორ ინსტრუმენტზე დაკვრას, რომლებიც იმ დროს პოპულარული იყო“.
მე-12 საუკუნეში ვაჭრობის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საფრანგეთის სამხრეთი რაიონები. ეკონომიკური აყვავების გამო, ხალხს თავისუფალი დრო გაუჩნდა, ისინი შეუდგნენ განათლების მიღებას, ხელოვნებაში დაეხვეწათ გემოვნება და უფრო ლამაზი ცხოვრებაც დაიწყეს. ლანგედოკისა და პროვანსის ლორდები და ქალბატონები ტრუბადურთა ყველაზე ერთგული მფარველები იყვნენ. პოეტები დიდად დაფასებულნი იყვნენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ არისტოკრატიის გემოვნებაზე, მოდასა და ქცევის მანერებზე. მათ საფუძველი ჩაუყარეს ევროპულ სამეჯლისო ცეკვებს. „მათი უდიდესი მიღწევა იყო ის, რომ მეფის კარის ქალბატონთა ირგვლივ დახვეწილი და სასიამოვნო გარემო შექმნეს, რომლის მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა“, — აღნიშნავს „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ (The New Encyclopædia Britannica).
ქალებისადმი ახლებური პატივისცემა
როდესაც მამაკაცი ქალს კარს უღებს, ეხმარება პალტოს ჩაცმაში ან მის მიმართ თავაზიანობას სხვა ფორმით ავლენს, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებენ დასავლეთ ევროპაში, ის აგრძელებს ადათ-წესებს, რომლებიც, ალბათ, ტრუბადურებმა შემოიღეს.
შუა საუკუნეებში ქალებისადმი დამოკიდებულებაზე დიდ გავლენას ახდენდა საეკლესიო მოძღვრებები, რომელთა მიხედვით, ქალია პასუხისმგებელი მამაკაცის ცოდვაში გახვევისა და სამოთხიდან გაძევებისთვის. ქალს მიიჩნევდნენ მაცდურად, ეშმაკის იარაღად და გარდაუვალი უბედურების მომტანად. ქორწინებას ხშირად ღირსების დამამცირებლად თვლიდნენ. საეკლესიო კანონი არ კრძალავდა ცოლის ცემასა და გაშვებას, რაც ხელს უწყობდა ქალის დამცირებასა და მამაკაცისადმი დამორჩილებას. თითქმის ყოველმხრივ, ქალს მამაკაცზე დაბალი მდგომარეობის მქონედ მიიჩნევდნენ. მაგრამ ტრუბადურების გამოჩენამ შეცვალა ადამიანთა აზროვნება.
პირველი ცნობილი ტრუბადური აკვიტანიის ჰერცოგი უილიამ IX იყო. მის პოეზიაში პირველად გამოჩნდა სიყვარულის განსაკუთრებული გაგება, რაც ტრუბადურებისთვის იყო დამახასიათებელი და რასაც შემდეგ მიჯნურობა ეწოდა. პროვანსელი პოეტები მას ჭეშმარიტ სიყვარულს (verai’amors) ან წმინდა სიყვარულს (fin’amors) უწოდებდნენ. ქალს მამაკაცზე დაბალი მდგომარეობა უკვე აღარ ეკავა — ეს გარდატეხა იყო.
ტრუბადურების ლექსებში ქალი დიდი ღირსებით შემკული და პატივცემული იყო. ქალი დიდსულოვნებისა და სათნოების განსახიერება გახდა. ზოგიერთ სიმღერაში იყო მოთქმა მენესტრელის მიმართ ქალის გულგრილობის გამო. თეორიულად მაინც, ტრუბადურების სიყვარული უბიწო უნდა ყოფილიყო. მათი მთავარი მიზანი ქალზე დაუფლება კი არ იყო, არამედ მორალური სიფაქიზე, რომელსაც სიყვარული შთააგონებდა მამაკაცს. ღირსეული რომ გამხდარიყო, შეყვარებულ პოეტს უნდა გამოემუშავებინა თავმდაბლობა, თვითკონტროლი, მოთმინება, ერთგულება და ყველა კეთილშობილური თვისება, რომლებსაც ქალი ფლობდა. ამგვარად, როგორი უხეშიც არ უნდა ყოფილიყო მამაკაცი, სიყვარული შეძლებდა მის შეცვლას.
ტრუბადურებს სწამდათ, რომ მიჯნურობის წყალობით საზოგადოებრივი და ზნეობრივი ცხოვრება იხვეწებოდა, რომ თავაზიანი და კეთილშობილური საქციელი სიყვარულიდან გამომდინარეობდა. რადგან ეს აზრი გავრცელდა, ის საფუძვლად დაედო ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც თავის დროზე საზოგადოების მდაბიო ფენამაც შეითვისა. დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელიც განსხვავდებოდა ფეოდალური საზოგადოების სიუხეშისა და ულმობლობისგან. ახლა ქალები მოელოდნენ, რომ მამაკაცები იქნებოდნენ ჯენტლმენები — თავდადებულნი, ყურადღებიანნი და გულკეთილნი.
მალე ტრუბადურების ხელოვნებამ ევროპის უდიდესი ნაწილი მოიცვა. მათ განწყობილებას ესპანეთსა და პორტუგალიაშიც სიხარულით შეხვდნენ. ჩრდილოეთ საფრანგეთში ტრუვერები გაჩნდნენ; გერმანიაში — მინეზინგერები; იტალიაში — ტროვატორები. ტრუბადურთა თემებმა, რომლებშიც მიჯნურობა რაინდობის იდეალებთან იყო შერწყმული, საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ ჟანრს — რომანსb. მაგალითად, კელტური ბრეტანის ლეგენდებთან მიჯნურობის იდეალების შერწყმით ტრუვერმა კრეტიენ დე ტრუამ დიდსულოვნება და ჩაგრულთა მფარველობა ასახა მეფე ართურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების ამბებში.
მათი გავლენა საზოგადოებაზე
ტრუბადურების სიმღერათა უმრავლესობა მიჯნურობას განადიდებდა, მაგრამ ზოგი მათგანი იმ დროის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხებოდა. ერთ-ერთი ფრანგული წიგნის (La vielle et l’épée) ავტორი, მარტინ ორელი, ხსნის, რომ ტრუბადურები „აქტიურად მონაწილეობდნენ ბრძოლებში, თავიანთ თანამედროვეებში განხეთქილება შეჰქონდათ და საკუთარი ნაწარმოებებით ხელსაც კი უწყობდნენ ან ერთი, ან მეორე ფრაქციის წარმატებას“.
შუა საუკუნეების საზოგადოებაში ტრუბადურების განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ რობერტ საბატიე აღნიშნავს: „აქამდე არც ერთ პოეტს ამგვარი პრესტიჟით არ უსარგებლია; აქამდე არავის ჰქონია სიტყვის ასეთი თავისუფლება. ისინი განადიდებდნენ და აძაგებდნენ, ხალხის სათქმელს ამბობდნენ, პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ და ახალ აზრებს ავრცელებდნენ“ (La Poésie du Moyen Age).
ინფორმაციის გამავრცელებლები
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ, საბეჭდი დაზგის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე, ტრუბადურები და სხვა მოხეტიალე მენესტრელები ავრცელებდნენ ახალ ამბებს. შუა საუკუნეების მენესტრელები მოგზაურები იყვნენ. ევროპის სამეფოებში — ყველგან, კვიპროსიდან შოტლანდიამდე და პორტუგალიიდან აღმოსავლეთ ევროპამდე — ისინი ახალ ამბებს აგროვებდნენ და მოთხრობებს, მელოდიებსა და სიმღერებს ერთმანეთს უცვლიდნენ. ხალხი სწავლობდა ტრუბადურების პოპულარულ და ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიებს, რომლებსაც ჟონგლიორები ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთს და რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აზრზე და აღძრავდა ხალხს ამა თუ იმ მოქმედებისკენ.
ტრუბადურების ნაწარმოებები პოეზიის მრავალ ჟანრს მოიცავდა და ერთ-ერთი მათგანი სირვენტა იყო, რაც სიტყვასიტყვით „მსახურის სიმღერას“ ნიშნავს. ზოგი სირვენტა მმართველთა უსამართლობას ამხელდა. ზოგიც განადიდებდა გმირობას, თავგანწირვას, დიდსულოვნებას, გულმოწყალებას და, ამავე დროს, გმობდა ბარბაროსობას, სიმხდალეს, პირმოთნეობასა და ეგოიზმს. მე-13 საუკუნის დასაწყისში შექმნილი სირვენტები ისტორიკოსებს ინფორმაციას აწვდის ლანგედოკში მომხდარი რელიგიური და პოლიტიკური ძვრების შესახებ.
ეკლესიის კრიტიკა
ჯვაროსნული ლაშქრობების მარცხმა ბევრ ადამიანს დაუკარგა ნდობა კათოლიკური ეკლესიის მიმართ და იგი მეტად აღარ წარმოადგენდა მათ ავტორიტეტს სულიერ თუ ქვეყნიურ საკითხებში. სამღვდელოება ამტკიცებდა, რომ ქრისტეს გზას მიჰყვებოდა, მაგრამ მისი მოქმედებანი ქრისტიანული არ იყო. მისი ფარისევლობა, სიხარბე და ზნეობრივი გარყვნილება საყოველთაოდ ცნობილი გახდა. სიმდიდრისა და პოლიტიკური ძალაუფლების ძიების გამო, ეპისკოპოსები და მღვდლები მდიდართა სურვილებს ასრულებდნენ. ისინი უგულებელყოფდნენ დაბალი და საშუალო ფენის წარმომადგენელთა სულიერ მოთხოვნილებებს, რაც, უდავოდ, უთანხმოებას აღვივებდა.
ლანგედოკში გარდა დიდებულებისა, საშუალო ფენის წარმომადგენელთა შორისაც ბევრი განათლებული პიროვნება იყო. ისტორიკოსმა ჰ. რ. ტრევორ-როუპერმა აღნიშნა, რომ, განათლებულ საერო პირთა აზრით, მე-12 საუკუნის ეკლესია „მკვეთრად განსხვავდებოდა ადრინდელი ეკლესიისგან, თუმცა აცხადებდა, რომ მას ბაძავდა“. შემდეგ ისტორიკოსი ამატებს, რომ მრავალმა ამგვარად დაიწყო ფიქრი: „რამდენად განსხვავებული იყო. . . ჯერ კიდევ განუმტკიცებელი, კონსტანტინემდე არსებული ეკლესია, მოციქულთა, . . დევნის დროს არსებული ეკლესია: ეკლესია პაპის, ფეოდალური ხანის ეპისკოპოსების, უხვი შესაწირავების, წარმართული მოძღვრებების, სიმდიდრისა და ძალაუფლების მოხვეჭისთვის გათვალისწინებული დამატებითი ახალი მოთხოვნების გარეშე!“
ლანგედოკი შემწყნარებლური მხარე იყო. ტულუზის გრაფები და სხვა სამხრეთელი მმართველები ნებას რთავდნენ ხალხს, რელიგიური თავისუფლებით ესარგებლათ. ვალდენსებმაc გადათარგმნეს ბიბლია პროვანსულ ენაზე და გულმოდგინედ ქადაგებდნენ მას ორ-ორნი მთელს მხარეში. კათარები (რომლებსაც ალბიგოელებიც ეწოდებათ) თავიანთ მოძღვრებებს ავრცელებდნენ და დიდებულთაგან მრავალი მოაქციეს.
ტრუბადურების მრავალი სირვენტა ასახავდა ხალხის იმედგაცრუებას, უპატივცემულობასა და, ამავე დროს, ზიზღს კათოლიკური სამღვდელოების მიმართ. გი დე კავაიონის ერთ-ერთი სირვენტა კიცხავს სამღვდელოებას ქვეყნიური ინტერესების გამო „თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის მიტოვებისთვის“. ტრუბადურები თავიანთ ლირიკაში დასცინოდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლს, ჯვარს, აღსარებასა და „წმინდა წყალს“. ისინი მასხარად იგდებდნენ ინდულგენციასა და რელიკვიებს, დასცინოდნენ უზნეო მღვდლებსა და გარყვნილ ეპისკოპოსებს, როგორც „მოღალატეებს, მატყუარებსა და ფარისევლებს“.
ეკლესიის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ
რომის ეკლესია ყველა იმპერიასა და სამეფოზე უპირატესად მიიჩნევდა თავს. ძალაუფლების მოსაპოვებლად იგი ომს მიმართავდა. პაპი ინოკენტი III მთელი ლანგედოკის სიმდიდრეს დაჰპირდა იმ არმიას, რომელიც შეძლებდა საფრანგეთის სამხრეთ ტერიტორიაზე მმართველთა და ყველა სექტის დამორჩილებას. ამას მოჰყვა საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი — წამებისა და ხოცვა-ჟლეტის პერიოდი. იგი ალბიგოელთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის სახელითაა ცნობილი (1209–1229)d.
ტრუბადურები მას ყალბ ჯვაროსნულ ლაშქრობას უწოდებდნენ. მათ სიმღერებში გამოხატული იყო აღშფოთება იმის გამო, რომ ეკლესია ულმობლად ეპყრობოდა დისიდენტებს და პაპი ერთსა და იმავე ინდულგენციას სთავაზობდა ხალხს ფრანგი დისიდენტებისა და უღვთოებად მიჩნეული მუსულმანების მკვლელობისთვის. ეკლესია დიდად გამდიდრდა ალბიგოელთა ჯვაროსნული ლაშქრობითა და შემდეგ ინკვიზიციის წყალობით. ოჯახებს სამკვიდრებელს, მიწებსა და სახლებს ართმევდნენ.
ტრუბადურებს ბრალი დასდეს, რომ მწვალებელი კათარები იყვნენ და, ამიტომ, მრავალმა მათგანმა ნაკლებად მტრულად განწყობილ ქვეყნებს შეაფარა თავი. ამ ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ბოლო მოუღო ოქსიტანურ ცივილიზაციას, მისი ცხოვრების სტილსა და პოეზიას. ინკვიზიციის კანონმა ტრუბადურების სიმღერების ღიღინიც კი აკრძალა. მაგრამ მათი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ შემონახულია. მართლაც, მათმა ანტიკლერიკალურმა სიმღერებმა საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას. დიახ, ტრუბადურები მხოლოდ სიყვარულს როდი უმღეროდნენ.
[სქოლიოები]
a რომაელი ლეგიონერებისგან გადმოღებული ლათინური ენა საფრანგეთში იმ დროისათვის ორ ენად განვითარდა: 1) langue d’oc, რომელზეც სამხრეთ საფრანგეთში საუბრობდნენ (მას აგრეთვე ოქსიტანური ან პროვანსულიც ეწოდებოდა), 2) langue d’oïl, რომელზეც ჩრდილო საფრანგეთში ლაპარაკობდნენ (იგი ფრანგულის ადრეული ფორმაა და ზოგჯერ ძველ ფრანგულსაც უწოდებენ). ამ ორი ენის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლებოდა სიტყვით, რომელსაც „დიახ“-ის მნიშვნელობა ჰქონდა. სამხრეთში ეს იყო oc (ლათინური სიტყვიდან hoc), ხოლო ჩრდილოეთში — oïl (ლათინური სიტყვიდან hoc ille), რომლისგანაც თანამედროვე ფრანგულში მივიღეთ oui.
b ჩრდილოურ თუ სამხრეთულ დიალექტზე დაწერილ ნებისმიერ ნაწარმოებს რომანი ეწოდებოდა. მრავალი სარაინდო მოთხრობა მიჯნურობას ეხებოდა, ამან კი საფუძველი ჩაუყარა ყოველივე იმას, რაც სასიყვარულო ისტორიად ან რომანტიკულად არის წოდებული.
c იხილე „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.), 1 აგვისტო, 1981 წელი, გვერდები 12–15. გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
d იხილე „საგუშაგო კოშკი“ (რუს.), 1 სექტემბერი, 1995 წელი, გვერდები 27–30.
[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]
Printer’s Ornaments/by Carol Belanger Grafton/Dover Publications, Inc.
Bibliothèque Nationale, Paris
[სურათი 19 გვერდზე]
მინიატურა მე-12 საუკუნის ხელნაწერიდან.
[საავტორო უფლება]
Bibliothèque Nationale, Paris